სომხეთის პარლამენტმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სახალხო საპროტესტო გამოსვლების ლიდერი, ფრაქცია “ელკ”-ის ხელმძღვანელი, ნიკოლ პაშინიანი არ აირჩია. მისი ინიციატივით მთელი რესპუბლიკის მასშტაბით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები მოეწყო, რის გამოც სომხეთის მრავალწლიანი ხელმძღვანელი სერჟ სარგსიანი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. ამის შემდეგ, პაშინიანმა სომხეთის მმართველ რესპუბლიკურ პარტიას ძალაუფლების ჩაბარება მოსთხოვა. თუმცა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე პაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს.
დეპუტატების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: მომხრე – 45%, წინააღმდეგი – 56%. მომხრეებს შორის იყვნენ ოპოზიციური ბლოკების: “ელკ”-ის, “ცარუკიანი”-ის და პარტია “დაშნაკცუტიუნ”-ის ფრაქციები. ერთადერთი რესპუბლიკელი დეპუტატი, რომელმაც პაშინიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, იყო შირაქის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი ფელიქს ცოლაკიანი. ხოლო “დაშნაკცუტიუნის” ფრაქციის დეპუტატმა, აგვან ვარდანიანმა განაცხადა, რომ მზად არის დეპუტატის მანდატი დათმოს, ვიდრე ოპოზიციის ლიდერს ნიკოლოზ პაშინიანს მისცეს ხმა. ეს გადაწყვეტილება მისივე თანაპარტიელებისთვისაც მოულოდნელი იყო.
პრემიერ-მინისტრად ნიკოლოზ პაშინიანის ასარჩევად საჭირო იყო უბრალო ხმათა უმრავლესობა, ანუ 53 დეპუტატის მხარდაჭერა.
“ამ საკითხზე შვიდ დღეში შევხვდებით“, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, არა ბაბლოიანმა.
მზადება პირველი მაისისთვის
პარლამენტში კენჭისყრისთვის პრემიერობის ერთადერთი კანდიდატი პაშინიანი იყო. ფაქტობრივად, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის და სხვა პოლიტიკური ძალებისადმი მიმართულმა მისმა ულტიმატუმმა მიზანს მიაღწია – საპარლამენტო ფრაქციები შეთანხმდნენ, რომ პრემიერის პოსტზე მხოლოდ სახალხო კანდიდატი უნდა დაინიშნოს. საკუთარი ფრაქცია “ელკ”-ის გარდა პაშინიანის კანდიდატურას მხარი ღიად დაუჭირეს ბლოკმა “ცარუკიან” და სომხეთის რევოლუციურმა ფრაქცია „დაშნაკცუტიუნ“-მა. შედეგად, პაშინიანმა 47 მანდატი მიიღო, თუმცა პრემიერის პოსტზე არჩევისთვის საჭიროა მინიმუმ 53 ხმა.
წინა დღით, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ მიტინგზე პაშინიანმა თავის მომხრეებს მოუწოდა, პირველი მაისისთვის მოედანზე შეკრებილიყვნენ და პრემიერის თანამდებობაზე „დე-იურედ“ მისი არჩევა აღენიშნათ.
თუმცა, გვიან საღამოს, Facebook-ის საკუთარ გვერდზე პაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე “ხალხის კანდიდატის” არჩევას ხელი შეუშალონ. შედეგად, მან თავის მომხრეებს პირველ მაისს რესპუბლიკის მოედანზე მიტინგის გამართვის და “თავისი გამარჯვებისთვის” ბრძოლისკენ მოუწოდა.
“მოგიწოდებთ, ხვალ ათი ათასობით გამოხვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა აჩვენოთ საკუთარი ნება და მხარდაჭერა, რათა სერჟ სარგსიანის გეგმები ჩავშალოთ. მათი გეგმის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ხვალ პრემიერის არჩევა ჩაშალონ და სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ძალაუფლება აღადგინონ”, – მიმართა პაშინიანმა თავის მომხრეებს.
თავის მხრივ, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, პარტია კენჭისყრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ პაშინიანის პროგრამის გაცნობის შემდეგ მიიღებს და სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ფრაქცია, ამის შემდეგ გაახმაურებს თავის გადაწყვეტილებას.
ამასთანავე, როგორც ეროვნული კრების სპიკერმა არა ბაბლოიანმა განაცხადა, სომხეთში ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევნები სომხეთის რეალობის უპრეცედენტო მოვლენად იქცა:
“პარლამენტის სხდომა განსაკუთრებულ ვითარებაში მიმდინარეობს, საპარლამენტო უმრავლესობას კანდიდატი არ ჰყავს და ჩვენ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს განვიხილავთ”, – განაცხადა მან.
თავად არჩევნების პროცესი სომეხი დეპუტატების ჯერ არნახული აქტივობის ფონზე მიმდინარეობს, ხოლო სომხეთის პარლამენტისადმი მსოფლიო მედიის ყურადღება იმით განისაზღვრა, რომ ამ მოვლენების გასაშუქებლად სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 100-ზე მეტმა უცხოელმა ჟურნალისტმა გაიარა აკრედიტაცია.
სომხეთის “რესპუბლიკური” პარტიის მხრიდან კენჭისყრის შესაძლო ჩაშლის საკითხთან დაკავშირებით, პაშინიანი პარლამენტში თავისი კანდიდატურის განხილვით წარსდგა. მისივე თქმით, გავრცელებული ჭორების თანახმად, ექსპრეზიდენტები სერჟ სარგსიანი და რობერტ კოჩარიანი, ყველა ფრაქციის დეპუტატებზე პირადად ახდენდნენ ზემოქმედებას, ემუქრებოდნენ და მოითხოვდნენ, რომ ხალხის კანდიდატისთვის ხმა არ მიეცათ.
“წარმოიდგინეთ, ცნობილმა ტანდემმა შეიმუშავა საერთო სახალხო დევნის და ხელისუფლებაში დაბრუნების გეგმა, რომლის ძირითადი ინსტრუმენტი უწინდებურად მუქარა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება და კომპრომატებია. მინდა, ამ ტრიბუნიდან განვაცხადო: ბატონები, თქვენ ვერ ხვდებოდით და კვლავაც ვერ ხვდებით სომხეთში არსებული ვითარების არსს… თქვენი ასეთი ქცევა, პირდაპირი გაგებით, პოლიტიკურ ცუნამს გამოიწვევს”, – განაცხადა პაშინიანმა.
მან ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი პრიორიტეტების, ასევე ეკონომიკის და სოციალურ სფეროებში, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში პრობლემების მოგვარების საკუთარ ხედვებზე. იგი დამსწრე საზოგადოებას დაჰპირდა, რომ მკაცრად იბრძოლებს ეკონომიკაში მონოპოლიის წინააღმდეგ.
“სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, გარანტიას გაძლევთ, რომ ხვალიდან ქვეყანაში ეკონომიკური მონოპოლიები აღარ იარსებებს, არ იქნება აკრძალვები ნებისმიერი საქონლის იმპორტზე“,- დასძინა მან.
მისივე თქმით, მკაცრი ბრძოლა არ ნიშნავს ბიზნესმენების დევნას და მათზე ზემოქმედებას: “ჩვენ ამის გაკეთებას ზემოქმედებისა და დევნის მეშვეობით არ ვაპირებთ, არამედ არსებული აკრძალვების გაუქმებით, ეკონომიკური კონკურენციის უზრუნველყოფით, ასევე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობების აღკვეთით”.
პაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ქვეყნის ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორი იქნება და რომ იგი ქონებრივი დეკლარაციის და მაღალი თანამდებობის პირების შემოსავლების სისტემას შეცვლის, რათა არ დაუშვას საჯარო მოხელეების უკანონო გზით გამდიდრება.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, პაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთი და სომხეთი სტრატეგიულ მოკავშირეებად დარჩებიან.
“მიგვაჩნია, რომ რუსეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა და ჩვენი მოძრაობა ამას საფრთხეს არ შეუქმნის… ჩემი პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრად დარჩება”, – განაცხადა პაშინიანმა.
რაც შეეხება მის პოზიციას ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, პაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის და მთლიანი ყარაბაღისთვის ზიანის მიყენების ფონზე, მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის საჭირო არ არის.
პაშინიანი ასევე იძულებული გახდა ეპასუხა სომხეთის “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი-დეპუტატის კითხვაზე, – რატომ დაუჭირა მხარი საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის საპროტესტო აქციებს და შესაძლებელია თუ არა, მისი მეშვეობით სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება სურდეს.
“არც მიხეილ სააკაშვილს და არც ალექსეი ნავალნის პირადად არ ვიცნობ… სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება, ან არდაბრუნება მხოლოდ მისი პირადი საქმე და მეზობელი ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ნაწილია. ამ საკითხებთან ვერც ჩემს და ვერც სომხეთის რესპუბლიკის კავშირებს ვერ ვხედავ”, – განაცხადა მან.
მოედანი
სანამ ეროვნული კრების შენობაში ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევასთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობდა, რესპუბლიკის მოედანზე ნიკოლოზ პაშინიანის მომხრე ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც საზეიმო ვითარებაში ელოდნენ თავიანთი ლიდერის სახელმწიფოს მეთაურად არჩევას.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ პაშანიანი მოედანზე გაბრუნდა, სადაც მას ოვაციებით შეხვდნენ. იმ დროისათვის აქციაზე ასი ათასზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. თავად პაშინიანმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრძოლა გრძელდება და შეკრებილებს მოუწოდა, დაუმორჩილებლობის აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძონ. მისი განცხადებით, სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ თვითგანადგურებისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და ხალხს ისღა დარჩენია, გამარჯვებასომხეთის პრემიერ-მინისტრად “ხალხის კანდიდატის” არჩევის გზით განამტკიცოს.
სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, კენჭისყრა პრემიერ-მინისტრის დასანიშნად 7 დღეში უნდა გაიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ ეს კენჭისყრაც ჩაიშლება, ეროვნული კრება დაიშლება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
აიკ ხალათიანი