2008 წლის აგვისტო. 5 დღე, რომლებმაც მსოფლიო შეძრეს, – ასე წერენ ამ ომის შესახებ. იქნებ, ვინმესთვის ეს სიტყვები ჩვეულებრივი სლოგანია სტატიისთვის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ეს საშინელება, ძალზედ მტკივნეული მოგონებაა. თუნდაც, რად ღირს იმ შეგრძნებით დაძინება, რომ შესაძლოა, ხვალინდელი დღე, არც დადგეს…

ომი აქცენტებს სხვაგვარად სვამს. ყველაფერზე. დასრულების შემდეგაც კი, არსად მიდის, ადამიანში რჩება. მასთან ერთად გიწევს ცხოვრება და უფრო და უფრო ხშირად სვამ შეკითხვას: – “რატომ?”, “იქნებ მისი თავიდან არიდება შესაძლებელი იყო?”, “რა უნდა გაკეთებულიყო ამისთვის?”. ან პირიქით – “რა არ უნდა გაკეთებულიყო?” და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად ცდილობ იმ დღეების გაანალიზებას, სიმართლის პოვნას, საკუთარი თავისთვის ძალიან მნიშვნელოვანის პოვნას. ერთ-ერთ ასეთ მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს სკანდალური ფილმი, რომელიც 11 აგვისტოს, ტელეარხ „იმედის“ ეთერში აჩვენეს.

“ჩვენ, მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, – ასე ეწოდება დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში, ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი ფაქტების განსხვავებულ შეხედულებებს გვთავაზობს. ფილმის სიუჟეტის თანახმად, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საბრძოლო მოქმედებებისთვის მოსკოვის პროვოცირება მოახდინა. ავტორების თანახმად, მას ამგვარად სურდა დაებრუნებინა მოსახლეობის კეთილგანწყობა და ნდობა, რომელიც ოპოზიციონერების ამბოხების და ოპოზიციური ტელეარხის “იმედის” დახურვის შემდეგ დაკარგა. ფილმის ავტორების ვერსიით, იმ დროისთვის განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას ” ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეკისრებოდა.

დოკუმენტური ფილმის ოპონენტების აზრით, ფილმში ასახულ მოვლენებზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

ფილმის სიუჟეტთან დაკავშირებით გამოთქმულმა ორმა, ურთიერთსაპირისპირო პოზიციამ პოლემიკა გამოიწვია. ოპოზიციური “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და მთელი რიგი არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებმა, ფილმის ავტორები მწვავედ გააკრიტიკეს, ხოლო ფილმს “რუსული პროპაგანდა” უწოდეს. საინტერესოა ისიც, რომ თავად ტელეკომპანია “იმედის” ზოგიერთი რედაქტორი და ჟურნალისტი აღნიშნული ფილმის პოზიციას გაემიჯნა და თავისი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.

ნიკა ლალიაშვილი

“მე პროდიუსერი ვარ და ეს ფილმი ჩემი ხელმძღვანელობით მომზადდა. რაც შეეხებათ ფილმის ავტორებს, ესენი არიან: მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას განიცდიდა მხოლოდ იმის გამო, რომ პირველ ადგილზე სიმართლეს აყენებს, ასევე ის სამხედრო პირები, რომლებმაც სააკაშვილის ავანტიურების გამო გმირულად იბრძოდნენ. ასევე ფილმის ავტორები არიან ის დევნილები, რომლებიც ამ ავანტიურას შეეწირნენ და ქართული საზოგადოება, რომელმაც ეს ყველაფერი შესანიშნავად იცის და 11 წელი სიმართლის დამალვას აიძულებდნენ”, – განაცხადა “იმედის” გენ.დირექტორია მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა.

ომის და მშვიდობის პარტია

2004 წელს, საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზანს ისახავს. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, სოფელ ერგნეთში 1997 წლიდან სავაჭრო ბაზარი ფუნქციონირებდა. მიუხედავად იმისა, რომ იქ კორუფცია სერიოზულად ყვაოდა და მთელ რიგ მაქინაციებს ჰქონდა ადგილი, ბაზარი რეალურ სარგებელს იძლეოდა – შესაძლებელი იყო ნდობის და ქართველებსა და ოსებს შორის ჰუმანიტარული კავშირების აღდგენა.

“ქართული მოსახლეობა მშობლიურ სოფელში დაბრუნებას იწყებს. ჩაერთო საერთაშორისო თანამეგობრობა, დაიწყეს გზების აშენება და მოსახლეობას ქართულ სოფლებში დაბრუნების იმედი გაუჩნდა. რაოდენ რთული წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, ოსი მოსახლეობა თავის დანაზოგს ქართულ ბანკებში ინახავდა. სამხრეთ ოსეთში ქართული ვალუტა მოქმედებდა და ოსები საქართველოში ბიზნესს აწარმოებდნენ”, – ყვება ფილმის ერთ-ერთი რესპოდენტი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

თუმცა, მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, ე.წ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ტონალობა რადიკალურად შეიცვალა. 2004 წელს, სააკაშვილმა კორუფციასთან ბრძოლის საბაბით ერგნეთის ბაზარი დახურა. იმავე წელს, კონფლიქტის ზონაში სამხედრო ქვედანაყოფები განალაგა.

“ცნობილია, რომ სააკაშვილს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება სურდა და ამის გამო, 2004 წელს, ძალის გამოყენებისთვის ემზადებოდა. გავოცდით, როდესაც ე.წ სამხრეთ ოსეთში შსს-ს ქვედანაყოფები გაგზავნა. ისინი კარგად არ იყვნენ კოორდინირებულნი და მანამდე დანებდნენ, სანამ რუსეთს საქართველოში, ინტერვენციის საშუალება მიეცემოდა. ვვარაუდობთ, რომ ამ ქმედებით რუსები ისევე იყვნენ გაოცებულები, როგორც ჩვენ. შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა”, – იხსენებს ფილმში ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში რიჩარდ მილსი.

როდესაც 2005 წლის მაისში, აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი საქართველოში ჩამოვიდა, სააკაშვილს შეახსენა, რომ აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, მაგრამ არ მიესალმება ტერიტორიების ძალისმიერი მეთოდით დაბრუნებას. ელჩის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი ეყრდნობოდა ურთიერთ დამოკიდებულებების ყველანაირ მეთოდს გარდა სამხედროსი.

“ჯორჯ ბუში-უმცროსმა ჩემი თანდასწრებით უთხრა მას, თუ  შეეცდები სამხედრო ძალის გამოყენებას კონფლიქტურ რეგიონებში, რუსეთი ცალსახად განახორციელებს ინტერვენციას და შეერთებული შტატები არ მოვა საქართველოს გადასარჩენად. ვფიქრობ, ამან პრეზიდენტი სააკაშვილის დააფიქრა და დაამუხრუჭა”, – დასძენს ყოფილი ელჩი.

თუმცა, 2004 წელს ვითარების დარეგულირება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ შეძლო. მას ამაში ისიც დაეხმარა, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ენდობოდა. სწორედ მან შეაჩერა ის სამხედრო ავანტიურა, რომლის უკანაც სააკაშვილი, ოქრუაშვილი და ბარამიძე იდგნენ. სააკაშვილის აგრესიულ პოლიტიკას კი ზურაბ ჟვანიას რბილი დიპლომატია დაუპირისპირდა.

ვახტანგ მაისაია

“იმას, რაც მაშინ ხდებოდა, შეიძლება ორ პარტიას შორის ბრძოლა ვუწოდოთ. ესენი იყო: მშვიდობის პარტია ჟვანიას ხელმძღვანელობით და ომის პარტია სააკაშვილის ხელმძღვანელობით. მართალია, სააკაშვილის არჩეული პრეზიდენტი იყო, თუმცა იგი რეფორმებს ვერ ხელმძღვანელობდა. კახა ბენდუქიძის ეკონომიკური რეფორმებიდან დაწყებული, პოლიციური სისტემით და თუნდაც ანტიკორუფციული ინიციატივით დამთავრებული – აბსოლუტურად ყველაფერი ჟვანიას ჯგუფით იყო წარმოდგენილი. ჟვანიას, როგორც პრემიერ-მინისტრს გავლენის ყველა პოლიტიკური ბერკეტი ჰქონდა, რადგანაც 1995 წელს მიღებული კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი შეზღუდული ძალაუფლებით სარგებლობდა”, – განაცხადა Dalma News-სთვის მიცემულ ინტერვიუში სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ.

ამგვარად, ფილმის ავტორების თანახმად, 2004 წელს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ სერიოზულ წარმატებას მიაღწია ედუარდ კოკოითთან მოლაპარაკებებზე და სამშვიდობო ხელშეკრულებაც გააფორმა. მხარეები კონფლიქტის ზონის სრულ დემილიტარიზაციაზე, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გამოყვანაზე, რეგიონის განურჩევლად მთელი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე შეთანხმდნენ. საერთაშორისო ორგანიზაციები ეუთო, გაერო და ევროკავშირი მზად იყვნენ საქართველოს ტერიტორიული პრობლემის გადასაჭრელად სერიოზული სახსრების გამოსაყოფად.

“2004 წლის ოქტომბერში, სოჭში, ზურაბ ჟვანია ხელს აწერს ხელშეკრულებას კოკოითთან, თუმცა ჟვანიას სამშვიდობო პოლიტიკას განხორციელება აღარ უწერია. 2005 წლის 3 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილს პოულობენ”, – ნათქვამია ფილმში.

ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია

ვის აწყობდა ომი? – ფილმის ავტორების ვერსია

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, “სააკაშვილი-ბურჯანაძე-ჟვანია”-ს “რევოლუციური ტრიუმვირატი” დაირღვა. მალევე მიხეილ სააკაშვილმა გაატარა საკონსტიტუციო რეფორმა, რის შედეგადაც პრეზიდენტის ინსტიტუტი გაამყარა. ამის შემდეგ სააკაშვილმა შემოიკრიბა ხალხი, რომლებიც მოგვიანებით მისი “ომის პარტიის” ხერხემალს წარმოადგენდნენ. ესენი იყვნენ: ირაკლი ოქრუაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია – ყველა ის “ქორი”, რომლებიც ნებისმიერ გადაწყვეტილებაში რადიკალურ ზომებს მიმართავდნენ. 

ამ პროცესების პარალელურად გაძლიერდა საქართველოს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. მას შემდეგ რეგიონში გაიზარდა დაძაბულობა და ესკალაცია. ამგვარად, 2005 წელს მოხდა რამოდენიმე ტერაქტი, ადამიანების გატაცება და სროლები. 2006 წლის ზაფხულში, პერმანენტული შეტაკებების გარდა, ქართულმა სამხედრო პოლიციამ დააკავა რუსეთის საელჩოს ავტომობილი, რომელშიც შერეული კომისია იმყოფებოდა. პარალელურად, ქართულმა პოლიციამ, რამდენიმე პიროვნება დააკავა, რომლებიც რუსეთის ჯაშუშებად გამოაცხადეს. რუსეთმა საქართველოს აგრესიულ რიტორიკას ეკონომიკური სანქციებით და საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციით უპასუხა.

ამავე დროს, ქვეყანაში უკმაყოფილება და საპროტესტო ტალღა იზრდება. ოპონენტებთან ბრძოლის მკაცრი ფორმები, ოპოზიციურ მედიასა და ბიზნესზე ზეწოლა – ამ ყველაფერმა გამოიწვია სააკაშვილის და მისი გუნდის წინააღმდეგ პროტესტი და ხალხის ქუჩაში გამოსვლა. ვითარება მკვეთრად იცვლება 2007 წლის ნოემბერში, საპროტესტო აქციის სისხლიანი დარბევისა და ოპოზიციური ტელეკომპანია „იმედის“ ჩამორთმევის შემდეგ. როგორც დრომ აჩვენა, ეს იყო მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ სააკაშვილის ბრძოლის კულმინაცია. როგორც შედეგი, იმ დროისათვის ერთადერთი ოპოზიციური სატელევიზიო არხი “იმედი” სახელისუფლებო პირების ხელში გადავიდა, ხოლო მისი მფლობელი, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც სააკაშვილს დაუპირისპირდა, გარკვეულ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს.

მოსახლეობის უკმაყოფილების საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილმა ყველა მოწინააღმდეგე “რუსეთის ჯაშუშებად” გამოაცხადა და თანამდებობა დატოვა. რიგგარეშე არჩევნები 2008 წლის იანვარში დაინიშნა. არჩევნების შედეგად, სააკაშვილმა პრეზიდენტის სავარძელი შეინარჩუნა, ხოლო მისმა პარტიამ – “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ტოტალური დარღვევები აღმოაჩინეს, სააკაშვილმა თავისი პოზიციების გაძლიერება გადაწყვიტა და სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები წამოიწყო იმ მიზნით, რომ გარეშე მტრის ფონზე, არავინ დაიწყებდა შიდა მტრის მოძიებას, ხოლო საზოგადოება აუცილებლად კონსოლიდირდებოდა.

ფილმის ავტორების ვერსიით, სწორედ ასე მივიდა ომამდე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

“ამ კონფლიქტში თითოეული მხარე, საქართველო, ე.წ სამხრეთ ოსეთი და რუსეთი, საკუთარი ინტერესებით მოქმედებდა… მიშას ომი იმისთვის სჭირდებოდა, რომ ელექტორატის ნდობა დაებრუნებინა. სამხედრო ავანტიურის ფონზე, რომელიც საქართველოს კოკოითმა და პუტინმა მოახვია თავს, სააკაშვილი ცდილობდა ცხინვალის დაპყრობას და იმის გამოცხადებას, რომ საქართველო აკონტროლებდა ქალაქს. სამხრეთ ნაწილს აიღებდნენ, ჩრდილოეთ ნაწილს კი, ოსური ძალები გააკონტროლებდნენ. ამგვარი ვითარება საქართველოს აწყობდა. სააკაშვილი ახალ სტატუსს – ქართული მიწების შემგროვებლის და კონსოლიდირებული საზოგადოების ხელმძღვანელის სახელს შეიძენდა. ეს მას ძალიან აწყობდა”, – მიაჩნია ვახტანგ მაისაიას.

იმის გაგება თუ, როგორ განვითარდა საბრძოლო მოქმედებები, ძალიან რთულია, სიმართლე კი დეზინფორმაციის მორევში იძირებოდა და იმალებოდა. საქართველო ამტკიცებდა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებისკენ „ე.წ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების შეიარაღებულმა თავდასხმებმა“ უბიძგა. თავის მხრივ, რუსეთი ამტკიცებდა, რომ კონფლიქტის ზონაში მყოფ სამშვიდობოებს და თავის მოქალაქეებს იცავდა და რომ მან საქართველოს აგრესიას “იძულებითი წესით” უპასუხა. 11 წლის გასვლის შემდეგაც კი, ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. დიახ, არსებობს ევროკავშირის საერთაშორისო კომისიის მოხსენება, 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ კავკასიაში მომხდარი ომის ვითარებების გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით შეიქმნა. დოკუმენტში მკაფიოდ და გარკვევით არის აღნიშნული, რომ პირველი საბრძოლო მოქმედებები საქართველომ დაიწყო, თუმცა, იმ დღეების მოვლენების ობიექტური ანალიზი საქართველოში, გარკვეულწილად, ტაბუ დადებულია.

პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ქართულ საზოგადოებაში, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ თავიანთი ლეგენდა შეთხზეს და მის შეცვლას არც აპირებენ.

“ყველაფერი დალაგებულია: აგრესორი – მხოლოდ რუსეთია, საქართველო -მხოლოდ მსხვერპლი; რუსეთი – ოკუპანტია, დასავლეთმა და ევროკავშირმა კი, მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ, რათა დეოკუპაცია მოხდეს. თითქმის არსად ჩანს, რომ გარკვეულწილად ქართველებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა ოსი და აფხაზი საზოგადოების წინაშე, რადგანაც მათ დღემდე აქვთ იმედი, რუსეთს შეჰყურებენ. ანუ, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონტექსტები ლეგენდიდან სრულიად ამოღებულია და ყველაფერი რუსულ-ქართულ ხაზს მიჰყვება, დასავლეთი კი საქართველოს უნდა დაეხმაროს. მიმაჩნია, რომ ქართულ საზოგადოებას ამ ჩარჩოებიდან გამოსვლა არ სურს, მან კომფორტული ზონა შეიქმნა და თავს ასე საკმაოდ მშვიდად გრძნობს”, – განაცხადა კონფლიქტოლოგმა “ეხო-კავკასიისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

და ბოლოს, სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას თქმით, „მიუხედავად ყველა პროვოკაციისა“ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

“სააკაშვილს დასავლეთელი პარტნიორების – კონდოლიზა რაისის, ჯორჯ ბუში-უმცროსის, რჩევები რომ გაეთვალისწინებინა ხაფანგში არ გაებმებოდა. როგორც თავად, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღიარა, შეცდა. მაგრამ ეს შეცდომა კი არ იყო, არამედ ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული, რომლისთვისაც პასუხი უნდა აგოს და ევროპაში სეირნობის ნაცვლად, ციხეში უნდა იჯდეს. იმედია, ჰააგის სასამართლო საბოლოო წერტილს დასვამს და კითხვაზე: ვინ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები და ვინ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, საბოლოო პასუხიც გაიცემა”, – დასძინა ექსპერტმა.

ეკატერინე მინასიანი