მას შემდეგ, რაც უკრაინის რადამ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ინიციატივა დაიწუნა და საქართველოში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე არ დაამტკიცა, ის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია. სააკაშვილის დანიშვნის შესახებ დოკუმენტს ზელენსკიმ 7 მაისს მოაწერა ხელი და მილოცვაც გაასაჯაროვა:
“გულწრფელად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს. მჯერა, ის შეძლებს მისცეს იმპულსი რეფორმების ნაციონალურ საბჭოს და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში დაეხმაროს, რომელიც შეცვლის ამ ქვეყნის ცხოვრებას”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილად გამოცხადებული ექსპრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის იდეას, ოფიციალური თბილისის პროტესტი მოჰყვა. უკრაინის რადას უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ კი განაცხადა, რომ “უკრაინას ვერავინ მიუთითებს, ვინ დანიშნოს ვიცე-პრემიერად და ვინ არა. სააკაშვილისთვის კი, მუშაობის ახალი ფორმატი იპოვეს”.
ეს საკითხი საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნებისთვის” უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საბაბი გახდა. მმართველი გუნდის ლიდერები უკრაინელ კოლეგებს ნდობის დაკარგვაზე მიანიშნებენ. დღის წესრიგში, უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევის საჭიროება დადგა. ოფიციალური თბილისი ერთგვარად თვითდამშვიდების პოზიციაშია. სხვაგვარად, როგორ უნდა შეფასდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ვიცე-პრემიერობიდან შედარებით დაბალი რანგის თანამდებობაზე დანიშვნა სწორედ ქართული მხარის პროტესტი შედეგიაო.
“სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა და მისი დანიშვნა ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ცხადყოფს უკრაინის პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი პერსონის მიმართ. ამავდროულად, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული იქნა საქართველოს, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციაც”, – განაცხადა სს მინისტრმა.
მიუხედავად ამისა, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნის გამო, “ქართულმა ოცნებამ” უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახება გადაწყვიტა. ეს დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯია, რომელიც მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად ელჩთან კონსულტაციებია საჭირო.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად გასამართლებული სააკაშვილი უკრაინაში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე ინიშნება. პრეზიდენტ ზელენსკის წინამორბედმა – იუშჩენკომ, წლების წინ ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. არც მაშინ და არც ახლა, “ქართულ ცნებას” უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის საკითხი დღის წესრიგში არ დაუყენებია, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრულ სულისკვეთებას, საერთო სწრაფვას და მიზნებს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განმარტა, სააკაშვილის დანიშვნის შემდგომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას და დიპლომატიურ ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა უკრაინიდან ელჩი იმისთვის გამოიწვიეს, რომ იმსჯელონ, როგორ არ დააზარალონ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები “ავანტიურისტმა პოლიტიკოსებმა”.
უკრაინის ლიდერების მიმართ უკმაყოფილებას ვერც “ქართული ოცნების” ლიდერები მალავენ. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, სააკაშვილის თუნდაც მეოცეხარისხოვან თანამდებობაზე დანიშვნა ორმხრივ ურთიერთობაში გარკვეული ჩრდილია. მსოფლიოში არ არის მიღებული, რომ ერთ ქვეყანაში გასამართლებული ადამიანი მეორე ქვეყანაში რაიმე თანამდებობაზე ინიშნებოდეს.
“რასაც გვინდა გავაკეთებთ, – ეს მაინც და მაინც კარგი პასუხი არ არის”, – აცხადებს გია ვოლსკი.
ოფიციალური თბილისის მოკრძალებული პროტესტიც კი მიუღებელი აღმოჩნდა უკრაინის პირველი პირებისთვის. 9 მაისს, მათ ერთმანეთის მიყოლებით გამოთქვეს კრიტიკული შეფასებები. მაგალითად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ საქართველოში მსჯავრდებული სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიუთითებს მათ, სად დანიშნონ საკუთარი მოქალაქე და სად არა. თუმცა, იქვე განმარტავს კულება, რომ ამ საკითხზე მას მშვიდი და დეტალური სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან.
“უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობები იმდენად განსაკუთრებულია, ერთი ადამიანის ბედის მძევალი ვერ გახდება. მეორე, ჩვენ გვესმის საქართველოში შიდაპოლიტიკური კონტექსტი და არ ვერევით მასში”, – ასეთია ოფიციალური კიევის განმარტებები.
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი კი სააკაშვილის დანიშვნაზე ქართული მხარის რეაქციას შეცდომას უწოდებს და აცხადებს, რომ “სააკაშვილის დანიშვნა მათი შიდა პოლიტიკის საქმე და მათი გადაწყვეტილებაა”.
უკრაინიდან საქართველოს მიერ ელჩის გამოწვევას 9 მაისს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილიც გამოეხმაურა.
“ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებით მე მიჩნდება ავტომატური კითხვა – ან აქამდე რას აკეთებდა ის ელჩი გარდა იმისა, რომ ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე ემსახურებოდა მერსედესების კორტეჟი და მიირთმევდა სალას და ბორშს?”, – აცხადებს ნათელაშვილი.
საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას უპასუხისმგებლოს უწოდებენ ქართველი პატრიოტები. პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის ემზარ კვიციანის მოსაზრებით, საქართველოს თავმოყვარე ხელისუფლება რომ ჰყავდეს, ზურგს შეაქცევდა იმ უცხოელ პარტნიორებსაც და მეგობრებსაც, რომლებიც სააკაშვილს ლობირებენ და გადახედავდა ამ ურთიერთობებს.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების საქციელით, ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიიღო საქართველომ და ქართველმა ერმა. თავად მმართველი პარტია “ქართული ოცნება” კი, ამ შეურაცხყოფას ვერ ხედავს.
“იმიტომ, რომ ის თავადაც არის მონა. არც ერთი პატრიოტი დადებითად არ შეაფასებს უკრაინის ამ საქციელს”, – განუცხადა Dalma News-ს ემზარ კვიციანმა.
მისივე თქმით, საეჭვოა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ მოუთხოვია ძებნილი და 3 ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ გამოცხადებული ექსპრეზიდენტის ექსტრადიცია, რაც არის საერთაშორისო ორგანიზაციების დაჟინებული მოთხოვნა.
“სად არის საერთაშორისო სამართალი ამ დროს? სააკაშვილი არის ძებნილი, რომელიც უკრაინამ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით და შეიძლება ითქვას, დაჟინებული რეკომენდაციით დანიშნეს თანამდებობაზე, მაშინ, როდესაც ის უნდა გადმოეცათ საქართველოსთვის. სააკაშვილმა 2004 წელს, პრეზიდენტად ყოფნისას ჩაიდინა დანაშაული, ამის შემდეგ, 2006 წელს, კოდორის ხეობაზე გაილაშქრა უკანონოდ, კონსტიტუციის დარღვევით. 2008 წელს დაკარგა საქართველოს ტერიტორიები, რომლებსაც კოდორელები 15 წლის განმავლობაში ვიცავდით. ამ ყველაფერს არ ედავება მას “ქართული ოცნება”, ეს არის დანაშაულის დაფარვა. არ გვყავს ჩვენ ხელისუფლება და არ გვეყოლება კარგა ხანს”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი.
კვიციანი ამ ფონზეც კი, ვერ ხედავს საქართველო-უკრაინას შორის ვითარების დაძაბვის წინაპირობას, უფრო მეტიც, ამბობს, რომ ეს გამორიცხულია. მისი თქმით, საქართველოც და უკრაინაც ერთი და იმავე ხელით იმართება.
“ჟურნალისტები ყოველთვის ცდილობთ სააკაშვილის სახელი წინა პლანზე წამოსწიოთ. ის უნდა დაივიწყოთ თქვენც და დაგვავიწყოთ ჩვენც, დანარჩენ საქართველოს. დღეს ჟურნალისტიკის 90 % გაყიდულია”, – განუცხადა Dalma News-ს ემზარ კვიციანმა.
პოლიტოლოგ არჩილ სიხარულიძსთვის გაუგებარია რა საერთო მიზნებსა და მეგობრულ სულისკვეთებაზეა საუბარი, როცა უკრაინის მთავრობა ღიად იჩენს უპატივცემულობას ქართველი ხალხისა და ქართული სასამართლო სისტემის მიმართ. ახალგაზრდა ექსპერტის თქმით, 2012 წელს, სწორედ ქართველმა ხალხმა უთხრა უარი სააკაშვილისა და მისი პარტია “ენმ”-ს მმართველობას და ის ხელისუფლებიდან მშვიდობიანად, არჩევნების გზით გაისტუმრა.
“ჩემთვის მიუღებელია, რომ ადამიანი, რომელიც ჩემს ქვეყანაში, რამდენიმე დანაშაულის გამო არის გასამართლებული, უკრაინაში რაიმე თანამდებობაზე დაინიშნოს. ეს ცუდად დამთავრდება უკრაინისთვის, რომელმაც სამწუხაროდ ვერა და ვერ ისწავლა, როგორც უნდა აშენდეს ქვეყანა”, – განუცხადა Dalma News-ს არჩილ სიხარულიძემ.
მისივე თქმით, გაუგებარია რით არის განპირობებული საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული მოკავშირეობა, გარდა რუსეთის ფაქტორისა. გაეროში რუსეთის წინააღდეგ ხმის მიცემას კი, განსაკუთრებული მოკავშირეობა არ სჭირდება. ამ 2 ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეობის “ვარდების რევოლუციის” შემდგომ, სააკაშვილთან და იუშჩენკოსთან ერთად დაიწყო.
“არ ვიზიარებ მითს, რომ საქართველო და უკრაინა ლამის ასწლეულების ძმაკაცები და სტრატეგიული მოკავშირეები ვართ, ეს უბრალოდ რეალობას არ შეესაბამება. ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეობა დაიწყო სააკაშვილთან და იუშენკოსთან ერთად. იმაზე საუბარი, რომ უკრაინელები ჩვენი გულ-ღვიძლი ძმები არიან, ეს ისტორიული ფაქტებით არ დასტურდება. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ჩემმა ღვიძლმა ძმამ თქვას, – არ მადარდებს შენი სამართალიო. სააკაშვილს ლობირებენ აღმოსავლეთ ევროპისა და აშშ-ს ინტერესთა ჯგუფები”, – აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, უკრაინაში დღეს, მთელი ძალაუფლება ოლიგარქების ხელშია. სააკაშვილს კორუფციის დაბალ ფენებში აღმოფხვრის უფლებასაც არ მისცემენ. ზელენსკის გადაწყვეტილება კი იმის აშკარა დემონსტრირებაა, რომ უკრაინულ ელიტაში საჭიროდ არ მიაჩნიათ, საქართველოს მოსაზრების გათვალისწინება.
P.S. რამდენად არის მედიისთვის საინტერესო ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურა, ამას კონკრეტული პოლიტიკური ვითარება განაპირობებს. მაგრამ აქვს თუ არა, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევისა და რევოლუციური მოწოდებების უფლება, მეორე საკითხია. მით უმეტეს, რომ ეს პირი უკვე სხვა ქვეყნის ხელისუფლების წევრია. დრო გვიჩვენებს, ვისთვის უფრო ღირებულია ქართულ-უკრაინული მეგობრობა, თბილისისთვის თუ კიევისთვის.
გიორგი მესხი