იგი, როგორც წესი, მუქ ფერებშია ჩაცმული და მისი ტილოების დაახლოებით 90% შავ ფონზეა შესრულებული. თუმცა, იმის თქმა, რომ მხატვარი დაუსრულებელ დეპრესიაშია, დიდი შეცდომა იქნება. მოკო ხაჩატრიანი ცხოვრებასა და ფერწერაში – ეს არის ყველა შესაძლო ემოციის კრებული; დიახ, ტრაგიზმიდან დაწყებული – ცხოვრებისა და მზისადმი უსაზღვრო სიხარულით დამთავრებული.
განათების უკმარისობა ჭარბი შუქის დროს
ერევნის ცენტრში არსებულ პატარა სახელოსნოში მზის სხივები სწორედ მაშინ შეიჭრა, როდესაც მოკო ხაჩატრიანმა დიდი ფანჯარა გააღო. ტილოები გარდაიქმნენ, თავად მოკოც კი შეიცვალა, მაგრამ ეს ცვლილება არც კარგია და არც ცუდი, უბრალოდ, ყველაფერი სხვაგვარი გამოჩნდა. შეხვედრის პირველივე წუთებში, გონებაში წარმოშობილი სტერეოტიპების გულმოდგინედ გათელვა გახდა საჭირო, რათა აღქმის ვექტორი სიმართლისკენ შებრუნებულიყო.
ქალისთვის რთულია მხატვარი იყო. მუდმივად უწევს მამაკაცის დომინირების, თვითკმაყოფილების,ზოგჯერ შურის გარღვევა. ქალის “მეორე ხარისხოვანი” ხელოვნების აუხსნელი გენეზისის სტერეოტიპის ყოველდღიურად წაშლა – ეს ყველაფერი მართლაც რთულია. მოკოს შემთხვევაში კი ამ ყველაფერს კიდევ ერთი დიდებული პასუხისმგებლობა ემატება – მის გვერდით ყოველთვის დგას მამის – რუდოლფ ხაჩატრიანის ფიგურა.
მოკო დილემის წინაშე აღმოჩნდა: ან მამის სტილი უნდა გაეგრძელებინა, ან საკუთარი, განუმეორებელი სტილი შეექმნა. პირველი ვარიანტი, ცხადია, მიუღებელი იყო – მიმბაძველობა არაფრის მომტანია. ინდივიდუალური სტილი კი მოკოსგან დამოუკიდებლად, თავის თავად გაჩნდა. ერთ მშვენიერ დღეს იგრძნო, რომ მასში სწორედ ეს აბსტრაქცია ჩამოყალიბდა და ტილოებიც ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივ გაგრძელებად იქცნენ.
მოკო ჩივის, რომ სახელოსნო არასწორად არის შერჩეული, რადგანაც ეზო სავსეა შენობებით და ფანჯრებში საკმარისი შუქი არ შედის. იგი, ალბათ, ვერც ამჩნევს, რომ თითოეული მისი ტილო ცალკე აღებული, საკმარისია ნებისმიერი სიბნელის გასანათებლად. ოცდაათამდე ტილო კი ისეთ შუქს ქმნის, რომ მის ძალა თვალისთვის მტკივნეულია.
აბსტრაქციის პატიოსნება
მოკო ხაჩატრიანი თავის ნახატებს ასათაურებს. “აბსტრაქტული ფერწერა პატიოსნებას მოითხოვს, აქ ტყუილს ვერ იტყვი”, – ამბობს ის.
ნებისმიერი სახელწოდება კი ჩარჩოებს ქმნის, ზღუდავს მხატვრის თავისუფლებას, რომელიც რატომღაც აიძულებს საკუთარ თავს სათაურის შესატყვისი რამ დახატოს, ხოლო მაყურებელმა ტილოში ის უნდა ეძებოს, რის გამოც ის სწორედ ასეა დახატული. აი, მაყურებელო, უსათაურო სურათი – უყურე, იფიქრე, მოიფიქრე, თავად შექმენი. ადამიანი, რომელიც თავის თავში თანაშემოქმედების პროცესს დაასრულებს, ადგება და იყიდის ამ ტილოს, ან აჩუქებენ.
აბსტრაქცია საშიში რაღაცაა,- ამბობს მოკო. იგი არც ისე მალე სწვევია მხატვარს, ეს თანდათნობით მოხდა, მნიშვნელობა შეიძინა და ბოლოს და ბოლოს შემოქმედების იმპერატიულ სახედ იქცა.
აქ მხატვარი სულს აშიშვლებს, სრულიად ათავისუფლებს საკუთარ თავს და ამიტომაც ნებისმიერი ფანტასტიკური ვითარება რეალობად და შესაძლებლად იქცევა. მაგრამ სიფრთხილე საჭიროა – მხატვარს ყოველთვის უნდა ესმოდეს, რომ თითოეული აბსტრაქცია ფერწერის სულიერ არსს ააშკარავებს, მისი ინტელექტი კი ტილოს დამთვალიერებლების განხილვის საგანი ხდება.
მოკოს ნამდვილად პატიოსანი სურათები აქვს. ალბათ, სხვაგვარად ვერც იქნებოდა ათწლიანი შემოქმედებითი დუმილის შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში ბევრი შესანიშნავი ტილო შეიქმნებოდა, სამაგიეროდ, სამყაროს აბსოლუტურად განსხვავებული, ახალი მხატვარი მოევლინა.
გზა ერთი მიმართულებით
მოკო ამბობს:
ტერლემეზიანის სახელობის სამხატვრო ჩემთვის სავსებით საკმარისი იყო ფერწერის მეცნიერების თვალსაზრისით, ინსტიტუტში ჩაბარება აუცილებელი აღარ იყო
თუმცა სამხატვრო-თეატრალურ ინსტიტუტში მაინც ჩააბარა. დამთავრებამდე ორი წლით ადრე, პარიზში მეგობრებთან ერთად გამოფენა მოაწყო.
ექვსთვიან ტაიმ-აუტს უკვალოდ არ ჩაუვლია – დაბრუნებისას პატივცემული პედაგოგები აცხადებდნენ, რომ მან სასწავლო წელი თავიდან უნდა დაიწყოს. საერთოდაც, ხელოვნების პროფესორებმა თქვეს, პარიზში გამოფენების მოწყობის შესაძლებლობები თუ გაქვს, ჩვენი დიპლომი რაღაში გჭირდებაო?
ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა მამიკოსთვის შუამავლობა ეთხოვა, მაგრამ მოკოს ამაზე არც კი უფიქრია. იგი უბრალოდ, წავიდა და კარი დიპლომის გარეშე გაიხურა. რუდოლფ ხაჩატრიანმა მაშინ თქვა, რომ ძალიან გაუკვირდებოდა, თუ მისი ქალიშვილი სხვაგვარად მოიქცეოდა. მას შემდეგ წინსვლის გარდა სხვა გზა აღარ არსებობდა.
მამის გარდაცვალებიდან, ათწლიანი შემოქმედებითი დუმილის შემდეგ, მოკომ თითქოს აიწყვიტა. მსუბუქად გაოცებული ათვალიერებს საკუთარ სურათებს და ამბობს,რომ ამდენი ტილოს დახატვას ნორმალური ადამიანი 8-10 წელიწადში, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ შეძლებს. სურათები წარმოსახვაში იბადებოდნენ და თავად იხატებოდნენ; ვინმეს პიროვნული პროექცია კი არ ხდებოდნენ, არამედ ცხოვრების გაგრძელება, ფიქრისა და გრძნობების ბუნებრივი შედეგი.
მოკო ამბობს, რომ აბსტრაქცია მისი ცხოვრების სტილია. თავისი არსით, ცხოვრება აბსტრაქტულია და არაფერია, თუ არა ილუზია. სურათებზე გამოისახება ის, რასაც, არც მეტი არც ნაკლები, მხატვარი ხედავს და უნდა რომ დაინახოს. ამასთანავე, სურათები შემდგომ შესწორებას, ან გადაკეთებას არ ექვემდებარება – ის წამი, რომელშიც ტილო შესრულდა, არასოდეს განმეორდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემდგომ რამის მიხატვა შეუძლებელი კი არ არის, უბრალოდ, აკრძალული.
შუქი სიბნელიდან
ეს ორი დომინანტი, შავი და თეთრი… და ეს იდუმალი შუქი, პარადოქსალური, შავიდან მოსული… და მოულოდნელად – წითელი, ყვითელი, მწვანე არსაიდან მოსული, მათ აქ არ ელოდნენ, ისინი კი მოვიდნენ და თავიანთი ადგილი დაიმკვიდრეს.
ეს, ალბათ, რაღაც სხვა განზომილებიდან შემოჭრაა. ეს, მოკო ხაჩატრიანის თითოეულ ტილოში სრულიად გარდასახვას ჰგავს, ყოველ ჯერზე ხელახლა იბადება იმისთვის, რომ ახალი დახატოს. ნეტავ, არსებობდეს დაუსრულებელი ტილო, რომელზეც დაუსრულებლად, შეუზღუდავად ხატავ, არ შეგეშინდება საზღვართან მიახლოების – ეს უკვე აბსოლუტური თავისუფლება იქნებოდა.
რუდოლფ ხაჩატრიანი იმდენად ბრძენი კაცი აღმოჩნდა, რომ ქალიშვილისთვის ფერწერა არ უსწავლებია.
არა, – ამბობს მოკო, – რა თქმა უნდა, მისი დახმარება და მნიშვნელობა ქალიშვილის შემოქმედებისთვის განუზომელია, მაგრამ ეს იყო მხოლოდ საუბრები, ხანმოკლე და ხანგრძლივი, მშვიდი და მწვავე. მათი საუბარი არის სფერო, რომელსაც ჩვენ ვერასოდეს ჩავწვდებით, რადგანაც ის მხოლოდ ორმა – მამამ და შვილმა იცის. გარკვეულ, არც თუ უმნიშვნელო, ეტაპზე, ეს მომაჯადოებელი შუქი სიბნელიდან – რუდოლფის შუქია, რომელიც ძლიერი ტალღით მოდის არარსებულობიდან და არა – დავიწყებიდან. ეს გენეტიკაა.
პარადოქსების გაგრძელება
ამ სურათებზე ფიგურების არარსებულობა გკარნახობს თავად მოძებნო ისინი. საინტერესოა, რომ ამის გაკეთება მხოლოდ ერთი პირობით არის შესაძლებელი: თუკი არსებობს ინტერესი და თვალი მომზადებულია ფანტასტიკისთვის. მოკოს ტილოებში სადღაც პროვოკაციაც იმალება – მიხვედრილი მაყურებელი უხერხულ მდგომარეობაში ვარდება იმის გამო, რომ თითქოს სხვის ხელოვნებაში, ცხოვრებასა და გრძნობებში იჭრება…
შემდეგ კი მოდის უბრალო რაღაცის გაგების წამი: სწორედ ეს არის ის უსაზღვრო თავისუფლება, რომლის მოპოვება მოკოს, მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არ სურს, არამედ მათთვის, ვინც მის სურათებს უყურებს. იმისათვის, რომ მაყურებელი უცხო არ იყოს, არამედ თავისუფლება იგრძნოს საკუთარი ფანტაზიის ოკეანეში. აი, ახლა აბსტრაქცია უკვე იძენს ფორმებს, უცნაურს, ცვალებადსა და დაუჯერებელს, თუმცა მაინც ფორმას, აზრსა და მნიშვნელობას.
სხვა საქმეა ის, რომ მეორე დღეს იგივე სურათზე შეხედვისას ადამიანს აბსოლუტურად განსხვავებული გრძნობები დაეუფლება, სულ სხვა ფიგურებს დაინახავს და განსხვავებულად აღწერს. ამაში გასაოცარი არაფერია – თითოეული ხვალინდელი დღე განსხვავებულია.
მოკო ხაჩატრიანის პარადოქსული ფერწერა, ფერთა პალიტრა, რომლიდანაც იგი შეუძლებელს ქმნის – შესანიშნავი წიგნია, რომელსაც მხოლოდ დასაწყისი და გაგრძელება აქვს, დასასრული კი – არა. ფინალის დაწერა ხომ შეუძლებელია – ემოცია, ყოველთვის ახალია, მშფოთვარე და მოულოდნელი, რომელიც ტილოს შექმნის სახით დაუყოვნებლივ გაგრძელებას ითხოვს. თუმცა… არა მხოლოდ ცხოვრება და ემოციები კარნახობენ სურათის შექმნას, არამედ გრძნობები, განცდები, რომლებიც მას ახლავს თან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელი დღის წარმოსახვას განსაზღვრავენ.
მაისის გიჟური მზით გაჟღენთილ ერევნის ქუჩაზე გამოსული წუთით ვჩერდები და ვფიქრობ… მიკვირს საიდან, ან როგორ გაჩნდა სამყაროში ამდენი შუქი. როგორ უნდა ეყოს სინათლე ბნელ სახელოსნოს, რომელიც სავსეა ჭერამდე აზიდული გაბატონებული შავფერიანი ტილოებით. თუმცა, გონება სწრაფად ნათდება – მოკო ხაჩატრიანი შუქის თან წაღების უფლებას გაძლევს. აი, ისიც, სინათლის უფსკრული, წაიღე რამდენიც გინდა, რის წაღებასაც შეძლებ…
მოამზადა რუბენ გიულმისარიანმა