9 დეკემბერს, სომხეთში ჩატარებულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, “ხავერდოვანი რევოლუციის” ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის ბლოკმა – “ჩემი ნაბიჯი”, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. შედეგების თანახმად, მან ხმათა 70,43% მოაგროვა და პარლამენტში, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. ეს კი, პაშინიანს და მის გუნდს სრულ თავისუფლებას ანიჭებს.
როგორც მთავრობის მომავალი ხელმძღვანელი აცხადებს, მისი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა “გარდამავალი მართლმსაჯულების” მექანიზმების ამუშავება იქნება, რომელიც ხელისუფლებას დიდ შესაძლებლობებს მისცემს ანტიკორუფციულ ბრძოლაში და რაც მთავარია, სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა ის ქონება და ფულადი სახსრები დაიბრუნოს, რომელიც ყოფილმა მოხელეებმა და გავლენიანმა ბიზნესმენებმა, კორუფციული გარიგებების გზით, უკანონოდ მიითვისეს.
მომავალ პარლამენტში, პაშინიანის პარტნიორები იქნებიან სომხეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, გაგიკ ცარუკიანი, თავის პარტია “აყვავებულ სომხეთთან” ერთად და “განათებული სომხეთის” ლიდერი, პაშინიანის ყოფილი პარტნიორი ბლოკ “ელკ”-ში, ედმონ მარუქიანი. მათი პოლიტიკური მოღვაწეობის და წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათი მოქმედებების გათვალისწინებით, მედიასა და საზოგადოებას საფუძვლიანი ეჭვი უჩნდება, ეს პოლიტიკური ძალები პაშინიანის რეალური ოპოზიცია იქნებიან.
ამ თვალსაზრისით, ახალი პარლამენტი, რომლის ლეგიტიმაციას საზოგადოება არ ასაჩივრებს, სერიოზულად განსხვავდება წინა პარლამენტებისგან, რომლებმაც არჩევნებში სადაო შედეგები დადეს. ეს იქნება პირველი პარლამენტი, რომელშიც მოქმედ ხელისუფლებას მკაცრი ოპოზიცია არ ეყოლება.
ედმონ მარუკიანმა, მედიასთან მის საეჭვო “ოპოზიციონერობასთან” დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ახალი პარლამენტის მუშაობას უნდა დაელოდონ. ამასთანავე დასძინა, რომ პარტია არ იქნება “რევოლუციური ოპოზიცია”. “პარტია “ნათელი სომხეთი” ინსტიტუციური, რეფორმატორული ძალა იქნება. ჩვენ არ ვართ პერმანენტული რევოლუციების მომხრე”, – განაცხადა მარუკიანმა.
თავის მხრივ, გაგიკ ცარუკიანი ამომრჩეველს დაჰპირდა: “პარტია “ნათელი სომხეთი”, როგორც მეორე პოლიტიკური ძალა, იქნება თქვენი ხმა პარლამენტში და საკუთარი იდეოლოგიის ერთგული დამცველი, განაგრძობს ხალხთან დგომას და სომეხი ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ საქმიანობას”.
თუმცა, თუ გავიხსენებთ 2015 წლის თებერვლის კონფლიქტის დროს სერჟ სარგსიანის წინაშე ცარუკიანის კაპიტულაციას, ან ოქტომბრის დასაწყისში პაშინიანის წინაშე, სომხეთის რესპუბლიკურ პარტიასთან და “დაშნაკცუტიუნთან” ერთად ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის ხელის შეშლის მცდელობას, საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ იგი ხალხის და ერისთვის საკუთარ ბიზნესს მსხვერპლად არ გაიღებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცარუკიანის მხრიდან პაშინიანის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად, ამ უკანასკნელმა იგი “ოლიგარქების” სიიდან “მსხვილი მესაკუთრის” სიაში გადაიყვანა, მათ შორის სრული ურთიერთგაგება უნდა სუფევდეს.
საპარლამენტო ტრიუმვირატის ერთადერთი განმასხვავებელი, მისი გეოპოლიტიკური ორიენტაციაა – პაშინიანი და ცარუკიანი შედარებით უფრო პრორუსულები არიან, ხოლო მარუკიანი პროდასავლურ შეხედულებებს ინარჩუნებს.
საერთოდ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პაშინიანის გაკრიტიკებას მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკური პარტია და “დაშნაკცუტიუნი” ბედავდნენ. საარჩევნო მარათონში მონაწილე სწორედ ეს ორი ძალა ვერ მოხვდა ახალ პარლამეტში. შესაძლოა, სომხეთის რესპუბლიკური პარტია ძალიან ნანობს, რომ საარჩევნო კოდექსის ჩაშლაში მონაწილეობდა, რადგანაც ამ კოდექსის თანახმად, პარლამენტში პარტიის მოსახვედრად 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 4%-მდე უნდა ჩამოსულიყო (რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 4,7% მიიღო), ხოლო ბლოკისთვის – 7%-დან 6%-მდე.
სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წარუმატებლობაში სერჟ სარგსიანის როლი განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს. პარტიის ლიდერი, რომლის პირადი ძალაუფლებისკენ სწრაფვის გამო “ხავერდოვანი” რევოლუცია და სომხეთის რესპუბლიკური პარტიის კრახი დაიწყო, პრემიერის პოსტის დატოვებიდან ამ დრომდე საჯაროდ არ გამოსულა, არ გადადგა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან, არ მოიხადა ბოდიში წარსული ცოდვების და შეცდომებისთვის და თანაპარტიელებს არჩევნებში მონაწილეობის მცირედი შანსიც კი არ დაუტოვა.
გარდა ამისა, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის სიაში ისეთი არაპოპულარული პიროვნებები იყვნენ წარდგენილნი, როგორებიცაა: არტაშეს გეგამიანი, დავით შახნაზარიანი, მენუა არუთიუნიანი. ცხადია, ამაშიც სერჟ სარგსიანის ხელი ურევია. რთული დასაჯერებელია, რომ სომხეთის რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა ფრთამ ვიგენ სარქისიანის, არპინე ოვანისიანის, არმენ აშოტიანის და ედუარდ შარმაზანიანის სახით, საკუთარი ნებით გადაწყვიტეს პარტიის სიაში ისეთი დისკრედიტირებული მოღვაწეების ჩაწერა, რომლებსაც არავითარი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი არ გააჩნდათ.
სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ პაშინიანის წინააღმდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით იბრძოლებენ. მიაჩნიათ, რომ არჩევნებში მათ მიერ მოპოვებული ხმები – დაახლოებით 60 ათასი, წარმატებაა და არა მარცხი. “ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ რესპუბლიკური პარტია ცოცხალია, რომ მას გასაკეთებელი კიდევ აქვს და 9 დეკემბერი – სომხეთის რესპუბლიკური პარტიის აღორძინების დღეა”, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის პრესმდივანმა ედუარდ შარმაზანოვმა.
ამასთანავე, უნდა გვესმოდეს, რომ პაშინიანის მთავარი მოწინააღმდეგეების როლში, ვიგენ სარგსიანის ხელმძღვანელობით სომხეთის რესპუბლიკური პარტიის “ახალგაზრდული ფრთის” გარდა, ძველი ხელისუფლებიდან სხვებიც იქნებიან. მაგალითად, სერჟ სარგსიანის სიძე, მედიამაგნატი მიხაელ მინასიანი; ექსპრემიერ კარენ კარაპეტიანის და რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სომეხი ბიზნესმენის, კომპანია “ტაშირის” ჯგუფის მფლობელი სამველ კარაპეტიანის ტანდემი. გამორიცხული არ არის, რომ ისინი პოლიტიკურ ბრძოლაში სომხეთის რესპუბლიკური პარტიისგან განსხვავებული ახალი პარტიით, ან ბლოკით ჩაერთონ.
გარდა ამისა, პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა, პირდაპირ განაცხადა, რომ დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, თუმცა დეკემბრის არჩევნებისთვის საკუთრი პოლიტიკური ძალის ფორმირება ვერ მოასწრო. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ მის ფინანსურ და ინფორმაციულ რესურსებს, შემდგომი არჩევნებისთვის თავიდან ბოლომდე “შეიარაღებული” იქნება.
ამასთანავე, ახალი ხელისუფლებისადმი საზოგადოების მხარდაჭერის მაღალი დონის ფონზე, ძველი ელიტა მთელ იმედს პაშინიანის და მისი გუნდის მარცხზე ამყარებს. “ხავერდოვანი” რევოლუციის ლიდერის ასეთი მაღალი რეიტინგის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, როგორც მისადმი საზოგადოების ზედმეტად დიდ მოლოდინს (მათ შორის, მისი გულუხვი დაპირებების გამო), ისე ქვეყანაში არსებულ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას და საგარეო პოლიტიკურ რისკებს (ყარაბაღის კონფლიქტს, აშშ-ს ზეგავლენას ირანზე, დასავლეთის და რუსეთის კონფლიქტს).
პაშინიანის კიდევ ერთი პრობლემა შეიძლება პარტია “სასნა ცრერის” რადიკალები გახდნენ. პარლამენტში ვერ მოხვედრის შემდეგ, პარტიამ უცნაური განცხადება გააკეთა, რომელშიც ერთი მხრივ, არჩევნების შედეგები აღიარა, მეორე მხრივ კი განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეთა შორის არათანაბარი კონკურენცია იყო და ოლიგარქია, რომელმაც მის წინაშე არსებული უპირატესობით ისარგებლა, მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და ნაწილობრივ პარლამენტში დაბრუნდა. შესაბამისად, პარტია იძულებულია დააფიქსიროს, რომ “არ შეიძლება იმის აღიარება, რომ არჩევნები უპირობოდ სამართლიანი იყო”.
სომხურმა საზოგადოებამ უკვე საკუთარი თვალით იხილა, როგორ რეაგირებს რადიკალური “სასნა ცრერი” “პოლიტიკურ უსამართლობაზე”. გამორიცხული არ არის, პაშინიანს სანანებლად გაუხდეს ის, რომ ისინი პოლიციელების მკვლელობის და პოლიციის ნაწილში უკანონოდ შეღწევისთვის გათვალისწინებულ სასჯელს გადაარჩინა. ეს განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდება, თუ “სასნა ცრერ”-ის წევრებმა ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მათი აზრით, ამჟამინდელმა პარლამენტმა ორ წელიწადს უნდა იმუშაოს, რათა ხარისხობრივად ახალი პარლამენტის ასარჩევად დაამტკიცოს კანონები და შექმნას პირობები.
აიკ ხალათიანი