ცხელი ზაფხულის დღეებში თბილისისა და მცხეთის 110 ათასი აბონენტი მოულოდნელად უწყალოდ დარჩა. 16 ივნისიდან მოყოლებული დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება, ეს პროცესი, წინასწარი პროგნოზით, 25 ივნისამდე გაგრძელდება. მიზეზი არაგვის ხეობაში მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებაა, საიდანაც წყალი დედაქალაქისა და მცხეთის მოსახლეობის ნაწილს მიეწოდება.
წყალმომარაგების კომპანია „ჯი ვი პიმ“ 17 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომ მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია ნაყარი მასალით ივსებოდა, რამაც გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი წარმოქმნა, პრობლემაც სწორედ ამან გამოიწვია.
„სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და დაზიანებული ქსელის ლოკალურად შეკეთება. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარაგების სისტემა საგანგებო რეჟიმში ამუშავდა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალის შემცირება. ნაცვლად 110,000 აბონენტისა დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე წყალმომარაგება პერიოდულად შეზღუდული ექნება 63,351 აბონენტს, რომელთაც კომპანია წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსების გზით მიაწვდის“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ 18 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, საკუთარი ინფრასტრუქტურის მონიტორინგს „ჯი ვი პი“ ყოველდღიურად ახორციელებს, თუმცა ფარული ინფრასტრუქტურის გაკონტროლება სპეციფიკური საკითხია.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დაზიანება არ იყო მარტივი ტიპის, კომპანიამ პარალელურ რეჟიმში სამ სხვადასხვა ვერსიაზე დაიწყო მუშაობა. გამომდინარე იქიდან, რომ სასმელი წყლის მილსადენი არის მეწყრულ ზონაში და მეწყრული პროცესები არ იძლევა საშუალებას რომ დაზიანების წერტილზე მილი ქანების ექსკავატორით ამოღების გარეშე აღედგინათ, განიხილეს პარალელური მილსადენის მოწყობის ვარიანტი, რომელიც იქნებოდა დაზიანებული მონაკვეთის ალტერნატივა.
„პარალელური ქსელის მოწყობას გაცილებით მეტი დრო დასჭირდებოდა , ამიტომ მივდივართ იმ გზით, რომ მოიხსნას გრუნტი, გაკეთდეს ტერასები, რაც გამორიცხავს სამომავლო რისკებს“, – აცხადებენ კომპანიაში.
სამუშაოების დასრულებამდე სასმელი წყლის დეფიციტის 30%-ით შევსება სხვადასხვა რესურსების ალოკაციით მოახდინეს. აბონენტები სამუშაოების პერიოდში 3-7-საათიანი გრაფიკით იღებენ წყალს.
ვინ ყრიდა სამშენებლო ნარჩენებს წიწამურის მიმდებარე ტერიტორიაზე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნივთის განადგურებას გაუფრთხილებლობით და უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს. საქმეს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
გეოლოგ თეა გოდოლაძის შეფასებით, სამშენებლო ნარჩენებისა და სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ მოჭრილი გრუნტის მართვა დღეს ქვეყანაში რეალურ პრობლემას წარმოადგენს და გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორება შესაბამისი მასშტაბებით ვეღარ ხერხდება.
„გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვს ევროკავშირს. საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებულ ქვეყანას ამ მიმართულებით აღებული აქვს ვალდებულებები. ამიტომ საკანონმდებლო დონეზე ეს საკითხები არის დარეგულირებული, იმავე ნარჩენების მართვის მიმართულებით – იქნება ეს ნარჩენების გადამუშავება, თუ დასაწყობება“, – განუცხადა Dalma News-ს თეა გოდოლაძემ.
რაც შეეხება კონკრეტულ პრობლემას, გეოლოგის თქმით, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ გარემოში არასწორი ჩარევის შედეგად დაზარალდა ქალაქი, ცხელი ზაფხულის პირობებში ასობით ათასი ადამიანი უწყლოდ დარჩა.
„სამშენებლო ბუმის პირობებში, როდესაც მოდური გახდა კორპუსის ასაშენებლად გრუნტის უკონტროლა ჭრა, ნადგურდება ფერდები განაშენიანებისთვის და გრუნტი იჭრება არასწორად, ამის რეგულაციაც არ გაგვაჩნია. სად უნდა წაიღონ მოჭრილი გრუნტი? მისი გატანა არის ძვირი სიამოვნება. არასწორად არის მოწყობილი საყრელებიც, ვნახეთ, რომ დაფერდებაზე არის დაყრილი უამრავი მასალა. ანალოგიური სურათი გვაქვს სხვა ბევრი მდინარის ხეობაშიც, მათ შორის მდინარე ვერეშიც. მშრალი ხევების ამოვსება ნაყარი გრუნტით საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. ნებისმიერი ასეთი არეალი დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდება ღვარცოფებისას“, – ამბობს თეა გოდოლაძე.
მისივე თქმით, ეს ის ფარული ნაღმებია, რომელთა არსებობაზე არც კი ვიცით და რომლებიც, დროთა განმავლობაში, ნაღმებივით იჩენენ თავს.
როგორც გეოლოგი განმარტავს, მოჭრილი გრუნტი არის ფხვიერი, არასტაბილური მასალა. გრუნტის სტაბილიზაციას მილიონობით წელი სჭირდება. როდესაც არასტაბილური მასა დაყრილია დაფერდებაზე, ეს საფრთხის შემქმნელია იქ მომუშავე ადამიანებისთვისაც, რომლებიც თეა გოდოლაძის აზრით, სიცოცხლის რისკის ფასადა ასრულებენ ამჟამად წიწამურთან გაწმენდით სამუშაოებს.
რაც შეეხება Dalma News-ის კითხვას, ხელოვნური ტერასების მოწყობა არის თუ არა პრობლემის აღმოფხვრის საშუალება, თეა გოდოლაძის აზრით, დატერასებული არასტაბილური გრუნტი ხშირი წვიმის დროს ისევ ჩამოიშლება და შესაძლოა, უფრო დიდი პრობლემა შექმნას, თუ ეს მასალა მდინარეში ჩავა. გამოსავალია არასტაბილური მასალის ტერიტორიიდან მოშორება.
„აუცილებლად საჭიროა არსებობდეს სპეციალური ლოკაციები, სადაც უნდა განთავსდეს მშენებლობის დროს მოჭრილი გრუნტი. განვითარებულმა სახელმწიფოებმა გაიგეს ის, რომ გარემოს როცა ცუდად ექცევი, ის ბუმერანგივით გიბრუნდება უკან, ამიტომ სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს უსაფრთხო გარემოზე“, – აცხადებს გეოლოგი.
წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოებს მონიტორინგს უწევს სემეკი, სადაც აცხადებენ, რომ ფარულ ინფრასტრუქტურაზე მონიტორინგი სპეციფიკური საკითხია და მას მუდმივად ზედამხედველობა არ სჭირდება. ამ შემთხვევაში ნაყარი ისეთ ადგილას გაკეთდა, სადაც არ იყო გათვალისწინებული ტერიტორიაზე გამავალი წყლის მილი.
დაზიანების ადგილას სპეცტექნიკა 24-საათიან რეჟიმში რამდენიმე დღეა მუშაობს. მოიჭრა 10 ათასობით კუბმეტრი მიწა. წყლის მომარაგების სრულად აღდგენას 25 ივნისისთვის ვარაუდობენ.
არაგვის ხეობაში მაგისტრალური მილსადენის ნაწილი ნატახტრის სათავე ნაგებობიდან მარაგდება, შემდეგ კი მოსახლეობის ონკანებში ხვდება. დაზიანების გამო წყალმომარაგების სისტემა საგანგებო რეჟიმში ამუშავდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიწოდებული წყალი ეროვნული რეგლამენტის სტანდარტებს სრულად შეესაბამება. წყალი 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
შორენა პაპაშვილი