ტელეკომპანია “იმედი” დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტს და 2016 წლიდან აპირებენ მაყურებელს თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი შესთავაზონ. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილი ცვლილებები ჯერჯერობით პოლიტიკურ თოქშოუებს, ინგა გრიგოლიას “რეაქციასა” და “იმედის კვირას” შეეხო, რომლებსაც ახალი სეზონიდან მაყურებელი ვეღარ იხილავს.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მიერ უქმეებზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას “რეაქციისა” და “იმედის კვირის” პროდიუსერებისა და ჟურნალისტების ერთობლივი განცხადება მოჰყვა, სადაც ორი მაღალრეიტინგული გადაცემის დახურვას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ და ეჭვობენ, რომ გადაწყვეტილება არხის ხელმძღვანელობამ ხელისუფლების მითითებით მიიღო.
მოსალოდნელი ცვლილების შესახებ შემოქმედებითი ჯგუფების წევრები 29 აგვისტომდე არავის გაუფრთხილებია. მათი აზრით, საეჭვოა, კომერციულ არხს ისეთი მაღალრეიტინგული, პოპულარული და კომერციულად მომგებიანი გადაცემები, როგორიცაა “რეაქცია” და “იმედის კვირა” საკუთარი ნებით შეეჩერებინა, თან არჩევნებამდე ერთი წლით ადრე.
რაც შეეხება გადაცემების წამყვან, ცნობილ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას, მან ახალ სამსახურთან დაკავშირებით რამდენიმე შეთავაზება უკვე მიიღო, თუმცა, ამბობს, რომ “რუსთავი-2”-ზე მუშაობას არ აპირებს. “თუ ვინმეს ჰქონდა იმის სურვილი, რომ მე ტელევიზიაში არ ვყოფილიყავი, მე აუცილებლად ვიქნები ტელევიზიაში”, – აცხადებს გრიგოლია და არ გამორიცხავს “იმედთან” დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა იყოს. „ფაქტია, რომ გადაწყვეტილებებს ამ ქვეყანაში იღებს ერთი კაცი, რომელსაც აქვს თავისი სწორება, როგორი უნდა იყოს მედია. ხელისუფლება ყოველთვის ეცდება გაგვაკონტროლოს,” – მიაჩნია ინგა გრიგოლიას.
გადაცემების დახურვაში ხელისუფლების დადანაშაულებას არასწორად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და აცხადებს, რომ “იმედის” თოქშოუს დახურვით ბურთი და მოედანი” რუსთავი 2-ს“ დარჩება, რომელიც ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტულ ველად მიიჩნევა.
ვოლსკის თქმით, მედიის შეზღუდვის კუთხით მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი ხელისუფლებას უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ხოლო, თუ რა გახდა თოქშოუების დახურვის მიზეზი, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ტელეკომპანია “იმედი” საზოგადოებას ახალ პროდუქტსაც შესთავაზებს. მანამდე კი “ინდმეწარმის დონის პარტიებს საშუალება მიეცათ, ახალი შეტევა მიიტანონ ხელისუფლებაზე, რომელსაც სწორედ მედიათავისუფლების საკითხში აქვს ერთ-ერთი მაღალი რეიტინგი,” – აცხადებს ვოლსკი.
გადაცემების “რეაქციისა” და “იმედის კვირის” დახურვის მიზეზები ასევე უცნობია პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძისთვის, რომელიც ფაქტს facebook-ის საკუთარ გვედრზე აფასებს და იმედოვნებს, რომ ტელეკომპანია “იმედი” მაყურებელს ანალიტიკური გადაცემების გარეშე არ დატოვებს და დაიცავს ჟურნალისტების პროფესიულ თავისუფლებას.
“ყოველთვის ვერთვებოდით ინგას გადაცემებში, საკმაოდ პრობლემურ კითხვებზეც ვპასუხობდით, ბევრჯერ საკმარისად მწვავე, მაგრამ საინტერესო ეთერიც გამოგვსვლია და ეს იყო საუკეთესო საშუალება საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის,”- წერს კობახიძე.
“რეაქციისა” და “იმედის კვირის” დახურვა დღეს ტელეკომპანია “იმედთან” შეკრებილმა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა გააპროტესტეს. მსახიობებს, ჟურნალისტებს, რიგითი მოქალაქეებს ტელეკომპანია “იმედის” ხელმძღვანელებისგან დამაჯერებლი განმარტების მოსმენა სურთ, თუ რატომ გადაწყდა ამ ორი გადაცემის დახურვა.
აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ბანერები “რეაქცია არ უნდა დაიხუროს”, “იმედმა მოკლა იმედი” და “დამიტოვეთ უფლება, მქონდეს ჩემი რეაქცია”.