სომხეთში საერთაშორისო ჰუმანიტარული პრემია “ავრორას” დაჯილდოვების ცერემონიალი ჩატარდა. აღნიშნული ჯილდო 2016 წლიდან გადაეცემათ ადამიანებს, რომლებიც სომხების გენოციდს გადაურჩნენ და რომლებიც მათ გადარჩენაში დაეხმარნენ.

28 მაისს ერევანი ჰუმანიტარული პროგრამების განხილვის პლატფორმად იქცა. სომხეთის დედაქალაქში დაიწყო განხილვები: როგორ სჯობს დევნილებთან მუშაობა, რა განსხვავებაა ბიზნესმენსა და ფილანტროპს შორის, რა არის გმირობა, როგორია იყო გმირი და ჰუმანიზმის გამოვლენასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხი.

“ავრორას” ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, დიპლომატები, მსახიობები და საზოგადოებრივი მოღვაწეები. ისინი მთელი სომხეთის სტუმრები იყვნენ, რომლებმაც 1915 წელს დატრიალებული საშინელი ტრაგედიის მწუხარება გაიზიარეს.

“ხალხი ჩვენგან სასწაულს არ მოელის – მათ სურთ, ვიღაც დაუჯდეს და ტანჯვა შეუმსუბუქოს”.

წლევანდელი გამარჯვებული ამერიკელი ექიმი ტომ კატენა. იგი ერთადერთი ექიმია, რომელიც სამხრეთ სუდანის ნუბიის მთებში, 2011 წლის ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარა. რეგიონში 750 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ყოველდღიურად ტომ კატენი დაახლოებით 500 პაციენტს ღებულობს, წელიწადში კი ათასზე მეტ ოპერაციას ატარებს. იმისათვის, რომ ექიმი ტომი (ასე უწოდებენ მას პაციენტები – რედ.) ერევანში პრემიის დაჯილდოვების ცერემონიალზე მოხვედრილიყო, სამი სომეხი ექიმი – აიკ ოვანისიან, არმინე ბარხუდარიანი და გევორქ ვოსკანიანი – სამხრეთ სუდანში მის შესაცვლელად ჩავიდნენ.

Բժիշկներ Հայկ Հովհաննիսյան, Արմինե Բարխուդարյան, Գևորգ Ոսկանյան, Թոմ Քաթենա
Բժիշկներ Հայկ Հովհաննիսյան, Արմինե Բարխուդարյան, Գևորգ Ոսկանյան, Թոմ Քաթենա

“იმისათვის, რომ ადამიანებს დაეხმარო, სულაც არ არის აუცილებელი ქველმოქმედებისთვის ბევრი ფულის დახარჯვა, ან სუდანში ჩასვლა. თითოეულ ადამიანს შეუძლია ვითარება თავის გარშემო გამოასწოროს”, – განაცხადა კატენმა ერევანში კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრ “ტუმოში” გამოსვლისას.

თავისი სამუშაოს სირთლეებზე საუბრისას, ექიმმა ტომმა თქვა, რომ ყველაზე რთული ის არის, როდესაც შენი პაციენტების სიკვდილს უყურებ.

“შედიხარ ბავშვთან პალატაში და ამაზრზენი დამწვრობების შედეგად, ბავშვი შენს ხელში ასრულებს სიცოცხლეს. გვერდითა პალატაში ქალი კვდება, რომელმაც ფეხი შემთხვევით ნაღმზე დააბიჯა. შემდეგ პალატაში სხვა ქალი მშობიარობს, მაგრამ ვერაფრით ეხმარები. ცოტა ხნის წინათ საშინელი ეპიდემია წითელა გავრცელდა და ბავშვები დაიღუპნენ. უეცრად მთელი მსოფლიოს ტკივილს გრძნობ და სუნთქვა გეკვრის.

ერთხელ, როდესაც პალატიდან გამოვედი, ჩვენს თავზე სუდანის ბომბდამშენმა გადაიფრინა და გავიფიქრე: მიდი, მომკალი. ამ მომენტში პატარა ბავშვი დავინახე, რომლის ბებიამაც იმედით სავსე თვალებით მითხრა: „მადლობა, აქ რომ ხართ. გთხოვთ, ამ მიგვატოვოთ.“ ასეთ მომენტებში ხვდები, რომ პერფექციონიზმი უადგილოა. ეს ადამიანები, რომლებსაც ასე დიდხანს ტანჯავდნენ, ჩვენგან სასწაულის მოხდენას არ მოელიან – მათ სურთ ვიღაც დაუჯდეს და ტანჯვა შეუმსუბუქოს”, – თქვა ცერემონიალზე თავისი სამუშაოს შესახებ კატენმა…

Դոկտոր Թոմ Քաթենան
Դոկտոր Թոմ Քաթենան

თავის მხრივ, შესარჩევი კომისიის თანათავმჯდომარემ, ცნობილმა მსახიობმა და ფილანტროპმა ჯორჯ კლუნმა, რომელმაც ერევანში ჩასვლა ვერ მოახერხა, კატენს მისალოცი ბარათი გაუგზავნა.

“დღეს, როდესაც ომი და ძალადობა ადამიანების სულიერად გატეხვას და მათ გულებში შიშის დათესვას ცდილობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ ისეთ გმირებს, როგორიც ტომ კატენია. ეს ადამიანები უანგაროდ ეხმარებიან სხვებს, არა მხოლოდ გადარჩენაში, არამედ განვითარებაშიც. ტომ კატენი მისაბაძი ადამიანია, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვეულებრივ ადამიანსაც შეუძლია ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა”, – წერს ჯორჯ კლუნი.

პრემიის საპრიზო ფონდია 1,1 მილიონი აშშ. დოლარი. აქედან 100 ათასი აშშ.დოლარი ლაურეატმა მიიღო, დანარჩენი საქველმოქმედო ორგანიზაციებს და გამარჯვებულებს შორის გადანაწილდა. ტომ კატენის სიაში სამი ნომინანტია: ფონდი “აფრიკული სამედიცინო მისია” (აშშ.),Aktion Canchanabury (გერმანია) და კათოლიკური სამედიცინო მისიის საბჭო (აშშ.)

ტომ კატენთან ერთად “ავრორას” ფინალისტების ხუთეულში სულ 66 ქვეყნიდან 550 განაცხადი შევიდა: პოტენციალის და განათლების სისტემის განვითარების ორგანიზაციის თავმჯდომარე ნურ ჯამილა აფგანი (ავღანეთი), მადაეს საველე საავადმყოფოს ექიმი მოჰამედ დავრიში (სირია), ქირურგ-გინეკოლოგი დენის მუკვიგე (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) და მშვიდობის და ადამიანის უფლებების ცენტრის დამფუძვნებლები ელმარ ფარტუნ ადანი და ილვად ელმარი (სომალი).

როგორც ცერემონიალზე “ავრორას” თანადამფუძვნებელმა ბიზნესმენმა და ფილანტროპმა რუბენ ვარდანიანმა განაცხადა, ყველა ფინალისტი საჩუქრად 25 ათას აშშ.დოლარს მიიღებს.

“ჩვენთვის უდიდესი პატივია ექიმ კატენის ისტორია მთელს მსოფლიოს მოვუყვეთ და საზოგადოების ყურადღება იმ სიკეთისკენ მივმართოთ, რომელიც მსოფლიოში არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ ახლობლისთვის დახმარება ჩვენი გლობალური კულტურის ნაწილი გახდება”, – განაცხადა მან.

“ავრორა” – უფრო მეტი ვიდრე პრემია

სომხებისთვის “ავრორა” უფრო მეტია, ვიდრე პრემია. ჰუმანიტარულმა ინიციატივამ სახელწოდება ავრორა მარდიგანიანის საპატიოდ მიიღო. იგი 1915 წლის სომხების გენოციდის თვითმხილველი იყო, რომელმაც გადარჩენა და აშშ-ში კარიერის შექმნა მოახერხა.

“ეს არის საშუალება, მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ოსმალურ იმპერიაში გენოციდის წლებში გადარჩენაში დაგვეხმარა”, – განაცხადა რუბენ ვარდანიანმა.

ცერემონიალის წინ ბიზნესმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2017 წელს მათ 66 ქვეყნის წარმომადგენელი ადამიანების 254 ისტორია შეაგროვეს.

“ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვების სიცოცხლე იხსნეს”, – დასძინა მან.

2016 წელს, როდესაც პრემია “ავრორას” პირველი ცერემონიალი ჩატარდა, შესარჩევმა კომისიამ 18 ქვეყნიდან 115 ისტორია მიიღო.

სომხეთი ჰუმანიზმის ცენტრი ხდება. ამის შესახებ ცერემონიალის სტუმრები აცხადებენ. “ავრორას” მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის – აჩვენო მსოფლიოს ხალხი, რომელმაც გენოციდი გადაიტანა, საკუთარ თავში ძალა იპოვა და ახლა მზად არის სხვების დასახმარებლად.

„ავრორას“ ცეცხლი მთელს მსოფლიოს ედება. ეს არის მსოფლიო მოძრაობა, რომელიც მსოფლიოს სომხეთს და სომხებს ახსენებს. ჩვენ გვახსოვს გენოციდი, მაგრამ ჩვენ ადამიანზე ვფიქრობთ“,- განაცხადა ვართან გრეგორიანმა ცერემონიალზე.

მაშველებს და გადარჩენილებს შორის კავშირის შესახებ 2016 წლის პრემიის გამარჯვებულმა მარგერიტ ბარანკიტსმაც ისაუბრა.

Ռուբեն Վարդանյան, Մարգարիտ Բարանկիցե, Նուբար Աֆեյան
Ռուբեն Վարդանյան, Մարգարիտ Բարանկիցե, Նուբար Աֆեյան

“ძაფმა, რომელიც მაშველებს და გადარჩენილებს შორის ჩნდება, პრემიის წყალობით შესაძლოა ადამიანები შთააგონოს კეთილი საქმეები აკეთონ. “ავრორა” ადამიანებს მთელს მსოფლიოში იმედს უსახავს. ის ჩვენ ოცნების საშუალებას გვაძლევს”, – თქვა მან და ყველას რუბენ ვარდანიანის, ვართან გრეგორიანის და ნუბარ აფეიანის ინიციატივასთან გაერთიანებისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, ვარდანიანმა იმაზეც ისაუბრა, რომ ერთი წლის განმავლობაში “ავრორას” დონორი 200 ადამიანი გახდა.

“თქვენ მხარს უჭერთ “ავრორას”, ჩვენ ქსელს ვაგებთ, ჩვენ ძალა ვართ. მსოფლიოში ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა მხოლოდ ერთად შეგვიძლია”, – განაცხადა ბიზნესმენმა.

ერთიანობის და მშვიდობის შეგრძნება

საღამოზე სომხური ხალხური სიმღერები, სერჟ ტანკიანის სიმფონია “ავრორას ოცნება” და იოჰან სებასტიან ბახის “ტოკატა და ფუგა რე მინორი” შესრულდა, დაიდგა ეპიზოდი არამ ხაჩატურიანის ბალეტიდან “სპარტაკი”.

საღამოს ერთ-ერთი გულისშემძვრელი მომენტი იავნანა “არი, იმ სოხაკის” (მოფრინდი, ჩემო ბულბულო”) შესრულება იყო. მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და ერთ გუნდად მღეროდა.

ამ სიმღერამ ხალხს მშვიდობის და ერთიანობის შეგრძნება შეჰმატა, რომელიც ერთი-ორად გაამყარა სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერლის, 93 წლის შარლ აზნავურის დარბაზში გამოჩენამ. გამარჯვებულის სახელი და გვარი სწორედ მან გამოაცხადა.

ორგანიზატორებმა ასევე განაცხადეს, რომ ამიერიდან “ავრორას” ჰიმნი “სომხეთო, შენთვის” იქნება, რომელიც აზნავურმა დაწერა. ეს ის ადამიანია, რომელიც საფრანგეთში დაიბადა, მთელს მსოფლიოში მოგზაურობს, მაგრამ ყოველთვის სამშობლოში ბრუნდება.

შეხვედრას სომხეთის კიდევ ერთი სიამაყე – სომხეთის ნაკრების და “მანჩესტერ იუნაითედის” ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანიც ესწრებოდა. იმ დღეს ფეხბურთელს ყველა ულოცავდა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მიერ სამშობლოს წინაშე დამსახურების პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვებას.

Генрих Мхитарян
Генрих Мхитарян

როდესაც ავღანელმა ფინალისტმა, ჯამილია აფგანმა განაცხადა, რომ ოცნებობს მისი სამშობლოც სომხეთს დაემსგავსოს, ბევრი ვერ მიხვდა თავისი სიტყვების აზრს. თუმცა, ცხადია, რომ ჯამილიამ ის ბალანსი და მშვიდობა იგრძნო, რომელიც სომეხ ერს მაშინ ეუფლება, როდესაც ქვეყანაში ისეთი მოვლენაა, როგორიც “ავრორაა”.

Джамиля Афгани
ჯამილია აფგანი

30 მაისს ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დაიწყო “ავრორა-2018”-ის შეკვეთების მიღება. თითოეულს, ვინც საკუთარი სოცოცხლე სხვის გამო არ დაიშურა, შეუძლია ნომინაციაში დასახელდეს.

 

მოამზადა ასმიკ ვანციანმა