სექტემბრის ბოლოს, გერმანიაში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა მომღერალმა სეირან ისმაილხანოვმა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ შოუში – The Voice of Germany, მიიღო მონაწილეობა. მისმა ხმამ ჟიურის ყველა წევრი აღაფრთოვანა და ოთხივე ერთდროულად შებრუნდა.
Dalma News-სთვის მიცემულ ინტერვიუში სეირან ისმაილხანოვი საუბრობს, თუ რატომ გადაწყვიტა პროექტში მონაწილეობა, რატომ აირჩია მენტორად რეპერი და რა რეაქცია აქვს ევროპელ მსმენელს აზერბაიჯანულ მუსიკაზე.
— მოგვიყევით თქვენი შემოქმედებითი გზის შესახებ.
— მუსიკით ძალიან ადრეულ ასაკში დავინტერესდი. 5 წლიდან დედა ფორტეპიანოს მასწავლიდა. ცოტა მოგვიანებით, როდესაც დედაჩემმა ჩემში მეტი შესაძლებლობები დაინახა, მუსიკალურ სკოლაში, ვიოლინოს ჯგუფში მიმიყვანა. სახლში კი, ისევ ფორტეპიანოზე დაკვრას მასწავლიდა. საერთოდ, მუსიკალურ ოჯახში დავიბადე: დედაჩემი ფორტეპიანოს პედაგოგია, ბიძაჩემი – ელხან შიხალიევი, აზერბაიჯანში ცნობილი მუსიკოსია. იგი ჯგუფ “აშუგის” ხელმძღვანელია. მე მის კონცერტებზე გავიზარდე.
2000-იან წლებში ქვეყნის დატოვება მოგვიწია. დედაჩემი და ჩემი ძმა გერმანიაში გაემგზავრნენ, მე კი მოსკოვში ვარჩიე ცხოვრება. რუსეთის დედაქალაქში ცხოვრების მეხუთე წელს გარდამტეხი პერიოდი დამიდგა და გადავწყვიტე ოჯახს შევერთებოდი. 2005 წელს გერმანიაში გავემგზავრე და ყველაფერი ნულიდან დავიწყე: ვისწავლე გერმანული ენა, ნელ-ნელა გავიჩინე კავშირები და მუსიკალურ სფეროში მოხვედრის შანსს ვეძებდი. 5 წლის შემდეგ თურქეთში კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს. ცხადია, დავთანხმდი. სტამბულში სამი წელი ვიცხოვრე, სადაც არაერთი კონცერტი გავმართე და ჩავწერე ალბომი Kanatsiz melekler (“ანგელოზები ფრთების გარეშე”). ყველაფერი კარგად მიდიოდა. 2013 წელს დედაჩემი ავად გახდა და სასწრაფოდ გერმანიაში დაბრუნება მომიწია.
— ნანობთ?
— საერთოდაც არა. კარიერა შესანიშნავია, მაგრამ დედაზე მნიშვნელოვანი არაფერია. მან მე და ჩემი ძმა მარტომ გაგვზარდა, ამიტომ ვალდებული ვიყავი რთულ პერიოდში მის გვერდით ვყოფილიყავი და მხარი დამეჭირა. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში, გერმანიაში ცხოვრება გამიუმჯობესდა, დავიწყე კონცერტების გამართვა, მიწვევდნენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე და ა.შ.
— თქვენ გერმანულ ენაზე ალბომი გამოუშვით…
— დიახ, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, მსმენელს დიდად არ მოეწონა.
მინდოდა, გერმანელი მსმენელის წინაშე შემოქმედებითად მათთვის გასაგებ ენაზე გავხსნილიყავი. მაგრამ მათ არ დააფასეს ეს ნაბიჯი. როგორც გაირკვა, მათ უფრო მეტად ჩემი აზერბაიჯანულად შესრულებული სიმღერების მოსმენა მოსწონთ. გამოსვლების შემდეგ, ხშირად მოსულან ჩემთან და უთქვამთ, რომ როდესაც მშობლიურ ენაზე ვმღერი, სხვანაირად ვიხსნები. ერთი მხრივ, კმაყოფილი ვარ, რომ ევროპელებს ჩემს მშობლიურ ენაზე შესრულებული სიმღერები მოსწონთ, მეორე მხრივ, ვნანობ, რომ არასწორი გზით სიარულში ძალიან დიდი დრო დავკარგე. თვიდან, ისევე, როგორც სხვა უცხოელ მუსიკოსს, მეგონა, რომ გერმანულ ენაზე შესრულებული სიმღერები მომიტანდა წარმატებას, როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივი მელომანები ყველაზე მეტად გულწრფელობას აფასებენ და სულაც არ სურთ, რომ უცხოელი შემსრულებელი მათ მოერგოს. ამის გააზრების შემდეგ, ახალ შემოქმედებით გზას დავადექი და შევქმენი ჯგუფი Spirit Caucasus “კავკასიის სული”).
— შეგიძლიათ პროექტზე დეტალურად მოგვიყვეთ?
— ჩვენ პატარა ჯგუფი გვაქვს, სადაც მუსიკოსები, მოცეკვავეები და აკრობატები არიან გაერთიანებულნი. ვასრულებთ, როგორც ძველ აზერბაიჯანულ სიმღერებს თანამედროვე არანჟირებით, ისე ჩვენს მიერ შექმნილ კომპოზიციებსაც. ადგილობრივებს ძალიან მოსწონთ ჩვენი შემოქმედება. წინ დიდ სოლო კონცერტებს ვგეგმავთ, რისთვისაც გულდასმით ვემზადებით. მაგრამ ჩემი მიზანია გერმანიის ფარგლებს გავცდეთ და აზერბაიჯანული კულტურა Spirit Caucasus -ის ფარგლებში, მთელს მსოფლიოს გავაცნო. ჩემთვის ეს ევროპულ შოუ-ბიზნესში მოხვედრის ერთგვარი ტრამპლინია. ეს არის საკუთარი თავის ჩვენების და მსმენელთა აუდიტორიის გაფართოების შესაძლებლობა.
— რამდენად რთულია გერმანულ შოუ-ბიზნესში მოხვედრა?
— შოუ-ბიზნესი ყველგან ერთნაირია. არ აქვს მნიშვნელობა რუსულზე, გერმანულზე, თუ აზერბაიჯანულ მუსიკალურ ინდუსტრიაზე ვსაუბრობთ. კარგი კავშირების გარეშე, წარმატება რთული მისაღწევია. მაგრამ, გერმანიაში დსთ-ს ქვეყნების შოუ ბიზნესისგან განსხვავებით, ნიჭის გარეშე შორს ვერ წახვალ. თუ ვოკალური მონაცემები არ გაქვს, მაშინ რაც არ უნდა დიდი კავშირები, ან სერიოზული ფინანსური შესაძლებლობებიც გქონდე, არაფერი გამოვა. რადგანაც აქ ყველა მომღერალი ცოცხლად მღერის. ჩვეულებრივ სატელევიზიო გადაცემებშიც კი, ფონოგრამებს არავინ მიესალმება.
— დავუბრუნდეთ The Voice of Germany… ბრმა მოსმენაზე თქვენ პოპულარული თურქი მომღერლის მუსტაფა სანდალის სიმღერა Aya benzer (“მთვარის მსგავსი”) შეასრულეთ. რატომ შეარჩიეთ ეს სიმღერა?
— სინამდვილეში, შესარჩევ კასტინგზე ხალხური სიმღერა Sarı gəlin (“პატარძალი ყვითელში”) შევასრულე. პროექტის ორგანიზატორებს ძალიან მოეწონათ, მაგრამ მოითხოვეს, რომ შოუში შემესრულებინა გერმანიაში ცნობილი თურქულენოვანი სიმღერა. რედაქტორები არჩევანს ტარკანსა და მუსტაფა სანდალის შორის აკეთებდნენ და საბოლოოდ სანდალი გადაწყვიტეს.
90-იან წლებში გერმანიაში სიმღერა Aya benzer დიდი ხნის განმავლობაში ატრიალებდნენ. ამიტომ მთხოვეს ამ სიმღერის შესრულება. როგორც იცით, ამ სიმღერის შესრულების შემდეგ, ერთ-ერთმა მენტორმა, რაიმონ ჰავრიმ დედაჩემის აკომპანიმენტის თანხლებით კიდევ ერთი კომპოზიციის შესრულება მთხოვა. შევასრულე რაშიდ ბეიბუტოვის სიმღერა Sene de qalmaz (“ნუ ამაყობ”). ცხადია, შოუს სატელევიზიო ვერსიაში ეს სიმღერა ვერ მოხვდა, რადგანაც სატელევიზიო დრო ძალზედ შეზღუდულია. მადლობა ჟიურის, რომ მშობლიურ ენაზე სიმღერების შესრულების შესაძლებლობა მომცა. სხვა მონაწილეებს ამის შანსი არ ჰქონიათ.
— საერთო ჯამში, თქვენი გამოსვლით კმაყოფილი ხართ?
— დიახ უფრო მეტიც, საკუთარი თავით ვამაყობ. საქმე იმაშია, რომ კასტინგზე 6 ათასზე მეტი მუსიკოსი მონაწილეობდა. რაღაც მომენტში მინდოდა, ყველაფერი მიმეტოვებინა და სახლში წავსულიყავი. არ მჯეროდა, რომ ამდენ ხალხში ვიღაც შემამჩნევდა. თანაც, მე ხომ გერმანელი არ ვარ და სიმღერაც აზერბაიჯანულად მოვამზადე. თურმე ვცდებოდი. 6 ათასიდან 154 მონაწილე შეირჩა, რომელთა შორის მეც ვიყავი. ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც სიმღერა თურქულ და აზერბაიჯანულ ენებზე შეასრულა, დანარჩენი მონაწილეები ინგლისურად, ან გერმანულად მღეროდნენ.
— თქვენის აზრით, რა განსხვავებაა აზერბაიჯანელ მსმენელსა და გერმანულ პუბლიკას შორის?
— ცხადია, განსხვავება არის. ჩვენი ხალხი ბევრად უფრო აქტიურია შინაგანადაც და გარეგნულადაც. გერმანელები შედარებით უფრო თავშეკავებულები და დისტანცირებულები არიან. მაგრამ თუ შეიყვარეს – სამუდამოდ.
— თქვენმა ხმამ ჟიურის თითოეული წევრი მოხიბლა. როდესაც მენტორის არჩევის დრო დადგა, თქვენ რეპერი Sido -ს გუნდში მოხვედრა მოისურვეთ. რატომ მაინცადამაინც ის?
— ეს შოუა და მე ვიღაც უნდა ამერჩია. ვერ ვიტყვი, რომ მისი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ იგი მომწონს, როგორც ადამიანი და არტისტი. იმ მომენტისთვის მომეჩვენა, რომ ჟიურის წევრებს შორის ის ყველაზე გულწრფელი იყო. ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ იქნება ჩემს გარშემო, რადგანაც სწორედ ამაზეა დამოკიდებული თუ რამდენად კომფორტულად ვიმუშავებ. მიმაჩნია, რომ იურის სხვა წევრებთან შედარებით Sido სულიერად უფრო ახლობელი ადამიანია. იგი, ისევე, როგორც მე არასრულ ოჯახში გაიზარდა, სადაც მარტოხელა დედა შვილებისთვის მომავლისთვის ნებისმიერ დაბრკოლებას და სირთულეს უძლებდა. გარდა ამისა, Sido -ს აღმოსავლური ფესვები აქვს – მასში ირანული სისხლი ჩქეფს, მისი აუდიტორიის მთავარი ნაწილი თურქულენოვანი მსმენელია. ანუ ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს.
— ამ პროექტისგან რას ელი?
— გულწრფელად რომ გითხრათ, ამ პროექტზე მაინცადამაინც დიდ იმედებს არ ვამყარებ. როგორც უკვე გითხარით, ეს ჩემთვის გერმანულ შოუ-ბიზნესში მოსახვედრი ტრამპლინია. სხვადასხვა ქვეყნის სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება მაქვს, ამიტომ არც The Voice of Germany-სგან და არც ცხოვრებისგან არაფერს ველი. ცხადია, ოცნებები მაქვს, მაგრამ გეგმებს არ ვადგენ და მოლოდინებით არ ვცხოვრობ. უბრალოდ, არსებული მომენტებით ვცდილობ ვისიამოვნო. უკვე დიდი ხანია გრძელვადიანი გეგმები აღარ მაქვს, რადგანაც როდესაც დიდი მოლოდინი გაქვს, ენერგია იბლოკება. ვნახოთ, ბედი საით წამიყვანს.
ლეილა ალიზადე