2016 წელს 14 წელი შეუსრულდა ვლადივოსტოკის (ზღვისპირა მხარე) სომხურ სათვისტომოს. სინამდვილეში ამ რეგიონში სომხების მასობრივი ჩასახლება ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო, თუმცა ოფიციალურ თარიღად მიჩნეულია 2002 წელი, “სურბ გევორგის“ სომხური ეკლესიის აგების თარიღი. სომხური სათვისტომო საბოლოოდ სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა და აქტიური მოღვაწეობა დაიწყო.
რატომ გადაწყვიტეს, თითქოს კმაყოფილი და ბედნიერი ცხოვრების მქონე სომხებმა ოჯახებით გადასულიყვნენ შორეულ აღმოსავლეთში. გზა იმდენად გრძელია, რომ თვითმფრინავითაც მთელი დღე გჭირდება. თუმცა, ვლადივოსკტოკში ცხოვრების ორიოდე თვის შემდეგ ხვდები, რომ ყველაზე ცივ დღეებშიც კი საოცარი და განსაკუთრებული სითბო ათბობს ადამიანებს, რაც უცხოობის კომპლექსის დაძლევაში ეხმარებათ.
ქალაქში, რომელიც იაპონიის ზღვის სანაპიროზეა გაშენებული, ისეთი სასიკეთო ატმოსფეროა გაბატონებული, რომ საცხოვრებლის შეცვლა აღარ გეჩვენება არალოგიკურად და გაუმართლებელად. სასიამოვნოდ გასაოცარი ურთიერთობები აქვთ ადგილობრივებს, რომლებიც უცხოელებს კი არ დასცინიან, არამედ მათ დახმარებასა და გამხნევებას ცდილობენ. ეს ეხება არა მხოლოდ უფროსი თაობის რუსებს, არამედ ახალგაზრდებსაც. თუმცა, უფროსი თაობა განსაკუთრებული ენთუზიაზმით იღებს მოძმე სომხებს, რომლებთან ერთადაც გვერდიგვერდ იბრძოდნენ და რომლებთანაც არაერთი მოგონება აკავშირებთ…
სომხური სათვისტომო ვლადივოსტოკში საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობს, ხშირად მართავს სხვადასხვა ღონისძიებებს. იქაური ახალგაზრდა სომხების მეორე თაობის სააკონტაქტო ენა რუსულია. ეს გასაგებიცაა, რადგანაც მიგრანტების მეორე თაობის მშობლიური ენა რუსულია.
საინტერესოა, შეინარჩუნეს თუ არა, ვლადივოსტოკის სომხურმა ოჯახებმა მრავალსაუკუნოვანი სომხური ტრადიციები? ამაზე ვლადივოსტოკის სომხური ოჯახების წარმომადგენლებს ვესაუბრეთ. რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ისინი მართლა ცდილობენ სომხური ტრადიციების შენარჩუნებას. შერეულ ოჯახებში, სადაც ერთ-ერთი მეუღლე სომეხია (ძირითადად ქმარი), მეორე კი რუსი, სომხურ სამზარეულოს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. თუმცა ეს ფსიქოლოგიური ზემოქმედება კი არა, სომხური კულტურისადმი ინტერესია. ასეთ ოჯახებში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად შეხვდებით ტრადიციულ ტოლმას, ლავაშს, დესერტს, ჩირს და ა.შ. სხვათა შორის, არსებობს ტენდენცია, როდესაც ქმარი რუსული ტრადიციებით ინტერესდება.
თავიანთი ცხოვრებისა და ყოფის შესახებ კიდევ უფრო დეტალურად ვლადივოსტოკის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები საუბრობენ.
ლუიზა აპრესიანი, 21 წლის: “დავიბადე ვლადივოსტოკში. დედა რუსი მყავს, მამა – სომეხი. ჩვენს ოჯახში ორივე ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ საბავშვო ბაღსა და სკოლაში მხოლოდ რუსულად ვურთიერთობთ. ასე, რომ სომხურად საუბარი პრაქტიკულად არ მიწევს, თუმცა ყველაფერი მესმის”. ლუიზას თქმით, მათ ოჯახში ორივე ერის ტრადიციებია შენარჩუნებული. “დედა ძალზედ დიდ ყურადღებას აქცევს, რომ ოჯახში საახალწლო სუფრაზე ყოველთვის იყოს ტრადიციული სომხური და რუსული კერძები”.
აღზრდის საკითხში, აპრესიანების ოჯახის თავი სიმკაცრეს იჩენს, ხოლო დედა შვილებს დამოუკიდებლობას ასწავლის. „დედა ცდილობს, რომ მე და ჩემმა ძმამ დამოუკიდებლად ვისწავლოთ გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლების ვიყოთ საკუთარ საქციელზე. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ერთდორულად რუსებადაც მივიჩნევთ თავს და სომხებადაც“,- ამბობს ლუიზა.
2010 წელს ლუიზა პირველად ესტუმრა სომხეთს, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ძალზედ თბილი მოგონებები დარჩა. თუმცა, მისივე თქმით, თავის ისტორიულ სამშობლოში მეორედ ჩასვლას არ ჩქარობს. „ჩვენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი მოვინახულეთ, დავათვალიერეთ ბევრი ღირსშესანიშნაობა, ძირითადად ეკლესიები. ზუსტად ვერ გეტყვით, კიდევ როდის მოვისურვებ ერევანში გამგზავრებას. გულწრფელად რომ გითხრათ, ისე აღარ მიმიწევს გული, როგორც პირველად“.
კითხვაზე, გაჰყვებოდა თუ არა ცოლად სომეხ მამაკაცს, ლუიზამ გვიპასუხა, რომ ამას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს. „რუსებსა და სომხებს შორის ბევრი კარგი ადამიანია. ვიმედოვნებ მშობლები ამ საკითხში არ ეცდებიან ჩემზე გავლენის მოხდენას. ჩემი მეგობრების უმრავლესობა რუსები არიან და ისინი ყველანი შესანიშნავი ადამიანები არიან“.
ჩვენი მეორე რესპოდენტი 30 წლის მერი ხაჩატრიანი, უკვე 12 წელია ვლადივოსტოკში ქმარ-შვილთა ერთად ცხოვრობს. მისი ქმრის თითქმის ყველა ნათესავი საცხოვრებლად იქ გადავიდა, ამიტომაც იგი “სომხური“ გარემოს ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.
“ჩემი შვილები აქ გაიზარდნენ და სკოლაში სწავლობენ. ოჯახში მე და ჩემი მეუღლე სომხურად ვსაუბრობთ, ბავშვები ხან რუსულად, ხან სომხურად. ამ მხრივ არავითარი აკრძალვები არ გვაქვს. როგორც მოსწონთ ისე ისაუბრონ. რაც შეეხება სომხურ ტრადიციებს, შვილებს ზუსტად ისე ვზრდით, როგორც ამას სომხეთში გაკეთებდით. ყველა დღესასწაულს აღვნიშნავთ და სომხური ტრადიციის თანახმად, ყველა რიტუალს ვასრულებთ”.
ვლადივოსტოკში გატარებულმა 12-მა წელმა ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა ოჯახის ტრადიციულ “სამზარეულოზე“. პირიქით, ის რუსული კერძებით შეივსო. “სიამოვნებით შევისწავლე რუსული კერძების მომზადება. ჩვენი მეგობრების უმრავლესობა ხომ რუსები არიან“, – ამბობს მერი.
“ყველაზე რთული სამშობლოს მონატრება და სიშორეა. ნოსტალგია არასდროს მტოვებს… მაგრამ ბედის მადლიერი ვარ, რადგანაც ვლადივოსტოკში საცხოვრებლად გადმოსვლის შესაძლებლობა მოგვეცა. აქ ვიშოვეთ სამსახურები და შეგვიძლია შვილებს ღირსეული ცხოვრება შევუქმნათ და განათლება მივცეთ“.
25 წლის ნონა გევორქიანი 17 წლის გათხოვდა და თავის ახლადშექმნილ ოჯახთან ერთად ვლადივოსტოკში გადავიდა საცხოვრებლად. “ადაპტაციის პერიოდი საკმაოდ მძიმე იყო და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი სამშობლოში,“ – ამბობს ნონა, მაგრამ, დროთა განმავლობაში მეგობრები შეიძინა და ვლადივოსტოკში ცხოვრებას შეეჩვია. სწუხს, რომ ხშირად ვერ ახერხებს სომხეთში ჩასვლას, თუმცა, ვერც დიდი ხნით რჩება იქ.
ნონა დარწმუნებული არ არის ოდესმე დაბრუნდება თუ არა სამშობლოში. “დრო გვიჩვენებს“, – ამბობს იგი. “ჩემს მეუღლეს თავისი პატარა ბიზნესი აქვს. რთული იქნება ყველაფრის მიტოვება, მით უფრო, რომ ვიცით, ყოველდღიურად როგორ რთულდება სომხეთში დასაქმების პრობლემა. რუსეთმა მუშაობის შესაძლებლობა მოგვცა. აქ არავითარ ზემოქმედებას არ ვგრძნობთ. არავინ გიშლის ხელს საკუთარი გეგმების განხორციელებაში“ – ირწმუნება იგი.
თავის 4 წლის გოგონას ნონა ძირითადად რუსულად ესაუბრება, რადგანაც მას შემდგომში თანატოლებთან ურთიერთობა არ გაუჭირდეს. რაც შეეხება შვილის აღზრდას, ცოლ-ქმარი ცდილობს ბავშვს დაეხმარონ ერთის მხრივ საზოგადოებაში ინტეგრირებაში, მეორეს მხრივ კი, საკუთარ ფესვებს არ მოსწყდნენ. “მინდა ჩემი ქალიშვილი ბედნიერი იყოს და ჩვენ მშვიდობიანად ვიცხოვროთ. ძალიან გვიყვარს სამშობლო. ჩვენ სომხებად დავიბადეთ და ბოლომდე ასე იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ შენი სახლი იქ არის, სადაც შენი ოჯახია. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას, სადაც ცხოვრობთ, უყვარდეთ და მუშაობისა და კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობა მოგცეთ“.
სომხური ტრადიციებიდან ვლადივოსტოკის სომხები იცავენ მთავარ დღესასწაულებსა და მათთან დაკავშირებულ კულინარიულ ტრადიციებს. ყველაზე დიდი დღესასწაულებია ახალი წელი და შობა. საახალწლო სუფრა თითოეულ სომხურ ოჯახში, რამდენიმე დღის განმავლობაშია გაშილი. ნათესავები, მეგობრები და ნაცნობები ერთმანეთს საჩუქრებით, ტკბილეულითა და წითელი ღვინით ესტუმრობიან ხოლმე. შესაძლებლობისდა მიხედვით, ერთმანეთს სწორედ სომხურ ღვინოსა და კონიაკს სჩუქნიან. ეს რუს მეგობრებსაც ეხებათ, რომლებიც ძალიან მადლიერები არიან, მით უფრო საჩუქრები პირდაპირ სომხეთიდანაა გაგზავნილი.
შობაზე, 6 იანვარს პრაქტიკულად ყველა სომეხი ეკლესიაში მიდის, სადაც დილიდან მღვდლები ლიტურგიას ატარებენ და საკმეველს აკმევენ. რაც შეეხება მარხვას, მას ძალიან ცოტა ადამიანი იცავს. თუმცა, დღესასწაულის დღეებში ეკლესიაში ყველა დადის. თანაც არა მხოლოდ სომხურში, არამედ რუსულ – მართლმადიდებლურში. პირველ რიგში, უბრალოდ ცნობისმოყვარეობისთვის, მეორეს მხრივ კი ძალიან ბევრი სომეხი პატივს სცემს მართლმადიდებლურ სიწმინდეებს, რწმენას, სიმტკიცესა და განკურნების ძალას.
ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია აღდგომა. თუმცა ამ დღეს მხოლოდ ძალიან ახლობელი ნათესავები იკრიბებიან და ტრადიციულ სუფრას შლიან აუცილებელი წითელი ღვინით, შეღებილი კვერცხებით, მწვანილითა და თევზით.
ვლადივოსტოკში თითქმის არავინ აღნიშნავს ჩვენამდე მოღწეულ წარმართულ სომხურ დღესასწაულს ვარდავარს (წყლის ურთიერთგადასხმის დღე), თუმცა მის შესახებ ბევრმა იცის. შესაძლოა ეს ვლადივოსტოკის გეოგრაფიას უკავშირდებოდეს. ზაფხულში ყველა ცდილობს რაც შეიძლება მეტი დრო პლიაჟზე გაატაროს, ამიტომაც “წყლის პროცედურების“ ნაკლებობას არავინ განიცდის.
რაც შეეხება ქორწილის ტრადიციას, აქაც შენარჩუნებულია ზოგი ჩვეულება. როგორც წესი, წყვილი თავდაპირველად ეკლესიაში იღებს კურთხევას, შემდეგ კი წინასწარ დაჯავშნულ რესტორანში მიდიან და დღესასწაულს იქ განარძობენ. საქორწილო რიტუალიდან თანდათან გაქრა ახლად დაქორწინებულების მხრებზე ლავაშის დაკიდების, სომხური თაფლის, ან სახლის ზღურბლზე თეფშის გატეხვის ტრადიცია. სომხები, განსაკუთრებით ქალები, ამას იმით ხსნიან, რომ საჭირო არ არის დღესასწაულის გადატვირთვა. მთავარი ლხინი და სადღესასწაულო განწყობაა.
ერთ-ერთ სომხურ-რუსულ ქორწილზე დასწრების საშუალება მოგვეცა. განსაკუთრებით საინტერესო იყო იმის ყურება, თუ რა მოხერხებულად იცავდა რუსი თამადა სომხურ და რუსულ საქორწილო ჩვეულებებს.
აღსანიშნავია, რომ შერეული ოჯახები ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეს გარდაუვალია. ახალგაზრდები ცხოვრებას რუსეთში იწყობენ. მშობლები მათ არჩევანზე გავლენას ვერ ახდენენ. ასაკის მატებასთან ერთად სომხები სამშობლოსთან კავშირს არ წყვეტენ, თუმცა ვლადივოსტოკში საკუთარი წრე, მეგობრები და ნაცნობები ჰყავთ. ბევრისთვის მათი მიტოვება წარმოუდგენელია, რადგანაც მათი ახალი სამშობლო რუსეთია და ამ მიწაში უკვე ღრმად აქვთ ფესვები გადგმული.
უფროსი თაობა ცდილობს, სამშობლოს მონატრება ტრადიციების შენარჩუნებით შეიმსუბუქონ და ამას დიდი ენთუზიაზმით აკეთებენ. ახალგაზრდობა შეძლებისდაგვარად ცდილობს უფროსი თაობის მაგალითს მიჰყვეს, თუმცა დრო გვაჩვენებს, რამდენად შეძლებს რუსი სომხების უკვე ახალი თაობა თავიანთ შვილებს სამშობლოს ნაწილი გადასცენ.
სპეციალურად Dalma News-ისთვის, სიუზი გრიგორიანი, ვლადივოსტოკი