მსოფლიოში ცნობილი უროლოგი, უროლოგთა საერთასორისო ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი, პროფესორი არამ იაკობის ძე აბრამიანი ფერწერული ტილოების უდიდეს კოლექციას ფლობდა. სპეციალისტების აზრით, მის კოლექციაში არცერთი იაფფასიანი და ნაკლებადცნობილი მხატვრის ნამუშევარი არ ყოფილა. პროფესორის კოლექციას ძირითადად რუსი მხატვრების ტილოები შეადგენდნენ. ესენია: სეროვი, ვრუბელი, ნესტეროვი, ბენუა, დობუჟინსკი, პეტროვ-ვოდკინი, სარიანი, ფალკი და ა.შ. ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია და თითოეული მათგანი ცნობილი იყო თავისი შემოქმედებით.
სურათების ბედი
პროფესორ აბრამიანის კლექცია ცალკე სასაუბრო თემაა. დიდი სიყვარულით და განსაკუთრებული გემოვნებით შედგენილი კოლექცია პროფესორმა 1979 წელს ერევანს აჩუქა, რომელიც შემდგომში სომხეთის რუსული მუზეუმის ძირითად ექსპოზიციად იქცა.
“მინდა, მთელი ეს სილამაზე რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს. კარგად ვიცი, სომხეთში ფერწერა როგორ უყვართ, ესმით და აფასებენ. სწორედ ამიტომ ვუანდერძებ მთელს ჩემს კოლექციას ერევანს”, – ამბობდა მაშინ არამ აბრამიანი.
სომხეთის რუსული ხელოვნების მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის 1984 წელს გაიხსნა. მალე სომხეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყნის ისტორიაში რთული ეტაპი დაიწყო: უშუქობა, სიცივე და გაჭირვება, თუმცა მუზეუმმა ყველა სირთულეს გაუძლო და გადარჩა.
1995 წლის 5 ივნისს სომხეთის რუსული მუზეუმიდან აბრამიანის კოლექციის ერთ-ერთი ნახატი, მიხეილ ვრუბელის ტილო “დემონი და ანგელოზი თამარის სულით” გაიტაცეს. იგი შესრულებულია 1891 წელს, ლერმონტოვის პოემის “დემონის” მიხედვით. როგორც მაშინ სომხეთის კულტურის სამინისტროში განაცხადეს, ტილო სავარაუდოდ რამოდენიმე ასი ათასი აშშ.დოლარი ღირდა და იგი დაზღვეული არ ყოფილა. ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ხოლო სურათის რეპროდუქცია და მისი აღწერილობა სომხეთის ყველა საბაჟო სამსახურს დაეგზავნა.
ვრუბელის სურათი 22 წლის შემდეგ მოსკოვში იპოვეს. იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა ტილო სომხეთიდან რუსეთში და ვინ იპოვა, ინფორმაცია ღია წყაროებში არ მოიპოვება. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ხელოვნების ნიმუშების გატაცება საფულის ქურდობა ხომ არ არის. ამ სფეროში ყველა ერთმანეთს იცნობს და სულ მცირე ინფორმაციის გაჟონვამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქმის შემდგომში წარმოებას.
ცხადია, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სურათი იპოვეს. რაც შეეხება ხელოვნების ნიმუშის ფასს, ის პირობითი და იმწუთიერია. ზოგადად, თითოეული დიდებული ტილო შეუფასებელია და მისი ფასი მოდის ცვლილებზე არ არის დამოკიდებული. თუმცა, არსებობს თეორიული შეფასება კონკრეტულ თანხაში. აუქციონზე შესაძლოა იგი შეფასებულზე ნაკლებად გაიყიდოს, მეორე დღეს კი ვიღაცამ ბევრად უფრო მეტი ფასი დაადოს.
ვრუბელის დაბრუნება
ცნობილმა ხელოვნებათმცოდნემ ნინა დმიტრიევამ მიხეილ ვრუბელის შემოქმედებითი ბიოგრაფია “სამ აქტიან დრამას” შეადარა, რომელსაც თავისი პროლოგი და ეპილოგი აქვს. პროლოგში იგი მოიაზრებს მოწოდების და სწავლების ადრეულ წლებს. პირველი აქტი – 1880-იანი წლები, სამხატვრო აკადემიაში სწავლა და კიევში გამგზავრება, ბიზანტიურ ხელოვნებას და საეკლესიო ფერწერასთან გაცნობა. მეორე აქტი – 1890 წლის “მჯდომარე დემონი” და მოსკოვური პერიოდი, 1902 წელს დასრულებული “დემონი დამარცხებული” და მხატვრის ჰოსპიტალიზაცია. მესამე აქტი – 1903-1906 წლები, სულიერი ავადმყოფობა, რომლემაც თანდათანობით ჩაითრის მხატვრის ფიზიკური და ინტელექტუალური ძალები. ბოლო ოთხი წელი სინათლე დაკარგული ვრუბელი მხოლოდ ფიზიკურად არსებობდა.
როგორც სჩანს, ვრუბელმა ცხოვრებაში ყველაფერი გამოსცადა: ცუდი საცხოვრებელი პირობები, სიღარიბე, ტანჯვა, გარშემომყოფთა გულგრილობა, უპასუხო სიყვარული და შემდგარი სიყვარული, რომელმაც მხატვარს უდიდესი ბედნიერება მიანიჭა. ყველაფრის მიუხედავად, საშინელი დაავადების დროსაც კი, ცხოვრებაში გამაჯვებული რჩებოდა. მისი გამარჯვება – მისი შემოქმედება, მისი ცნობილი “დემონიადაა”, რომელიც ასევე ცალკე სასაუბრო თემაა – გააზრებული, დეტალური და პროფესიონალური.
1875 წელს, პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი მიხეილ ვრუბელი ლერმონტოვის პოემა “დემონით” მოიხიბლა. უფროსი დისთვის მიწერილ წერილებში ვრუბელი წერდა, თუ რა ძლიერი შეგრძნებებს იწვევდა მასში დემონის და თამარის შეუდარებელი სახეები და საერთოდ ნაწარმოების ღრმა სიუჟეტი. ამაყი, მარტოსული, დამოუკიდებელი და სიყვარულის მოლოდინში მყოფი, უბედური და მოწყენილი დემონი ვრუბელისთვის იმდენად ახლობელი აღმოჩნდა, თითქოს ლერმონტოვმა სწორედ ამ ახალგაზრდა მხატვრის სახე ასახა. ვრუბელის ახლობლები იხსენებდნენ როგორი ჩაკეტილი, ჩუმი და ცივად-თავშეკავებული იყო. როგორც სჩანს, სწორედ ამ თვისებებით აიხსნება ლერმონტოვის დემონისადმი მისი განსაკუთრებული, ზოგჯერ არაჯანსაღი (ვრუბელი სულიერად დაავადებულთა კლინიკის ხშირი პაციენტი იყო) მიზიდულობა.
სურათი “დემონი და ანგელოზი თამარის სულით” – ერთ-ერთია იმ ცამეტ ტილოს შორის, რომელიც მხატვარმა ამ თემაზე შექმნა და რომელიც მის შემოქმედებით ბიოგრაფიას მნიშვნელოვან ზოლად მიჰყვება. ამ სურათის დაკარგვა ფართო საზოგადოებისთვის მართლაც აუნაზრაურებელი დანაკარგი იქნებოდა. საქმე იმაშია, რომ ამ დონის ნაწარმოებს მთელი მსოფლიო იცნობს და გამტაცებლები მას ღიად ნადმვილად არ გაყიდდნენ. ასეთი საქმეები ძირითადად დაკვეთით, ვიღაცის ფარული კოლექციისთვის სრულდება. მხოლოდ იმის წარმოდგენაა შესაძლებელი, თუ რა სამსახური გასწიეს რუსმა დეტექტივებმა აღნიშნული სურათის საპოვნელად.
“დემონი და ანგელოზი თამარის სულით” რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის სომეხ კოლეგას სერჟ სარგსიანს მარტში, მოსკოვური ვიზიტის დროს გადასცა. მთავარია, რომ ტილო დაზანებული არ არის. როგორც ამის შესახებ მოსკოვის მხატვართა კავსირის ვიცე-პრეზიდენტმა კონსტანტინე პეტროვმა განაცხადა: “მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ იქნება სურათის მფლობელი, არამედ ის, რომ იგი ნაპოვნია”.
“სურათი ცნობილია ავტორის – ვრუბელის გენიალურობით. შესანიშნავი ნაწარმოები, რომელმაც რუსეთს სახელი გაუთქვა. არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა ეს სურათი თავის დროზე სომხეთში და როგორ გაიტაცეს, მაგრამ მთავარია, რომ დღეს იგი ნაპოვნია”.
“სურათი ძალზედ ძვირფასია და რთულია ჩემთვის მისი ფულით შეფასება. ვრუბელი არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიოს საკუთრებაა. ყალბად მოოქროვილი მსოფლიო მთელი თავისი “ბზინვარებით” წარსულს ჩაბარდება, ხოლო მარადიული ფასეულობები, როგორიცაა არქიტექტურა, მუსიკა – სამუდამოდ დარჩება. დარჩებიან ვრუბელიც და მისი სურათებიც. 300 წლის შემდეგ ჩვენს ტაობაზე დოლარის კუსრით, ავტომობილების ფასებით და ნანოტექნოლოგიებით კი არ იმსჯელებენ, არამედ ფერწერით და მუსიკით. უბრალოდ, ადრე სანდლებით დადიოდნენ, ახლა ტყავის ფეხსაცმლებით დადიან. ხელოვნება – მარადიულია”, – მიაჩნია პეტროვს
მალე სურათი “დემონი და ანგელოზი თამარის სულით” ერევნის რუსული ხელოვნების მუზეუმში თავის ადგილს დაუბრუნდება. ვიმედოვნებთ, დაბრუნება სამუდამოა.
მოამზადა რუბენ გიულმისარიანმა