ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღო დემოკრატიის მეორე სამიტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის საშუალებით იმართება. სამიტის ინიციატორი აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო.
წელს სამიტში მონაწილეობის მისაღებად 120 ქვეყნის ლიდერი იყო მიწვეული, მაგრამ საბოლოო დეკლარაციას, რომელიც “განხეთქილების ვაშლი” გახდა , მათ შორის სომხეთისთვის, მხარი მხოლოდ 73-მა ქვეყანამ დაუჭირა.
დემოკრატიის მეორე სამიტის პლენარული სესიის შედეგად მიიღეს დეკლარაცია, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკა დათქმით შეუერთდა. კერძოდ, ის არ შეუერთდა სამიტში მონაწილე იმ ქვეყნებს, რომლებმაც დაგმეს უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის „ჰუმანიტარული შედეგები“ და მოსთხოვეს რუსეთს დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ, გაეყვანა მთელი თავისი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრები.”
როგორც სომხეთის მთავრობის პრესსამსახურში განმარტეს, აღნიშნული პუნქტი არ ასახავს ყველა კონფლიქტს და კრიზისს ყოველმხრივად და ყოვლისმომცველად და არ ახდენს გავლენას აზერბაიჯანის აგრესიის ფაქტზე სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის და სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ზოგიერთი ნაწილის ოკუპაციაზე.
კერძოდ, ეს ეხება შემდეგ პუნქტს:
“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ ქვეყნებსა და ადამიანებს მთელს მსოფლიოში, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებს და ეწინააღმდეგებიან ამ ღირებულებების ნგრევის პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მცდელობებს, ან მუქარას. ვაღიარებთ გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლის თანახმად, ყველა სახელმწიფომ საერთაშორისო ურთიერთობებში თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენების, ან მუქარისგან და საერთაშორისო დავები მშვიდობიანი გზით უნდა გადაჭრას. ვაღიარებთ სახელმწიფოების განუყოფელ უფლებას ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის შესახებ, გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, უკრაინაში, უმოკლეს ვადაში, ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის აუცილებლობას, გაეროს წესდების პრინციპების შესაბამისად. ვგმობთ,უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემზარავ შედეგებს, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით; ასევე ჰუმანიტარულ შედეგებს , მათ შორის უკრაინის მასშტაბით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დამღუპველი შედეგები მოჰყვება; ასევე ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ქალების და ბავშვების დაღუპვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა გამო, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ და რაღა თქმა უნდა, ბავშვების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამო.
ღრმად ვართ შეშფოთებულნი ომის უარყოფითი გავლენით: გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკაზე, ბირთვულ უსაფრთხოებასა და ეკოლოგიაზე. მოვითხოვთ, რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეწყდეს საომარი მოქმედებები. ასევე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოვუწოდებთ, დაიცვან თავიანთი ვალდებულებები საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინაშე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ სამხედრო ტყვეების სრულ გაცვლას, ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლებას და ყველა ინტერნირებული და იძულებით გადაადგილებული, ასევე დეპორტირებული მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების დაბრუნებას. მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სამართლიან და დამოუკიდებელ გამოძიებას და აღკვეთას, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე; ასევე ყველა მსხვერპლისთვის სამართლიანობის უზრუნველყოფასა და მომავალში დანაშაულის პრევენციას”.
თუმცა, სომხეთის მიერ, კვლავაც ორი კურდღლის დევნის მცდელობა, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ფაშინიანმა რაც არ უნდა შენიღბოს თავის ძნელად შესანიღბი პროდასავლური მისწრაფებები, მოსკოვი ყველაფერს ხედავს და ყველაფერს ფაქტების მიხედვით აფასებს.
ამგვარად, ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა კონსტანტინე კოსაჩოვმა გამოთქვა სინანული რუსეთის ზოგიერთი მოკავშირის, კერძოდ სომხეთის, შეერთებული შტატების დემოკრატიის მეორე სამიტში მონაწილეობის გამო.
„ამ დღეებში ე.წ სამიტი დემოკრატიისთვის მიმდინარეობს, რომელსაც ამერიკელები მართავენ და რომელიც ნაწილობრივ დაუსწრებლად ტარდება. იქ, თუ არ ვცდები, 120-მდე ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის, სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი მოკავშირე, როგორიცაა სომხეთი. ამას სინანულით ვამბობ”, – განაცხადა კოსაჩოვმა რადიოსადგურ «Говорит Москва»-ს ეთერში და იქვე აღნიშნა, რომ სომხეთი დეკლარაციას დათქმით შეუერთდა:
„სომხების პატივსაცემად უნდა ითქვას, რომ საბოლოო დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელშიც რუსეთი უკრაინის გამო ჩაქოლილია, მათ განსაკუთრებული პოზიცია დაიკავეს. სამმა ქვეყანამ – სომხეთმა, მექსიკამ და ინდოეთმა – ამ პუნქტისგან თავი შეიკავეს”, – დასძინა მან.
თუმცა, კოსაჩოვმა რაც არ უნდა შეარბილოს მოკავშირე – ერევნის საქციელი, ფაქტი ფაქტად რჩება. მოსკოვი ფიქრობს, რომ ამ სამიტზე მოსახვედრი “ბილეთი“ არის ამერიკის სასარგებლოდ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე უპირობო უარის თქმა. ქვეყნები, რომლებიც მზად არიან ამისათვის, დიდ საფრთხეს უქმნიან მრავალპოლარულობას.
ლინა მაკარიანი