ეროვნულ კინემატოგრაფიად გადაქცევის ასწლიან პერიოდში, აზერბაიჯანში დაახლოებით 240 სრულმეტრაჟიანი და 50-ზე მეტი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ასევე 1200-ზე მეტი დოკუმენტური და დაახლოებით 100 მულტიპლიკაციური ფილმი გადაიღეს. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანული კინოინდუსტრია ფართო საერთაშორისო არენაზე მაინც ვერ მოხვდა. აზერბაიჯანულ კინოს არავინ იცნობდა, თუმცა ჯერ კიდევ მუნჯური კინოს პერიოდში სწორედ ბაქოში გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები და ერთ-ერთი პირველი ფერადი ფილმი.
რა არის წარუმატებლობის მიზეზი? იქნებ სუსტი სიუჟეტი, ან რეჟისურა? თუმცა, არსებობს რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის ოსკაროსანი ფილმი “მზით გათანგულნი”, რომლის სცენარიც აზერბაიჯანელ მწერალსა და რეჟისორ რუსტამ იბრაგიმბეკოვს ეკუთვნის. საერთო ჯამში, მსოფლიო კინოფესტივალებზე აზერბაიჯანულ ფილმს არაერთი ჯილდო მიუღია.
რა უშლის ხელს აზერბაიჯანულ კინემატოგრაფიას მოწინავე პოზიციებზე გასვლაში? ამის შესახებ Dalma News-ის კორესპონდენტს აზერბაიჯანის ერთ-ერთმა წამყვანი კინომცოდნე, რუსეთის კინომცოდნეების და კინოკრიტიკოსების გილდიის წევრმა ულვი მეჰდიმ ისაუბრა.
აზერბაიჯანული კინოს ხსენებისას, პირველ რიგში რამ გაგიელვათ თავში?
საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანი თავს ნამდვილად ვერ მოიწონებს კინემატოგრაფისტების ბრწყინვალე პლეადით. ქართული კინო, ისევე, როგორც ქართული ღვინო, ბრენდად იქცა. ჩემთვის აზერბაიჯანული კინო, პირველ რიგში არის ინდივიდუალური ფრაგმენტები, არც ისე ბევრი, მაგრამ ბრწყინვალე სახელები თითქმის ასწლიან პერიოდში. ოდესღაც ყოფილ საბჭოთა კავშირში, რეჟისორმა რასიმ ოჯაგოვმა ფილმით “დაკითხვა” სერიოზული დიდება მოიპოვა. რუსეთის ტელევიზიით მრავალრიცხოვანი სატელევიზიო ჩვენებები ჰქონდა ფილმებს: “დაბადების დღე”, “შვიდი დღე მკვლელობის შემდეგ”, რაც, იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანში კარგი ფილმის გადაღება შეუძლიათ.
გარდაქმნის ეპოქაში გამოჩნდა ფილმი “ნაძირალა”. ის აზერბაიჯანული კინოსთვის, რომელიც დიდწილად რაღაც სტაგნაციის მდგომარეობაში იმყოფებოდა, ერთგვარ “ეროვნულ ბომბად” იქცა. საბჭოთა კინოს წიაღში პირველი წარმატება იოსებ სტალინის დამსახურებაა, რომელსაც ძალიან მოეწონა ფილმი-ოპერა “არშინ მალ ალან”, რომელსაც მთელს სსრკ-ში გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ ხალხებს დამქანცველი ომის შემდეგ, რაღაც მსუბუქი და გასართობი სჭირდებოდა. გენერალურმა მდივანმა ზუსტად იცოდა უბრალო მოკვდავთა მისწრაფებების შესახებ. უფრო მეტიც, ინდურ “ბოლივუდს” მიაჩნია, რომ სწორედ ამ დადგმამ ჩაუყარა საფუძველი მასობრივ კინემატოგრაფიას. ცხადია, სამივე ფილმს დიდი შემოსავალი ჰქონდა, რამაც “ზერკინოს” წამგებიანი პროექტების უმრავლესობის კომპენსაცია მოახდინა.
რისი თქმა შეიძლება თანამედროვე კინოს შესახებ, განიცდის ის დღეს ახალ ბუმს?
ბუმი მხოლოდ სატყუარაა პრესისთვის. დღეს ასეთ რამეს რუსეთის კინემატოგრაფიაზეც კი ვერ იტყვი. მოსკოვში, პეტერბურგში და პერიფერიებში კიდევ არიან შემორჩენილი პროფესიონალები, მაყურებლები, კინოკრიტიკოსები და ამ საქმის ნამდვილი მცოდნეები.
აზერბაიჯანში კინემატოგრაფიული ბუმის ანკესზე საზოგადოება ადვილად წამოეგება. ეს ის საზოგადოებაა, რომლის კულტურული დონე, არც თუ სახარბიელოა. “აზერკინოს” წარმოების სახელმწიფო პროექტების უმრავლესობა წამგებიანია, რადგანაც ბაქოში, რომ აღარაფერი ვთქვათ პროვინციებში, კინოგაქირავების ნორმალური სისტმა არ არსებობს. მარტო წლეულს, უკანასკნელ 30 წელიწადში ერთი კინოთეატრი გაიხსნა ბაქოს ფარგლებს გარეთ, გიანჯეში.
ჭეშმარიტად წარმატებულ ფილმებად, რომლებმაც საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოიპოვეს აღიარება, შეიძლება ჩაითვალოს დამოუკიდებელი ავტორების ნამუშევრები. მაგალითად, ვაგიფ მუსტაფაევის “ყველაფერი უკეთესობისკენ” (1997 წელი); ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟის ახალგაზრდა კინემატოგრაფების: ელმარ იმანოვის, რუფატ ჰასანოვის, ელვინ ადიგეზალის, თეიმურ გაჯიევის ნამუშევრები. რაც შეეხება დოკუმენტურ კინოს, ვაგიფ მუსტაფაევის მიერ, ჰეიდარ ალიევის შესახებ გადაღებული კინო – ვიდეო – ეპოპეას გარდა, თითქმის არაფერი გაკეთებულა და მთელი უბედურებაც ეს არის.
რა არის საჭირო მსოფლიო დონეზე თავის გამოსაჩენად?
ეს საერთო პრობლემაა, რომელიც აზერბაიჯანის მთელს სოციუმს ეხება. პროფესიონალური, ისე საერთო ჰუმანიტარული განათლების უკმარისობა. ასეთი “მინუსის” დასაძლევად ათწლეულებია საჭირო. მსოფლიო დონის მიღწევაზე ჯერჯერობით, მხოლოდ ოცნება შეიძლება, ზუსტად ისე, როგორც შემოქმედებით თავისუფლებაზე. ეს ყველაფერი შიდა კომპლექსებიდან, თავისუფალი მოქმედებების და ფიქრის თავისუფლების არარსებობიდან მომდინარეობს. ამ ურთიერთშემავსებელი კომპონენტების გარეშე, კინო ყალბია, ისეთი, როგორსაც მოუქნელი ოფიციოზური “აზერკინო” უშვებს.
თავად აზერბაიჯანელი რეჟისორები, ისევე, როგორც საზოგადოება, თურქული სერიალების ფანატიკოსებად იქცნენ. რა აკლია ჩვენს კინემატოგრაფიას მსგავსი ფილმების გადასაღებად?
– იმისათვის, რომ თურქეთის გამოცდილება გავითვალისწინოთ, ჩვენმა საზოგადოებამ თვითგანვითარებაზე უნდა იფიქროს, როგორც ეს სტალინის ეპოქაში იყო. ის დონე, რომელიც დღეს თურქულ კინოს აქვს – ათათურქის დროიდან დაწყებული, საფუძვლიანი ევოლუციის დამსახურებაა.
არსებობს სახელმწიფო მხარდაჭერა, თუ ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზე რჩება?
არსებობს პრეზიდენტის პროგრამა, ილჰამ ალიევის ბრძანება „2008-2018 წლებში აზერბაიჯანული კინოს განვითარების სახელწიფო პროგრამის შესახებ“. ეს თეორიულად შესანიშნავი წამოწყებაა, მაგრამ პრაქტიკულად, პროფესიონალი მენეჯმენტების, ფილმმეიკერების არ არსებობის პირობებში, ჯერჯერობით განუხოციელებელია.
P.S. “აზერკინო” თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი, რაც, კინოინდუსტრიაში, ისევე, როგორც ფინანსები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა, როგორც ჩანს, მთავარი ეს არ არის.
ნიჯატ გაჯიევი