სამი წელი გავიდა, რაც სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა რესპუბლიკის ევრაზიული ინტეგრაციის კურსის აღება გადაწყვიტა. ამ სამ წელიწადში სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლა და ევროპელი სახელმწიფო მოხელეებისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმების (DCFTA) გარეშე, ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმა მოასწრო.
პროგრესი პრობლემების მიუხედავად
ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთი წევრობაზე თავისებური გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკურმა კრიზისმა, რამაც არსებითად იმოქმედა რუსეთის მოსახლეობის გადახდისუნარიანობასა და რუსეთის საინვესტიციო შესაძლებლობებზე.
ამასთანავე, რუსეთის ეკონომიკის გარკვეული სტაბილიზაციის ფონზე ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის წინსვლაც შეინიშნება, რაზეც მოსკოვში ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე ისაუბრეს.
“რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, ექვს თვეში ჩვენი სასაქონლო ბრუნვა 12%-ით გაიზარდა, ხოლო სომხური ექსპორტი რუსეთში – თითქმის 90%-ით და ფაქტობრივად, ნახევარწლიან მონაკვეთში, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ეს, რა თქმა უნდა, იმ შესაძლებლობების წყალობით ხდება, რომლებსაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირი გვაძლევს”, – განაცხადა სერჟ სარგსიანმა.
თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საჭიროა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობაში დადებითი ტენდენციის შენარჩუნება.
“სომხეთიდან საკვები და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდება 86%-ით გაიზარდა. მყარდება საინვესტიციო ურთიერთობები, სომხეთში რუსული კაპიტალდაბანდების მოცულობამ 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს სომხეთში არსებული უცხოური ინვესტიციების 40%-ია. სომხეთში დაახლოებით 1,3 ათასი რუსული კომპანია მუშაობს, ყველა ერთობლივი საწარმოს დახლოებით მესამედში უცხოური ინვესტიციაა ჩადებული. ისინი მოქმედებენ ეკონომიკის მთავარ სფეროებში: გაზის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციის, საფინანსოს”, – განაცხადა მან.
ფინანსური დახმარება სომხეთს
რუსეთის ეკონომიკური უწყებების ინფორმაციით, რუსეთი და ევრაზიული სტრუქტურები სომხეთს ეკონომიკური განვითარების საკითხებში კომპლექსურად ეხმარებიან. 2015 წელს ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაში რესპუბლიკისთვის გაღებული საერთო საკრედიტო საშუალებებმა, ერთი მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (ამ სახსრებს შორისაა 200 მილიონი დოლარის შეღავათიანი კრედიტი, რუსული იარაღის შესაძენად). მათ შორის რუსეთის და ევრაზიული სტრუქტურების მხრიდან 100 მილიონი დოლარის აუნაზღაურებადი დახმარება.
როგორც განვითარების ევრაზიული ბანკის მართვის თავმჯდომარე დიმიტრი პანკინმა, გამოცემა “კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სომხეთში სტაბილიზაციის და განვითარების ევრაზიული ფონდის მეშვეობით ბანკის საკრედიტო დანახარჯი 515 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო დამტკიცებული კრედიტების საპროცენტო განაკვეთმა სომხეთისთვის 1,5-2,1% შეადგინა.
ეს ყველაფერი იმის მიუხედავად გაკეთდა, რომ ბანკის საწესდებო კაპიტალში სომხეთმა, სულ რაღაც 100 ათასი დოლარი შეიტანა (რუსეთმა – ერთი მილიარდი დოლარი, ყაზახეთმა – 500 მილიონი დოლარი, ბელორუსმა – 15 მილიონი დოლარი, ტაჯიკეთმა – 500 ათასი დოლარი, ხოლო ყირგიზეთმა 100 ათასი დოლარი).
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, სომხეთის მთავარი ხაზინადარის ატომ ჯანჯუგაზიანის თქმით, რესპუბლიკას შეუძლია პრეტენზია განაცხადოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ანტიკრიზისული ფონდის 1,1 მილიარდი დოლარის საკრედიტო რესურსებზე (ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ანტიკრიზისულ ფონდში სომხეთი 1 მილიონი დოლარის წილით მონაწილეობს).
“სომხეთისთვის უკვე დამტკიცდა სამი კრედიტი: 2015-2017 წლებში ბიუჯეტის ხელშეწყობის კრედიტი 300 მილიონი დოლარის ოდენობით, „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ავტომაგისტრალის მშენებლობის პროგრამის კრედიტი 150 მილიონი დოლარის ოდენობით და 40 მილიონიანი კრედიტი ირიგაციის სფეროში პრობლემების მოსაგვარებლად”, – განაცხადა ჯანჯუგაზიანმა პარლამენტში.
ასევე არსებობს სხვა პროგრამებიც, რომლებიც ფონდში განსახილველად არის წარდგენილი, ან მომავალში წარადგენენ.
პარალელი საქართველოსთან
სომხეთში ევრაზიული და ევროპული ინტეგრაციის მომხრეები გამუდმებით კამათობენ იმაზე, თუ რომელი საინტეგრაციო ვექტორი მოუტანს უფრო მეტ სარგებელს სომხეთის ეკონომიკას.
ამ მხრივ, საინტერესოა “აღმოსავლური თანამშრომლობის” იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმეს. ესენია: უკრაინა, საქართველო, მოლდოვა. ბევრი ითქვა იმაზეც, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ არის თანაბარუფლებიანი. ევროპელებს უფლება აქვთ წესები ცალმხრივად შეცვალონ (კვლავ დააწესონ საბაჟო გადასახადები, შეცვალონ ქვოტების მოცულობა და ა.შ.), კიევს, თბილისს და კიშინოვს კი ამის უფლება არ აქვთ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ ქვეყნებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ დაპირებული მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება და სავიზო რეჟიმის გაუქმება. გარდა ამისა, ამ ქვეყნების მწარმოებლებმა ვერ დაიმკვიდრეს ადგილი ევროპის ბაზარზე და ამით ვერ აანაზღაურეს მათთვის ტრადიციული რუსული ბაზრის დაკარგვით მიყენებული ზარალი.
აღმოჩნდა, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შეთავაზებული ქვოტები ამ ქვეყნების ექსპორტისთვის ძალიან პატარაა, მათი პროდუქცია ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება დ ა.შ. ხოლო რაც შეეხება კორუფციის დონეს და პოლიტიკაზე ოლიგარქების გავლენას, უკრაინასა და მოლდოვაში ეს პრობლემა კიდევ უფრო გაიზარდა.
სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდების კათედრის გამგის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ აშოტ თავადიანის გათვლებით, სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რომ არ გაერთიანებულიყო, დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარს დაკარგავდა. მისივე თქმით, სომხეთს სწორედ ეს თანხა დაუჯდებოდა, რუსეთს გაზზე 30%-იანი საექსპორტო შეღავათები რომ არ მოეხსნა.
თავის მხრივ, პოლიტოლოგ, კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკ გრანტ მიკალეიანს მიაჩნია, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წევრობის წარმატების შეჯამება ჯერ ადრეა.
“არც ისე დიდი დროა გასული, გარდა ამისა კრიზისული პერიოდი მოუწია. შუალედური შედეგები, ჩემის აზრით, შემდეგნაირია: ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობამ სომხეთს საშუალება მისცა შეენარჩუნებინა საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, გაზის ფასი და სეზონური სამუშაოების ბაზარი იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურს სომხეთში ვერ პოულობენ. რუსეთის ეკონომიკის კრიზისმა სერიოზული გავლენა იქონია სომხეთზეც. თუმცა სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რომ არ გაწევრიანებულიყო, შედეგები ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა”, – განაცხადა მან Dalma News-თან საუბრისას.
მისივე თქმით, ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს ქვეყნის მაკრო ეკონომიკაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენიათ.
“ამ მომენტისათვის რაიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური უპირატესობა არც საქართველოს მიუღია, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. საქართველომ ვერც ნაწილობრივ გახსნილი ევროპული ბაზრით ისარგებლა; ზუსტად ასე ვერ ისარგებლებდა სომხეთიც იგივე შეთანხმება რომ გაეფორმებინა. ამავდროულად საქართველოში ევროპული ინვესტიციების შედინება დაიწყო იმ დროს, როცა რუსული ინვესტიციები სომხეთში, აღნიშნული მომენტისთვის, ნულამდე შემცირდა”, – დასძინა მან.
პოლიტოლოგი ძალზედ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო: ეს არის უცხოური ინვესტიციების შემცირება სომხეთში. თუ 2015 წლის შედეგებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში 1,56 მილიარდი დოლარი შეადგინა (აქედან 40% აზერბაიჯანსა და თურქეთზე მოდის), სომხეთში – 180,5 მილიონი დოლარია. განსხვავება ძალიან დიდია, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს სომხეთთან შედარებით გარკვეული უპირატესობები აქვს. ეს არის სატრანზიტო შესაძლებლობები და ზღვაზე გასასვლელი.
ამ ფონზე რუსეთს სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება იმისთვის, რომ თუნდაც სომხეთის მაგალითზე აჩვენოს ევრაზიული ინტეგრაციის უპირატესობები. ამისთვის საჭირო იქნება, სომხეთის ეკონომიკაში სერიოზული ინვესტიციების ჩადება.
თავის მხრივ, სომხეთის ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს შედარებით ეფექტიანად გამოიყენოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობით და რუსეთთან მოკავშირული ურთიერთობებით მიღებული შესაძლებლობები. კერძოდ, აქტიურად განავითაროს რესპუბლიკის საექსპორტო პოტენციალი.
ვიმედოვნებთ, რომ სომხეთის ახალი ხელისუფლება, რომელსაც ეფექტიანი მენეჯერის და ტექნოკრატის იმიჯის მქონე, ერევნის მერი კარენ კარაპეტიანი უხელმძღვანელებს, ამ ამოცანას გაუმკლავდება.
სომხეთის ეკონომიკის დასახმარებლად რუსეთის და ევრაზიული სტრუქტურების მზადყოფნა გამოიყენება რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარებისთვის და არა – საეჭვო ხელშეკრულებების შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. როგორც ეს მაგალითად, ქიმიური ქარხანა “ნაირიტის” ვალებთან დაკავშირებით მოხდა.
აიკ ხალათიან