საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი, არმენ არაქელიანი სულ ახლახანს, საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ნაციონალური მსაჯი/ექსპერტი გახდა. ამბობს, რომ ეს მისთვის დიდი პატივი და ახალი ეტაპია ცხოვრებაში. მადლობას უხდის ყველას, ვინც ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა მისთვის საყვარელ საქმეში. არმენი ძაღლის კონკრეტული ჯიშის – ვეიმარანერის მომშენებელია. თავისი ძაღლსაშენიც აქვს. წლების განმავლობაში სწავლობდა და ეცნობოდა ამ სფეროს. ჩააბარა თეორიული ტესტირება და ექსპერტ-კინოლოგად აღიარება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია იმსაჯოს ძაღლის კონკრეტულ ჯიშებში.
ვეიმარანერის მოშენება 2013 წელს დაიწყო და საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვს. ხშირად უწევთ საზღვარგარეთ კონკურსებზე გასვლა. მისმა ძაღლებმა არაერთ საერთაშორისო გამოფენაში გაიმარჯვეს. ყველაფერი კი მეგობრის ნაჩუქარი ლეკვით დაიწყო.
არმენ არაქელიანი თბილისშია დაბადებული და გაზრდილი, ქართველი მეუღლე და შესანიშნავი შვილები ჰყავს. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს და ამბობს, რომ გვარი და ეროვნება მისთვის არასოდეს ყოფილა ხელისშემშლელი, არც საქმეში და, არც ურთიერთობებში. მისივე თქმით, თავდაცვის სისტემაში გვარი და ეროვნება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ საერთო იდეა, რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე – ქართველი, სომეხი, რუსი, აფხაზი, ოსი, თუ აზერბაიჯანელი კეთილსინდისიერად ემსახურება.
“ერთ სანგარში ვართ, ვინ დაიწყებს იმის გარჩევას ვინ რა ეროვნებისაა, როცა ყველა საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ ვიბრძვით და ყველა მხრით ერთ დროშას დავატარებთ. იმ წუთებში ერთმანეთისთვის ყველაზე ახლო ადამიანები ვართ. ეს პრინციპი მუშაობს. ბევრი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები მსახურობენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, არიან თანამდებობის პირებიც და ეს საკითხი აბსოლუტურად არაფერში არ გვიშლის ხელს. არც იმის განცდა მაქვს, რომ გვარის გამო, ვიღაც ცუდი თვალით შემომხედავს”, – განუცხადა Dalma News-ს არმენ არაქელიანმა.
მსახურობდა ავღანეთში. იქ ყოფნის 9-თვიანი პერიოდის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი გრძნობა – ოჯახის მონატრება იყო. მეორე მხრივ, დიდი გამოცდილება შეიძინა.
“სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ძალიან კარგია. მეგობრული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა“, – ამბობს არმენი.
გული სტკივა, როცა სოციალურ ქსელში ვინმე სომეხ ერს უარყოფით კონტექტსში მოიხსენიებს, თუმცა ცდილობს, ასეთ უსიამოვნო ფაქტებსაც პოზიტიურად შეხედოს. ამბობს, რომ ქართველების იმდენად დიდი საძმაკაცო ჰყავს, რომ მსგავსი პროვოკაციები ტრაგედიად არ გაუხდია.
“მეუღლე ქართველი მყავს, ჩემი შვილებიც ნახევრად ქართველები არიან. ამ შემთხვევაში მენტალურად მე უფრო ქართველი ვარ, იმიტომ, რომ საქართველოში, ქართველებში გავიზარდე, თუმცა არ ვივიწყებ ჩემს ისტორიას, ეროვნებას და ენას. ჩვენი ტრადიციები შენარჩუნებული მაქვს. მე უფრო ინტეგრირებული ვარ, ვიდრე ასიმილირებული”, – ამბობს არმენი.
სკოლა რუსულენოვანი დაამთავრა და მას შემდეგ, რაც თავდაცვის აკადემიაში დაიწყო სწავლა, ქართული ენის ძირფესვიანად ათვისება დასჭირდა. მიაჩნია, რომ დღეს, თუ საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რაიმე პრობლემა ექმნებათ, ამის მიზეზი სახელმწიფო ენის არცოდნაა. დედაქალაქში ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად, სამეზობლოსთან თუ სამეგობროსთან ურთიერთობით გვარდება, მაგრამ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში პრობლემა თვალსაჩინოა. თავად არმენს მოუხდა ნატოს კვირეულის ფარგლებში ნინოწმინდასა და ახალქალაქში ჩასვლა და ადგილზე გაეცნო ვითარებას. ამბობს, რომ ახალი თაობა აქტიურად არის დაინტერესებული ქართული ენის შესწავლით და საინტერესო ხედვებიც აქვთ.
რაც შეეხება მის ჰობს, ძაღლები ბავშვობიდან უყვარს. პატარაობიდან ზრუნავდა ქუჩის ძაღლებსა და კატებზე. სახლშიც ჰყავდა ძაღლები, თუთიყუშები, იადონები, ზაზუნები და ქვეწარმავალიც კი.
მისი პირველი ძაღლი პიტბული იყო, რომელსაც ძაღლებთან აჩხუბებდნენ და სასიკვდილოდ იყო დაშავებული. არმენმა ძაღლი სხვას იმ საბაბით გამოვართვა, რომ უმკურნალებმა, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ, ძველ პატრონს აღარ დაუბრუნა და სიცოცხლის ბოლომდე გვერდით ჰყავდა. ძაღლის დაღუპვა არმენს 3-წლიან დეპრესიად დაუჯდა. ახალი ძაღლი აღარ აუყვანია, ეშინოდა არ შეჰყვარებოდა, სანამ მეგობარმა ვეიმარანერის ლეკვი არ აჩუქა შემდეგი სიტყვებით, – უძაღლოდ შენი ყოფნა არ შეიძლებაო.
ასე გაჩნდა ძაღლის ამ ჯიშის მიმართ ინტერესიც. გამოფენებში გამარჯვებებს მოჰყვა სუფთა ჯიშის გამრავლების ინტერესი და თანდათან შექმნა ძაღლსაშენი, რომელიც საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში დაარეგისტრირა. ლეკვები ძალიან იშვიათად ჰყავს, რადგან ეს მისთვის არა შემოსავლის წყარო, არამედ ჰობია.
“იმდენად ვიხარჯები ამ ლეკვებზე, რომ ჩემთვის ეს ფინანსურ ინტერესს არ წარმოადგენს. ძაღლს სჭირდება აცრები, საბუთები, რეგისტრაცია, გამოზრდა, კვება სჭირდება“, – ამბობს არმენი.
როგორც კინოლოგმა, არმენ არაქელიანმა გვითხრა, მართალია ძაღლის ჯიში პიდბული ძაღლების ჩხუბისთვის შეიქმნა, მაგრამ ამ ძალიან ჭკვიანი და ძლიერი ცხოველის ფართოდ გამოყენება უფრო სასიკეთო საქმეში შეიძლება. მაგალითად შშმ პირების დასახმარებლად. თანამედროვე ცხოვრებაში აგრესიული ძაღლის ყოლა პოპულარობას თანდათან კარგავს. სხვა თუ არაფერი, ეს პატრონისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
“ძაღლის პატრონია პასუხისმგებელი, თუ მისი ოთხფეხა მეგობარი ადამიანს დაკბენს. ძაღლი არის პატრონის სარკე, სადაც პატრონი სუსტ ნებისყოფას ავლენს, ზედმეტად ათამამებს, ან არასწორად ზრდის ძაღლს, ის აგრესიული იზრდება. ძაღლი, თუნდაც ჯუჯა ჯიშის იყოს და უსუსურად გამოიყურებოდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ის მაინც არის ძაღლი და მას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. ეს თვითონ ძაღლის კომფორტისთვისაც კარგია”, – გვითხრა ექსპერტმა, არმენ არაქელიანმა.
მისივე თქმით, როცა პატრონი ძაღლს არასწორად ზრდის, ხშირ შემთხვევაში, ის ლიდერის თვისებებს ავლენს, ოჯახის წევრებს არაფრად თვლის და შესაძლოა დიდი აგრესიაც გამოამჟღავნოს. მსგავსი შემთხვევები ხშირია მაშინ, როცა პატრონი ძაღლს ვერ მართავს.
ბოლო წლებში თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში, მოდური გახდა ძაღლის საცხოვრებელი ბინის პირობებში ყოლა. თბილისის ქუჩებში უკვე ხშირად დაინახავთ ციმბირული ჰასკის ჯიშის ძაღლებს, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ.
როგორც კინოლოგი განმარტავს, ამა თუ იმ ჯიშის ძაღლის აყვანისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა დანიშნულებისთვის აგვყავს ის. ფიზიკური დატვირთვა და სირბილი ჰასკის სიამოვნებას ანიჭებს. ის მარხილის ძაღლია და ოთახის პირობებში ყოფნა მისთვის ტანჯვაა. ამიტომ, ხშირია შემთხვევები, როცა სახლიდან გარბიან და იკარგებიან.
პანდემიის პერიოდში ბევრმა გაუშვა თავისი ოთხფეხა მეგობარი ქუჩაში, ზოგმა, საერთოდ მის მოვლაზე უარი თქვა. დღეს თბილისის ქუჩებში უკვე ნახავთ არა მხოლოდ ჰასკის, არამედ, ლაბრადორს, ვეიმარანერებს და ა.შ. როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა? არმენის აზრით, პირველ რიგში ყველა ახალი დაბადებული ლეკვი უნდა აღირიცხებოდეს და იჩიპებოდეს.
“აჰყავთ ძაღლი, ვიღაცამ აჩუქა. შეაჯვარებენ უსაბუთოდ, მერე იწყება ლეკვების გაჩუქება. ვის ხელში მიდიან ის ლეკვები, უცნობია. როგორც კი დედის ძუძუს მოშორდება ლეკვი, მაშინვე ასხვისებენ. ძაღლის ერთი თვის ასაკში გასხვისება არ შეიძლება, ის 2 თვემდე მაინც უნდა იყოს თავის დედასა და და-ძმებთან, რომ სოციალიზაციის ეტაპები გაიაროს. ლეკვების 2 თვემდე შენახვა კი ხარჯთან არის დაკავშირებული. მას 2 აცრა მაინც, მოსწრებული უნდა ჰქონდეს. ვიტამინები და კარგი კვება უნდა, საბუთიც, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. იაფად ნაყიდი, ან ნაჩუქარი ძაღლი პატრონს თუ მოსწყინდება, ქუჩაში უშვებს. იტალიაშია, ძაღლის ქუჩაში გაგდება სისხლის სამართლის დანაშაულია”, – ამბობს არმენ არაქელიანი.
ქუჩის ცხოველების დაცვის თვალსაზრისით თბილისის მერიის პოლიტიკას (სტერილიზაცია-კასტრაცია) დადებითად აფასებს. მისი თქმით, ქუჩაში უამრავი ძაღლია, რომელიც იყინება, ან აგრესიულია, რადგან თავის ტერიტორიას იცავს.
“ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ბავშვი ასეირნებდა ძაღლს და ქუჩის ძაღლები დასხმიან თავს. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას პირადად შევესწარი, მოვახერხე ბავშვის გადარჩენა, რომ ძაღლებს არ დაეკბინათ, თუმცა ისეთი შეშინებული იყო ბავშვი, სულ კანკალებდა. აქ ძალიან რთული დილემის წინაშე ვდგებით. ქუჩის ძაღლი ყველა ცოდოა. ის რომ გაბოროტდა, ისევ ადამიანის ბრალია“, – ამბობს არმენი და დასძენს, რომ ძაღლი ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდეს.
მისი თქმით, ყველა ძაღლის შინაგანი მოთხოვნილებაა, ჰყავდეს პატრონი.
ძაღლებს აქტიურად იყენებენ, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სფეროში, იმის მიხედვით, თუ როგორ არის გაწვრთნილი: სამძებრო სამუშაოებში, კვალის მოსაძებნად, ნაღმების აღმოსაჩენად, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, პოლიციაში, ასევე, შშმ პირების დასახმარებლად და სხვა. არსებობენ ძაღლები, რომლებიც გადაადგილებაში ეხმარებიან ადამიანს, მაგალითად, უსინათლო ადამიანს ძაღლი ორიენტაციაში ეხმარება. ძალიან საინტერესოა ბავშვთა სახლებში ძაღლების მიყვანაც. როგორც კინოლოგმა გვითხრა, ამ თვალსაზრისით საინტერესო ჯიშია ლაბრადორი. ის რბილი ფსიქიკის ძაღლია და ადვილად ითვისებს წვრთნას.
“ძაღლს აქვს ასეთი თვისება, უნდა ადამიანებს ასიამოვნოს. ეს თვისება ადამიანებთან ურთიერთობით ჩამოუყალიბდა. საბოლოო ჯამში ძაღლი არის ადამიანის სახე. ძაღლის ყველა ჯიშს თავისი მახასიათებელი აქვს. მეტისებში ეს ყველაფერი ქაოტურია. ისინი იბადებიან ქუჩაში და 10 ლეკვიდან შეიძლება ერთი გადარჩეს, რომელიც ყველანაირ გაჭირვებას გადაიტანს და თვითგადარჩენის ძლიერი ინსტიქტი ჩამოუყალიბდება. ძაღლი თუ გვინდა, რაღაც-რაღაცეებში უნდა შევიზღუდოთ და მას მივხედოთ ისევე, როგორც ბავშვს. მე ძაღლის პატრონთან ვმუშაობ, წარმატების ფორმულა იმაშია, რომ პატრონმა უნდა მართოს თავისი ძაღლი. მწვრთნელს რომ მიაბარებენ ძაღლს, ის ემორჩილება მწვრთნელს და არა პატრონს. ამიტომ ძაღლი პატრონმა უნდა გაწვრთნას, რადგან ძაღლი მოქმედებს ისე, რასაც ვასწავლით”, – ამბობს არმენ არაქელიანი.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი