საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, ახალ 2018 წელს, საახალწლო ილუმინაციებით უხვად განათებული ეგებება. ქალაქის მთავარი, რუსთაველის გამზირი ოქროსფრად არის განათებული. იტალიიდან ჩამოტანილი საახალწლო მორთულობის დამონტაჟების პროცესს დედაქალაქის ახალი მერი, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე პირადად ადევნებდა თვალს და ხმამაღლა აცხადებდა, რომ თბილისი, მსოფლიო ქალაქებს შორის, საახალწლოდ ყველაზე ლამაზად განათებული ქალაქი უნდა იყოს. “სიცოცხლით სავსე ქალაქი” მისი წინასაარჩევნო სლოგანია.

რუსთაველის გამზირის მორთულობებისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარამდე დაიხარჯა. გამზირზე იტალიური წარმოების, ოქროსფრად განათებული პეპელას ფორმის 32 ილუმინაცია განთავსდა, დეკორატიულად გაფორმდა ხეებიც.

ცენტრალური ქუჩების გარდა, წელს საახალწლოდ თბილისის გარეუბნებიც მოირთო. ადგილობრივი მცხოვრებლებისგან ხშირად გაიგონებდით გულისწყვეტით ნათქვამს, რომ საახალწლო განწყობა მათ უბანში არ იგრძნობოდა. თბილისის ახალმა მერმა, წელს არავის დასწყვიტა გული, თუ კი ახალი შეძენილი ილუმინაციებით რუსთაველის გამზირი მორთეს, ძველი განათებები დანარჩენ ქუჩებზე გადაანაწილეს. ქალაქის სადღესასწაულოდ მოსართავად წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,2 მლნ ლარამდე დაიხარჯა და 30-მდე ქუჩა განათდა.

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო, 15 დეკემბერს კი, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ქართული მანებითა და სპეციალურად დამზადებული სათამაშოებით გაფორმებული მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას თბილისის მერი ოჯახთან ერთად დაესწრო. 31 დეკემბერს კი, თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ტრადიციულ გალა-კონცერტზე “ვარდების მოედანზე” ელიან.

9c345b1beeabe53db12e787484c60304

როგორც Dalma News-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, საახალწლო ილუმინაციებთან დაკავშირებული ყველა მომსახურება ტენდერით შეიძინეს და სხვადასხვა მომსახურებაზე სხვადასხვა კომპანიებმა გაიმარჯვეს. სრულად აღადგინეს ძველი სანათები, ქალაქის რამდენიმე ქუჩა – აღმაშენებლისა და გამსახურდიას გამზირები და კახეთის გზატკეცილი ახალი ილუმინაციებითა და ახალი დიზაინით გაფორმდა.

ძვირადღირებული იტალიური განათების შესყიდვას ოპოზიციური პარტიების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი აზრით, ქალაქს, რომელსაც ჯერ კიდევ უამრავი სოციალური პრობლემა აქვს მოსაგვარებელი და სიღარიბე ჯერ კიდევ დაუძლეველია, რამდენიმე მილიონი ლარის საახალწლო განათებაში გადახდა არ შეშვენის.

ოპოზიციის კრიტიკასთან თბილისის მერმა საკუთარი არგუმენტები შეაგება და განაცხადა, რომ მისი მიზანია, თბილისი ყოველთვის მოიაზრებოდეს მსოფლიოს საუკეთესო დედაქალაქებს შორის და უფრო მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქი გაცილებით ლამაზად განათდეს.

“არავის არაფრით ჩამოვუვარდებით – საახალწლო განათებასაც გავაკეთებთ, როგორც ეს ჩვენს დედაქალაქს სჭირდება, ეკოლოგიასაც მივხედავთ, ტრანსპორტსაც განვაახლებთ, მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ ძველ თბილისს და ამაში ვერავინ გაგვიწევს წინააღმდეგობას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, იტალიური კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ლონდონის მთავრობამ სწორედ ამ კომპანიას ანდო 2017 წელს, ქალაქის საახალწლო..

bridge-of-peace-in-old

თბილისის მერმა, ასევე, დაიწყო კამპანია – “ერთად მოვრთოთ თბილისი”, რომლის ფარგლებშიც თბილისის მცხოვრებლებს ქალაქის საახალწლოდ გალამაზებაში მონაწილეობას სთავაზობს, კერძოდ, მოქალაქეებს მოუწოდებს საკუთარი სახლის აივნები და ფანჯრები საახალწლო განათებებით გააფორმონ. პირველი მაგალითი თანამოქალაქეებს თავად მისცა, როდესაც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, ბაზრობაზე ნაყიდ იაფფასიან განათებას როგორ ამაგრებს საკუთარი ბინის აივანზე.

კახა კალაძის აზრით, ახალი წელი ის თარიღია, რომლის ნამდვილ დღესასწაულად გადაქცევაში საერთო განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

“სამწუხაროდ, რეალობიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხეთ, რომ ყველა რაიონში შევიდეთ, ყველა უბანი, ყველა ქუჩა მოვრთოთ და გავალამაზოთ საახალწლოდ. მინდა დახმარება ქალაქის მოსახლეობას ვთხოვო, მონაწილეობა მიიღონ ქალაქის მორთვაში. საახალწლოდ ყველა ოჯახი შეძლებისდაგვარად ემზადება და ერთი საახალწლო განათება ან საახალწლო აქსესუარი საკუთარ აივანზე, საკუთარ ფანჯარაზე რომ გადმოკიდონ, ძალიან კარგი იქნება. დარწმუნებული ვარ, საახალწლოდ მორთული აივნები და ფანჯრები ძალიან დაამშვენებს ჩვენს ქალაქს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

საახალწლო ღონისძიებები…

წელს თბილისელებს კიდევ ერთი სიახლე ელით. დედაქალაქის ათივე რაიონს ველოსიპედებზე შამომჯდარი სანტები ეწვევიან და მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებენ, დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ და საახალწლო განწყობას შეუქმნიან. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში განხორციელებულმა პროექტმა – “ველო სანტა”, სტარტი 28 დეკემბერს, პეკინის ქუჩიდან აიღო და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ დღეს სანტებმა ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ნაძალადევის რაიონები მოიცვეს, 29 დეკემბერს კი, გლდანი-ნაძალადევის რაიონში გამოჩნდნენ, 30 დეკემბერს საახალწლო განწყობა – ისანი-სამგორის, ხოლო 31 დეკემბერს კრწანისის რაიონში შეიტანეს.

დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და თბილისი ნამდვილ საახალწლო ქალაქად გადაიქცევა. “დედაენის ბაღში” საახალწლო ქალაქი გაიხსნა და ვიზიტორებს დილის 10:00 საათიდან, ღამის 12 საათამდე, მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით მასპინძლობს. კინოს მოყვარულთათვის ფუნქციონირებს ღია კინოთეატრი. ყოველდღე 12:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე სხვა ღონისძიებებთან ერთად სპეციალურად პატარებისთვის, საბავშვო გასართობი ღონისძიებები იმართება. ეწყობა საახალწლო სპორტული აქტივობები, ფუნქციონირებს სახელოსნოები და დაინტერესებული პირებისთვის ეწყობა ვორქშოფები.

“დედაენის ბაღში” ყოველდღიურად ქართველი მომღერლების საახალწლო კონცერტებიც იმართება. 21:00 საათიდან 12:00 საათამდე დრო კი, ალტერნატიული მუსიკისა და დიჯეების კონცერტებს ეთმობა.

ვაკის პარკში ბავშვებისა და უფროსებისთვის საახალწლო ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. პატარების განწყობაზე ილუზიონისტებმა იზრუნეს. გაიმართა თოჯინების თეატრი – სპექტაკლი “მაშა და დათვი”, მინი სპექტაკლი – “როგორ მოიპარა გრინჩმა შობა”. საახალწლო ღონისძიება საღამოს, ესტრადის ვარსკვლავების და ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა.

30 დეკემბერს, დიდი როკსტარობა სამგორის რაიონში გაიმართა. ახალი წლის განწყობის შექმნაზე იზრუნეს ჯგუფების “არას” და “მიქსტურას” წევრებმა.

31 დეკემბერს, 23:00 საათზე, საახალწლო გალა კონცერტები ვარკეთილში, გლდანში “სითი მოლი გლდანის” ავტოსადგომზე და ძველ თბილისში, ევროპის მოედანზე გაიმართება. გალა-კონცერტი ქალაქის სამ სცენას მოიცავს.

yuri_na_noviy_god_v_gruzii_07თბილისის მერიამ დღესასწაულებზე მისული მოსახლეობის გადაადგილებაზეც იზრუნა. 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, თბილისის “მეტროპოლიტენი” და ავტობუსები მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურებიან. ავტობუსები მგზავრებს მეტროსადგურებამდე, სადღესასწაულო ღონისძიებების ადგილებამდე და ცენტრალურ უბნებამდე გადაიყვანენ.

შ. ქარჩავა