მწვავე დაპირისპირების ფონზე წარიმართა 2 მარტს, “ხალხის ძალის” მიერ მომზადებული “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის“ განხილვა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. ოპოზიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა აღნიშნული სხდომის ჩაშლისთვის. სწორედ მათი ხელშეწყობით, პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის წარმომადგენლების მონაწილეობით საპროტესტო პერფორმანსი გაიმართა. ოპოზიციამ “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ კანონპროექტს სახელწოდება – “რუსულ კანონი” მოუფიქრა. ისინი ამგვარად ცდილობენ ქართული საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ “უცხოური გავლენის აგენტურის შესახებ” კანონის მიღება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას და ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას ნიშნავს.
კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყებამდე, ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მმართველი უმრავლესობისა და ოპოზიციონერი დეპუტატები. იყო წყლის ბოთლების სროლა, მაგიდებისა და სკამების აყირავება, ემოციური გამოსვლები და მუქარა. მოგვიანებით, სხდომათა დარბაზი ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ოპოზიციის არგუმენტია ის, რომ “უცხოური გავლენის აგენტურის შესახებ” კანონი რუსეთში მიღებული მსგავსი კანონის ანალოგია, თავად კანონის ავტორი “ხალხის ძალის” დეპუტატები კი ირწმუნებიან, რომ კანონი სიტყვა-სიტყვით თარგმნილია ამერიკულიდან და დედანთან შედარებით შერბილებულიც კი არის.
ოპოზიცია უარს ამბობს კანონპროექტის პუნქტობრივ განხილვაზე და მის გაწვევას, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე მოითხოვს. მათ ერთგვარად ზურგს უმაგრებს საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება, ხოლო ნებისმიერი, ვინც მის რომელიმე ვერსიას მისცემს ხმას, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებაზე.
კელი დეგნანის კრიტიკულად უარყოფითი განწყობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მმართველ უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ დროა, ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია რა ოდენობის დაფინანსებას იღებს და რამდენად მიზნობრივად იხარჯება ეს ფული საქართველოში.
ოპოზიცია საგნობრივ მსჯელობაზე უარს ამბობს და ემოციური ფონი შენარჩუნებას ცდილობს. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 2 მარტს, 18:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქცია დააანონსეს. რეალურად მიიღეს სურათი, როდესაც პროტესტანტებს სამართალდამცველები სჭარბობდნენ. პოლიციამ აქციის, რამდენიმე მონაწილე დააკავა.
წინააღმდეგობის მიუხედავად პარლამენტში კანონპროექტზე მსჯელობა მაინც გაიმართა. შეხვედრას რამდენიმე მედია-გამოცემისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ სხდომის გახსნისას, აღნიშნა, რომ კანონპროექტი შეეხება რუსულ დაფინანსებასაც. მანვე განმარტა, რომ „პირველი მოსმენის დროს არ იხილება არც კანონის სახელწოდება, არც ტერმინები, არც მუხლები, არც ამოქმედების ვადები, ზღვარი, სფეროები და არ იხილება არცერთი კონკრეტული თემატიკა, რომელიც ეხება ამ კანონპროექტს. ამ პროცედურებს ინიციატივა მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ გაივლის. აღსანიშნავია, რომ ორივე კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ”, “ხალხის ძალამ” ვენეციის კომისიას გადაუგზავნა.
შეხვედრაზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძეს. პარლამენტარებს შორის დაპირისპირებას მან ბოლშევიზმისა და ფაშიზმის ნათელი გამოვლინება უწოდა.
“ძალიან ბევრი კანონია გადასახედი და დასახვეწი, რადგან არსებობდეს ხალხის მიერ არჩეული ორგანო, რომელიც ხალხის ინტერესების წინააღმდეგ არ იმუშავებს. პარლამენტი, ისეთი შემადგენლობით, რასაც დღეს ვუყურებ, მიუღებელია”, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
მას შენიშვნები კანონპროექტის მიმართაც აქვს. იზიარებს მოსაზრებას, რომ კანონში არ უნდა ეწეროს რომ ვიღაც არის აგენტი, თუმცა იქვე დასძენს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თავად, კანონის გარეშე აკრავდა ხალხს უცხო ქვეყნის აგენტების იარლიყს. მეორე მხრივ, ნანა კაკაბაძეს აკვირვებს ოპოზიციონერი დეპუტატების თავგამოდება, მაშინ, როდესაც მათ აღნიშნული კანონი საერთოდ არ ეხებათ. კანონი ეხება არასამთავრობო სექტორს.
“თქვენ ისედაც აკრძალული გაქვთ უცხოეთიდან დაფინანსება, ისე ჩანს, რომ ამის იქით, რაღაც სხვა რამეა”, – აცხადებს კაკაბაძე.
იგი პარლამენტისგან ითხოვს, აღნიშნული კანონის მიღების პროცესში უზრუნველყოფილი იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა და მათთან თანამშრომლობით განისაზღვროს კანონის მთავარი ღირებულება.
როგორც ნანა კაკაბაძე აცხადებს, არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრის გაკეთება არის აუცილებელი, რადგან მოქალაქეს შეეძლოს არჩევანის გაკეთება, იცოდეს, რომელი ორგანიზაცია რით არის დაკავებული და საიდან ფინანსდება. გარდა ამისა, დამოუკიდებლობის მოპოვების 30 წლის განმავლობაში საქართველომ 2 სახელმწიფო გადატრიალება გადაიტანა, ორივეზე ითქვა, რომ გარედან დაფინანსებული იყო, ამდენად, საჭიროა ვიცოდეთ, ადამიანები, რომლებიც დღესაც რევოლუციით იმუქრებიან, ფინანსდებიან თუ არა გარედან.
“არც ერთი ორგანიზაცია დღეს, ადამიანის უფლებების სფეროში არ მუშაობს. ერთკვირიანი მონიტორინგი ჩავატაროთ და ვნახავთ, რომ ტელევიზიებში, მათი მხრიდან ერთი სიტყვაც არ გაისმება მიშას გარდა. წაიშალა საერთოდ ადამიანის უფლებები, იმიტომ, რომ პოლიტიზებულები გახდნენ და ფონდები არასწორად აფინანსებენ მათ. როცა ხედავენ, რომ ეს ორგანიზაციები არ მუშაობენ მიზნობრივად, აღარ უნდა მისცე ფული”, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.
რაც შეეხება რიგით მეორე – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს, აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით – 5 წლამდე ვადით.
„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტების მოწინააღმდეგეები, შეიძლება ითქვას, რომ ვერ ასაბუთებენ, დოკუმენტების რომელი ნაწილი არ მოსწონთ. მსჯელობაში არ შედიან. მსჯელობაში შესვლას არ აპირებს არც ქვეყნის პირველი პირი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ ვეტოს უფლებას ყველა შემთხვევაში გამოიყენებს.
“არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ეს ან ის მუხლი არ ვარგა. ეს არის პირდაპირ კანონი იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპასთან. ამდენად, არის ჩემთვის მიუღებელი”, – აცხადებს პრეზიდენტი.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე Dalma News-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია რისთვის არის საჭირო ის ვნებათაღელვა, რაც აღნიშნული კანონპროექტის გარშემო ატყდა, ან ახლა რისთვის დასჭირდა მმართველ პარტიას მსგავსი შინაარსის კანონის წინ წამოწევა?
“აქამდე მოვაღწიეთ ამ კანონის გარეშე და ახლა, როდესაც, კოჭებში გვიყურებს ყველა, შინაური და გარეული, რუსეთისკენ მივდივართ თუ არა, რუსული ჟღერადობის კანონი გვჭირდებოდა? თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამ კანონს სხვა ფარული მიზანი ჰქონდეს, კერძოდ, კანონის მიღება – არ მიღება უკავშირდებოდეს, საქართველოს მიმართ საკმაოდ მკვახე შეფასებებს სხვადასხვა დონეზე”, – აცხადებს საყვარელიძე.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ “ხალხის ძალა” ამგვარად ცდილობს, დასავლეთის გარკვეულ წრეებს უთხრან, რომ თუ არ შეიცვლება მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, მაშინ დაიწყება გარკვევა იმის, თუ ვინ რით ფინანსდება.
“მილიონობით აშშ დოლარი დაიხარჯა ლობისტებზე, ტყუილად ხომ არ დაიხარჯა? ლოგიკას იმაში უფრო ვხედავ, რომ ლობისტის ჩამკეტი ბერკეტის ამუშავება უნდოდეთ. ეს უფრო ლოგიკურია, ვიდრე ყბადაღებული თემა, რომ რუსეთისკენ მივდივართ. რაღაც ინტერესები უნდა იყოს კანონის მიღების უკან. გადაივლის ემოციები და ვნახავთ, მიიღებენ თუ არა კანონს. ვის, ვის და, სწორედ ამ ხელისუფლებას არ აწყობს დღეს, რომ დასავლეთმა ზურგი აქციოს. მაგრამ თუ ვერავის დაარწმუნებ შენს სიმართლეში გამოსავალი უნდა ეძებო, – აქეთ შეუტიოს ადამიანებს ამ კანონის საშუალებით, ვინც დესტაბილიზაციისკენ უბიძგებს საქართველოს”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ოპოზიციამ მორიგ ჯერზე სცადა რევოლუციური სცენარის გათამაშება, თუმცა, ამჯერადაც წააგო. პოლიტოლოგის აზრით, მოსახლეობა იმიტომ არ აღმოჩნდა 2 მარტს აქცია, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ თემის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს, პოლიტიკურად დიდი ხანია გაკოტრებულია. რამაზ საყვარელიძის აზრით, რაღაც ხდება, უფრო სერიოზული ქვეყანაში, ვიდრე აგენტურის შესახებ კანონის მიღებაა. მისივე თქმით, სიტყვის თავისუფლებისთვის ეს კანონი საფრთხედ, ვერ ჩაითვლება.
გიორგი ქართველი