საქართველოს ცხელი ზაფხულის სეზონი, ბოლო წლებში გახშირებული ტყის ხანძრებით ხასიათდება. ქვეყნის ერთ-ერთ უნიკალურ და საკურორტო რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძარს რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ. ბორჯომის ხეობაში, ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან ტყეში 19 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესის დასკვნით ეტაპზე გადასვლა მხოლოდ 9-10 დღის შემდეგ მოხერხდა. დარჩენილია მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერები, რომლებიც ყურადღების მოდუნების საშუალებას არ იძლევა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ქარიანი ამინდის დროს მხრჩოლავი კერები შესაძლოა ახალი ხანძრის მიზეზი გახდეს.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში, ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებთან ერთად დღე-ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში, რამდენიმე დღის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ჩაერთვნენ. ხანძართან ბრძოლის პროცესში მონაწილეობდა რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი.
ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ქარი, ადგილზე სხვადასხვა სირთულის კერებს წარმოქმნის. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ დღეების განმავლობაში მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა გაიყვანეს. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით გრძელდება ხანძრის მონიტორინგი.
ოფიციალური ინფორმაცვიით, ცეცხლი დაახლოებით150 ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუმარტა, ტყის ხანძარი წითელ ზონას არ გასცდენია. ხანძრის დასახლებულ პუნქტამდე მისვლის შესაძლებლობა მხოლოდ “სასწაულზე” იქნებოდა დამოკიდებული.
გომელაურმა თურქულ მხარეს ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც სახეობათა კონსერვაციის ცენტრ “ნაკრესის” წარმომადგენელი და GIPA -ს უნივერსიტეტის პროგრამის ხელმძღვანელი კახა არცივაძე Dalma News-სთან საუბარში აცხადებს, ტყის ხანძრების შემთხვევები ბოლო 15 წელია პერმანენტულად იზრდება. ეს პრობლემა კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული და არსად არ გაქრება. მხოლოდ მოიმატებს და ქვეყანა ამისთვის სათანადოდ უნდა მოემზადოს. საჭიროა განხორციელდეს ტყეების ზონირება. რისკის ზონებში, სადაც შესაძლოა მოხდეს ხანძრები, ადგილზე შეიქმნას მოხალისეების რეზერვი. მოსახლეობამ იცოდეს, როგორც ებრძოლონ ტყის ხანძრებს, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხალისე შემდეგ მეხანძრეების გადასარჩენი არ გახდეს.
კახა არცივაძის შეფასებით, აგვისტო-სექტემბერი საქართველოში ფაქტობრივად ტყის ხანძრების ტიპიურ სეზონად იქცა. ხანძარი დამახასიათებელია ყველა ტიპის ტყისთვის და ის შესაძლოა სრულიად ბუნებრივად გაჩნდეს, თუმცა გვალვიან სეზონზე ხანძრის გაჩენის ალბათობა წიწვოვან ტყეებში უფრო მაღალია. მეორე საკითხია ადამიანის დაუდევრობა. ამიტომ მთელ რიგ ქვეყნებში, ხანძარსაშიშ სეზონზე ტყეებში ადამიანების შეშვება იკრძალება.
“რაც უფრო დეგრადირებულია ტყე, მეტად არის ნაჩეხი, ბუნებრივი მდგომარეობისგან დაშორებული, მით მაღალია ხანძრის ალბათობა. ასევე, შესაძლებელია იყოს ვიღაცის ბოროტი ჩანაფიქრი, დანაშაულის დაფარვის მიზნით გაჩენილი ცეცხლი, გაუფრთხილებლობა და სხვა. პრობლემას აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნების გამოცდილებით თუ მივუდგებით, უნდა წავიდეთ პროგნოზირებისა და ალბათობის გათვლის გზით. გავითვალისწინოთ კლიმატური ფაქტორები, რომ გვალვის ელემენტი გაიზრდება. ყველანაირი რისკი უნდა იყოს გათვალისწინებული. ხანძართან შესაძლოა, ახლოს იყოს მილსადენი, ჰიდროელექტროსადგური და სხვა ინფრასტრუქტურა. როდესაც რესურსი შეზღუდულია, ფოკუსირება უნდა გააკეთო იმ ადგილებზე, სადაც დიდი ალბათობით გაჩნდება ხანძარი”, – აცხადებს კახა არცივაძე.
მისივე თქმით, არის ქვეყნები, სადაც ადამიანის საქმიანობის შედეგად ტყის მოდიფიკაცია იმდენად სერიოზულია, რომ იქ თუ ადამიანმა პროფილაქტიკური ღონისძიებები არ ჩაატარა, ხელოვნური ხანძრით არ გამოწვა გამხმარი ბიომასა, ბუნებრივი ხანძრის შემთხვევაში აუცილებლად კატასტროფას გამოიწვევს.
“ვერტმფრენი პანაცეა კი არ არის. ვერტმფრენს სჭირდება გამოცდილი პილოტი, ტერიტორია სადაც წყალი უნდა აიღოს. ასე, მაგალითად, თუშეთში რომ გაჩნდეს ხანძარი, იქ არსად არ არის ტერიტორიები სადაც ვერტმფრენი წყალს აიღებს, იმიტომ, რომ იქ ისეთი რთული რელიეფი და ვიწრო ხეობებია, რომ ფერტმფრენი ვერ ჩავა წყლის ასაღებად”, – ამბობს იგი.
სატელიტური გამოსახულებით მიღებულია მონაცემების ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბორჯომის ხეობაში წლევანდელი ხანძრის შედეგად 150 ჰა-მდე ტერიტორიაა დაზიანებული. ხანძრის ჩაქრობის შემდგომი ეტაპია ადგილზე ბუნების შესწავლა, – განადგურდა თუ არა ხე-მცენარეები, რა სიღრმეზე დაზიანდა ნიადაგი, განადგურდა თუ არა მიკროორგანიზმები და სხვა.
როგორც კახა არცივაძემ Dalma News-სთან საუბრისას განმარტა, კლიმატის ბუნებრივი ცვლის პირობებში შესაძლებელია ახალ კლიმატურ პირობებში ნახანძრალ ადგილას სხვა ტიპის ტყე გაჩნდეს, რომელიც შესაძლოა ისეთივე ღირებული არ იყოს ტურისტული თუ სამკურნალო თვალსაზრისით. ამას შესაძლოა მოჰყვეს ნიაღვრების საფრთხე.
“როცა წელიწადში უკვე ხანძრების 80-90 შემთხვევა ფიქსირდება, ამ ტემპით, 20 წლის შემდეგ უზარმაზარ პრობლემებს უნდა ველოდოთ”, – ამბობს იგი.
ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა სახელმწიფოზეა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად. დღეს რეალურად საქართველოს ტყის ხანძრებთან ბრძოლის გამართული სისტემა არ აქვს.
ბორჯომის ხეობის ხანძართან დაკავშირებით განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა და დივერსიის ვერსიაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ხანძრები შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით იყო გამოწვეული, ან შეიძლება ძალიან დიდი სიცხის გამოც, მაგრამ არის ვერსიები, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული დივერსიაც.
“არაფერია არ არის გამორიცხული, ვინაიდან ვიცით ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი ეს დივერსიული მიდრეკილებები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებისას.
მისივე თქმით, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს და ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცეს.
პრემიერმა ბოლო 10 დღეში ქვეყანაში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეჭვს აჩენს ის, რომ ხანძარი ერთდროულად რამდენიმე რეგიონში გაჩნდა. თუმცა, მისივე შეფასებით, გომელაურის უწყებამ ეს კრიზისი ძალიან ეფექტიანად მართა. ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, ვინც ხანძრების ჩაქრობაში მონაწილეობს. ასევე, მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს. მან ასევე მოქალაქეებს მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარი სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წლის 20 აგვისტოსაც გაჩნდა. მაშინ 140 ჰა-ზე მეტი ტერიტორია დაზიანდა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის ტყეებს ცეცხლი 2010 წელსაც წაეკიდა. ორი ხანძარი გადაიტანა აბასთუმანმაც. 2005 წელს აქ 500 ჰა-მდე ტყის მასივი განადგურდა. ხანძარი განმეორდა 2017 წელსაც. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს ხანძარი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და კურორტებზეც იყო.
შორენა პაპაშვილი