აპრილის ბოლოს, თბილისში ფილმის “იარ არი გიუმრის” პრემიერა შედგა. ფილმში მოთხრობილია მისი კულტურის და ისტორიის შესახებ, ასევე, იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ეს შესანიშნავი ქალაქი საქართველოს. რეჟისორის და სცენარისტის, თბილისის საზოგადოებრივი ორგანიზაცია “აგორა-ჯორჯიას” ხელმძღვანელის, ვიქტორია მაქსოევას (საქართველო) ეს უკვე მეექვსე ფილმია, რომლის ცენტრშიც მოქცეულია სომხების და ქართველების კეთილმეზობლური ურთიერთობები, ასევე, ამ ხალხის ისტორია და ტრადიციები.

Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბრისას ვიქტორია მაქსოევამ განაცხადა, რომ მანამდე პრემიერა გიუმრიში შედგა, შემდეგ იგი სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიით და რამდენიმე რუსული არხით აჩვენეს.

რით დაიწყო ყველაფერი…

“ფილმის გადაღების იდეა სავსებით მოულოდნელად მომივიდა, რადგანაც კინოში სხვა სფეროდან – კულტურული მენეჯმენტიდან მოვედი. მე სომხური ხელოვნებისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი ვარ. ყოველთვის ვუწყობდი ხელს საქართველოში სომხეთის კულტურის ექსპორტირებას, რადგანაც მიმაჩნია, რომ სომხეთის და საქართველოს მოსახლეობამ ერთმანეთის შესახებ უფრო მეტი უნდა იცოდნენ. ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ამგვარი კულტურული დიპლომატია, შესაძლოა მაქსიმალურად ეფექტიანი აღმოჩნდეს, რათა უზრუნველყოს მეზობლებს შორის ძლიერი ურთიერთობები და შესაბამისობაში მოვიდეს ტრადიციების სულისკვეთებასთან.

ჩემი პირველი ფილმი სომხეთში მცხოვრებ ქართველებს მიეძღვნა. თავისი კონცეფციიდან გამომდინარე, ფილმი ძალზედ საინტერესო იყო, რადგან ის, გარკვეულწილად, სომხურ-ქართული მეგობრობის თემას ეფუძნებოდა. ფილმი ძალიან კარგად მიიღეს, როგორც სომხეთში, ისე საქართველოში. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა საქართველოში, რადგან ხალხისთვის საინტერესოა ის თუ, როგორ ცხოვრობს მისი დიასპორა მეზობელ ქვეყანაში. ამ წარმატებული ცდის შემდეგ, საქმის გაგრძელება გადავწყვიტეთ: შევქმენით შემოქმედებითი ჯგუფი, სადაც მე რეჟისორად და სცენარისტად გევლინებით, ხოლო დამდგმელი ოპერატორი არის უნიჭიერესი ადამიანი, გარიკ აბელიანი, სომხეთიდან”.

ერევანი-ბათუმი: მეგობრობის გზა
“ეს იყო ჩვენი მომდევნო ფილმი. ტურისტულ მომენტს გამოვტოვებ და ვიტყვი, რომ ფილმში ვაჩვენეთ ბათუმი და აჭარა, რომელიც სომხებისთვის გადავიღეთ. ფილმის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ტურიზმის მეშვეობით ჩვენს ხალხს შორის კავშირი მტკიცდება. ვაჩვენეთ შერეული – სომხურ-ქართული ოჯახები, რომლებიც იმის წყალობით შეიქმნა, რომ სომეხი გოგონები ბათუმში დასასვენებლად ჩავიდნენ და იქ მომავალ მეუღლეებს შეხვდნენ. სომხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავის აღნიშვნისას, ბათუმში სომხეთის გენერალურმა საკონსულომ ფილმის – “ერევანი-ბათუმი: მეგობრობის გზა”, პრეზენტაცია მოაწყო.
ჰომეროსის პრემია ლორის შესახებ გადაღებული ფილმისთვის
“შემდეგი ფილმი – “მარადიულობის ანარეკლში”, ლორის რეგიონს მივუძღვენით. სამწუხაროდ, ეს რეგიონი დღეს, ტურისტებისთის ცნობილი არ არის და არც ტურისტული ცენტრია, თუმცა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მისდამი ინტერესი გაგვეღრმავებინა. წარმოვადგინეთ შესანიშნავი ისტორია ლეგენდარულ პიროვნებებზე: საიათ-ნოვას, სერგეი ფარაჯანოვსა და სხვებზე. გარდა ამისა, ჩვენს ფილმში აღნიშნულია ლორის რეგიონზე, არა მხოლოდ რუსული და ქართული, არამედ ბერძნული ისტორიის გავლენა, რის გამოც, 2017 წელს, საბერძნეთში, საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალ “მუზებთან ვიზიტზე” მიგვიწვიეს. ფესტივალზე ჩვენი ფილმი “ჰომეროსის” სპეციალური პრემიით დაჯილდოვდა და ეს ჩვენთვის უდიდესი მიღწევა იყო”.
“ერევანში მივდივარ”
“6 “შვილი” მყავს – ჩემი ფილმები შვილებივით არიან და ძალიან რთულია მათგან, რომელიმეს გამორჩევა. თუმცა, განსაკუთრებით გამოვარჩევ, ჩემი საყვარელი კომედიური ჟანრის ფილმის – “მიმინოს” მოტივებზე გადაღებულ ფილმს – „ერევანში მივდივარ”, რომელმაც ყველაზე დიდი წარმატება მოიპოვა. ფილმი 2018 წელს, რუსეთში, პრემია “ოქროს რაინდით” დაჯილდოვდა. იგი სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერით აჩვენეს და სულ ცოტა ხნის წინათ კინოფესტივალზე „ჩრდილოეთის ხასიათი“ (მურმანსკი, რუსეთი) ნომინანტად წარადგინეს. მურმანსკში ფილმს ძალიან თბილად შეხვდნენ, იგი ადგილობრივი ტელევიზიითაც აჩვენეს, რასაც მაყურებლის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. შედეგად, გადაწყდა ერევანში გადამღები ჯგუფის გაგზავნა და სომხეთის დედაქალაქზე ფილმის გადაღება! ვფიქრობ, ეს ნამდვილი წარმატებაა“.
Виктория Максоева

ვახტანგ კიკაბიძის ნოსტალგია

“ერევნის შემდეგ, ბევრი არ მიფიქრია, რაზე უნდა გადამეღო – ცხადია გიუმრიზე! ამგვარად, გადავიღეთ ფილმი “იარ-არი-გიუმრი”. საქმე იმაშია, რომ ამ ქალაქთან განსაკუთრებული კავშირი მაქვს: 1915 წელს, დასავლეთ სომხეთში, სომხების გენოციდის დროს, ჩვენმა ოჯახმა ისტორიული სამშობლო დაკარგა, ოჯახის წევრი ქალები თურქების დევნას გაექცნენ. ბებია ალექსანდროპოლის (გიუმრი) საბავშვო სახლში აღმოჩნდა. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, მისმა ბიძაშვილმა პარუირ სარქისიანმა, რომელიც დიდებული ადამიანი იყო და გენოციდის დროს ბევრ სომეხს დაეხმარა, იპოვა იგი და საქართველოში ჩაიყვანა.

ფილმი “იარ-არი -გიუმრი”, რომლის პრეზენტაციაც ჯერ გიუმრიში, შავ ციხე-სიმაგრეში შედგა, შემდეგ კი თბილისში, სომხების ისტორიის ტრაგიკული მომენტების შესახებ არ მოგვითხრობს, ის მსუბუქი და მხიარული ფილმია. ფილმის გადაღების იდეა შთამაგონა XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში მცხოვრებმა სიტყვაკვიმატმა და იუმორისტმა პოლოზე-მუკუჩემ. ამ უკანასკნელის როლი ემილ გალსტიანმა შეასრულა. სიუჟეტის მიხედვით, იგი გიუმრიში რუსეთიდან ჩასულ ქალბატონებს შეხვდება, გაიცნობს და ქალაქს დაათვალიერებინებს…

ფილმში, ასევე, მონაწილეობს ყველასთვის საყვარელი ვახტანგ კიკაბიძე, რომელიც თავის მეგობარ ფრუნზიკ მკრტჩიანს იხსენებს. იგი ყვება კომიკურ ისტორიებს, რომლებსაც სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრობა წითელ ზოლად მიჰყვება და რომელიც ჩვენს კულტურულ ტრადიციებს აერთიანებს. ეს ნოსტალგია ფილმმა ძალიან დაათბო…

ლია ხოჯოიანი

თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი