ირანის ბირთვული მოლაპარაკებები ლოგიკურ და ნანატრ ფინალს მიუახლოვდა. 16 იანვარს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის შესაბამისად ირანის მიერ ყველა ვალდებულების შესრულების შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, შესაძლებელია გაუქმდეს ირანის წინააღმდეგ გაეროსა და ცალკეული ევროპული ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები.

ალი ჰამენეი

ცხადია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აშშ ირანს ყველა სანქციას გაუუქმებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სრულად აღდგება. თუმცა, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები მაინც გადაიდგა. ამგვარად, სანქციების დარღვევაში დადანაშაულებული შვიდი ირანელისთვის ბრალდების მოხსნის საპასუხოდ, ირანმა გაათავისუფლა ამერიკელი პატიმრები: ამირ ჰეკმატი, საიიდ აბედინი, ჯეისონ რეზაიანი და სხვები. მიუხედავად ამისა, ჩინეთის პრემიერ-მინისტრ სი ძინპინთან შეხვედრისას ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ჰამენეიმ მადლობა გადაუხადა ჩინეთს, ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ “ირანი დასავლეთს არასოდეს ენდობოდა და ისეთ “დამოუკიდებელ ქვეყნებთან” თანამშრომლობისაკენ ისწრაფვის, როგორიც ჩინეთია”.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ ირანის საზღვარგარეთული ანგარიშებზე, სადაც მილიარდობით აშშ.დოლარი ირიცხება, ყადათა მოიხსნა. ირანს უკვე უახლოეს მომავალში შეუძლია ნავთობის გაყიდვებით სერიოზული მოგება მიიღოს.

ირანისთვის სანქციების მოხსნა ყველას როდი ახარებს. ისრაელი ბოლო წუთამდე ეწინააღმდეგებოდა ბირთვულ მოლაპარაკებებს, რადგანაც შიშობს, რომ ირანული აქტივების განთავისუფლების შემდეგ, ირანი აქტიურად ჩაერთვება ისეთი სამხედრო დაჯგუფებების დაფინანსებაში, როგორიც “ჰამასი”, ან “ჰეზბოლაა”. უკმაყოფილოა ასევე ირანის მოწინაღმდეგე და დიდი ხნის კონკურენტი – საუდის არაბეთი, ასევე ის ქვეყნები, რომლებიც ნავთობის მოპოვებასა და ექსპორტირებას ეწევიან. ნავთობის ბაზარზე ირანის დაბრუნება ნავთობის სიჭარბესა და ფასების კიდევ უფრო ვარდნას გამოიწვევს.

თუმცა, არიან სახელმწიფოები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ირანის ბირთვული პრობლემების სწრაფად მოგვარებით. ასეთია მაგალითად, სომხეთი. ბირთვული მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში სომხეთი დიდ პრობლემებს წააწყდებოდა, როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების სფეროში. მაგრამ ამ ეტაპზე, სრულად შთაგონებულ სომეხ სახელმწიფო მოხელეებს ვხედავთ.

სომხეთსა და ირანის ისლამურ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა ყოველთვის საკმაოდ მაღალ დონეზე არებობდა. ქვეყნები ბევრ ერთობლივ პროექტს ახორციელებდნენ, თუმცა დამატებითი დაფინანსებისა და რეგიონში სტაბილურობის გარანტიების მოლოდინში, ზოგი მათგანი დღემდე დაუსრულებელია. პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად, ეს ორი ფაქტორი ურთიერთდამოკიდებულია.

ედვარდ ნალბანდიანი
ედვარდ ნალბანდიანი

სანქციების გაუქმების მეორე დღესვე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინისტრ ედვარდ ნალბანდიანის სახელით პრეს-რელიზი გამოაქვეყნა, რომელშიც ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების მიღწევასა და ირანისათვის სანქციების მოხსნას იწონებს.

მინისტრის თქმით, სომხეთი მეგობარ ირანთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის გაღრმავებით არის დაინტერესებული.

 

სერჟ სარგსიანი და ჰასან როუჰანი
სერჟ სარგსიანი და ჰასან როუჰანი

24 იანვარს სატელეფონო საუბარი შედგა სომხეთისა და ირანის პრეზიდენტებს – სერჟ სარგსიანსა და ჰასან როუჰანს შორის. განიხილეს მთელი რიგი საკითხები ახალი რეალიების კონტექსტში ორმხრივი პროექტებისა და მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. სერჟ სარგსიანის მილოცვის საპასუხოდ ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთსა და ირანს ურთიერთ-თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ და უნდა ისარგებლონ ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად არსებული ხელსაყრელი ვითარებით. როუჰანის თქმით, სომხეთისა და ირანის მეგობრობა სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქრისტიანული და მუსულმანური ქვეყნებისთვისაც.

მაჰმუდ ვაეზი და გაგიკ ბეგლარიანი
მაჰმუდ ვაეზი და გაგიკ ბეგლარიანი

20 იანვარს შედგა სომხეთის კავშრებისა და ტრანსპორტის მინისტრის გაგიკ ბეგლარიანის ვიზიტი ირანში, სადაც შეხვდა ირანის კავშირისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრ მაჰმუდ ვაეზისა და ირანის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მინისტრ აბბას აჰუნდის. მოლაპარაკებების შედეგად გაფორმდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი და შეთანხმება.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მოლაპარაკებები სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის შექმნის თაობაზე. კერძოდ, მხარეებმა განიხილეს ჯულფა-ერასხის რკინიგზის მშენებლობის საკითხი. გაგიკ ბეგლარიანმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ გზატკეცილი მშენებლობის ეტაპზეა და ექსპლუატაციაში 2018 წელს ჩაეშვება. აბას აჰუნდიმ თავის მხრივ, განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ტვირთის გადაზიდვის დონე, წინა წელთა შედარებით 50%-ით ამაღლდა.

ირანის საინფორმაციო სააგენტოს “ირნა”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პროექტი შედარებით ამბიციურია და მომავალში მან შესაძლოა ირანი, სომხეთი, საქართველო, ბულგარეთი და საბერძნეთი დააკავშიროს.

ერვანდ ზახარიანი
ერვანდ ზახარიანი

21 იანვარს სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ერვანდ ზახარიანმა სამინისტროს მუშაობის 2015 წლის შემაჯამებელი შედეგები და მოსალოდნელი პროექტები წარადგინა. მინისტრმა ირანთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა. კერძოდ, 2015 წლის 23 დეკემბერს ერევანში სომხეთის, ირანის, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრებისა და ღია სააქციო საზოგადოება “რუსეთის ქსელების” გენერალურ დირექტორს შორის შემდგარი შეხვედრის თაობაზე, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნა და რომლის დროსაც ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. მინისტრის თქმით, აღნიშნული შეთანხმების მიზანია გააერთიანოს ოთხივე ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სტრუქტურები, გაზარდოს მათი მუშაობის ეფექტიანობა, უსაფრთხოება და საიმედოობა. პროექტი ელექტრო-ენერგეტიკული დერეფნის “ჩრდილოეთი-სამხრეთი”-ს შექმნისა და ევროკავშირისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს შორის ენერგეტიკულ სისტემებს შორის კავშირების უზრუნველყოფის პირობებს ქმნის.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ირანსა და სომხეთს შორის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი მესამე ხაზების მშენებლობაზე, რომელიც ირანული მხარის მიერ გამოყოფილი კრედიტის ხარჯზე ხორციელდება. სამუშაოების დასრულება 2018 წლისთვის იგეგმება. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი მესამე ხაზის მშენებლობის წყალობით 2018 წლისთვის შესაძლებელი იქნება სომხეთსა და ირანს შორის გაზისა და ელექტროენერგიის გაცვლითი მოცულობის გაზრდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია მდინარე არაქსზე მეგრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.

შესაძლოა ირანსა და სომხეთს შორის ვაჭრობისთვის ხელსაყრელ ნიადაგად იქცეს ასევე ირანის ისლამურ სახელმწიფოსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის პერსპექტივა. 23 დეკემბერს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებმა ირანთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების გაფორმების პერსპექტივების ერთობლივად გამოკვლევა დაიწყეს. ამის შესახებ ირანის მრეწველობის, მადნებისა და ვაჭრობის მინისტრმა მოჰამად რეზა ნემატზადემ და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ვაჭრობის მინისტრმა ანდრეი სლეპნევმა განაცხადეს. ირანში სომხეთის ელჩის არტაშეს თუმანიანის შეფასებით, სომხეთი შესაძლოა ეკონომიკური ინტეგრაციის საწყის მოედნად და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დანარჩენ ქვეყნებთან დამაკავშირებელ რგოლად იქცეს, რადგან მხოლოდ სომხეთსა და ირანს აქვთ საერთო საზღვრები.

მიქაელ ზოლიანი
მიქაელ ზოლიანი

სომეხი სახელმწიფო მოხელეების ოპტიმიზმს სომხეთში ყველა არ იზიარებს. კერძოდ, რეგიონული კვლევითი ცენტრის ექსპერტი მიქაელ ზოლიანი ოპოზიციურ რესურს lragir.am-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ სოხმეთის კორუფციული და მონოპოლიური სისტემა, ასევე გარეშე ძალებზე დამოკიდებულება ქვეყანას ხელს შეუშლის ისარგებლოს არსებული ხელსაყრელი პირობებით და შესაძლო პროექტები განახორციელოს. ამის მიუხედავად, ექსპერტის აზრით, გარკვეული ცვლილებები მთელს რეგიონში მოხდება, რაც შეუძლებელია ამა თუ იმ სახით სომხეთზეც არ აისახოს.

Ричард Киракосян

 

რეგიონული კვევითი ცენტრის ექსპერტს, ამერიკელ რიჩარდ კირაკოსიანს განსხვავებული მოსაზრება აქვს. მისი აზრით, სომხეთს მხოლოდ იმ პროექტების განხორციელება შეუძლია, რომლებიც რეგიონში რუსეთის ინტერესებს შეესაბამება.

 

 

ვარდან ვოსკანიანი
ვარდან ვოსკანიანი

შედარებით ოპტიმისტურად არის განწყობილი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ირანის კათედრის ხელმძღვანელი ვარდან ვოსკანიანი. მისი აზრით, თანაბარი პირობების მქონე პარტნიორების ხელახლა არჩევისას, ირანი უპირატესობას სომხეთს მიანიჭებს. ტელეარხ 1in.am-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამგვარი ურთიერთობის ნათელ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ სანქციების რეჟიმიდან გათავისუფლებულმა ირანმა მაღალი დონის დელეგაციის გასაგზავნად რეგიონში სწორედ სომხეთი აირჩია და ამით მაინიშნა, თუ ვინ მიაჩნია რეალურ პარტნიორად.

არსებობს კიდევ ერთი სფერო, რომელიც აღნიშნულ ახალ პირობებში მოგებული აღმოჩნდება. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის სომხეთი ტრადიციულად ერთ-ერთი საყვარელი ტურისტული მიმართულებაა. ეს განპირობებულია სომხეთის შედარებით ხელმისაწვდომობითა და შეთავაზებული თავისუფლებით. სანქციებმა პირდაპირი დარტყმა რიგითი ირანელების ჯიბეს მიაყენა და მათი სამომხმარებლო შესაძლებლობები შეამცირა. ირანისთვის სანქციების მოხსნიდან მხოლოდ ორი კვირა გავიდა და ჯერ-ჯერობით რთულია რიგითი ირანელების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე საუბარი. თუმცა, ექსპერტები უკვე საუბრობენ სომხეთში ირანელი ტურისტების მნიშვნელოვან ზრდაზე, რომლებიც ბევრად მეტ ფულს დახარჯავენ.

ამგვარად, 2016 წელმა სომხეთს ახალი შესაძლებლობები მოუტანა ეკონომიკის განვითარებისა და სხვადასხვა რეგიონულ პროექტში მონაწილეობის თვალსაზრისით. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ირანი – ეს არის თითქმის 80 მილიონიანი ბაზარი. გარდა ამისა,სომხეთის ეკონომიკაში მსხვილი ირანული ინვესტიციების მიზიდვის შესაძლებლობებიც გაჩნდა.

რადგან სომხეთისთვის ახალი შესაძლებლობების კარი გაიხსნა, ადგილობრივ სახელმწიფო მოხელეებს შეცდომის დაშვების, ან საქმის გადადების უფლება არ აქვთ, რადგანა საქმე ქვეყნის კეთილდღეობას ეხება.

მოემზადა ასმიკ პეტროსიანი