საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ქართული ოცნების” გუნდის წევრი უკვე არ არის და დროა, ამას კოალიცია შეეგუოს.
როგორც დავით უსუფაშვილმა გადაცემა “პოლიტარტში” სტუმრობისას განაცხადა, მართალია მარგველაშვილი პრეზიდენტის კანდიდატად კოალიციამ დაასახელა, მაგრამ ის არ არის “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის წევრი და მისი მოვალეობაა, შეეცადოს რაღაცნაირად შეაგროვოს პარტიების შეხედულებები, თუმცა ახერხებს თუ არა ამას პრეზიდენტი მარგველაშვილი, უსუფაშვილი არ აკონკრეტებს.
“ეს მასაც უთქვამს და მე ცოტა მეტსაც ვიტყოდი, პრაქტიკულად, ამას ჩვენი კონსტიტუციური სისტემაც განაპირობებს, რომ პრეზიდენტი შეიძლება იყოს დასახელებული პოლიტიკური პარტიის მიერ, ჰქონდეს გარკვეული ბმა ამ გუნდის პოლიტიკურ ისტორიასთან, თუ პოლიტიკურ მომავალთან, მაგრამ თავისი ფუნქციების შესრულებისას ის უნდა იყოს არა რომელიმე პარტიის პოლიტიკის გამომხატველი, არამედ უნდა შეეცადოს რაღაცნაირად შეაგროვოს პარტიები, შეაგროვოს შეხედულებები. ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტი ახერხებს თუ არა ამ ფუნქციის ძალიან კარგად შესრულებას, არ ვიცი,” – აცხადებს პარლამენტის სპიკერი.
უსუფაშვილის აზრით, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებს ეხება საქმე, პრეზიდენტმა უნდა შეძლო არა მხოლოდ ოპოზიციური სპექტრის მოსაზრებების გაერთიანება, არამედ ზოგადად პოლიტიკური სპექტრის პოზიციების თავმოყრა.