ისტორიის თანახმად, დაახლოებით 1492 წელს ქრისტოფერ კოლუმბის ექსპედიცია ინდოეთში ახალი მიწის საძიებლად გაემგზავრა. გემის იალქნები serge de Nimes-ის ქსოვილისგან იყო შეკერილი. ერთი საუკუნით ადრე კი, იტალიელმა მეზღვაურებმა იალქნის ტილოებისგან შეკერილი შარვლები შეიყვარეს. დროთა განმავლობაში ამ შარვლებს “ჯენესი”, ამერიკულად – “ჯინსი” შეარქვეს. თუ ჩავუღრმავდებით ინგლისურ ენაზე სიტყვების – denim და jeans-ის წარმოშობას – პირველი მიანიშნებს ფრანგულ ქალაქ ნიმს, რომელიც გამძლე ქსოვილების წარმოებით არის განთქმული, ხოლო მეორე – იტალიურ გენუას თავისი განთქმული ტექსტილის ფაბრიკებით.
საუკუნეების შემდეგ, ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, ვისაც ჯინსის ქსოვილისგან შეკერილი სამოსი არ უყვარდეს, ან არ აცვია. ჯინსის პროდუქცია ბრწყინავს მოდის კვირეულზე პარიზში, მილანში და ნიუ-იორკში. ახალგაზრდებს ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი გარდერობი გახეხილი და დახეული ჯინსების გარეშე. ჯინსები შეუცვლელია, შესაბამისად, ტექსტილის მრეწველობაში – შემოსავლიანი. სწორედ ამიტომ ბევრი სამკერვალო კომპანია უშვებს ჯინსის სამოსს.
ძალიან მალე სომხურ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ჯინსები გამოჩნდება. მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე სრულად თუ ვერ ჩაანაცვლებენ, თურქული და ჩინური წარმოების ჯინსებს, მათ რაოდენობას მაინც შეამცირებენ. სომხეთის მთავრობამ გიუმრიში ამბიციური წარმოების შესახებ ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ვინ იცის, იქნებ მომავალში სომხური ჯინსი მსოფლიოში ცნობილ ბრენდად იქცეს და სომხეთის ეკონომიკური მიმზიდველობა აამაღლოს?!
იმისთვის, რომ ჯინსების პროექტი – Made in Armenia განეხორციელებინა, გიუმრიში მცხოვრებ ზაქარიანების ოჯახს 2 მილიონი აშშ. დოლარი, საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი სპეციალური დანადგარი, იტალიელი კონსულტანტები და სომხეთის მთავრობის მხარდაჭერა დასჭირდა, რომელმაც კომპანია უცხოეთში შესყიდული პროდუქციის საბაჟო გადასახადებისგან სამი წლით გაათავისუფლა, ასევე საგადასახადო სისტემაში გარკვეული შეღავათები დაუწესა. შედეგად, სომხური ჯინსების მწარმოებელ პატარა კომპანიაში დაახლოებით 50 ადამიანი მუშაობს, რაც გეგმის მიხედვით, უახლოეს ორ წელიწადში უნდა გაორმაგდეს.
აღსანიშნავია, რომ „ზაქარიანების“ კომპანიის პროდუქციის დაახლოებით 5% სომხურ ბაზარზე გაიყიდება, რადგანაც პატარა ქვეყნის ადგილობრივი ბაზარი სავსეა იმპორტირებული ჯინსებით. გარდა ამისა, გიუმრის კომპანიის ძირითადი მიმართულება ექსპორტია. მწარმოებლებმა უკვე გააფორმეს კონტრაქტები რუსეთთან, უახლოეს მომავალში დაგეგმილია იტალიურ და სხვა ევროპულ კომპანიებთან მოლაპარაკებების გამართვა.
სომხეთი თავისი ტექსტილით ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის პერიოდში, ისე მის შემდეგაც. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყანაში ეკონომიკური რეცესია დაიწყო. ეკონომიკის ყველა სექტორმა პრაქტიკულად შეწყვიტა “სუნთქვა”, მაგრამ ბოლო წლებში, მათ შორის, უცხოელი ინვესტორების წყალობით, ბევრი მათგანი ცოცხლდება. “სომხეთის ბიზნესის” ფონდის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სომხეთში ტექსტილის პროდუქციის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მოცულობის ექსპორტი 35%-43% -ით გაიზარდა. მარტო 2018 წლის პირველ ნახევარში სომხეთიდან ტექსტილის პროდუქციის ექსპორტი 59%-ით გაიზარდა და 89,5 მილიონ დოლარს მიაღწია. რა თქმა უნდა, ამ ციფრებში სომხური ჯინსების პროდუქციაც იგულისხმება, რომელიც რესპუბლიკაში შეკვეთით მზადდება.
თუმცა, სომხური წარმოების ჯინსები მთლად ახალი ამბავიც არ არის – ბოლო რამდენიმე წელიწადში ადგილობრივ ბაზარზე თურქული და ჩინური წარმოების პროდუქციის შევიწროების არაერთი მცდელობა იყო. ჯერჯერობით უშედეგოდ, თუმცა საფუძველი ჩაყრილია.
სომხური ტექსტილის რეანიმაციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთმა. მაგალითად, 2014 წელს, რუსეთის მთავრობის დაფინანსებით და მხარდაჭერით სომხეთში UNIDO-ს მსუბუქი მრეწველობის განვითარებისათვის ამოქმედდა პილოტური პროგრამა “მოდერნიზაციის და გასაღების ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ხარჯზე სომხეთში ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა”. პროექტის მონაწილე 8 კომპანიის წარმომადგენლები საერთო მარკის «5900BC» გარშემო მოდური სამოსის ერთობლივი კოლექციის შემუშავება-წარმოებისთვის გაერთიანდნენ.
ძალიან მალე საერთო სომხური ბრენდის ფარგლებში შემუშავებული მოდელებით “ვალენტინა იუდაშკინას მოდების სახლი” დაინტერესდა. სომხური სამკერვალო ფაბრიკა Nanman-ი, რომელმაც წარმოების და ექსპორტის განვითარებისათვის სომხური მთავრობის მხარდაჭერა არაერთგზის მიიღო, განაგრძობს მოსკოვში საკუთარი მოდელების მიხედვით შეკერილი ჯინსების მიწოდებას.
სირიაში ომის დაწყების შემდეგ ბევრი სირიელი სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა. 2013 წელს, ლიბანელმა სომეხმა, ბიზნესმენმა სემ გრაჩ სალიბიანმა და სირიელმა სომეხმა არუტ პაპაზიანმა დაარსეს კომპანია “კარავაჯი”, რომელიც სხვა მოდელებთან ერთად, ჯინსის სამოსსაც კერავდა. სხვათა შორის, მას “აი ჯინსი” ეწოდა. თუმცა, ამ ამბიციურმა პროექტმა სომხეთის ბაზრის დაპყრობა და უცხოური პროდუქტის დაჩრდილვა ვერ შეძლო.
თავისუფლად შეგვიძლია სომხურ პროდუქციას ხარისხიანი ვუწოდოთ. თუ რამდენიმე წლის წინ, ბევრი მომხმარებელი ეროვნულ პროდუქტს უმეტესწილად პატრიოტული მოტივების საფუძველზე იძენდა, დღეს სტერეოტიპი – “იმპორტირებული პროდუქცია ყოველთვის უკეთესია”, აღარ მოქმედებს. ასე რომ, შესაძლოა, მალე სომხური წარმოების ჯინსები ტრენდული და მოთხოვნადი გახდეს.
ლინა მაკარიანი
თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი