თბილისის შემოსასვლელში, კახეთის გზატკეცილზე მეფე ერეკლე II-ის ძეგლი დაიდგმება, აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა. მისივე შეფასებით, ერეკლე მეფის თავგანწირვამ და სიბრძნემ საქართველოს ქრისტიანული იდენტობა შეუნარჩუნა.

„ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წინაშე. და რომლებსაც ეროვნული და რელიგიური იდენტობის თვალსაზრისით განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. ამ თვალსაზრისით გამორჩეულია ჩვენი ეროვნული გმირი, მეფე ერეკლე II”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თბილისის მერია საპარკინგე სივრცის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შექმნილი ერეკლე II-ის ძეგლი დაიდებს ბინას.

ერეკლე II-ის (1720–1798) ფიგურა საქართველოში დღემდე მრავალფეროვან შეფასებებსა და კამათს იწვევს. ერთი მხრივ, იგი ცნობილი გახდა, როგორც გამოჩენილი სარდალი, მმართველი და დიპლომატი, რომელიც იბრძოდა ირან-თურქული ბატონობისაგან საქართველოს განთავისუფლებისა და ფეოდალური სამთავროების ერთიან საქართველოში გაერთიანებისთვის. მეორე მხრივ, ერეკლე II 1783 წელს ენდო რუსეთს და დადო გეორგიევსკის ტრაქტატი, მაგრამ, მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოში გაუქმდა მეფობა. 1801 წლის 2 სექტემბერს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი ტერიტორიის რუსეთთან შეერთების შესახებ. XIX საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ტერიტორია თანდათან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

ერეკლე II

რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ერეკლე II საქართველოსთვის და რამდენად სამართლიანია მის მიმართ კრიტიკა გეორგიევსკის ტრაქტატის გამო, ამ და სხვა საკითხებზე Dalma News ისტორიკოსი, თსუ-ს პროფესორი ქეთევან პავლიაშვილი ესაუბრა.

– ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ენდომებოდა თუ არ ენდომებოდა, არავინ მისცემდა გასაქანს, რომ ყოფილიყო მარტო, დამოუკიდებელი. ჩვენი მდგომარეობა ისტორიულად, ყოველთვის განისაზღვრებოდა გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. ამიტომ იყო, რომ ყველა ეპოქაში, დაწყებული ფარნავაზიდან ერეკლე მეორით დასრულებული, საქართველოს მეფეები ყოველთვის ეძებდნენ მფარველს, მხარდამჭერს. ეს მფარველი, 99%-ით, მოიძიებდა დასავლეთში, იმიტომ, რომ დასავლეთი იყო ყველა ეპოქაში ძლიერი. ძველი ბერძნული კოლონიებიდან დაწყებული, შემდეგ რომის იმპერია, ბიზანტია, მერე ევროპული ქვეყნები, კათოლიციზმის მცდელობები დასავლეთში – ერთი სიტყვით, დასავლეთი ყოველთვის ძლიერი იყო და საქართველო იყურებოდა დასავლეთისკენ და არა აღმოსავლეთისკენ. ჩრდილოეთისკენ ვერ გაიხედავდა, იმიტომ, რომ ის საერთოდ არ არსებობდა.

მაგრამ XIX საუკუნიდან უკვე საერთაშორისო ასპარეზზე გამოდის ახალი ძალა რუსეთის სახით, რომელიც ძალიან ანგარიშგასაწევი ძალა არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმავე ევროპისთვისაც. წარმოიდგინეთ, ამ დროს რუსეთს ევროპის ცენტრი – პოლონეთი ჰყავს დაშლილი და ყველაზე დიდი ნაწილი მიითვისა, საუბარი აღარ მაქვს სხვა ტერიტორიებზე. ამ პერიოდში ევროპის დიდი სახელმწიფოები ცდილობენ რუსეთთან კავშირის დამყარებას. რა მდგომარეობაშია საქართველო? ისევ მოქცეულია თურქეთსა და ირანს შორის. მართალია, ორივე ეს ქვეყანა აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორებიც იყვნენ XVI-XVII საუკუნეებში, მაგრამ, მათ მაინც შეუძლიათ საქართველოს გადაყლაპვა და განადგურება, პლუს ჩრდილოეთ კავკასიისა და შუა აზიის სახანოები, რომლებიც ჭამდნენ ქართლსა და კახეთს. დასავლეთ საქართველოში გაბატონებული იყვნენ თურქები და მიდიოდა ადამიანებით ვაჭრობა. ყველაფერი გააკეთა საქართველომ იმისათვის, რომ ევროპას დაეცვა მუსლიმანური აგრესიისგან, მაგრამ გავიხსენოთ ვახტანგ VI-ის ეპოქა, როგორ დაამთავრა მეფემ სიცოცხლე? იგივე სულხან-საბა, რამდენჯერ მოტყუვდა ევროპისგან? ამიტომ, ვახტანგ VI-მ დაიწყო ყურება რუსეთისკენ, მიხვდა საქართველო, რომ მსოფლიოში ერთადერთი ძლიერი ძალა, რომელსაც შეეძლო დაეცვა იგი მუსლიმური აგრესიისგან, იყო რუსეთი, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავდა იმას, რომ რუსეთი უნდა გაბატონებულიყო საქართველოში. ამიტომ, როდესაც რუსები ამბობენ, რომ ერეკლემ შემოიყვანა საქართველო რუსეთის შემადგენლობაშიო, არის სიცრუე. ერეკლეს არც ერთი დოკუმენტი, არც ერთი სიტყვა ამას არ მოწმობს.

ქეთევან პავლიაშვილი

მაშ, რას ნიშნავდა ის საბედისწერო ტრაქტატი, რამაც მთლიანად შეცვალა საქართველოს ბედი?

– ტრაქტატში ძალიან მკაფიოდ და დაწვრილებით ეწერა, რომ არავითარი საუბარი არ არის იმაზე, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში უნდა შესულიყო. საუბარი იყო მხოლოდ მფარველობაზე. ეს იყო ისეთივე ხელშეკრულება, როგორც მანამდე „ფიცის წიგნი“. მაშინაც ზუსტად ასეთ მფარველობაზე იყო ლაპარაკი. ერთადერთი, რითაც საქართველო იზღუდებოდა იყო ის, რომ არ ექნებოდა დამოუკიდებელი მოლაპარაკებები უცხო ქვეყნებთან. ასეთი შეთანხმება საქართველოს ყველა იმ ქვეყანასთან ჰქონდა, რომელიც მას მფარველობდა. საქართველოს მაშინ არც აინტერესებდა დამატებით სხვა ქვეყნებთან რაიმე სახის მოლაპარაკებები გაემართა. მას უკვე რუსეთის სახით მფარველად მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი სახელმწიფო ეყოლებოდა. ასე, რომ რუსეთთან შეერთება იყო კატეგორიულად გამორიცხული. ვინც იმას იტყვი, რომ ერეკლე II-მ საქართველო რუსეთს გადასცა თავის შემადგენლობაში, არის აბსოლუტურად უწიგნური, ან მიზანმიმართულად მავნებელი. სხვათა შორის, ერეკლე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იყო იმ გაგებით, რომ მისი მეუღლე, რომელიც იყო დადიანის ქალი და რომელმაც ფაქტობრივად პირქვე დასცა ერეკლე მეორის ოჯახის ჰარმონიული მდგომარეობა, შვილები დაუპირისპირა ერთმანეთს (არა თუ ერეკლეს პირველი ცოლისგან შეძენილი შვილები, არამედ თავისი შვილებიც). მას ჰქონდა თავისი ინტერესები, ვინ უნდა ყოფილიყო საქართველოს მომდევნო მეფე, მაგრამ, რაც მთავარია, შვილებს ჰქონდათ ერთმანეთისგან განსხვავებული ორიენტაცია საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ერთი ნაწილი იყო აღმოსავლეთის მომხრე – საქართველოს თურქეთ-ირანის მფარველობის ქვეშ ყოფნის, მეორე ნაწილი იყო რუსეთის მომხარე. ერეკლეს მემკვიდრეთა დიდი ნაწილი ემხრობოდა საქართველოს აღმოსავლურ ორიენტაციას. მათი არგუმენტი იყო ის, რომ ირანი და თურქეთი იმ დროს იყვნენ ძალიან დასუსტებულები და საქართველოს ვეღარ შეავიწროებდნენ, ხოლო რუსეთი იყო კიდევ უფრო მზარდი ქვეყანა, რომელიც საქართველოს გადაყლაპავდა. ერეკლესთვის ოჯახში შვილების დაპირისპირება იყო ძალიან მძიმე. ძალიან მიჭირს, დღეის გადასახედიდან შევაფასო ერეკლეს ხედვა სწორი იყო თუ არა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მაშინდელ გარემოებას, სხვა არჩევანი უბრალოდ არ ჰქონდა.

– სავარაუდოა, რომ ერეკლე მეფეც ფიქრობდა სამომავლო საშიშროებაზე?

– დიახ, მაგრამ ევროპა საქართველოს მფარველობაზე კატეგორიულად უარს ეუბნებოდა. ის არც ერთ შემთხვევაში არ მოიმდურებდა რუსეთს საქართველოს გამო. თან პლუს იქ ძალიან სერიოზული სავაჭრო ურთიერთობები იყო, ამასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ არა მარტო მფარველობა სჭირდებოდა საქართველოს, ერეკლე ხედავდა, რომ ქვეყანას სჭირდებოდა განვითარება. განვითარების გზა კი იყო ორი, ევროპა ან რუსეთი. ირანი და თურქეთი ვერ განავითარებდა საქართველოს. იმ ხანებში თურქეთი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ევროპა მას შლიდა. ირანიც მძიმე მდგომარეობაში იყო. ის ჩაკეტილ, ფეოდალური გადმონაშთების ქვეყანას წარმოადგენდა. ის აღარ იყო შაჰ-აბას პირველისა და ნადირ-შაჰის ირანი, ის უკვე დაშლილი, დასუსტებული იყო. თურქეთი ირანისგან განსხვავებით, ევროპის გზაზე დგება ევროპული სახელმწიფოების გავლენით.

– რა სამხედრო ვალდებულებები ეკისრებოდა საქართველოს რუსეთის მფარველობის სანაცვლოდ?

– საქართველოს მაშინ არანაირი სამხედრო პოტენციალი არ ჰქონდა. ეს იყო ქვეყანა, რომელიც გაუთავებლად ებრძოდა ხან ირანს, ხან თურქეთს, იყო ორად გაგლეჯილი. რომელ სამხედრო პოტენციალზეა საუბარი? მთელი XIX საუკუნის განმავლობაში, რუსეთს ჰქონდა ომები ირანთან და თურქეთთან, ამ ომებში საქართველოს ევალებოდა თავისი ხალხი გამოეყვანა საბრძოლველად, ესენი იყვნენ გლეხები. სამხედრო ჩინები მანამდე არ გვქონდა. როდესაც რუსეთმა შეიერთა საქართველო, აქაც დააწესა უკვე სამხედრო ჩინები. ქართველი დიდგვაროვნები, აზნაურებისა და თავადების შვილები რუსეთის სამხედრო აკადემიებში სწავლობდნენ. მანამდე ჩვენ გვქონდა სტიქიური ჯარი. ერეკლე მეფემ კი შექმნა მორიგე ლაშქარი, მაგრამ მან სულ რამდენიმე წელი იარსება. წარმოიდგინეთ, ერთი მუჭა ქართველები, ერთი მუჭა ქვეყანა, რა ვალდებულება უნდა გვქონოდა რუსეთის წინაშე? საქართველო ყველა მფარველი ქვეყნის წინაშე იყო მოვალე მათ ბრძოლებში მიეღო მონაწილეობა. ერეკლეს ახალი არაფერი მოუგონია, რატომ ტეხენ ჯოხს მაინცადამაინც ერეკლეზე? ბევრი ტრაგიკული ფაქტი ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ მოხდა.

– როგორ შეაფასებთ ერეკლე მეორეს, როგორც სახელმწიფოს მმართველ?

– ის იყო არაჩვეულებრივი მხედართმთავარი, მაგრამ არა მმართველი. გენიოსი მმართველი საქართველოს ჰყავდა ორი – ვახტანგ გორგასალი და დავით აღმაშენებელი. ტყუილად კი არ არის ისტორიაში გორგასლიან – დავითიანის დროშა. ამას ვამბობ არა ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არამედ ყველა იმ დოკუმენტზე დაყრდნობით, რომლებიც არსებობს. ეს დოკუმენტები მარტო საქართველოში კი არ მინახავს, იმავე სანქტ-პეტერბურგსა და რუსეთის სხვადასხვა არქივებშია დაცული, ეს არის როგორც საეკლესიო პირების, ასევე საერო პირების დოკუმენტაცია. სხვათა შორის, ტრაქტატის ტექსტი დაწერა არქიმანდრიტმა გაიოზ ნაცვლიშვილმა. ის იყო სასულიერო პირი, დიპლომატი, ერეკლეს უახლოესი პირი და ჩემი დიდი პაპა. ერეკლეს ნების გარეშე ის ხომ არ დაწერდა ტრაქტატის ტექსტს? ეს არის გენიოსურად შედგენილი ტექსტი, სადაც ყოველ სიტყვასა და ყოველ წინადადებას ობიექტურად უცხო თვალით უნდა წაკითხვა, არც მტრული და არც მოყვრული განწყობით. დაინახავ, რამდენად დიდი დიპლომატიური დოკუმენტია ის.

– ერეკლე მეორის დასავლური იმიჯის შესახებ რას გვეტყვით? ის რომ მეფე ერეკლე დასავლეთისთვის ავტორიტეტული პოლიტიკოსი იყო და მასზე ევროპული პრესა წერდა სინამდვილეს შეესაბამება თუ ლეგენდაა?

– ერეკლეს დასავლეთში პიროვნულად არ იცნობდნენ. მას არ ჰქონდა იმის დრო, რომ აქეთ-იქით ემოგზაურა დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად. იმ დროს, როდესაც ირანი და თურქეთი დასუსტებული იყო და ევროპას დიდი შანსი ჰქონდა, რომ თურქეთი დაეშალა და ირანი დაექვემდებარებინა, საიდანაც ძვირადღირებული აბრეშუმი მოდიოდა. ევროპა დაინტერესებული იყო ნედლი აბრეშუმით. აღმოსავლეთში მათ ეგულებოდათ ერთი კაცი, რომელიც სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა ირანსაც და თურქეთსაც, ეს იყო ერეკლე მეორე. ფრანგული პრესა წერდა კიდეც, რომ დასავლეთში კარლოს მეფე არის (პრუსიის მეფე, ეკატერინე მეორის ბიძაშვილი), აღმოსავლეთში კი ერეკლეო. ერეკლე მეფის წახალისება ევროპის ინტერესებში იყო. საფრანგეთის აბსოლუტური მონარქია იყო მაშინ, ის აბრეშუმის ყველაზე დიდი მომხმარებელი სახელმწიფო იყო.

დასავლური პოლიტიკა, როგორც წესი, ეკონომიკურ სარგებელზე გადის….

– აღმოსავლეთის დაპყრობას არ აპირებდა დასავლეთი, მათი ინტერესის სფერო იყო და არის ეკონომიკური პოლიტიკა. იგივე იყოს სულხან-საბას დროსაც. ევროპაში იცნობდნენ ერეკლე მეორეს, როგორც სერიოზულ სამხედრო ძალას, რომელიც აჩერებდა აღმოსავლურ სწრაფვებს.

რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა ერეკლე II საქართველოს ისტორიაში და არის თუ არა სწორი გადაწყვეტილება, რომ მისი ძეგლი დაიდგას თბილისში?

– საქართველოს არ ჰყავს შვილი დასაკარგავი, თანაც ისეთი პიროვნება, როგორიც იყო ერეკლე. მასთან ერთად ჩვენ ისეთი დიდი პიროვნებები გვყავს, რომ მათზე უთვალავ ფილმებს უნდა იღებდნენ და სპექტაკლებს დგამდნენ. ეს არის ის თემა, რომელიც ყოველთვის აქტუალურია, მაგრამ დღეს განსაკუთრებით. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. როგორი ჩანაფიქრიც არ უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, ისტორია თავის სათქმელს მაინც იტყვის. მე მხოლოდ მივესალმები ამისთანა საქმეებს. ვერავინ გამოიყენებს ძეგლს თავისი ინტერესისთვის. ერეკლეს ძეგლის დადგმა არ ნიშნავს იმას, რომ ერეკლეს უნდოდა რუსეთში ყოფნა და საქართველო რუსეთს უნდა მიეკედლოს. რასაკვირველია ამაზე აყიყინდება ოპოზიცია, იმისთვის, რომ ხალხი გააგიჟონ. ტყუილად აბამენ ძეგლის დადგამს კუდებს, საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი დიდი პიროვნებები.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი