Dalma News-ის რედაქცია თავის მკითხველს საბჭოთა მეცნიერების შესახებ საინტერესო სტატიების სერიას სთავაზობს. ჩვენი გმირების გამომგონებლობამ, კვლევებმა და მრავალწლიანმა თავდაუზოგავმა შრომამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში.
სამი დიდებული “კ” – კელდიში, კურჩატოვი და კოროლევი, რომლებმაც ბირთვული ფარი შეიმუშავეს და თავდაცვით დოქტრინის მოთხოვნების და პრინციპების შესაბამისად შექმნეს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, კიდევ ერთი “კ”-ს – სამველ გრიგოლის ძე კოჩარიანცის შესახებ, რომლის გარეშეც სსრკ ასეთ მოკლე დროში ბირთვულ სახელმწიფოდ ვერ გადაიქცეოდა.
დიახ, სამველ კოჩარიანცის შესახებ ძალიან ცოტამ იცის, მხოლოდ ვიწრო სპეციალისტების ჯგუფმა. ხოლო იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ბირთვულ შეიარაღებაზე მუშაობდნენ, იგი მკაცრად გასაიდუმლოებული პიროვნება იყო.
სამველ კოჩარიანცი 1909 წელს, სევანთან ახლოს ნორ-ბაიაზეთში (ახლანდელ გავარში) დაიბადა. იგი ოჯახში მეექვსე შვილი იყო. მართალია, კოჩარიანცების ოჯახს მდიდრები არ ერქვათ, თუმცა არც ისე უჭირდათ, რომ მშობლებს შვილების სერიოზულ განათლებაზე ვერ ეზრუნათ.
სკოლის დამთავრების შემდეგ, სამველმა სწავლა მოსკოვში, ენერგეტიკის ინსტიტუტში განაგრძო. მასწავლებლების და თანაკლასელების თქმით, იგი თავდაუზოგავად, შეუსვენებლად სწავლობდა. შემდეგ ასპირანტურაში ჩააბარა და თან თეორიული ელექტროტექნიკის კათედრაზე ლექციებს კითხულობდა და ომის პირველ ზაფხულს დისერტაცია დაიცვა. მას შეეძლო უნივერსიტეტის პედაგოგად დარჩენილიყო და სახელმწიფოს გასაიდუმლოებული პიროვნება არ გამხდარიყო, მაგრამ ბედმა სხვაგვარად გადაწყვიტა.
1945 წლის მაისში, კოჩარიანცმა საიდუმლო მისიით დაიწყო მუშაობა. იგი გერმანიაში სპეციალური დავალებით გაგზავნეს – საბჭოთა საუკეთესო მეცნიერების ჯგუფმა რეიხის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დოკუმენტები შეისწავლა. გერმანიის ბირთვული რეაქტორი შეერთებულ შტატებში საგანგებოდ გადაიტანეს, რათა ხელში საბჭოთა კავშირს არ ჩაეგდო. თუმცა, კოჩარიანცმა და მისმა თანამებრძოლებმა ბევრი სასარგებლო დეტალი გაარკვიეს, რომლის არსიც მხოლოდ სპეციალისტების ვიწრო წრისთვის იყო გასაგები. კერძოდ, სსრკ მიხვდა, თუ რატომ ვერ შეძლეს გერმანელებმა თვითშენარჩუნებადი ბირთვული რეაქციის შექმნა და რატომ აუფეთქდათ პირველი რეაქტორი.
ესა და სხვა კვლევები საბჭოთა ბირთვული იარაღის შექმნის საქმეში გადამწყვეტ ნაბიჯებად იქცა, რამაც დაზოგა დრო და ძალისხმევა და შესაძლებელი გახადა სხვისი შეცდომის გამეორების თავიდან აცილება. 1947 წელს, კოჩარიანცის “Х საათის” დრო დადგა, რომლის ფარგლებშიც მას ცხოვრება “აბსოლუტური საიდუმლოს” გრიფით მოუწია.
სპეციალური დავალების შესრულების შემდეგ, იგი მოკლე დროით კვლავ დაუბრუნდა სამეცნიერო და პედაგოგიურ სამუშაოს. იმავე 1947 წელს გამოიცა მისი წიგნი “მაგნიტური ცვლილებები”, თუმცა ამის შემდეგ, სპეციალური განკარგულებით, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა, კოჩარიანცი КБ-11-ზე სამუშაოდ გაამწესეს, სადაც დახასიათების ფურცელი გაატანეს შემდეგი სიტყვებით:
“სამველ გრიგოლის ძე კოჩარიანცმა მთელი თავისი ცოდნა სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას და ფაკულტეტზე სააღმზრდელო მოღვაწეობას მიუძღვნა. ელექტროფიზიკური ფაკულტეტი სამართლიანად მიიჩნევა ინსტიტუტის ერთ-ერთ საუკეთესო ფაკულტეტად და ამაში დიდი წვლილი სწორედ ამხანაგ ს.გ. კოჩარიანცს მიუძღვის. იგი გამორჩეულად პატიოსანი და პრინციპულია სამუშაოს მიმართ, ხოლო ამხანაგების მიმართ – ყურადღებიანი”.
ყველაფერი ძალზედ მოულოდნელად მოხდა. კოჩარიანცის გაოცებული იყო, როდესაც შეიტყო, რომ იგი ბირთვული კვლევებით დაკავებულ ჯგუფში ჩართეს. ცხადია, ეს დანიშვნა მისადმი მაღალი ნდობის შედეგი იყო, რადგანაც ყველა სიას პირადად სტალინი ადგენდა და სამუშაოზე უარის თქმა ფიქრადაც არ მოსვლია.
სოფელ საროვის დაბურულ ტყეში, რომლის შესახებაც ადგილობრივების გარდა არავინ იცოდა, საბჭოთა კავშირის ბირთვული ცენტრი – КБ-11-ის ობიექტი იქმნებოდა. ცენტრი ზე-საიდუმლო იყო, სოფელი რუქიდან და ყველა საკადასტრო აღრიცხვიდან გაქრა. სხვადასხვა წლებში აღნიშნული ადგილი დოკუმენტებში სხვადასხვა სახელით აღინიშნებოდა. ერთ დროს მას “კრემლევიც” კი ერქვა. შედეგად, იგი დახურულ სამეცნიერო ქალაქად – “არზამას-16”-ად იქცა, სადაც სამველ კოჩარიანცმა თავისი ცხოვრების 50 წელი გაატარა.
ავიაციისთვის ბირთვული საბრძოლო იარაღის შექმნის პირველმა ცდებმა, “ტაქტიკამ” და “სტრატეგიამ” აჩვენა, რომ ეს სფერო განსაკუთრებულად სპეციფიკურია, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიების ახლებურ მიდგომებს, ნებისმიერი დეტალის დამუშავებას, უმაღლეს პასუხისმგებლობას, სისწრაფეს და გასაიდუმლოებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ სამველ კოჩარიანცმა გადაწყვიტა, რომ ბირთვული იარაღის ყველანაირი დაპროექტება და მისი დამუშავება, ასევე ავტომატიკის სისტემის ყველა მოწყობილობის შექმნა მასთან, КБ-11-ზე მომხდარიყო, რომელშიც აეროდინამიკის და ბალისტიკის სპეციალისტები მიიღებდნენ მონაწილეობას.
ამას შედეგად ექსპერიმენტალურ-საცდელი, წარმოებით-ტექნოლოგიური და საპროექტო-გათვლითი ბაზის ეფექტიანი და სწრაფი განვითარება, ასევე ახალი მაღალკვალიფიციური კადრების გაჩენა მოჰყვა. ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი კი, მაღალი ხარისხის, საიმედო, უსაფრთხო და ეფექტიანი ბირთვული არსენალი იყო.
1949 წელს სამველ კოჩარიანცი თავდაუზოგავი შრომის შედეგად სტალინის პრემიით და ლენინის ორდენით დასაჩუქრდა.
არზამას-16-ში კოჩარიანცმა სამუშაო ავტომატიკის სისტემის სამეცნიერო-საკონსტრუქტორო სექტორის ხელმძღვანელად დაიწყო და მალე ოც თანამშრომლიანი განყოფილების უფროსი გახდა. 1959 წელს, რადიკალური რეორგანიზაციის შემდეგ, КБ-11 ორ დიდ საკონსტრუქტორო ბიუროდ გაყვეს: КБ-1 – რომელსაც ბირთვული ასაფეთქებელი ნივთიერებების მთავარი კონსტრუქტორი ე.ა. ნეგინი ხელმძღვანელობდა, ხოლო КБ-2 -ს ბირთვული საბრძოლო იარაღების მთავარი კონსტრუქტორი კოჩარიანცი ხელმძღვანელობდა.
სამველ კოჩარიანცი ბუნებით ენერგიული და დაუღალავი, ზოგჯერ კატეგორიული პიროვნება იყო. თუმცა, იგი ყოველთვის უჭერდა მხარს ინიციატივას და ხელს უწყობდა მის გამოხატვას. მასთან ერთად მუშაობა რთული, თუმცა ძალზედ საინტერესო იყო. იგი თავად იძლეოდა საქმისადმი პატიოსნების და პასუხისმგებლობის მაგალითს. სამველი ყოველთვის ენდობოდა თავის გუნდს, რომელიც შესანიშნავი ხელმძღვანელებისგან და სპეციალისტებისგან იყო დაკომპლექტებული. სხვათა შორის, ამ ადამიანებს თავის დროზე “კოჩარიანცის სკოლა” ჰქონდათ გავლილი.
მისი მუშაობის დეტალები მხოლოდ რჩეულებისთვის არის ცნობილი, ხოლო ე.წ. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ კოჩარიანცის სახელს უკავშირდება საბჭოთა არმიის სხვადასხვა სახეობის იარაღის თითქმის ყველა კომპლექსის ბირთვული საბრძოლო აღჭურვილობის, რეალური ბირთვული იარაღის შექმნა.
კოჩარიანცის ხელმძღვანელობით და მისი უშუალო მონაწილეობით, საბრძოლო თადარიგისთვის რამდენიმე თაობის ბირთვული საბრძოლო იარაღი მოამზადეს, რომლებიც თანდათანობით გაუმჯობესდა, მათ შორის, შესაძლო მტრის სარაკეტო თავდაცვის სისტემების დასაძლევად და საკუთარი ტერიტორიის სარაკეტო- ბირთვული თავდასხმებისგან დასაცავად. დღეს კოჩარიანცის მიერ შემუშავებული ბირთვული იარაღით აღჭურვილი კომპლექსები მოქმედი შეიარაღების ნაწილია.
კოჩარიანცის ჯილდოების ნებისმიერ მეცნიერს შეშურდება – სოციალისტური შრომის ორგზის გმირი, ლენინის 6 ორდენი და ოქტომბრის რევოლუციის ორდენოსანი; ტექნიკისა და მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სტალინის სამი და ლენინის ერთი პრემიის, ასევე სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის მფლობელი.
მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გასაიდუმლოებულმა და დაცულმა მეცნიერმა კოჩარიანცმა ინტერვიუ მხოლოდ ერთხელ, 1992 წელს, გარდაცვალებამდე, რამდენიმე თვით ადრე ჩაწერა. მისი სახელი ცნობილი იყო ფიზიკოსების, კონსტრუქტორების და კარეტთმცოდნეებისთვის, ასევე სახელმწიფოს და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელებისთვის. მაგრამ თითქმის არავინ იცოდა, სად ცხოვრობდა. იგი ჩაწერილი იყო მოსკოვში და მის პასპორტში ფიქტიური მისამართი ეწერა, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობდა. პასპორტში იყო სპეციალური ბეჭედი, რომელიც სსრკ-ს ნებისმიერ მილიციელს ავალდებულება ამ დოკუმენტის მფლობელისთვის უმაღლესი პატივისცემა გამოეხატა და საჭიროების შემთხვევაში სრული დახმარება გაეწია.
კოჩარიანცს სომხეთში ხშირად ჩასვლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ამიტომ თავის კაბინეტი სომხური ანბანის ფერადი პლაკატებით მორთო. იგი დაკრძალულია იმავე არზამას-16-ში. ხოლო 1987 წელს, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში, კოჩარიანცს, როგორც სოციალისტური შრომის ორგზის გმირს, მშობლიურ გავარში ძეგლი დაუდგეს.
ბირთვული მეცნიერების და ტექნიკის დიდებული მოღვაწეების წყალობით, რომელთა შორისაც სამველ კოჩარიანცი დამსახურებულად ირიცხება, მსოფლიო 70 წელზე მეტია მასშტაბური ომების გარეშე ცხოვრობს.
რუბენ გიულმისარიანი