თითოეული სახელმწიფოს ისტორიაშია საკრალური თარიღი, რომელმაც თითქმის რელიგიური მნიშვნელობა შეიძინა. თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის ასეთ თარიღად შეიძლება 1989 წლის 9 აპრილი ჩაითვალოს, რომელიც დღეს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღედ არის აღიარებული.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიას, სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. მასობრივი საპროტესტო აქცია უკვე მეორედ იმართებოდა (პირველი – 1988 წლის შემოდგომაზე) და მასში ძირითადად ახალგაზრდობა მონაწილეობდა. მანიფესტაციას ე.წ. ოპოზიციონერები ხელმძღვანელობდნენ, რომლებსაც მაშინ არაფორმალურ ლიდერებს უწოდებდნენ. პირველი საპროტესტო აქციების ტალღისგან განსხვავებით, რომელიც მშვიდობიანად და კომპრომისების მიღწევით დასრულდა, 1989 წელს მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ეს, როგორც ჩანს, გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესებს არ შეესაბამებოდა, ამიტომ 1989 წლის გაზაფხულზე გამოცდილ ხალხს ეჭვი თითქმის არ ეპარებოდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად დასრულდებოდა. ასეც მოხდა. მანიფესტანტების დაშლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათგან უმრავლესობა ახალგაზრდა ქალები იყვნენ. მაშინ, როგორც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა, ისე მისი ოპოზიცია, რომელიც ძირითადად ანტისაბჭოთა დისიდენტებისგან შედგებოდა, ერთმანეთს ადანაშაულებდნენ პროვოკაციებში და უდანაშაულო ხალხის სიცოცხლის და სისხლის ხარჯზე საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევის სურვილში.

აქ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება: იმ მომენტისთვის სსრკ-ს ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და მისი არსებობის დღეებიც დათვლილი იყო. სსრკ-ს დაშლა, ჩვენის აზრით, განპირობებული იყო საბჭოთა უმაღლესი პარტიული ხელმძღვანელობის, რომლის სათავეშიც მიხეილ გორბაჩოვი და მისი თანამოაზრეები იდგნენ, ღრმა მორალური კრიზისით და მათი მორალური გარდაქმნებით. ზოგიერთმა ქედმაღალმა და სნობისტურმა მაღალჩინოსანმა ბანალური ქურდობების შედეგად იმდენად დიდი ქონება დააგროვა, რომ სოციალიზმის პირობებში ეს ყოვლად გაუმართლებელი იყო, ამიტომ საჭირო გახდა არსებული წყობის შეცვლა. რესპუბლიკურ ხელისუფლებას, ალბათ, გაახსენდა ცეზარის სიტყვები: უმჯობესია იყო პირველი სოფელში, ვიდრე მეორე- რომში. ახალი ხელისუფლებისთვის კი ყველაზე საუკეთესო „საფუარი“ სისხლია. ბევრ რესპუბლიკაში ამ გარდამავალმა პერიოდმა სისხლის გარეშე ჩაიარა, საქართველოში კი სისხლი დაიღვარა.

Dalma News: თბილისის 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების გამოძიების მიზნით, სსრკ-ს სახალხო დეპუტატების კონგრესმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც ანატოლი სობჩაკი ხელმძღვანელობდა. გამოძიებამ დაასკვნა, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი.

მაშინ ქართული ოპოზიცია აცხადებდა, რომ საბჭოთა სამხედროებმა დაუცველი გოგონები სამხედრო ნიჩბებით დაჩეხეს. საბჭოთა ხელისუფლება, თავის მხრივ, აცხადებდა, რომ გოგონები მომიტინგეების მიერ ატეხილი შეხლა-შემოხლისას და ჭყლეტაში მოყოლისას დაიღუპნენ. ასე იყო, თუ ისე, ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. და აი, უკვე 30 წელია, 9 აპრილის ღამეს რუსთაველის გამზირზე ყველა პოლიტიკური პარტია – როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციური – იკრიბება და ყვავილებით ამკობს იმ ადგილებს, სადაც ახალგაზრდები დახოცეს. ამ დღეს მთელი ქვეყანა ერთიანდება, ეს აუცილებელ ტრადიციადაც იქცა. 2020 წელი ერთადერთი წელია, როდესაც აღნიშნული რიტუალის ჩვეულ მასშტაბებში ჩატარება შეუძლებელი იყო. ამაში ქვეყანას ხელი მომაკვდინებელი კორონავირუსის ახალმა ტიპმა Covid-19-მა შეუშალა. გარდა ამისა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პარლამენტის შენონის რეკონსტრუქციის მიზნით, ახალი წლიდან შენობასთან მისასვლელი გზა ჩაკეტა. ასე, რომ წელს, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მისვლას ხალხი მაინც ვერ შეძლებდა.

გიორგი გახარია

მიუხედავად ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მემორიალთან მივიდა და ყვავილები მიიტანა, რომელიც სამშენებლო გალავანთან დააწყო. მედიაში გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, პრემიერ – მინისტრი მემორიალთან მარტო, მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლების გარეშე მივიდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ რუსთაველის გამზირზე, აქამდე დაუსრულებელი რეკონსტრუქცია ერთხმად გააკრიტიკეს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის წლებში პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია ძირითადი ადგილი იყო ოპოზიციის საპროტესტო აქციების ფართო სპექტრისთვის. დღევანდელმა რეკონსტრუქციამ, ანტივირუსულ ზომებთან და კომენდანტის საათის მოქმედებასთან ერთად, ოპოზიციას ყველაზე ძლიერი კოზირი გამოაცალა ხელიდან. ახლა მასობრივი არეულობების ორგანიზება ოპოზიციისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია.

“მესმის, რომ დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი ბრძოლის ხაზი COVID 19-თან ბრძოლის ნაწილში გადის. თუმცა, ჩვენი ისტორია არ უნდა დაგვავიწყდეს. 31 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარმა დანაშაული ჩაიდინა, ეს დანაშაული ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ტრაგედია იყო. თუმცა – უდიდესი იმედიც და ეს იმედი 1991 წლის 9 აპრილს განხორციელდა, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ჩვენს უახლეს ისტორიაში სახელმწიფოებრიობის მშენებლობა დავიწყეთ. ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი ყოველთვის უნდა მივაგოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო შეგვექმნა და ეს ბოლო წლები უფრო ეფექტიანი და წარმატებული სახელმწიფოს შექმნის პროცესი უნდა იყოს. მე მინდა, ქედი მოვიხარო თითოეული მათგანის წინაშე”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციის ბრიფინგზე.

უკვე არაერთხელ აღინიშნა, რომ ქართული პოლიტიკური ელიტის განცხადებები სპეციალურ გაშიფვრას საჭიროებს. ამგვარად აღმოჩნდა, რომ 1989 წლის 9 აპრილი ერთდროულად უდიდესი ტრაგედიაც იყო და უდიდესი – იმედიც. ქართულ პოლიტიკაში ოქსიმორონი ნაცნობი ფენომენია. გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთმანეთს დანაშაული და იმედი ერწყმოდეს. ამ შემთხვევაში, ან დანაშაული არ არის დანაშაული, ან იმედი არ არის იმედი.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 9 აპრილი ერთდროულად ეროვნული ერთობის და სამოქალაქო თანხმობის დღეა. საინტერესოა, ბოლო 31 წლის განმავლობაში თუ იყო ერთი დღე მაინც, როდესაც ზუსტად ეს ეროვნული ერთობა და სამოქალაქო თანხმობა დაფიქსირდა?! ცხადია, დაღუპულთა ხსოვნა ყველასთვის წმინდაა, მაგრამ საინტერესოა, რა მოხდებოდა 1989 წელს, იმ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის უახლოეს მომავალში რომ გაეხედათ.

საინტერესოა, როგორ მოიქცეოდნენ ისინი, თუ ეცოდინებოდათ, რომ ქვეყანაში მალე სამოქალაქო ომი დაიწყებოდა, რომელიც მითიურ ოკუპანტებთან კავშირში არ იქნებოდა. როგორ მოიქცეოდნენ, თუ ეცოდინებოდათ, რომ ახალი პოლიტიკოსები ძალაუფლებას ვერ გაიყოფდნენ, ერთმანეთს დაერეოდნენ და იმაზე მეტ ადამიანს დახოცავდნენ, ვიდრე 9 აპრილის ღამეს დაიღუპა. როგორ მოიქცეოდნენ, თუ ეცოდინებოდათ, რომ მთელი ქვეყანა ნაწილებად დაიშლებოდა, დაკარგავდა მრეწველობას და სოფლის მეურნეობას, რაც დიდი ხნით დააბრუნებდა ქვის ხანაში – უდენობაში, უგაზობაში და უტრანსპორტობაში. თუ ეცოდინებოდათ, რომ ქვეყანა ძალაუფლების სხვადასხვა პრეტენდეტს შორის გაუთავებელი პოლიტიკური შეტაკებების ადგილი გახდებოდა, რომ იგი სიღარიბის და სამუშაოს საძებნად გაქცეული ხალხის მასობრივი მიგრაციის პლატფორმად იქცეოდა და რომ ქვეყანას ყველაზე მწვავე დემოგრაფიული კატასტროფა დაემუქრებოდა, რომელსაც ყველაზე საშინელი მტრის შემოსევაც კი ვერ შეედრება. რამდენად გამართლდა ის იმედები, რომლითაც ისინი იყვნენ აღვსილნი მაშინ, როცა საკუთარ სიცოცხლეს სწირავდნენ?!

რა თქმა უნდა, ამ ტრაგიკულ თარიღს გვერდი არც აშშ-ს, რომელიც ჩვენი თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი „კატალიზატორია“, საელჩომ საქართველოში აუარა. საელჩოს განცხადებაში ქართველი ხალხის თავგანწირვაზეა და იმაზეა საუბარი, თუ როგორ მიაგებს პატივს ოკეანის გადამღმელი მეგობარი მათ, ვინც სამშობლოს დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირა და ამას ვერ მოესწრო. ახლანდელ ისტორიულ ჭრილში ასეთი სიტყვები აშკარა დაცინვად ჟღერს. ეს იმიტომ ხდება, რომ იმ ხალხს, რომელიც მრავალი წლის წინ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა, სამშობლო ნამდვილად არ წარმოედგინა ასეთი.

დღეს საქართველო Covid-19-ის მომაკვდინებელ პანდემიას ებრძვის. ეს არა მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება, არამედ უდიდეს დარტყმას აყენებს მის ეკონომიკას. ათასობით სამუშაო ადგილების დაკარგვა, ისედაც მარალი დონის უმუშევრობის მატება, უსწრაფესი ინფლაცია – რასაც ართულებს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და შესაძლო რეცესია, რომელიც Covdi-19-ის პანდემიის შედეგია. უმუშევართა უზარმაზარ არმიას „გოსტარბაიტერებიც“ შეემატებიან, რომლების მონური შრომის შედეგად გამოგზავნილი უცხოური ვალუტით სახელმწიფოს ხაზინა ივსებოდა. ეკონომიკურად კარგად განვითარებული სახელმწიფოები სერიოზულად განიხილავენ მშიერი ხალხის ბუნტის შესაძლებლობას, რადგან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოსახლეობა ფულის და საკვების გარეშე რჩება. ამ ფონზე, საქართველოში ვითარება კიდევ უფრო საგანგაშოდ გამოიყურება. ეს სწორედ ის საკითხია, რასაც მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი საკუთარ ყურადღებას და ენერგიას უნდა ახმარდეს.

დავით კუპატაძე (ბათუმი)