ექსპრემიერისა და პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას, რომელიც კვლავ აირჩიეს მმართველი პარტიის ლიდერად  და მოქმედი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ქვეყანაში შიდაპოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ის კვლავ ჩაუდგა სათავეში იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც წლების წინათ თავადვე დააფუძნა, შემდეგ კი იმ გუნდს გადაულოცა, რომლებიც ხელისუფლების სადავეებთან მოიყვანა ხალხის ჭარბი ნდობის წყალობით. 2012 წლის არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, როდესაც ხელისუფლებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კოალიციურმა მთავრობამ შეცვალა, ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაპირებისამებრ დატოვა და თავის ძირითად საქმიანობას, ბიზნესს დაუბრუნდა. თუმცა, ამ დრომდე ყველა, კეთილმოსურნე თუ არაკეთილმოსურნენი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ივანიშვილმა ღია პოლიტიკიდან ჩრდილში გადაინაცვლა და დღემდე იქიდან მართავს პოლიტიკურ პროცესებს.

ფაქტი ერთია, ივანიშვილი ამომრჩეველს დაჰპირდა წასვლას და წავიდა, მოვალო თქვა და დაბრუნდა. ამგვარად ქართული პოლიტიკისთვის აქამდე უცხო პრაქტიკა დაამკვიდრა, კერძოდ, ის, რომ სამყაროში მარადიული არაფერია და პოლიტიკაც ამ პრინციპით უნდა ვითარდებოდეს. დღემდე საქართველოს ხელისუფლებაში პოლიტიკური ლიდერები მოდიოდნენ და ძალიან დიდი ხნით, რევოლუციიდან რევოლუციამდე რჩებოდნენ. ახლა კი, შესაძლოა ერთ მშვენიერ დილას გაიღვიძო და სარკეში საკუთარი ანარეკლის ნაცვლად პრეზიდენტი დაინახო, ან დაიძინო და დარწმუნებული არ იყო, რომ ხვალ კვლავ პრემიერ-მინისტრად გაიღვიძებ.

2013 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდიოდა, მიაჩნდა, რომ ის რაც ჭარბად ჰქონდა – ხალხის ნდობა, მაშინ საზოგადოებას უფრო სჭირდებოდა, ვიდრე პოლიტიკურ ელიტას. რა შეიცვალა მას შემდეგ? ჯერ, განსხვავებული პოლიტიკური მიზნებისა და მსოფლმხედველობის მქონე პოლიტიკური პარტიებისგან შეკოწიწებული კოალიციური მთავრობა დაიშალა და “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი ძალებით დაიწყო ქვეყნის მართვა; შემდეგ კი საფრთხე უკვე თავად “ქართული ოცნების” პარტიულ ერთიანობას შეექმნა. ამასობაში კი, გზადაგზა იკარგება და იფანტება ამომრჩეველთა მოჭარბებული ნდობა და მოსახლეობაში უიმედობა ისადგურებს. მმართველი გუნდის რეიტინგი კატასტროფულ ვარდნას განიცდის.

რა ძალისხმევად დაუჯდა საქართველოს მოქმედ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება, უცნობია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ამ გადაწყვეტილებით “ბედნიერი” არ ჩანს თავად ივანიშვილი. ამის შესახებ თავადაც განაცხადა, – ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს ჩემთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, რომელიც არც დღევანდელი ხელისუფლების, არც “ქართული ოცნების“ და არც პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღიაო.

“ისევე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში, მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია – საქართველო, ქართველი ხალხისა და თითოეული ადამიანის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, “ქართული ოცნების” პარტიულ ყრილობაზე, სადაც ის კვლავ პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, 2012 წელს, ერთ-ერთი ყველაზე საპატიო მისია შეასრულა – დაამარცხა და ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოაშორა მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება. დღეს სრულად დაცული და ხელშეუხებელია ადამიანის თავისუფალი განვითარების ძირითადი საფუძველი – კერძო საკუთრება, არ არსებობს ელიტარული კორუფცია და მონოპოლიზებული სფეროები. და ბოლოს, ქვეყანას ჰყავს, არა არჩევნების გაყალბებით, დაშინებითა და ძალადობით მოსული, არა უნაკლო, მაგრამ ხალხის ნდობის საფუძველზე შერჩეული ხელისუფლება.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, გაკვეთილიდან მასწავლებლის გასვლას ადარებს, როდესაც მასწავლებელი სასწავლო პროცესს არ მართავს, ის შეუფერებელ დროს ახდენს პროცესისგან დისტანცირებას, ხოლო უდისციპლინო მოსწავლეები თავზე იმხობენ კლასს, შემდეგ კი ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევენ. საბოლოო ჯამში, მოსწავლეები ვერ სკოლას ამთავრებენ და “გადამწიფებულ თინეიჯერებად” რჩებიან.

“ეს კლასი არის ჩვენი ქვეყანა და კლასში ყველაფერი თუ დაანგრიეს. მერე ჩვენი აღსადგენია და გასაკეთებელია ყველაფერი”, – მიაჩნია ექსპერტს.

გია ხუხაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ​ობიექტური აუცილებლობაა, რადგან იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, უფრო მეტიც, მან პრეზიდენტად უნდა იყაროს კენჭი.

“არ შეიძლება ბავშვების, ასე შუა გაკვეთილზე მიტოვება. მან ეს ციკლი უნდა დაასრულოს. იყაროს კენჭი პრეზიდენტად, რაც ნიშნავს, ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგის აღდგენას. რეფორმის მეორე ეტაპზე კი, ივანიშვილის პასუხისმგებლობის ზონა უნდა გახდეს 2020 წლის არჩევნები, რომლის შედეგადაც მივიღებთ მულტიპარტიულ პარლამენტს და მერე თუ უნდა გადადგეს”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, ქვეყანაში დღეს დარღვეულია გადაწყვეტილებების ფორმირებისა და მიღების სისტემა, არავის სურს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნებას, ოპოზიონერი ლიდერები “ქართული ოცნების” პოლიტიკურ კრახს უწოდებენ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის აზრით, ივანიშვილი უკვე მეორედ ცდილობს თავი მოუყაროს “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გუნდს ქვეყნის სამართავად.

“ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში იმ შემთხვევაში თუ მეორედ მოსვლის ვითარება შეიქმნებოდა, როგორც ჩანს, მან ჯანსაღად შეაფასა არსებული ვითარება – აქვს ამის ალღო, დაინახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კრიზისში შეიყვანა ქვეყანაც და საკუთარი თავიც და გადაწყვიტა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ამ ნაწილში კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, თუ რაოდენ მძიმე ვითარებასთან გვქონდა საქმე. ახლა, მთელი კითხვა იმაშია, შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მის მიერვე დაშვებული შეცდომების გააზრებას პარტიული მშენებლობის ნაწილში და ჯანმრთელი და ჯანსაღი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი რჩება უზენაეს ავტორიტეტად, მიუხედავად იმისა რომ, ის დისტანცირებული იყო პოლიტიკისგან და ქვეყნის მართვაში არ მონაწილეობდა.

“ყველამ უნდა იცოდეს, რომ მას არ უყვარს ეს საქმე და პოლიტიკაზე დროის ხარჯვა. სულ სხვა ინტერესები აქვს, საკმაოდ ბევრს მუშაობს, თავისი ჰობი და ინტერესები აქვს, მაგრამ რასაც ჰქვია პოლიტიკა და საბჭოს მართვა ჰქვია, სრულებით არ ეხალისება. მხოლოდ იმის გამო დასთანხმდა პოლიტიკაში დაბრუნებას, რომ ვითარებას ეშველოს”, – განუცხადა Dalma News-ს პეტრე მამრაძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, “ქართული ოცნება” განწირულია დაშლისთვის, რადგან მისი წევრების უმეტესობა პირადი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად იმყოფება იქ, ან სულაც ივანიშვილის ხათრით. ასევე, არიან ტექნოკრატებიც, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნიათ. ასეთებს შორის მოიაზრებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც.

პეტრე მამრაძე, “ოცნებას” პოლიტიკურ გუნდსაც არ უწოდებს, რადგან მიაჩნია, რომ მის წევრებს არ აერთიანებთ საერთო პრინციპები, ფასეულობები, იდეები თუ იდეოლოგია, რაც დაამტკიცეს კიდეც უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში.

პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, კარს მომდგარ საპრეზიდენტო არჩევნებსაც უკავშირდებოდეს.

“ამ შემთხვევაში უკვე ძალიან ფრთხილად უნდა შეირჩეს პრეზიდენტობის კანდიდატი, მით უმეტეს, რომ მარგველაშვილის სახით უკვე მოუვიდა იაღლიში. ივანიშვილმა თავისი პირით აღიარა ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში, რომ პირველად შეცდა ადამიანში”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.

იგი უაღრესად დადებითად აფასებს ივანიშვილის როლს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როგორც ყველაზე დიდი ქველმოქმედის, მაგრამ მიაჩნია, რომ მის პარტიაში დისციპლინაა აღსადგენი.

P.S. წლების წინ, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას დაემშვიდობა, საჭიროების შემთხვევაში დაბრუნებაც არ გამორიცხა: “პოლიტიკაში დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება. თუ დღევანდელი მთავრობა ხალხს აღარ მოუსმენს, ან მოხდება ხელისუფლების უზურპაცია, რაც სააკაშვილის დროს მოხდა”.

გიორგი ქართველი