თბილისში, უდიდესი ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა. მის სახელს ქართული კინემატოგრაფიის მთელი ეპოქა უკავშირდება. თანამედროვე კინოს მსახიობები მიიჩნევენ, რომ ნატო ვაჩნაძისთვის ძეგლი დედაქალაქში, დიდი ხნის წინათ უნდა დაედგათ. საზოგადოების ნაწილი კი, ქანდაკებით უკმაყოფილებას არ მალავს.
მსახიობმა, რომელმაც ქართულ კინოში ლამის ეპოქა შექმნა, თბილისში ძეგლი გარდაცვალებიდან თითქმის ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ დაუდგეს, ისიც ნატო ვაჩნაძის შვილების, ელდარ და გიორგი შენგელაიების მონდომებით. გაიმართა კონკურსი და 5 ესკიზს შორის, მოქანდაკე ლადო ვარდოსანიძის ნამუშევარი შეარჩიეს. თბილისის მერიამ ძეგლის დადგმა 68 145 ლარით დააფინანსა და 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ძველი კინოსტუდიის შენობის წინ, ნატო ვაჩნაძის ქანდაკება საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას მსახიობის შთამომავლებთან ერთად, ქართული კინოსა და თეატრის ღვაწლმოსილი რეჟისორები, მსახიობები, თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და კულტურის მინისტრი დაესწრნენ. ღონისძიება მეტად ხანმოკლე და არაპომპეზური იყო.
ბომონდურ ცხოვრებას ოჯახური გარემო ერჩია
როგორც Dalma News-ს ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ განუცხადა, ნატო ვაჩნაძე არც ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოფილა პომპეზური ადამიანი. უფრო პირიქით, ის ჩვეულებრივი დიასახლისი იყო და არც მისი ძეგლის გახსნას მოუხდებოდა პომპეზურობაო.
“არაჩვეულებრივი სისადავე და მომხიბვლელობა, ადამიანებს უადვილებდა დედასთან ურთიერთობას. სულ ხალხში იყო, არ მიილტვოდა განსაკუთრებული გარემოსკენ. დედას გზაში აჩერებდნენ, ესაუბრებოდნენ, მის მიმართ სიყვარულს გამოხატავდნენ. ჩვეულებრივ თბილისურ ეზოში ერთად ვცხოვრობდით: ქართველები, რუსები, ბერძნები, სომხები, ქურთები. ჩვენი სახლის კარი ყველასთვის ღია იყო. დედა თბილი, ალერსიანი მახსოვს. ხმას არასდროს აუწევდა, მაგრამ მისი მცირეოდენი საყვედურიც კი, ჩვენზე მაგიურად მოქმედებდა”, – იხსენებს მსახიობის უმცროსი ვაჟი, რეჟისორი გიორგი შენგელაია.
ნატო ვაჩნაძის ძეგლისთვის ადგილიც საგანგებოდ შეირჩა. ეს არის ტერიტორია, სადაც 1923 წელს არსებობდა პატარა პავილიონი, საიდანაც დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა და საიდანაც, 30 წლის შემდეგ, უკანასკნელ გზაზე გააცილეს და გამოემშვიდობნენ იმ ეპოქის ბუმბერაზი მსახიობები, აკაკი ხორავა, გიორგი შავგულიძე, სერგო ზაქარიაძე და სხვები.
ძეგლის გახსნამდე ელდარ შენგელაიამ სიტყვა მიწვეულ სტუმრებს გადასცა. თბილისის მერის დავით ნარმანიას შეფასებით, ნატო ვაჩნაძე თბილისელი მაყურებლისთვის საყვარელი და გამორჩეული მსახიობი იყო, რომელიც, მიუხედავად იმ პერიოდის სირთულეებისა, თავისი მსახიობური ნიჭით, არამარტო საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც იყო ცნობილი.
პირველი ქართველი კინომსახიობი, რომელიც საერთაშორისო კინოფესტივალზე, ვენეციის “ბიენალეზე” მოხვდა და მთელი თავისი მშვენებით წარსდგა, ლეგენდარული ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს, ვარშავაში დაიბადა. ქართული გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ მას სხვადასხვა სისხლი ერია. მისი ნამდვილი გვარი ანდრონიკაშვილია, დედა – ეკატერინე სვივიცკაია პოლონელი იყო, ბებია კი იტალიელი მომღერალი გყავდა, გვარად ვოხოლი. თბილისში ოპერის დაარსებისას, სხვა მომღერლებთან ერთად მიუწვევიათ, აქ გათხოვილა კაპელმეისტერ შონინგზე, სცენა მიოუტოვებია და თბილისში დარჩენილა. მათი შვილი, ანუ ნატოს დედა ცოლად სლივიცკის შეურთავს, რომელიც დედით რუსი ყოფილა. ნატოს მამა, გიორგი ანდრონიკაშვილი, რუსი ხელმწიფის სამსახურში მყოფი ოფიცერი იყო, რომელიც პოლონეთიდან საქართველოში დაბრუნებული ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა. ამის შემდეგ ნატოს დედა, თავისი ოთხი შვილით საცხოვრებლად კახეთში გადასულა.
ნატო ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში მერაბ ვაჩნაძეს გაჰყვა ცოლად. ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა მისგან შვილი, თენგიზ ვაჩნაძე დარჩა. ნიკოლოზ შენგელაია კი მისი მეორე ქმარი იყო და ერთმანეთთან საოცარი სიყვარული აკავშირებდათ.
1953 წელი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 49 წლის ასაკში, თავის დაბადების დღეს 14 ივნისს, ტრაგიკულად დაიღუპა. თვითმფრინავმა, რომლითაც მსახიობი რუსეთიდან სამშობლოში ბრუნდებოდა, კატასტროფა მისი მეუღლის, ნიკოლოზ შენგელაიას სოფელთან ახლოს განიცადა და მსახიობთან ერთად, ცამეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნატოს დამწვარი ნეშტი მისმა დამ საგვარეულო ბეჭდით ამოიცნო. მსახიობის ფერფლი თბილისის დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.
თუმცა, საბედისწერო რეისამდე იყო დიდი სიყვარული და წარმატება კინოში: “არსენა ყაჩაღი”, “სამი სიცოცხლე”, “ვინ არის დამნაშავე?”, “კრაზანა”, “ნათელა”, “გიული”, “უკანასკნელი ჯვაროსნები”, “აკაკის აკვანი”, “ქაჯანა” და სხვა.
“არაფერს ჰქონდა იმ წლებში ისეთი წარმატება, როგორც მუნჯ ფილმებს ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით. დედა ხმოვან ფილმებშიც მონაწილეობდა, მაგრამ როგორც კინოკრიტიკოსები აღნიშნავენ და მეც ვეთანხმები, ნატოს მთელი სიძლიერე იმაშია, რომ ძალზეც გამომსახველად თამაშობდა, იმ სურათებში სიტყვა ზედმეტი იყო. მან მხოლოდ ქართული საზოგადოება კი არ მოხიბლა, რუსეთიც…. იმ დროს ორი ვარსკვლავი იყო: ვერა ხოლოდნაია და ნატო ვაჩნაძე. ნატოს სურათები ფილმებიდან თუ ცხოვრებიდან, ჟურნალ-გაზეთებზე, საფოსტო ბარათებზე, პლაკატებზე იყო გამოსახული. მისმა ფილმებმა უდიდესი შემოსავალი მოუტანეს ქართულ კინოს და შეიძლება ითქვას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი კინოსტუდიის აშენებას”, – აცხადებს ნატო ვაჩნაძის უმცროსი შვილი გიორგი შენგელაია. ამ შეფასებაზე არავინ დაობს, სადაო მხოლოდ ის არის, აქამდე რატომ არ დაუდგეს ძეგლი ადამიანს, რომელიც სიცოცხლეშივე ძეგლის დადგმას იმსახურებდა.
დედის გარდაცვალებამდე შვილებმა, მამის, ნიკოლოზ შენგელაიას მოულოდნელი გარდაცვალება გადაიტანეს. 1943 წელს, თბილისისკენ მომავალ რეჟისორს გულმა ავტომობილის საჭესთან უმტყუნა. 10 წლის შემდეგ კი დედაც დაკარგეს. ბევრს სჯეროდა, რომ ამ ორი ლამაზი სულის ადამიანის ძლიერი სიყვარული უკვალოდ არ გამქრალა და, როგორც კინორეჟისორი ესფირა შუბი წერდა:
ნატო ჰაერში ნიკალაიმ დაიჭირა
“ნატა ვაჩნაძის სახე არის სახე მეტერლინკის ბეატრისასი, ან პოლ ადანის ნატალიასი – აქ არის ზეციური სიმშვიდე და ანგელოსის სისადავე. ასეთი თვალები აქვს ქართულ ფრესკაზე ღვთისმშობელს, რომელსაც წასვლია საღებავი და რომლის თვალები დახვრეტილია მონღოლთა, ოსმალოთა და ლეკთა ტყვიით…”, – ეს სიტყვები ცნობილმა პოეტმა, გალაკტიონ ტაბიძემ ქართული მუნჯი კინოს ლეგენდას და სილამაზის ეტალონს, ნატო ვაჩნაძეს მიუძღვნა.
მსახიობი ნატო ვაჩნაძე სომეხმა რეჟისორმა აღმოაჩინა
მომავალი ვარსკვლავი კინორეჟისორმა ამბარცუმ ბეკ-ნაზაროვმა სრულიად შემთხვევით, ფოტოატელიეს ვიტრინაში აღმოაჩინა, მოძებნა და 19 წლის გოგონა ფილმ “მამის მკვლელში”, მთავარ როლში ათამაშა.
ყველაფერი უჩვეულოდ სწრაფად მოხდა. ნატო ვაჩნაძის აფიშებმა და პლაკატებმა მთელი ქალაქი მოიცვა. კინოთეატრებში მისი ფილმები ანშლაგის გადიოდა, ზოგჯერ დღეში 8 სეანსი. მას იწვევდნენ ცნობილი ქართველი რეჟისორები, მათ შორის, ალექსანდრე წუწუნავა, კოტე მარჯანიშვილი, ი. პერესტიანი, სიკო დოლიძე, მიხეილ ჭიაურელი, ნიკოლოზ შენგელაია. ეს უკანასკნელი შემდგომ ნატოს მეუღლე გახდა და ორი ვაჟი, ელდარ და გიორგი შენგელაიები (რეჟისორები რედ.) შეეძინათ.
“ნატო ვაჩნაძე არის ჩვენი მარადიული კინოვარსკვლავი, იგი ქართული კინემატოგრაფიის სახეა, მან არა მარტო თავისი უკვდავი სახე შექმნა, არამედ ფიზიკურად ჩამოაყალიბა ქართული კინოსტუდია. მისი ფილმების კინოჩვენებებიდან ყოველ დღე შემოსული თანხა, სტუდიის ბიუჯეტში ირიცხებოდა და იმის მიხედვით იწყებოდა უკვე ახალი ფილმების გადაღება. ეს არის გაუგონარი და დაუფასებელი ფაქტი, მაგრამ, მთავარი ის არის, რომ მის თვალებში ყოველთვის გამოკრთოდა ქართველი ქალის სხივი. ამის შენარჩუნებას ცდილობდნენ ჩვენი ქართველი რეჟისორები”, – გვითხრა კინოკრიტიკოსმა გოგი დოლიძემ.
მისი თქმით, რეკორდული რაოდენობის მაყურებელი ჰყავდა ფილმს “ვინ არის დამნაშავე”, სადაც ნატო ვაჩნაძე მთავარ როლს ასრულებდა. “იმ ეპოქის პრესას თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ 15 დღის განმავლობაში, 52 ათასზე მეტმა მაყურებელმა ნახა ეს ფილმი კინოთეატრებში, დღეში 8 სეანსი იმართებოდა. წარმოგიდგენიათ? ყოველ 2 საათში. მაყურებლები აწყდებოდნენ კინოთეატრის დარბაზს”, – ამბობს გოგი დოლიძე.
იმ ხანებში საქართველოში დიდი რაოდენობით უცხოური ფილმები შემოდიოდა და უეცრად, ფართო ეკრანებზე გამოჩნდა ქალი, რომელიც თავისი მომხიბვლელობით და მსახიობობით, არავის უდებდა ტოლს. მას ქართველი ვერა ხოლოდნაიაც (რუსული მუნჯი კინოს ვარსკვლავი) კი შეარქვეს.
“პატარა ერის შვილს ხვდება ასეთი ბედი, როდესაც მას სხვა, დიდი ქვეყნის ვარსკვლავებს ადარებენ. ნატო ქალური მშვენიერების მარადიული საზომია”, – განაცხადა Dalma News–თან საუბრისას კინოკრიტიკოსმა გოგი დოლიძემ.
გამოქანდაკებული ნატო გამოქანდაკებული ნატო
მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრა. მას ერთდროულად უნდა შეექმნა კინო ვარსკვლავის და მოსიყვარულე მეუღლისა და დედის სახე. ქანდაკებაზე მუშაობის დაწყებამდე იგი გაეცნო ნატო ვაჩნაძის ბიოგრაფიას, მოიძია საარქივო ფოტოები და მხოლოდ ამის შემდგომ შექმნა ესკიზი. მთავარი იდეის თანახმად, უნდა შეექმნა ძეგლი, რომლის დანახვისთანავე ადამიანი მასში აღიქვამდა “აქტრისას” და არა ჩვეულებრივ, რიგით ლამაზ ქალბატონს.
“18 – 20 წლის ასაკში გადაღებული მისი ფოტო აღმოვაჩინე, კიდევ ერთ ფოტოზე ქუდით არის, სწორედ ამ ფოტოებზე დაყრდნობით შევქმენი კომპოზიცია. მთავარი იყო, ყოფილიყო “აკტრისა”, თავიდან ბოლომდე. ნატო ვაჩნაძე თავისი ეპოქის მოდის ერთგვარი შემქმნელიც იყო. თბილისში მისი ჩაცმულობის სტილს ბევრი ჰბაძავდა. უფროსი თაობის ადამიანებისგან ვიცი, რომ თბილისში ნატო ვაჩნაძე, როგორც გამოიყურებოდა და როგორ ჩაიცვამდა, ხალხიც იმ მოდას მისდევდა”, – ამბობს ლევან ვარდოსანიძე.
ქანდაკების შექმნის პროცესს ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მსახიობის ოჯახის წევრები, ისმენდნენ სხვა მოქანდაკეების და ავტორიტეტული პიროვნებების მოსაზრებებს, მთავარი მოთხოვნა იყო, ნატოს ძეგლის შემქმნელს მისი შარმი დაეჭირა. მაგრამ მიუხედავად ამ მონდომებისა და მცდელობისა, ძეგლს კრიტიკოსებიც აღმოაჩნდნენ. ძეგლის გახსნას სოციალურ ქსელში მაშინვე მოჰყვა კრიტიკული შეფასებები, რომ ნატოს ქანდაკება ზედმეტად სექსუალურია, მაშინ როდესაც თავად მსახიობი, მოკრძალებული და ნამდვილი მეოჯახე ქართველი ქალი იყო. ზოგს მისი გარეგნობისა და ქუდის მიმართ აქვს პრეტენზიები.
თავად მსახიობის შვილი, რეჟისორი ელდარ შენგელაია აღტაცებულია მოქანდაკის ნამუშევრით და მიაჩნია, რომ ნატო ვაჩნაძის ძეგლი ზუსტად ასეთი უნდა ყოფილიყო. ნანახით უკმაყოფილოა კინოკრიტიკოსი გოგი დოლიძეც და მიაჩნია, რომ ნატოს ვაჩნაძის ქანდაკება მისი კინო როლების გამოძახილი უნდა ყოფილიყო.
“ნატო ვაჩნაძემ ევროპელი ქალის როლი, მხოლოდ ერთხელ შეასრულა, ძირითადად კი მან შექმნა გაუბედურებული, დაჩაგრული ქართველი გლეხი ქალის სახე და მაყურებელსაც სწორედ ასეთი ნატო ვაჩნაძე ახსოვს. რომელ ფილმს გაგონებთ ეს მონუმენტი? მთავარი ის არის, რომ მის თვალებში ყოველთვის გამოკრთოდა ქართველი ქალის სხივი. ამის შენარჩუნებას ცდილობდნენ ჩვენი ქართველი რეჟისორები და ამიტომ არ მესმის ამ მონუმენტის. ეს არ არის ნატო. მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ გვახსოვს იგი და იმედია, მომავალში ამაზე უკეთესი მონუმენტები დაიდგმება”, – აცხადებს გოგი დოლიძე.
თავად ნატო ვაჩნაძე კი თურმე წუხდა, რომ არასდროს ჰონდა საშუალება, უფრო მხიარული როლები ეთამაშა. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მუნჯი კინოს გარდა ნატო ვაჩნაძე ხმოვან კინოშიც იღებდნენ. ეს ორი, სრულიად სხვადასხვა „სამყარო“ მისგან განსაკუთრებულ შრომას და გარდასახვას მოითხოვდა.
როგორც Dalma News-ს გოგი დოლიძემ განუცხადა, მუნჯი კინოდან ხმოვან კინოში გადასვლა ურთულესი ეტაპი იყო ნატო ვაჩნაძის სამსახიობო ცხოვრებაში. “თუ ნახავთ გასული საუკუნის 30-იანი წლების ფილმებს, ყურს მოგჭრით მისი არაქართული დიქცია. დროთა განმავლობაში, ვარჯიშის შედეგად ეს გამოასწორა, მაგრამ ფილმ “არსენაშიც” ადგილ – ადგილ ყურში გვხვდება მისი განსხვავებული მეტყველება. ალბათ, რეჟისორებს მაშინ უნდა ეზრუნათ იმაზე, რომ სხვა მსახიობს გაეხმოვანებინა მისი გმირები”, – მიაჩნია კინოკრიტიკოსს.
ვინ იცის, რატომ არ მიმართეს მაშინდელმა რეჟისორებმა ამ ოსტატურ კინოხრიკს. შესაძლოა მათ სურდათ ნატო ვაჩნაძე ეკრანზე ბოლომდე ბუნებრივი დარჩენილიყო თავისი გამომსახველობითი მიმიკებით თუ ხმის ტემბრით. ყოველივე ამის მიუხედავად, თვით კინოკრიტიკოსებიც აღიარებენ, რომ არ არსებობს მსახიობი, რომელსაც საკუთარ ხალხში პოპულარობით ვინმე შეედაროს. მთავარი მაინც ის არის, შენი ხალხისთვის, თუ ხარ ისეთი ღირებული და ძვირფასი, როგორიც ნატო ვაჩნაძე იყო.
შორენა პაპაშვილი Dalma News-თვის