თბილისობა წლეულს საქართველოში განსაკუთრებულად მასშტაბურად აღინიშნა. გამომდინარე იქიდან, რომ 2024 საარჩევნო წელია და რამდენიმე დღეში ქვეყნის მოქალაქეები ახალი მოწვევის პარლამენტს აირჩევენ, დედაქალაქის მთავრობამ ძალისხმევა და ფინანსები არ დაიშურა, რაღა დღესასწაული უჩვეულოდ მრავალფეროვანი და მდიდრული ყოფილიყო.
„თბილის-ქალაქობა“ წლეულს 5 – 6 ოქტომბერს გაიმართა. თავად დღესასწაული 1979 წლის 28 ოქტომბრიდან არსებობს და თავისი შინაარსით ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაულია, როდესაც ქვეყნის დედაქალაქში თავს იყრის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული ჭირნახული. ეწყობა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული და ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები.
ღონისძიებების ეპიცენტრია ძველი თბილისის ისტორიული ნაწილი – რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი, სადაც ეწყობა სხვადასხვა ინსტალაციები, ღია კინოთეატრები, სადაც ბავშვებს ფართო ეკრანზე შეუძლია ქართული მულტფილმების ნახვა. იმართება გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. მთელი დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტები, რომლებზე დასწრებაც უფასოა. ამავე დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ტრადიციის თანახმად, თბილისობა ოქტომბრის ბოლოს, ან ბოლოსწინა შაბათ-კვირას ტარდება და ორი დღის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ოქტომბრის ბოლო კვირა წლეულს არჩევნებისაა, დღესასწაულმა თვის პირველი კვირისკენ გადმოინაცვლა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, თბილისობა 1990 წლიდან აღარ აღინიშნებოდა, როგორც საბჭოთა ეპოქაში დაარსებული ტრადიცია, მაგრამ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, დღესასწაული 1995 წლიდან კვლავ განახლდა და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
გარდა იმისა, რომ თბილისობა შემოდგომის დღესასწაულია, ის თანამედროვე გამოწვევებს თამამად უწყობს ფეხს და კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. თბილისი, როგორც უძველესი და ტურისტებისთვის მიმზიდველი ქალაქი, ამ დღეს განსაკუთრებულად საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება. მსოფლიოში ფართოდ განთქმული ქართული სტუმარმასპინძლობისა და ტრადიციული სამზარეულოს შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ამ დღეს ყველა უცხოელ სტუმარს თავად შეუძლია.
თბილისობა არა მარტო უხვმოსავლიანობის, ბარაქისა და ნაყოფიერების სიმბოლოა, არამედ, კარგად წარმოაჩენს ქართველი ხალხის ხასიათს: მასპინძლობის საოცარ კულტურას, გულუხვობასა და ხელგაშლილობას.
5 ოქტომბრის სადღესასწაულო აქტივობები საღამოს მასშტაბური კონცერტითა დასრულდა. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე, რომელიც სააკაშვილმა ავლაბარში რეზიდენციად აიშენა) თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიანიჭა, თუმცა მანამდე სასახლის ეზოში მიწვეულ სტუმრებს თბილისობა მიულოცა.
„კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს. შეუძლებელია, უყურებდა მეტეხს, ნარიყალას, აბანოთუბანს, ხარფუხს და სიამაყე არ გეუფლებოდეს, რომ ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქმა რამდენს გაუძლო, რამდენი ბრძოლა გადაიტანა, რათა მის ქუჩებში მუდმივად ჩქეფდეს სიცოცხლე, ისევ იქმნებოდეს უნიკალური ქართული კულტურა, გამარჯვების ყიჟინა ავსებდეს სტადიონებსა და სპორტულ დარბაზებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, თაობებს თაობები ცვლიდეს და ამ ცვალებადობაში მნიშვნელოვანია, ხელშეუხებელი და უცვლელი რჩებოდეს ის ტრადიციები, რაც მხოლოდ ამ ქალაქს და მის მცხოვრებლებს გააჩნიათ.
თბილისობის დღესასწაულზე თბილისის მერის სიტყვა ვერ ასცდა პოლიტიკურ, წინასაარჩევნო ელფერს. სხვა თუ არაფერი, კახა კალაძე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანია. მერმა ისაუბრა მშვიდობისა და განვითარების მნიშვნელობაზე, მისი თქმით, მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად, გაალამაზოს ჩვენი ქალაქი და მთელი ქვეყანა.
„თბილისობის ტრადიცია იქცა სიკეთისა და სიყვარულის დღესასწაულად. ოქტომბრის მზით გამთბარი ქუჩები ამ დღეს ყველაზე ფერადია, რადგან მას ადამიანების გულწრფელი ემოციები ავსებს. სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ – ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქვეყანაში. იყოს მშვიდობა და განვითარება. გისურვებთ, მუდამ ზეიმის და გამარჯვების სიხარულით იყოს სავსე ჩვენი ქალაქი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს წვლილი ქალაქის განვითარებაში. მისი შეფასებით, თბილისს გამორჩეული ადამიანები ამშვენებენ თავიანთი შრომითა და მიღწევებით.
„რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მაგრამ მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიანიჭა, მათ შორის, ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს.
“ის ჩვენთან ერთად ტიროდა რამდენიმე თვის წინ და ეს ცრემლები იყო სიხარულის, სიამაყის! ცრემლები, რომელმაც სრულიად საქართველო გააბედნიერა და სიამაყე დაუბრუნა ქართულ ფეხბურთს!”, – განაცხადა კახა კალაძემ ვილი სანიოლზე.
საპატიო თბილისელები გახდნენ ასევე, ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი – ზურაბ ყიფშიძე და სხვადასხვა სფეროს ღვაწლმოსილი ადამიანები, ესენი არიან:
ზურაბ კახაბრიშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი;
მერაბ კილაძე – ქირურგი;
გიორგი ჭუმბურიძე – ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი;
დიმიტრი ბეზარაშვილი – ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
გიზო გაბესკირია – რეჟისორი;
გვანჯი მანია – გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი;
ბიძინა სონღულაშვილი – ინჟინერი, მეტროს მუშაკი;
ნათელა ვასაძე – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
გელა ფარჩუკიძე – მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი;
ნელი სალაძე – მწვრთნელი, სპორტსმენი;
მზია აფრიდონიძე – მუსიკოსი, მხატვარი;
გურამ ბათიაშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი;
კახა ქორიძე – არქიტექტორი, მსახიობი;
გოგი მარგველაშვილი – რეჟისორი, პროფესორი;
თამაზ გოდერძიშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი;
ნელი კობიაშვილი – ჟურნალისტი, მწერალი;
გივი სიხარულიძე – მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი;
ვახტანგ ცუხიშვილი – არქიტექტორი;
გურამ კალანდაძე – გეოლოგი;
ნელი ბერაია – მხატვარი, ჟურნალისტი;
თენგიზ გაჩეჩილაძე – პედაგოგი, ჟურნალისტი;
თეიმურაზ ლეჟავა – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ოლესია თავაძე – მხატვარი.
კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.
დღესასწაული თბილისში 6 ოქტომბერსაც გაგრძელდა, რომელიც ასევე დატვირთული იყო სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით. ორბელიანის მოედანი დედაქალაქის მცხოვრებლებსა და ქალაქის სტუმრებს დილის 12 საათიდან მასპინძლობდა. აქ გაიმართა: გარდენია შევარდნაძე – “თბილისური ბაზარი”, ღია კინოთეატრი, მოეწყო გიგანტური ქვევრის ინსტალაცია -ღვინის მაღაზია, ასევე, ინსტალაცია “გოგონა ბუშტით”, კიოსკი – “ცნობის ფურცელი”. გაიმართა საბავშვო კონცერტები, თეატრალიზებული წარმოდგენა -პერფორმანსები, მოეწყო თემატური ფოტოზონები. თბილისის ცენტრში მთელი დღის განმავლობა ისმოდა სხვადასხვა ჯგუფების მიერ შესრულებული ელექტრონული მუსიკა.
აბანოთუბანში გაიმართა გამოფენა-გაყიდვა “თბილისური მრავალფეროვნება”, ხოლო რიყის პარკი კვალავ გასტრონომიული, ღვინისა და ტკბილეულის ფესტივალის მოყვარულებს მასპინძლობდა.
შორენა ქარჩავა