2022 წელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური იყო.  შიდა პარტიულ წინააღმდეგობებს, პოლიტიკურ პოლარიზაციასა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს, რეგიონში დაძაბული ვითარებაც დაერთო. რუსეთ-უკრაინის საომარმა დაპირისპირებამ პირდაპირი გავლენა იქონია არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაზე. საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, სანაცვლოდ მიიღო პერსპექტივა და ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია. ქვეყანა თანდათან იბრუნებს რეგიონულ პოლიტიკაში ადგილს, რომელიც სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაკარგა საქართველომ.

როგორი იყო გასული წელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და რა გამოწვევების დაძლევა შეძლო ქვეყანამ ამ საკითხებზე Dalma News-ს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა.

– პოლიტიკურად საინტერესო და დაძაბული წელი იყო. მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციისკენ, ამან ქვეყანას მისცა გარკვეული სტიმული, რომ დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს, თუმცა, გარკვეულწილად ამ კუთხით ამოვვარდით ასოცირების ტრიოდან და მოლდოვამ და უკრაინამ ჩვენზე წინ წაიწია. პოლიტიკურად, შეიძლება ითქვას, რომ ის მდგომარეობა შენარჩუნდა, რაც იყო წინა წელს. პოლიტიკური პოლარიზაციის ხარისხმა არ დაიწია, პირიქით, უფრო გაღრმავდა, რამაც გარკვეულწილად დაღი დაასვა ქვეყნის პოლიტიკური კულტურის განვითარებას და პოლიტიკურ სტაბილურობას. თუმცა, ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ძალისხმევით ძირითადად მოხერხდა, ის რომ არ გადაიზარდა დესტრუქციულ პროცესებში. ჩვენ, რომ იტყვიან, წკიპზე ავიცილეთ მორიგი რევოლუცია.

ზაალ ანჯაფარიძე

ოპოზიციისა და მასთან აფილირებული სამოქალაქო ჯგუფებიდან იყო მცდელობა რომ არაკონსტიტუციური გზით შეეცვალათ ხელისუფლება ე.წ. ტექნიკური მთავრობის დანიშვნით, რაღაც სახალხო მოძრაობებით. უკრაინის ომმა გარკვეულწილად დაღი დაასვა ჩვენი საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებს, სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ გაგვირთულდა ურთიერთობა უკრაინასთან და ჯერჯერობით მას გაუმჯობესების პერსპექტივა არ ეტყობა. ასევე, გარკვეული პრობლემა შეიძლება იყოს რუსეთის მოქალაქეების ინტენსიური შემოდინება. ამ პროცესმა ირიბი ეფექტი იქონია იმაზე, რომ რუს მოქალაქეებს თან მოჰყვა მყარი ვალუტის შემოდინება, რამაც ლარის სტაბილურობაზე დადებითად იმოქმედა, თუმცა ვიზიარებ ეკონომისტების აზრს, რომ ეს დადებითი ეფექტი დიდი ხნით ვერ გაგრძელდება და შეიძლება მომავალში პრობლემები შეიქმნას.

უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა ნეგატიური გავლენა იქონია თუ არა საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე და პოლარიზაციის გაღრმავებაზე?

– რა თქმა უნდა იქონია გავლენა, იმიტომ, რომ ოპოზიცია, რომელსაც პრაქტიკულად არგუმენტები აღარ დარჩა, უკრაინის თემას ჩაეჭიდა და ხელისუფლების პრორუსულობის კულტივირებას განაგრძობს ახლაც. ჩემი აზრით, ოპოზიციის მიზანია ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ქვეყანამ ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ თუ ეს ასე მოხდა, შეიძლება ვთქვათ, რომ ოპოზიციას უკანასკნელი არგუმენტიც კი გამოეცლება ხელიდან. თუ კი “ოცნების” ხელისუფლების პირობებში გახდა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე, ვეღარ იტყვის რადიკალური ოპოზიცია, რომ ეს ხელისუფლება ქვეყანას რუსეთისკენ ექაჩება, შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებისთვის აღარაფერი დარჩება ხელში. მით უმეტეს, იმ მძიმე მდგომარეობის ფონზე, რაც დღეს ოპოზიციურ ბანაკში არის. ფაქტობრივად ისევ ორპოლუსიანი პოლიტიკური გარემო გვაქვს, ხოლო იმ პოლიტიკური პარტიების რეიტინგი, რომლებიც საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტში შეუშვეს იმ მიზნით, რომ გაძლიერებულიყვნენ, კვლავაც  1-2%-ზე დარჩა. არც კი ჩანს პერსპექტივა, რომ გამოჩნდება ალტერნატიული მესამე ძალა. ეს კარგი არ არის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ხარისხისთვის.

ბრძანეთ, ოპოზიცია ვერ ძლიერდებაო, რა უშლით ხელს გაძლიერებაში?

– ვერ აყალიბებენ სწორ და ამომრჩეველზე ორიენტირებულ სტრატეგიას და ტაქტიკას. ამის ძალიან თვალსაჩინო მაგალითია “ლელო”, რომელიც პოლიტიკაში შემოვიდა, როგორც ახალი პოლიტიკური პარტია ხმამაღალი განაცხადით, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” ალტერნატივა უნდა გამხდარიყო. შემდეგ სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გამო, ნაცმოძრაობის ორბიტაზე მბრუნავ ერთ-ერი პარტიად მოგვევლინა. შესაბამისად, მან ამის გამო დაკარგა ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი. მის მიერ შეთავაზებული საარჩევნო სტრატეგიაც არ აღმოჩნდა მთლად ეფექტიანი და გამართული, თუნდაც იგივე “მარშლის გეგმა”. ქუჩაში რომ გააჩეროთ 10-15 შემთხვევითი გამვლელი და ჰკითხოთ, – რა არის “მარშლის გეგმა”? – დარწმუნებული ვარ,  უმრავლესობა ვერ გიპასუხებთ. თანაც ეს გეგმა იმდენად გაუგებარი აღმოჩნდა რიგითი ამომრჩევლისთვის, რომ მიუხედავად მჭახე უცხოური სახელისა, მათ ვერ გაიგეს თვითონ ისინი რა სარგებელს მიიღებდნენ აქედან და რაც მთავარია, “ლელო” საიდან მოიზიდავდა იმ თანხებს, რაც ჰქონდათ დაწერილი თავიანთ ეკონომიკურ პროგრამაში. ჩვენი ამომრჩევლის ნაწილი მაინც აქცევს ამას ყურადღებას და უამრავი შეუსრულებელი დაპირებების ფონზე სიფრთხილით ეკიდება ასეთ პროგრამებს, თუ რამდენად რეალისტურია ყველაფერი. ამას ხელს რა უწყობდა, არც პარტიის ლიდერების იმიჯი.

სხვა პარტიებიც აღმოჩნდნენენმ“- ორბიტაზე

– იგივე შეიძლება ითქვას ვაშაძის პარტიაზეც, რომელიც ჯერ თითქოს გაემიჯნა “ენმ”-ს, შემდეგ ისევ მიუჩოჩდა და დღეს ფაქტობრივად წაიშალა მათ შორის განსხვავება და ისევ ერთად არიან.

გიორგი გახარია და მისი ახალი გუნდი

ასეთივე მდგომარეობაშია გიორგი გახარიას (“ოცების” ექსპრემიერი) პარტიაც (“საქარველოსთვის”), რომლის 7,8% -იანი რეიტინგი, სულ რაღაც ერთ წელიწადში 1%-მდე დაეცა ისევ და ისევ, თავისი მცდარი სტრატეგიისა და ტაქტიკის გამო. ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა ის სტატუს კვო, რაც გვაქვს ქართულ პოლიტიკაში. ეს სტატუს კვო შეიძლება დაირღვეს.

რაც შეეხება მსჯავრდადებულ მესამე პრეზიდენტ სააკაშვილს, რამდენად შეძლო მან თავისი პატიმრობის პოლიტიზება?

– მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი თანდათან ჩაიხსნა პოლიტიკური დღის წესრიგიდან. მისი საქციელი ციხეში, აშკარა სიმულაცია, ნამდვილად არ ტოვებს ქართული მენტალიტეტის ამომრჩეველში დადებით დამოკიდებულებას, თუნდაც იმავე ნაცმოძრაობის მომხრეებში. თქვენ ნახეთ, რომ მიუხედავად ინტენსიური საინფორმაციო პროპაგანდისტული მედია საშუალებების მონდომებისა, მან ციხეში ყოფნის ერთი წლის მანძილზე ვერ შეძლო საპროტესტო კრიტიკული მასის მობილიზება. არ გამოდის ხალხი მის მხარდასაჭერად. სასამართლოს წინ რომ იყვნენ შეკრებილნი, ეს იყო ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, თუ რა მხარდაჭერა აქვს სააკაშვილს. ჩემი ვარაუდით, “ენმ” შესაძლოა მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე უფრო დასუსტებული მივიდეს, ვიდრე ახლა არის.

Ника Мелия

თავმჯდომარის არჩევნები პარტიაში არის ძალიან კარგი ლაკმუსის ქაღალდი, ნაცმოძრაობა სააკაშვილიდან ლევან ხაბეიშვილისა და ნიკა მელიას დონემდე ჩამოლაბორანტდა. შეიძლება მათი ამომრჩეველი ან საერთოდ არ წავიდეს არჩევნებზე, ან გაიხედოს სხვა პარტიებისკენ. “ნაციონალური მოძრაობიდან” გამოყოფილი პატარა-პატარა პარტიები მუშტრის თვალით უყურებენ “ენმ”-ს ამომრჩეველს, რომ ის მერე თავისკენ გადაქაჩონ.

ამავეს ამბობენოცნებიდანგამოყოფილხალხის ძალაზეც“, რომ ამ პოლიტიკური ძალითოცნებაცდილობს მასზე განაწყენებული ხალხი შეინარჩუნოს საკუთარ ორბიტაზე

– “ხალხის ძალა”, რომელიც ჩემი ვარაუდით დიდი ალბათობით ჩამოყალიბდება პოლიტიკურ პარტიად არჩევნების მოახლოების კვალობაზე. ეს იქნება პოლიტიკური ძალა მათი იდეოლოგიიდან, მათი პოლიტიკური პლატფორმიდან, პერსონალური შემადგენლობიდან გამომდინარე, რომელიც ეცდება თავისკენ წაიყვანოს ორთოდოქსული კონსერვატორული ამომრჩეველი, რომელიც აქამდე იყო “პატრიოტთა ალიანსის” ამომრჩეველი, “ალტ-ინფო – კონსერვატიული პარტიის” ამომრჩეველი და სხვა ნაციონალურ -პატრიოტული ძალები, რა თქმა უნდა “ქართული ოცნების” ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება უკმაყოფილო არის “ოცნების” ორჭოფული პოლიტიკით იგივე სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, რომ განაგრძობენ დასავლეთთან “თამაშს”, ბოლომდე ვერ ამბობენ თავიანთ სათქმელს.

არ გამოვრიცხავ, რომ  ელექტორატის ეს სეგმენტი საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ  “ხალხის ძალამ” თავისკენ წაიყვანოს ის ამომრჩეველი, რომელიც ბოლო არჩევნების დროს არ მიდიოდა არჩევნებზე “ოცნებისგან” იმედგაცრუების გამო.

მართალია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, მაგრამ მივიღეთ 12 რეკომენდაცია, რამდენად არის ისინი შესრულებადი

– იქ არაფერი ისეთი განსაკუთრებული მოთხოვნა არ არის, მაგრამ თუნდაც იგივე დეპოლარიზაცია და სახალხო დამცველის არჩევის ნაწილში, ვერ შესრულდება ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. ასევე, ევროკავშირი ითხოვს ინკლუზიურობის პრინციპს, ეს ვერ ხერხდება იმიტომ, რომ ოპოზიციას არ უნდა “ქართულმა ოცნებამ” თავისი მმართველობის პერიოდში მოახერხოს ამ 12 პუნქტის შესრულება, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი და ამის ნიადაგზე ააგოროს საპროტესტო ტალღა და კიდევ ერთხელ შეეცადოს ხელისუფლებაში დაბრუნებას.

სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ოპოზიცია თავის დამოკიდებულებას შეიცვლის, როგორ იქნება მომავალში ვერ გეტყვით. შესაძლოა, ისევ “ოცნება” აღმოჩნდეს დამთმობის როლში, იმიტომ, რომ მაინც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ამ რეკომენდაციების შესრულება. ევროპელები ამბობენ, – ჩვენ ხელისუფლებისთვისო არ გვითხოვია დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებაო, ისინი ითხოვენ, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი პირობები, რომელიც გამორიცხავს ოლიგარქების ზეგავლენას ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე და მედიაზე. ამის გაკეთება კანონის გარეშეც კი შეიძლება, შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით.

როგორ შეაფასებთ საქართველოს რეგიონულ პოლიტიკას, იბრუნებს საქართველო რეგიონში თავის ადგილს?

– საქართველომ თავისი რეგიონული მნიშვნელობა რომ დაიბრუნოს, მისი სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც შეიძინა, როდესაც 90-იან წლებში მის ტერიტორიაზე გაიარა ენერგეტიკულმა მარშრუტებმა: ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენმა, ბაქო-სუფსას ნავთობსადენმა, შაჰ-დენიზის გაზსადენმა და ტრასეკას მარშრუტებმა, მან ეს სატრანზიტო ფუნქცია არ დაკარგოს ან არ შემცირდეს.  დღეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ კავკასიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით აზერბაიჯანთან გავაღრმაოთ ურთიერთობა. რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ფონზე აზერბაიჯანი ხდება გაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებელი ევროპისთვის, ამ გაზსადენმა საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. საჭიროა, ამისთვის მზად იყოს ჩვენი ინფრასტრუქტურა. ამითაც იყო გამოწვეული ის, რომ პრემიერმა განაცხადა, – ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს. მალე საქართველოს მოუწევს სატრანზიტო ფუნქციის თავის თავზე იმაზე უფრო დიდი მასშტაბით აღება, რაც აქამდე ჰქონდა და ამისთვის მზად უნდა იყოს ჩვენი ინფრასტრუქტურა.

წლის ბოლოს გამოქვეყნდაგორბისკვლევა, რა იყო ნიშნეული თქვენთვის ამ კვლევაში?

– სურათი არის ერთი და იგივე, გვაქვს 2-პოლუსიანი პოლიტიკური სპექტრი და თუ საარჩევნო კანონი არ შეიცვალა და 5%-იანმა ბარიერმა არ დაიწია, შეიძლება მივიღოთ ისევ ორპოლუსიანი პარლამენტი. “გორბის” კვლევაში საინტერესო იყო ის, რომ უკრაინასთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკა შეფასდა წარმატებით, ამომრჩევლის მნიშვნელოვან ნაწილი, 80%-მდე მხარს უჭერს ხელისუფლების პოლიტიკას, რომ არ ჩაებას ქვეყანა რუსეთთან კონფლიქტში.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი