სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე წამლების ფასებზე მონიტორინგს ჩაატარებს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სერგეი ხაჩატრიანმა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, მონიტორინგი აუცილებელია წამლების საბაზრო ფასების შესასწავლად.
როგორც ჯანდაცვის პრეს-სამსახური იტყობინება, ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან სომხეთში სამკურნალო პრეპარატების მიწოდება – რეალიზების საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, ისაუბრეს წამლების რეგისტრაციის ახალ პროცედურებზე, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში 2016 წლიდან შევა ძალაში.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ახალ კანონზე „წამლების შესახებ“ და შეთანხმდნენ, რომ ახალი კანონის მუხლებს კვლავაც განიხილავენ.