მსოფლიოში, ალბათ, თითებზე ჩამოსათვლელია ქალაქები, რომლებიც მრავალრიცხოვანი შემოსევების შედეგად დარბეულან, დანგრეულან, გაცამტვერებულან, მაგრამ არ აღგვილან პირისაგან მიწისა და ფერფლისგან აღმდგართ, კვლავაც მნიშვნელოვანი სიტყვა უთქვამთ მსოფლიო ცივილიზაციაში. თბილისი ერთ-ერთი მათგანია. მარტო მისი სახელი, ერთ ისტორიად ღირს, ხოლო თბილისური ფენომენი, საუბრის ცალკე და არც თუ პატარა თემაა. სტუმარიც და მასპინძელიც დღეს ერთხმად აღიარებს, რომ ამ ქალაქის განსაკუთრებულობა, სწორედ მის მრავალეთნიკურობაშია.

ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, მტრულად თუ მოყვრულად, საკუთარი სურვილით თუ იძულებით, სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები მოდიოდნენ, თბილისში, ან მის შემოგარენში სახლდებოდნენ, თან მოჰქონდათ თავიანთი ტრადიციები, კულტურა და რელიგია. ასე გაჩნდა თბილისში ებრაელთა, სომეხთა, ფრანგთა, გერმანელთა უბნები თუ კოლონიები. ისინი თავის უბანში სალოცავს აშენებდნენ, რომელიც მათთვის არა მარტო რელიგიურ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებმა საქართველოს დედაქალაქში შეძლეს საუკუნეების მანძილზე შეენარჩუნებინათ თავიანთი რელიგია და თვითმყოფადობა – ასე შეიქმნა თბილისის უნიკალური ფენომენი.

ვინმეს რომ ეთქვა საახალწლოდ რა საჩუქარს ისურვებდიო, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საისტორიო წიგნის მფლობელი გავხდებოდი. სქელტანიანი და ილუსტრირებული წიგნი – “თბილისის ტაძრები და რელიგიური ნაგებობები”, მისი ავტორების 15-წლიანი შრომის შედეგია. წიგნი, თბილისში არსებულ 100-ზე მეტ ეკლესია-მონასტერსა და სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების სალოცავ ნაგებობებს აერთიანებს. ბევრი მათგანის შესახებ, დღეს მხოლოდ ისტორიაა შემორჩენილი, ზოგი ჟამთა სიავის გამო ნანგრევების სახით არსებობს, ზოგი ქალაქის განვითარებას უთმობს ადგილს, ზოგ უძველეს ტაძარში კი საცხოვრებელი სახლები და საზოგადოებრივი ორგანიზაციებია განთავსებული. მაგრამ ამიერიდან, ყველა მათგანის შესახებ ინფორმაცია, თუ მათთან დაკავშირებული ლეგენდები, 600-გვერდიან წიგნის ფურცლებზე დარჩება სამუდამოდ.

წიგნის შედგენისას მისი ავტორები ცდილობდნენ დაეცვათ ბალანსი, შეძლებისდაგვარად კარგად გადმოეცათ ინფორმაცია იმ კულტურული მემკვიდრეობისა და ტოლერანტობის შესახებ, რომელიც თბილისში ყოველთვის იყო. სხვადასხვა არქივებიდან მოკრეფილი ვრცელი დოკუმენტური მასალა კომპაქტურად განთავსდა ერთ წიგნში, იმისთვის, რომ მომავალმა თაობებმა იცოდნენ ისტორია და ჰქონდეთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქალაქმა.

წიგნის ავტორებმა, თბილისის ტაძრების შესახებ ცნობები, უძველესი დროიდან მოყოლებული, საქართველოში ჩამოსული მრავალი მოგზაურის, ქართველი თუ უცხოელი ისტორიკოსის ჩანაწერების საშუალებით მოიძიეს, კერძო არქივებსაც მიაკვლიეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის სალოცავების თემას ბევრი სამეცნიერო კვლევა და ნაშრომი მიეძღვნა, თუმცა ზოგიერთი სალოცავი ყურადღების მიღმა დარჩა.

როგორც Dalma News-სთან საუბრისას წიგნის შემქმნელებმა და იდეის ავტორებმა განუცხადეს, წიგნზე მუშაობა 2003 წლიდან მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში იმდენი მასალა დაგროვდა, რომ გადაწყდა ნაშრომი რამდენიმე ნაწილად გაეყოთ. პირველი ნაწილი, თბილისის გასაბჭოებამდე პერიოდს, ქალაქის იმ დროინდელ საზღვრებში შემავალ რელიგიურ ნაგებობებს ეძღვნება. შემდგომი წიგნები კი, თბილისს შემოერთებულ დასახლებულ პუნქტებში არსებულ ტაძრებსა და დედაქალაქში ახლად აგებულ ეკლესია-მონასტრებს მიეძღვნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნის ავტორებს არ აქვთ პრეტენზია აბსოლუტურ ცოდნაზე. ზოგ საკითხს სამომავლო კვლევებისთვის ტოვებენ. თანამედროვე მეცნიერთა მოსაზრებებთან ერთად, წიგნში შეტანილია XIX საუკუნის მწერალ-მოღვაწეთა საბუთების ამონარიდები თუ ზეპირი გადმოცემები. ეს მკითხველს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა მოსაზრება თავად შეაჯეროს და წარსულზე საკუთარი წარმოდგენა შეიქმნას. წიგნი გამდიდრებულია უნიკალური ფოტომასალით, ბევრი მათგანი პირველად გამოქვეყნდა, რაც კიდევ უფრო ზრდის წიგნის მნიშვნელობას.

გიგი წერეთელი და მანანა ქუთათელაძე

“გამბედაობაც საჭიროა, ალბათ, ასეთ საქმეს რომ მოჰკიდო ხელი”, – გვითხრა წიგნის თანაავტორმა, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიგი წერეთელმა, – “მე და მანანას, ჩვენი მუშაობის განმავლობაში, ბევრი საინტერესო მასალა დაგვიგროვდა, მანანა თბილისის საკრებულოში იკვლევდა თბილისის ისტორიას. წლებია ერთად ვმუშაობთ და გადავწყვიტეთ ამ წიგნზეც ერთად გვემუშავა”.

მანანა ქუთათელაძე პროფესიით რუსული ენის ფილოლოგია. ის თბილისის 1998 წლის საკრებულოს წევრი იყო. როგორც თავად გვითხრა, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც თბილისის ვებგვერდი შექმნა, სადაც დედაქალაქის ისტორიებს აქვეყნებდა. ამას მოჰყვა გამოხმაურება მკითხველების მხრიდან. ბევრი ადამიანი დაუკავშირდა, მათ შორის რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებმაც სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს.

“მე ისეთ უბანში გავიზარდე, სადაც ქართველი სანთლის საძებნელი იყო. ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე. ეს იყო ჩვეულებრივი სოფელი, სადაც აისორების გვერდით ვიზრდებოდი. როგორც დედა მეუბნება, ენა აისორულ ენაზე ამიდგამს. მეგობრები მყავდნენ სომხები, ებრაელები. დღემდე გვაქვს კომუნიკაცია. ისინი დღესაც ზრუნავენ თბილისზე, შეიძლება ითქვას, ჩვენზე მეტადაც კი. წიგნზე მუშაობისას, ნებისმიერი ეთნიკური უმცირესობა სიხარულით მიღებდა კარს. ამ ადამიანებმა გაამდიდრეს ეს მასალა”, – აცხადებს მანანა ქუთათელაძე.

ჩვენს კითხვაზე, – უნდა შენარჩუნდეს თუ არა თბილისის მრავალეთნიკურობა, მანანა ქუთათელაძემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში სიტყვა “უნდა” ზედმეტია, რადგან თბილისური ფენომენი ხელოვნურად არ შექმნილა და ხელოვნურად მისი შენარჩუნება ძნელი იქნება. მისივე თქმით, თბილისის ფენომენი არ იარსებებდა, რომ არა მისი რელიგიური, ეთნიკური მრავალფეროვნება, ამიტომ არის ის არაჩვეულებრივი ქალაქი.

სიონის ტაძარი

წიგნი იწყება სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის ისტორიით. სიონის ტაძარი თავისი გეგმით, შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურაში გავრცელებული ტიპის ნიმუშია. 1226 წელს, ჯალალედინმა თბილისი აიღო, მისი ბრძანებით სიონის გუმბათს თავი მოხადეს და იქ მისი ტახტი დადგეს. იქიდან ადევნებდა ჯალალ ედინი თვალს, იმ მოწამეებს, რომლებმაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი მაცხოვრისა და ღვთისშობლის ხატები.

ტაძრის დასავლეთით 1812 წელს, აგურით ნაგები სამიარუსიანი სამრეკლო დგას. იგი პეტერბურგიდან გამოგზავნილი პროექტის მიხედვით აშენდა და თბილისში, რუსული კლასიციზმის პირველ ნიმუშს წარმოადგენს. სიონის ტაძარში ასვენია, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ საქართველოსთვის დაბრუნებული, წმინდა ნინოს ჯვარი.

თბილისის ერთ -ერთ ძველ უბანს დღემდე შემორჩა “ფეთხაინის” სახელი. ებრაულ ენაში “ბეთ ხა-ხაიმ” სიცოცხლის სახლს ნიშნავს. ასე უწოდებდნენ ებრაელები სასაფლაოს. დღევანდელი ბეთლემის უბანში ებრაული სალოცავიც ყოფილა.

სინაგოგა თბილისში

1795 წელს, როდესაც სპარსელებმა თბილისი ააოხრეს, სინაგოგა დაიწვა. საქართველოში მცხოვრებმა ებრაელებმა თავიდანვე ისწავლეს ქართული ენა, აითვისეს ქართული ხალხური ზნე-ჩვეულებები და ტრადიციები. ისინი მოღვაწეობდნენ და ზრუნავდნენ ქვეყნის განვითარებისა და მომავლისთვის ისევე, როგორც ქართველები. ადრეულ ხანაში, ქართველი ებრაელები ტრადიციულად ერთად სახლობდნენ ქართლის ქალაქებში და ინარჩუნებდნენ საკუთარ ცენტრებს.

დღევანდელი რუსთაველის გამზირისა და ლადო გუდიაშვილის შესახვევის გადაკვეთაზე, მღვდლის, გაბრიელ ქამოიანცის ინიციატივით თბილისში სურბ გევორქის გუმბათიანი ეკლესია აშენდა, რომელსაც აღმშენებლის გვარის გამო ქამოაანთა ეკლესიასაც ეძადნენ. XIX საუკუნის ჩანაწერებში ეკლესია აღწერილია, როგორც ლამაზი, წითელი აგურით ნაშენი, მასიური ნაგებობა. ქამოაანთ სურბ გევორქის ეკლესია 1927 წელს, რუსთაველის გამზირის რეკონსტრუქციისას დაანგრიეს. ამჟამად მის ადგილას, საცხოვრებელი სახლია აშენებული. ეკლესიის შესახებ ინფორმაცია შემორჩენილია საარქივო ფოტომასალის სახით.

წიგნში ასევე მოთხრობილია სოფელ ეჩმიაძინიდან 200 სომეხი დევნილი ოჯახის შემოსვლა თბილისის უბან ავლაბარში არქიეპისკოპოს ოვანესის დახმარებით. ლტოლვილმა სომხებმა თავდაპირველად ავლაბარში დარბაზის ტიპის პატარა ეკლესია ააშენეს და ეჩმიაძინელების სახელი უწოდეს. 1837 წელს კი, მას გუმბათი დაადგეს.

თბილისში მრავლად შენდებოდა კათოლიკური ტაძრები. მათ გვერდით ფუნქციონირებდა მუსულმანური სალოცავებიც.

თბილისის, როგორც ქალაქის განვითარება და მასთან სატაძრო მშენებლობის ინტენსივობა უშუალოდ იყო დამოკიდებული ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაზე. XIX საუკუნიდან თბილისში შემოვიდა აღმოსავლეთ ევროპული არქიტექტურა. ეკლესია-სალოცავების გარეგნული იერი შეიცვალა. თუმცა, უცვლელი დარჩა ლანდშაფტთან მორგებული არქიტექტურა, იქნება ეს ქართული და რუსული მართლმადიდებლური, ასევე, კათოლიკური და გრიგორიანული ეკლესიები, გერმანული კირხა, ებრაული სინაგოგა თუ სუნიტური მეჩეთი. სწორედ ეს ანიჭებდა თბილისს განუმეორებელ ხიბლს და მის ფენომენს ბევრისთვის ამოუხსნელს ტოვებდა.

შორენა პაპაშვილი