საინფორმაციო სააგენტო EADaily-მ გამოაქვეყნა სტატია “სომხეთში აშშ-ს “ბიო ლაბორატორიული” ექსპანსიის ზოგიერთი ელემენტის შესახებ”, სადაც საუბარია იმაზე, თუ ვის და რა მიზეზით სჭირდება სომხეთში ბიოლაბორატორიის შექმნა.
პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მიმართ აშშ-ს სამხედრო და პოლიტიკური გავლენა, როგორც წესი, ასოცირდება სამხედრო ქვედანაყოფების და სამხედრო ბაზების დისლოკაციასთან, არასასურველი რეჟიმების თავიდან მოსაცილებლად “ფერადი რევოლუციების” ორგანიზებასთან. ხშირად ამერიკული გეოპოლიტიკური ექსპანსიის “გამტარებლები” ე.წ. პარტნიორი ქვეყნების ტერიორიებზე შექმნილი სხვადასხვა ბიოლოგიური ლაბორატორიებია. ასეთი, რეფერენს-ლაბორატორიები 2010 წლიდან – უკრაინაში, 2011 წლიდან – საქართველოში, 2016 წლიდან – ყაზახეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში და უზბეკეთში მოქმედებენ.
რუსეთის მოკავშირე ქვეყნის – სომხეთის ტერიტორიაზე შარშან სამი ლაბორატორია გაიხსნა: ერევანში, გიუმრიში და იჯევანში. პროექტი პენტაგონის საფრთხეების შემცირების სააგენტომ დააფინანსა. განსაკუთრებით საშიში პათოგენებისთვის რეფერენს-ლაბორატორიის შესაქმნელად, სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურს, 4,1 მილიონი აშშ დოლარი გამოუყვეს. კიდევ 9,8 მილიონი აშშ დოლარი – სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს “დაავადებების პროფილაქტიკის და კონტროლის ეროვნული ცენტრის” რეფერენს-ლაბორატორიის რემონტისთვის, 1,7 მილიონი აშშ დოლარი კი – ორივე დაწესებულებისთვის ავეჯის და მოწყობილობების შესაძენად.
აშშ-ს მიერ სომხეთში ბიოლაბორატორიის შესაქმნელად გაღებული გულუხვი დაფინანსება განგაშის შეგრძნებას იწვევს. ცხადია, ამერიკის საელჩოს და ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებების წარმომადგენლებმა, არაერთხელ განაცხადეს, რომ აღნიშნული ლაბორატორიების არსებობა გეოპოლიტიკურ პრობლემებს არ უკავშირდება. როგორც შარშან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, სომხეთი ისეთ რეგიონში მდებარეობს, სადაც მიგრაციის დიდი მაჩვენებელია, ამიტომ რესპუბლიკაში დაავადებების გავრცელების დიდი საშიშროებაა. საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად, სომხეთი თითქოს და ვალდებულია საფრთხეები დროულად აღმოაჩინოს და რეაგირება მოახდინოს, აღკვეთოს მათი გავრცელება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ლაბორატორიები კი, კვლევითი ხასიათისაა. სომხურმა მხარემ, ასევე აღნიშნა, რომ ლაბორატორია ვერ იქნება ორმაგი დანიშნულების, რადგანაც ქვეყანამ ბიოლოგიური იარაღის გავრცელების რისკების შემცირების ვალდებულება იკისრა.
ანალოგიური კომენტარი აპრილის ბოლო რიცხვებში ერევანში აშშ-ს საელჩოშიც გააკეთეს, სადაც განაცხადეს,რომ ეამაყებათ სომხეთის სახელმწიფოსთან თანამშრომლობით და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარება. შინაური ცხოველების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რემონტის დაფინანსება და ზეთანამედროვე ლაბორატორიების შექმნა, რომელთა წყალობითაც საშიში დაავადებების თავიდან ასაცილებლად საზოგადოებრივი მონიტორინგი ხორციელდება.
ლამაზი ფრაზები და დიპლომატია არსებულ ეჭვებს ვერ გააქარწყლებს. ეჭვები კიდევ უფრო გამწვავდა მცირე ზომის ვიდეოსიუჟეტმა, რომელიც საზოგადოებრივმა მოძრაობამ – “კანონის სახელით”, ერევანში ბიოლაბორატორიების ფუნქციონირების თემაზე მოამზადა. პირველ რიგში, გაუგებარი სწორედ ის არის, სომხეთში ვირუსების გავრცელების პოტენციურ საფრთხეებს, რატომ უნდა ებრძოდეს პენტაგონი და არა, თუნდაც, აშშ-ს ჯანდაცვა.
აღნიშნული ობიექტებიდან მომდინარე შესაძლო საშიშროებების შეფასებისას ექსპერტები ერთობ ფრთხილობენ, რაც იმით აიხსნება, რომ მათ სრულფასოვანი ინფორმაცია არ აქვთ. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ინფორმირებული და დაცული მომხმარებლის” თავმჯდომარე ბაბკენ პიპოიანის აზრით, სომხეთის ტერიტორიაზე რეფერენს-ლაბორატორიების წმინდად თეორიულმა ფუნქციონირებამ შესაძლოა სხვადასხვა პრობლემები და საფრთხეები გამოიწვიოს.
“ხომ ვხვდებით, რომ ლაბორატორია დახურული ობიექტი არ არის და რისკების შესახებ, თუკი ისინი მართლაც არსებობს, ყველაფერი იციან სომხეთისა და რუსეთის სპეც.სამსახურებმა. ცხადია, სომხეთში აშშ-ს ლაბორატორიების შექმნა რუსეთს არ მოსწონს, მგრამ ჩემის აზრით, საკითხის რუს კოლეგებთან განხილვისას, სომხურმა მხარემ საჭირო არგუმენტები მოიყვანა”, – მიაჩნია პიპოიანს.
საქმე იმაშია, რომ რეფერენს-ლაბორატორიების მშენებლობა ითვალისწინებს ვირუსების კოლექციაში დაცული ყველა ვირუსული შტამების ამერიკული მხარისთვის გადაცემას. ყველა ლაბორატორიის მუშაობას აშშ-ს სამხედრო უწყება აკონტროლებს. ბიოლოგიური საფრთხეების თავიდან აცილების პროექტის ფარგლებში ლაბორატორიების მშენებლობა აშშ-ს საშუალებას აძლევს აკონტროლოს ბიოლოგიური ობიექტები, როგორც შესაბამისი პოსტსაბჭოთა ქვეყნის, ასევე ტრანს სასაზღვრო მეზობლების ტერიტორიებზე. წესები თითოეულმა ვირუსოლოგმა იცის: ბაქტერიების შესწავლიდან ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნამდე – ერთი ნაბიჯია.
გარდა ამისა, აშშ-ს ლაბორატორიების შექმნა, იმ ქვეყნების მთავრობების კონტროლს არ ექვემდებარება, სადაც განლაგებულია. ლაბორატორიები დახურულ რეჟიმში ფუნქციონირებენ. ლაბორატორიის პერსონალი, რომელიც მხოლოდ ამერიკელებისგან შედგება, დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, ხოლო ადგილობრივი სამოქალაქო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, იმ ობიექტებამდე ხელი არ მიუწვდებათ. ლაბორატორიაში 50-დან 250-მდე ადამიანი მუშაობს, რაც ბევრად აღემატება იმავე მიზნით შექმნილი, ავტომატიზირებული სამოქალაქო ლაბორატორიისთვის საჭირო პერსონალს.
პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ს მიერ დაფინანსებული ობიექტები გლობალური ლაბორატორიული სისტემის ნაწილია, რომლებსაც ვაშინგტონი მთელს მსოფლიოში აფართოებს. თეორიულად, რუსეთის საზღვართან ახლოს ამერიკული ლაბორატორიების ქსელი პენტაგონს მთელი რიგი სტრატეგიული საკითხების მოგვარებაში ეხმარება. ესენია: სხვადასხვა პათოგენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მათთან ბრძოლის მეთოდები და ამ ინფორმაციის ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად გამოყენება. ცხოველებში ინფექციური დაავადებების გამოწვევით სოფლის მეურნეობისთვის ზარალის მიყენება. საბჭოთა სამეცნიერო მემკვიდრეობაზე ხელმისაწვდომობა. მაგალითად, ამერიკის დახმარების სანაცვლოდ საშიში დაავადებების აღმძვრელი არსებული კოლექცია (მათ შორის სსრკ-ში შექმნილი მიკროორგანიზმების საბრძოლო შტამები) თავის დროზე ამერიკელებს უკრაინამ, საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა გადასცეს.
ჯერ კიდევ 2015 წელს, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მრჩეველმა ჯეფრი სილვერმანმა გამოცემა “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციისთვის გვერდის ავლის მიზნით იქმნება.
“ლუგარის ლაბორატორია აეროპორტის გვერდითაა. ბომბების ჩატვირთვას, ან იქიდან სხვა ტერიტორიებზე ვირუსების გადატანას ბევრი დრო არ დასჭირდება”, – განაცხადა მან, საქართველოში არსებული ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ამოცანებსა და ფუნქციებზე საუბრისას. ამ ლაბორატორიის შესაქმნელად თავის დროზე ამერიკელებმა 300 მილიონი აშშ. დოლარი დახარჯეს.
ერთობ საინტერესოა ერთი ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ საშიში ინფექციები თავს ყველაზე მეტად აფრიკასა და სამხრეთ აზიაში იჩენენ, ამერიკელი სამხედროები დიდ ყურადღებას ავლენენ იმ ქვეყნებისადმი, სადაც შედარებით ხელსაყრელი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. თუმცა, ამ ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა ვაშინგტონის ძირითად გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგე – რუსეთის საზღვრებთან ახლოს, ამ ქვეყნებს ამერიკული სამხედრო უწყებების “ლაბორატორიული” აქტივობის პრიორიტეტულ მიმართულებად აქცევს.