საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალურ დირექტორს ვასილ ხორავასა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი კოტრიკაძეს შეხვდა. საუბარი შეეხო დარგის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, ნავთობპროდუქტების სფეროში არსებულ ტენდენციებს; ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს, ბაზარზე ხარისხიანი და კონკურენტული პროდუქციის არსებობის მნიშვნელობას.
როგორც Dalma News-ს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა აქტიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროსთან დიალოგის ფორმატში მოხდა ბიზნესის მხრიდან გამოთქმული წინადადებებისა და მოსაზრებების გაზიარება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე.