ქართველი კლასიკოსი მწერლის ოთარ ჭილაძის რომანი სომხეთში ბესტსელერია. ერთ-ერთმა სომხურმა ვებგვერდმა, ამავე ენაზე თარგმნილი საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის ათეულშიც ანტუან დე სენტ ეგზიუპერის, გაბრიელ გარსია მარკესის, ჯონ გრინისა და პაულო კოელიოს გვერდით, ქართველი მწერალი ოთარ ჭილაძე დასახელდა. იგი რეიტინგის ათეულში მოხვდა. მისი რომანი “გოდორი” სომხურ ენაზე ანაიდა ბოსტანჯიანმა თარგმნა.

ქალბატონი ანაიდა თბილისში დაიბადა და თბილისელობას, მის ყველაზე დიდ წოდებით მიიჩნევს, სხვაგვარად ვერც წარმოუდგენია, დილა ამ ქალაქის განთიადის გარეშე დაიწყოს. სკოლაც აქ დაამთავრა, უმაღლესი განათლება კი სომხეთში მიიღო. 4 წელი მასწავლებლად იმუშავა, მაგრამ თბილისის მონატრებამ კვლავ უკან დააბრუნა და დღეს ამბობს, რომ ორი სამშობლო აქვს, უძვირფასესი საქართველო და წინაპართა ისტორიული სამშობლო – სომხეთი.

«ვუფრთხილდები ამ ურთიერთობას და არ მინდა, ვინმემ, ან რამემ ხელი შეუშალოს საუკუნეებით განმტკიცებულ მეგობრობას. ამისთვის რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ, რათა ის გზა, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გაკვალეს, ორი ერის კეთილმეზობლური ურთიერთობებისთვის, კიდევ უფრო გამყარდეს. მე საქართველოს უღალატო შვილი ვარ. მიყვარს თბილისი მისი ისტორიით, სითბოთი, სტუმართმოყვარეობით… მრავალი ეროვნების ადამიანები აქ ურთიერთსიყვარულის  გარემოში ცხოვრობს», – ამბობს ქალბატონო ანაიდა.

მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ, 1975 წელს გამომცემლობა “მერანში” დაიწყო მუშაობა და დღემდე სომხური გამოცემების რედაქტორია, პარალელურად სომხურ გაზეთში მუშაობს, არის საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირების წევრი, მრავალი ჯილდოსა და პრემიების მფლობელი და ლაურეატი; არის ღირსების ორდენის კავალერი, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ნიკოლაძის, ანა კალანდაძის პრემიების ლაურეატი, ქართული კულტურის დესპანი. საქართველოს მწერალთა კავშირისგან ბევრი სხვა ჯილდო აქვს მიღებული. სომხეთიდან კი მოვსეს ხორენაცის მედალი, ლიტერატურული ღვაწლისთვის 2 ოქროს მედალი, საგამომცემლო ღვაწლისთვის ჰაკობ მეღაპარტის მედალი, მთარგმნელობითი მოღვაწეობისთვის – უმაღლესი პრემია “კანდელი” და სხვა ბევრი.

13062094_1166414596726142_1567916840188924078_nსაქართველოს მწერალთა კავშირში 25 წლის წინათ გაუქმებული სომხური სექცია აღადგინეს, რომლის თავმჯდომარედაც ქალბატონი ანაიდა აირჩიეს. ამის გამო იგი უსაზღვროდ მადლიერია კავშირის თავმჯდომარე რევაზ მიშველაძის, თანათავმჯდომარე მაყვალა გონაშვილისა და სამდივნოს დანარჩენი წევრების. მიაჩნია, რომ საქართველოში მცხოვრები სომეხი მწერლები ამიერიდან უფრო აქტიურად იმოღვაწებენ საქართველოს ლიტერატურულ ცხოვრებაში და ერებს შორის ლიტერატურულ–კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობენ ხელს.

მთარგმნელობითი საქმიანობა გამომცემლობა “მერანში” დაიწყო, სადაც დიდებული ქართველი მწერლების გარემოცვაში აღმოჩნდა. ამგვარად გაიცნო იოსებ ნონეშვილი, მორის ფოცხიშვილი, კოლაუ ნადირაძე, ზვიად გამსახურდია, ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ დოჩანაშვილი და სხვები. ბევრი ავტორი ცალკე წიგნად თარგმნა, მათ შორის რევაზ ინანიშვილი, რევაზ ჯაფარიძე, ნოდარ დუმბაძე, თამაზ ჭილაძე, ოთარ ჭილაძე, არჩილ სულაკაური, ჯანსუღ ჩარკვიანის თითქმის ყველა ლექსი სომხურად აქვს ნათარგმნი. მწერლების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს…

მაღალი ხელოვნების მოყვარულმა ქალბატონმა სადისერტაციო თემად აიღო “ქართველი მწერლები და სომხეთი”, რომელიც მეუღლის ტრაგიკული გარდაცვალების გამო ვერ დაასრულა, მაგრამ მასალები ქართულ და სომხურ ლიტერატურულ პრესაში დაიბეჭდა. ორი თვის წინ, მთავრობის დაკვეთით, ერევანში, გამომცემლობა “ნოველმა” ცალკე წიგნად გამოსცა მისი ნაშრომები სათაურით “სიყვარულის სამყარო”, სადაც დაბეჭდილია მასალები ი.ნონეშვილის, რ.მარგიანის, ს.მხარგრძელის, თ.ჭილაძის, რ.ამაშუკელის, რ.მიშველაძის, მ.გონაშვილის, წ.თორგომიანის, ოვ.კარაიანის – “ვეფხვისტყაოსნის” მთარგმნელის, ამერიკაში მცხოვრებ, საქართველოს კეთილი მეგობრების, პოეტების სონა ვანის, ავიკ დერენცის და სხვათა შესახებ.

«ჭეშმარიტად ურთიერთ სიყვარულის სამყარო, ის სითბო და კეთილი ურთიერთობები, რასაც ვხედავდი ქართველ და სომეხ მწერლებს შორის და ჩემს მიმართ, უკვე თავისთავად მკარნახობდა, მავალებდა, რომ ხელში კალამი ამეღო და ჩემს ლექსებთან ერთად მეთარგმნა და სომხობაში გამევრცელებინა ქართული მდიდარი ლიტერატურა. ასე გულითა და ქართული ლიტერატურის მიმართ დიდი სიყვარულის გრძნობით დავიწყე, როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე ქართული ლიტერატურის თარგმნა“, – განაცხადა “Dalma News“-სთან საუბრისას ანაიდა ბოსტანჯანიანმა.

დაიწყო ურთულესი, საპასუხისმგებლო, მაგრამ მადლიერი საქმე, რომელიც დღემდე უყვარს და კმაყოფილია. “ერთ მწერალს ჰკითხეს – რას გააკეთებდით, თუ შეხვდებოდით ღმერთსო. ვთხოვდი, თარგმანის დროს ყოფილიყო ჩემს გვერდით! ესე იგი, თარგმანი მართლაც ძალიან რთული და ერთდროულად ღვთიური საქმეა”, – მიაჩნია ქალბატონ ანაიდას.

13087472_1167803469920588_638964314128379509_nმთარგმნელობით საქმიანობას მისი შვილებიც ეზიარნენ, უფროსი შვილი, მარინა, სომხური და ქართული ენების სპეციალისტია, იგი საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში მთარგმნელად მუშაობს, ხოლო უმცროსი, გაიანე ჟურნალისტია, მუშაობს გაზეთ “ვრასტანში”, ისიც თარგმნის ქართულიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია მისი შვილიშვილი ლიზა თოროსიანი, ისიც თარგმანით არის გატაცებული.

ანაიდა ბოსტანჯიანმა ოთხი ენა იცის: სომხური, ქართული, რუსული და ცოტა ინგლისურიც. არის ორი საგამომცემლო სერიის – “მთარგმნელობითი ლიტერატურის ბიბლიოთეკა” და “პირველი წიგნის ბიბლიოთეკა” – დამფუძნებელი.

პირველი ნაბიჯები თარგმანის სამყაროში

ადამიანს არასდროს ავიწყდება შემოქმედებით გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯები. სომხურ ენაზე ნათარგმნი, პროზაიკოს კარლო კობერიძის მოთხრობა “ჩვენი თეთრი ალუბალი”, ქალბატონ ანაიდას წარმატების საწინდარია. ამ წუთების გახსენებას, თან ახლავს დაუვიწყარი ემოცია. ბ.სეირანიანის რჩევით, თარგმანი პირდაპირ “ლიტერატურულ გაზეთში” მიუტანია, რომლის რედაქტორიც პოეტი ჰრაჩია ჰოვანისიანი იყო და სიხარულით დაუბეჭდავთ.

ჰოვანისიანს ქალბატონ ანაიდას თარგმანი წაუკითხავს და ძალიან მოსწონებია. – ქართველებს მდიდარი ლიტერატურა აქვთო, – უთქვამს და ქართველი მეგობრები გაუხსენებია. მათ შორის: იოსებ ნონეშვილი, რეზო მარგიანი, მორის ფოცხიშვილი

ჰოვანისიანს ქალბატონ ანაიდას თარგმანი წაუკითხავს და ძალიან მოსწონებია. – ქართველებს მდიდარი ლიტერატურა აქვთო, – უთქვამს და ქართველი მეგობრები გაუხსენებია. მათ შორის: იოსებ ნონეშვილი, რეზო მარგიანი, მორის ფოცხიშვილი

“გააგრძელე, შვილო, ძალიან ლამაზად გამოგდის. კარგი მოთხრობაა და თარგმანიც შესანიშნავიო. იცით, როგორ გამიხარდა. მეცხრე ცაზე ვიყავი სიხარულით. არადა, როგორ მეშინოდა”, – იხსენებს მაშინდელ ემოციებს ქალბატონი ანაიდა.

ამის შემდეგ, რამდენიმე თვეში თარგმნა ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის მოთხრობა “ხაზარულა”, რისთვისაც ახალგაზრდა მთარგმნელის პრემიაც მიანიჭეს.

პირველ გამარჯვებას მოჰყვა, პირველი, 536 გვერდიანი წიგნი, თამაზ ჭილაძის “პოსეიდონის სასახლე”. ქართველოლოგ ტიგრან კარაპეტიანს დაუწერია: “სასიხარულოა ძალიან, რომ ანაიდა ბოსტანჯიანის სახით, ქართული ორიგინალიდან სომხურზე მთარგმნელების მცირე ბანაკი ძლიერი ძალით ივსება”.

როგორ გაიცნო ანაიდა ბოსტანჯანიანმა ძმები ჭილააძები?

ძმებ ჭილაძეებთან მეგობრობა, ქალბატონმა ანაიდამ თამაზ ჭილაძის შემოქმედებასთან ზიარებით დაიწყო, როდესაც სომხურ ენაზე მისი ორი წიგნი თარგმნა. თამაზ ჭილაძემ მისი ძმის, ოთარ ჭილაძის თარგმნაც სთხოვა.

“ესეც ერთი ბედნიერებაა, თავისებური ბედნიერება, რომ ორ უნიჭიერეს, შემოქმედ ძმას იცნობ. თამაზ ჭილაძემ მითხრა: ანაიდა, ოთარიც თარგმნე, ოთარი სხვაა, წაიკითხავ და ნახავო. მერე დაიწყო პოსტსაბჭოური უმძიმესი დღეები…შვილები პატარები მყავდნენ, ვერაფრით ვახერხებდი ლიტერატურისთვის დროის გამონახვას…ცივი და ბნელი წლები იყო… რაღაცნაირად დამნაშავედ ვგრძნობდი თავს ოთარის და თამაზის მიმართ. მით უმეტეს, როცა უდროოდ გარდაიცვალა ოთარ ჭილაძე”, – იხსენებს ქალბატონი ანაიდა.

2014 წლის დეკემბრის ბოლოს, მას ერევნის გამომცემლობა “ანტარესის” დირექტორმა არმენ მარტიროსიანმა, შესთავაზა ჭილაძის ორი რომანის “გოდორისა” და “გზაზე ერთი კაცი მიდიოდას” თარგმნა. ძალიან გაუხარდა და იფიქრა, რომ ამით ოთარისთვის მიცემულ დანაპირებს შეასრულებდა. 11 თვეში, ორი ვრცელი და ურთულესი რომანის თარგმნა ხუმრობა ხომ არ არის, მაგრამ მან ეს შეძლო. ოთარ ჭილაძის სამწერლო ენა, მას ყოველთვის ხიბლავდა და მიაჩნია, რომ ის გამორჩეულია თავისი ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური სიღრმეებით. მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი რომანები სომხურ ენაზე ქართულიდან ეთარგმნათ და არა რუსულიდან. ქალბატონ ანაიდას აზრით, “გოდორი” ჭილაძის ყველაზე რთული და ყველაზე აქტუალური ნაწარმოებია, რომელიც დღევანდელობის პრობლემებს პასუხობს. ის მკითხველს ასწავლის სახელმწიფოებრიობის არსს.

“შეყვარებული ვარ ამ ნაწარმოებზე. ის იშვიათობაა არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაშიც. გამომცემლობა “ანტარესის” მიერ, სერია “უცხო წერაში” გამოცემული თითქმის 30 წიგნიდან, არც ერთს ჰქონია ამხელა რეზონანსი და გამოხმაურება. ჩემთვის “გოდორი” გამორჩეულია. ერთი გვარის, რამდენიმე თაობის ისტორიაში მთელი ეპოქაა ასახური. ეს ძალიან მასშტაბური მოვლენების ისტორიაა, თავისი კატაკლიზმებით, ინტრიგებით, ტრაგედიებით. სწორედ ეს მასშტაბურობაა მწერლის ოსტატობის მაჩვენებელი. მე ვეძებდი და ვკითხულობდი მას სტრიქონებს და აბზაცებს შორის. ჭილაძე რომ თარგმნო, უნდა იყო მწერალი, სხვანაირად შეუძლებელია”, – გვითხრა ანაიდა ბოსტანჯიანმა.

იგი ასევე მოხიბლა ჭილაძის სხვა რომანმა “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”. მართალია, მასში 3000 წლის წინანდელი, არგონავტების ცნობილ მითთან დაკავშირებული საქართველოს ისტორიაა აღწერილი, მაგრამ ნაწარმოებში კარგად არის დახატული ჩვენი დროის ქართველი კაცის სახე. ორივე რომანი მთავრდება მშვიდობის რწმენით.

“ისტორიისთვის საუკუნე ერთი წამია, ხოლო ადამიანისთვის – მთელი ცხოვრება, ერთი საუკუნე ხომ სამ თაობას ნიშნავს. კაცობრიობის ისტორიაში ომები მუდამ იყო და არასდროს მთავრდება. ჭილაძეს აქვს დიდი ოპტიმიზმი და რომანების ეპილოგები ამ ოპტიმიზმის და რწმენის დასტურია. ისინი სიმშვიდით მთავრდება. მწერლის წარმოსახვაში სრულიად ახალი საქართველო, ახალი ადამიანი იბადება, სადაც არ იქნება უარყოფითი შეგრძნებები, ნეგატიური მოვლენები და ვითარებები”, – აცხადებს ქალბატონი ანაიდა.

მიაჩნია, რომ გენიოსებს ყველგან აფასებენ, რამდენადაც მწერლის შემოქმედება ეროვნულ ნიადაგზეა შექმნილი, იმდენად ზოგადსაკაცობრიო არის. ალბათ, ამიტომ ნახა სომეხმა მკითხველმა ჭილაძის “გოდორში” ბევრი რამ მისთვის ახლობელი. გარდა იმისა, რომ საქართველო და სომხეთი მოსაზღვრე ქვეყნები არიან, წლების განმავლობაში ერთ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცეში თანაარსებობდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის მსგავსი პრობლემების წინაშე დადგნენ. ოთარ ჭილაძის გმირებიც დროის პირმშოები არიან და სომეხმა მკითხველმაც მათთან ბევრი საერთო აღმოაჩინა.

“ხალხებს შორის სიახლოვეს ხელს უწყობს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, დიპლომატიური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურულ – ლიტერატურული ურთიერთობა. წლების განმავლობაში ბევრი ქართველი ავტორის წიგნი დაიბეჭდა ერევანში სხვადასხვა პროექტებით, თუ სახელმწიფო შეკვეთით. თითქმის 2 წელია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ერევნის გამომცემლობებში, ძირითადად “ანტარესში” მარტო ჩემი თარგმანით, ოთხი წიგნი დაიბეჭდა, მათ შორის არის ირაკლი სამსონაძის “ყურთბალიში” და დავით ტურაშვილის “ჯინსების თაობა”. მე ვთარგმნე და ერევნის გამომცემლობა “ორაკულმა” დაბეჭდა, ასევე ბესო ხვედელიძის რომანი “ნამასტე”. ამდენი წიგნის მერე გამორიცხულია, არ იცნობდნენ ქართულ ლიტერატურას”, ” ამბობს ქალბატონი ანაიდა.

მან ახლახანს დაასრულა გურამ ოდიშარიას რომანის “პრეზიდენტის კატის” თარგმნა. ძალიან უნდა თარგმნოს მიხეილ ჯავახიშვილი, გიორგი ლეონიძე, გალაკტიონ ტაბიძე, გოდერძი ჩოხელი, რათა ქართველი მწერლების ფიქრები, განცდები, ოცნებები, ტრადიციების მიმართ პატივისცემა, მშობლიურ ერსაც გააცნოს. გაუზიაროს ყველა ის სითბო და სიყვარული, რასაც თავად განიცდის ქართველი პოეტებისა და მწერლების ორიგინალში კითხვისას. ისინი კი მკითხველს გულგრილს ნამდვილად არ ტოვებენ. აგეკვიატება, რომელიმე სტრიქონი, რომელიმე დიალოგი და დიდხანს ტრიალებს გონებაში, იმეორებ შენთვის ჩუმად გულში, გონებაში, ან იღიმები ნოდარ დუმბაძის გმირების იუმორზე, ან გრძნობები გეძალება გალაქტიონის ლექსებზე, ან კიდევ გამოუთქმელი სევდა გიპყრობს ჩოხელისა და ლეონიძის გმირების გაცნობისას. ალბათ, ამაშია წიგნის მაგიაც და საიდუმლოც, მას ხომ სულ სხვა გემო და ფერი აქვს და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მასში სახელმწიფოებრიობის შეგრძნებაც დევს.

შორენა პაპაშვილი