სომხეთში, ხელისუფლების მიერ ინიცირებულმა საკონსტიტუციო რეფორმების პროცესმა, მოქმედ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება გამოიწვია.
ახალი საკონსტიტუციო პროექტი ქვეყანაში მართვის სისტემის შეცვლას ითვალისწინებს. ამის მიხედვით სომხეთი, ამჟამინდელი ნახევრად-საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადადის. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ვითარებამ გულგრილი ვერ დატოვა საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი და აქტივისტები, რომლებიც ეჭვობენ, რომ ახალი საკონსტიტუციო პროექტი მხოლოდ ხელისუფლების რეპროდუქციის ბანალური მცდელობაა.
სანამ ოპოზიცია ემოციებს უმკლავდებოდა, სერჟ სარგსიანმა ქვენის სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წამომადგენლებთან რეფორმების განხილვა დაიწყო. შეხვედრები 26 აგვისტოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. სერჟ სარგსიანი შეხვდა პარტიების “აყვავებული სომხეთის”, “დაშნაკცუტუნის”, “ორინაც ერკირის”,”თავისუფალი დემოკრატების”, სომხეთის საზოგადოებრივი მოძრაობისა და სომხეთის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წარმომადგენლებს.
პრეზიდნეტს მიწვევაზე ზრდიალობიანი უარი განუცხადეს პარტია “მემკვიდრეობისა” და სომხეთის ეროვნული კონგრესის ლიდერებმა და თავიანთი საქციელი იმით გაამართლეს, რომ მათი წინადადება არ განუხილავთ.
იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი შეხვედრებს მართავდა, ოპოზიციის ერთმა ჯგუფმა საბოლოოდ გადაწყვიტა, მის წინააღმდეგ ვისთან გაერთიანდეს და შექმნას საერთო ფრონტი სახელწოდებით “არა!”. მოძრაობის შექმნა, როგორც სჩანს, ერთგვარი პასუხია ხელისუფლების ინიციატივაზე, ჩაატაროს პოლიტიკური კონსულტაციები.
12 სექტემბერს სამოქალაქო ინიციატივამ “ვერ გაიტანთ!” გამართა
კონფერენცია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მონაწილეობით, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს სახალხო დაპირისპირება მოუწყონ. კონფერენციის შედეგების მიხედვით, შეიქმნა საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანება კონსტიტუციური ცვლილებების წინააღმდეგ – “ფრონტი -“არა!”.
ფრონტის შემადგენლობაში შევიდნენ პარტიები “სომხეთის ეროვნული კონგრესი”, “მემკვიდრეობა”, “აიაზნი”, “სომხეთის სახალხო პარტია, გაერთიანება “ეროვნული თვითგამორკვევა”, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “დამფუძნებელი პარლამენტი”, “სომხეთის პოლიტოლოგთა კავშირი” , “არმატი”, “პირველი მარტი”, “თავისუფლება და დემოკრატია”, ინიციატივა “ვერ გაიტანთ!”. ფრონტის მიზანია ცვლილებების პროცესის ჩაშლა რეფერენდუმამდე, რომელიც შემოდგომის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. როცესის ჩაშლა უნივერსალური გზით – საპროტესტო აქციებით გადაწყვიტეს.
ანტირეფორმატორულ მოძრაობაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ოპოზიციის ოდიოზურმა წარმომადგენლებმა ლევომ ტერ-პეტროსიანმა და რობერტ ქოჩარიანმა, სომხეთის პირველმა და მეორე პრეზიდენტებმა.
“სომხეთის საკონსტიტუციო რეფორმები, სულაც არ არის საკონსტიტუციო რეფორმები, არამედ ახალი კონსტიტუციაა, რომელიც საერთოდ ცვლის სახელმწიფოს საფუძვლებს”,- ამის შესახებ, სომხეთის ეროვნული კონგრესის ლიდერმა, სომხეთის ყოფლმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა, 12 სექტემბერს, სომხეთის ეროვნული კონგრესის მმართვისა და საბჭოს სხდომაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მან საკონსტიტუციო რეფორმების პროცესს ავანტიურა უწოდა. ტერ-პეტროსიანის თქმით, სომხეთის ეროვნული კონგრესი შეუერთდა “არა”-ს ბანაკს, რადგანაც ეს სერიოზული ინიციატივაა.
“პირველ რიგში, მინდა შევაფასო სომხეთის ეროვნული კონგრესის საპარლამენტო ფრაქციის შესანიშნავი მუშაობა საკონსტიტუციო ავანტურის წინააღმდეგ. განსაკუთრებით ავღნიშნავ არამ მანუკიანის, ლევონ ზურაბიანის, გაგიკ ჯანგირიანის დაუღალავ შრომასა და სტეპან დემირჩიანის მკაფიო და გაბედულ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ვისარგებლებ შემთხევით და განვაცხადებ, რომ სომხეთის ეროვნული კონგრესი 2007 წელს შეიქმნა ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ამაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით სტეპან დემირჩიანისა და სომხეთის სახალხო პარტიას. დემირჩიანი და მისი პარტია ყველაზე ღირსეულ და სწორ პარტნიორად მიმაჩნია”,- დასძინა ტერ-პეტროსიანმა.
სომხეთის მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა, თავისი წინამორბედისგან განსხვავებით უფრო მკაცრად ჩამოაყალიბა საკუთარი მოსაზრება:
“აზრი არ შემიცვლია. საკონსტიტუციო რეფორმების, მით უფრო ასეთი რადიკალურის, აუცილებლობა არ არსებობს. ქვეყნის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა და პრობლემა მოგვარებადია მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში. გამოქვეყნებულმა პროექტმა ჩემს ყველაზე ცუდ მოლოდინს გადააჭაბრა. საუბარი აღარ არის სახელმწიფოს მმართვის ნახევრადსაპრეზიდენტო და საპარლამენტო ფორმების არჩევანზე. საკონსტიტუციო პროექტი დე-ფაქტო ერთპარტიული სისტემისაკენ წასვლის სერიოზულ რისკებს შეიცავს. ეს კი პოლიტიკურ მონოპოლიასა და სტაგნაციას ნიშნავს. საბჭოთა კონსტიტუციაში ბევრი ლამაზი სიტყვა იყო, მაგრამ მეექვსე მუხლი მართვის შესახებ და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის როლი ადგენდა კომუნისტების პოლიტიკურ მონოპოლიას. საბოლოოდ რა ბედი ეწვია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს ყველამ კარგად იცის”,- განაცხადა ქოჩარიანმა 2rd.am.-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფოს სოციალური მიზნების შესახებ ლამაზ-ლამაზი სიტყვებითა და ფრაზებით გადატვირთული საკონსტიტუციო პროექტი, ეროვნული კრების ფორმირების აბსოლუტურად მიუღებელი მეთოდის კომუფლიაჟს წააგავს, რომელიც საპარლამენტო მართვის არსს კვეცს.
“ჩვენს რეალიებში ეს იქნება ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების მფლობელი პარტიაა. ხოლო იმის გამო, რომ სომხეთში შეუძლებელი გახდება შიდაპარტიული დემოკრატიის არსებობაზე მინიშნებაც კი, პატრონაჟული მმართველობა წლების განმავლობაში გარდაუვალ ბოროტებად გადაიქცევა და ეს მანკიერი სისტემის რეპროდუქციის ინსტრუმენტისა და სტაგნაციის წყაროდ მოგვევლინება. თავისი არსით შემოთავაზებული პროექტი პოლიტიკურ მონოპოლიას საკონსტიტუციო ნორმად აქცევს. ჩემი ქვეყნისთვის ასეთი მომავალი არ მსურს. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ვეწინააღმდეგები ამ რეფორმებს. მისი მიღება იქნება დიდი შეცდომა, რომელიც საშინელ შედეგებს მოუტანს სომხეთს”,- განაცხადა მან.
როგორც აღმოჩნდა სომხეთის რესპუბლიკურ პარტიაშიც არიან ორატორები, რომლებმაც რიტორიკული და ლოგიკური საუბარი თითქოს პირადად არისტოტელესგან ისწავლეს. პარტიის პრეს-მდივანმა ედუარდ შარმაზანოვმა უმალვე დაადანაშაულა ქოჩარიანი იმ “მანკიერი სისტემის” კრიტიკაში, რომელიც თავად ქოჩარიანმა შექმნა თავის დროზე.
“ქოჩარიანის ინტერვიუ უფრო მეტად ჰგავდა ლამაზი ფრაზებისა და წინადადებების კრებულს, ვიდრე საფუძვლიან კრიტიკას. ამასთანავე, ინტერვიუს თავისი ქვაკუთხედი ჰქონდა – არ შეიძლება კონსტიტუციის შეცვლა, რადგანაც ახალი კონსტიტუცია მანკიერი სისტემის რეპროდუქციის ინსტრუმენტად იქცევა. საინტერესოა, თამაშის რომელი წესების პირობებში და როდის გაჩნდა ეს მანკიერი სისტემა?! ჩემთვის სავსებით გასაგებია მეორე პრეზიდენტის მოტივაცია – მას არ სურს უარი თქვას იმაზე, რაც ერთ დროს თავად შექმნა”,- განაცხადა რესპუბლიკელმა შარმაზანოვმა.
სანამ ერევანში მოქალაქე-ოპოზიციონერები საპროტესტო აქციებს აწყობენ (2 და 5 ოქტომბერს არც ისე მრავალრიცხოვანი მიტინგები გამართეს) და პოლიტიკოსები მჭერმეტყველებენ, 5 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით საკონსტიტუციო რეფორმების პროექტი დაამტკიცა, რასაც მთელი საზოგადოების გაოცება მოჰყვა. კენჭისყრაში მონაწილე 121 დეპუტატიდან 104 იყო მომხრე, ხოლო 10- წინააღმდეგი, სამმა თავი შეიკავა.
უფრო კონკრეტულად: პროექტს მხარი დაუჭირეს სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის ფრაქციამ, “აყვავებული სომხეთის” დეპუტატებმა, პარტია “დაშნაკცუტუნმა”. წინააღმდეგები იყვნენ სომხეთის ეროვნული კონგრესის ფრაქცია და პარტია “მემკვიდრეობა”, ხოლო “ორინაც ერკირის” წარმომადგენლების ერთი ნაწილი იყო წინააღმდეგი, დანარჩენმა თავი შეიკავეს.
ამგვარად, საკონსტიტუციო რეფორმების პროექტს ახლო მომავალში რეფერენდუმზე გაიტანენ. ვნახოთ, როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება.