ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივნმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვნით მესტია-ჯვარის ცენტრალური მაგისტრალი ქვის ლოდებით ჩახერგეს.
“აქციის 200-მდე მონაწილესა და ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება”, – იტყობინება სააგენტო “მედიანიუსი“.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხუდონჰესის მშენებლობის უფლება ხელისუფლებამ ინვესტორს ნებართვის გაცემის გარეშე მისცა, რათა წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები განეხორციელებინათ.
ხუდონჰესის თემაზე გუშინ კომენტარი გააკეთა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისიტრმა გიგლა აგულაშვილმა და განაცხადა, რომ ნებართვა მას შემდეგ გაიცემა, რაც დაინტერესებული ორგანიზაციები შენიშვნებს წარმოადგენენ. ამჟამად კი მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. “ნებართვის გაცემის შემდეგ დაიწყება პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები,”- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.