თურქეთის ციხეებში პატიმართა წამების წინააღმდეგ, თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის დაცვის კავშირმა” საპროტესტო აქცია გამართა. თურქეთის საელჩოსთან შეკრებილმა ადამიანებმა თანაგრძნობა გამოხატეს იმ ოჯახების მიმართ, რომელთა წევრებიც სიტყვის თავისუფლებისთვის იხდიან სასჯელს ამ ქვეყნის ციხეებში, საქართველოს ხელისუფლებას კი მოუწოდეს, პარტნიორ ქვეყანაში მიმდინარე არადემოკრატიულ პროცესებზე რეაგირება მოახდინონ.
როგორც “კონსტიტუციის დაცვის კავშირის” თავმჯდომარე გია ფაცურია აცხადებს, მან საკუთარ თავზე გამოსცადა პატიმრობა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ამდენად ყველაზე უკეთ ესმის იმ ოჯახების განსაცდელის, რომელთა წევრებიც თუქეთის ციხეებში იხდიან სასჯელს.
«”რამდენიმე წლის წინ ჩვენც, ქართველი პატიმრები, სააკაშვილის ციხეებში, მსოფლიოსგან მივიწყებულად ვგრძნობდით თავს. მცირე გამონაკლისის გარდა, საერთაშორისო სამთავრობო, თუ არასამთავრობო სტრუქტურები, წამებას და არაადამიანურ მოქცევას ქართულ ციხეებში, “დემოკრატიის მშენებლობის” გამართლებულ ხარჯად მიიჩნევდნენ», – აცხადებს გია ფაცურია.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დროებით გადის ევროკონვენციით აღიარებული, ადამიანის უფლებების დაცვის სამართლებრივი სივრციდან. მათი აზრით, ხშირად დროებითი გადაწყვეტილებები, მეტ ხანს გრძელდება და ეს დაუშვებელია.
«ამ ქვეყანაზე მუდმივი არაფერია. მით უმეტეს ხელისუფლება. მთავრობები მოდიან და მიდიან. ხალხი რჩება. დღეს თურქეთი ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ შიდა თურქულ პოლიტიკურ ბატალიებში არ ვერევით. ეგ არაა ჩვენი საქმე. 80-მილიონიანი, ათასწლოვანი ერი თვითონ გადაწყვეტს რა ქნას. მაგრამ და რადგან: ერდოღანმა გამოაცხადა, რომ ევროკონვენციით აღიარებული, ადამიანის უფლებების დაცვის სამართლებრივი სივრციდან გადის. დროებითო. მაგრამ ხშირად დროებითი, მეტ ხანს გრძელდება ვიდრე მუდმივი», – მიაჩნია გია ფაცურიას.
მისივე თქმით, ბევრი ინფორმაცია აქვს ასევე, თურქეთის ციხეებში პატიმრების მასობრივ წამება – გაუპატიურებაზე და ამაზე ხმის არ ამოღებით, ესა თუ ქვეყანა, დანაშაულის თანამონაწილე ხდება.
“რაც ჩემს თავზე გამოვცადე – სხვას არ და ვერ ვუსურვებ. პირიქით. რადგან ერდოღანმა ევროკონვენცია დახია, მე გია ფაცურია, პირველი პატიმარი, რომელმაც ჩემი სიმართლე სტრასბურგში დავამტკიცე და იმ ეპოქაში შეუძლებელი მოვახერხე, – ზურაბ ადეიშვილს აქეთ წავართვი ფული, ვფიქრობ რომ თურქეთი შუა საუკუნეებში გადახტომის ზღვარზეა. ეს ძალიან ღრმა ქარაფია. ერდორანმა შეიძლება ქვეყანა ჩაიყოლოს”, – მიაჩნია ფაცურიას.
“კონსტიტუციის დაცვის კავშირის” წევრების აზრით, თურქეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორია, პოლიტიკური თურქეთი მიიჩნევა საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარანტად და საქართველოს ხელისუფლებას არაფერი დაუშავდება, თუ თურქეთში დემოკრატიის ხელყოფის მცდელობის მიმართ პროტესტს გამოხატავს.
P.S. აქციის მონაწილეებმა მიმართვის ტექსტი მედიის წარმომადგენლებს გააცნეს, ხელი მოაწერეს და სურდათ თურქეთის ელჩისთვის გადაეცათ, მაგრამ საელჩოში პროტესტანტების განცხადება არ ჩაიბარეს.
შორენა ქარჩავა Dalma News-თვის