ოსმალეთის იმპერიაში სომეხი ხალხის გენოციდის კიდევ ერთ აღიარებას, რომელიც ამჯერად აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან გაისმა, საქართველოში სიფრთხილით და თავშეკავებით მოეკიდნენ. ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით ასი წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოში რაიმე სახის ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
“ყოველწლიურად, ამ დღეს, ოსმალეთის იმპერიაში სომხეთის გენოციდის დროს დაღუპულებს ვიხსენებთ და კიდევ ერთხელ ვპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი სისასტიკე არ განმეორდეს”, – განაცხადა ბაიდენმა 24 აპრილს, სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღეს, რომელიც მსოფლიოს 32-მა ქვეყანამ, ევროსაბჭომ, ევროპარლამენტმა და მრავალმა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა.
ქართველი ანალიტიკოსების ვარაუდით, აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის ამ განცხადებას, რამდენიმე წინაპირობა და წინასწარგანსაზღვრული ფაქტორი ჰქონდა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ვაშინგტონსა და ანკარას შორის გამწვავებულ ურთიერთობაზე, მეორე – ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობის შექმნაზე, რომელშიც თურქეთთან ერთად პოზიციები რუსეთმაც გაიძლიერა.
როგორც Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ანალიტიკოსმა, ზურაბ ბათიაშვილმა განაცხადა, პირველ რიგში, სწორედ აშშ-სა და თურქეთს შორი ურთიერთობების გამწვავებაა პრეზიდენტ ბაიდენის ამ ნაბიჯის მიზეზი.
“ბოლო პერიოდში თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა გაუარესდა და ეს ქვეყნები ისე დაშორდნენ ერთმანეთს, რომ სომხეთის გენოციდის საკითხისადმი თურქეთის სენსიტიური მიდგომა ბაიდენისთვის გადამწყვეტი არ აღმოჩნდა. გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საარჩევნო კამპანიის დროს სომხურ დიასპორას დაპირდა, რომ სომხების გენოციდს აღიარებდა და აშშ-ს სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, დანაპირები შეასრულა. ბაიდენის წინამორბედებიც ჰპირდებოდნენ სომხებს გენოციდის აღიარებას, მაგრამ მათ ეს არ, ან ვერ გააკეთეს”, – განმარტა ზურაბ ბათიაშვილმა.
აღნიშნულ მოვლენას იგი კავკასიაში და თავად სომხეთში არსებულ ვითარებას უკავშირებს. ქართველი ანალიტიკოსი ბაიდენის განცხადებას აფასებს, როგორც აშშ-ს მიერ ერევნისთვის გაწვდილ დახმარების ხელს.
“რა თქმა უნდა, ეს კავკასიაში არსებულ ვითარებას და სომხეთში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, რადგან ნიკოლ ფაშინიანს წინ საპარლამენტო არჩევნები აქვს. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, რუსეთის ერთ-ერთი მიზანი, ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორება იყო, რათა სომხეთში პრორუსული ძალები მოევლინათ. ასე რომ, ჯო ბაიდენის განცხადება სომხების გენოციდის აღიარების შესახებ ერთგვარი დახმარების ხელია, რომელიც სომხეთის პროდასავლური ძალებისკენ არის გაწვდილი. ეს სიტყვები მთელი კავკასიისთვისაც არის გამიზნული. ამავე დროს, ეს ერთგვარი სასჯელია თურქეთისთვის, რადგანაც იგი რუსეთს დაუახლოვდა და დასავლეთს დაშორდა”, – განაცხადა ზურაბ ბათიაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, რომლის საგარეო პოლიტიკა ძირითადად აშშ-კენ არის მიმართული, ქართველ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ოფიციალური თბილისის პოზიცია სომხეთის გენოციდის აღიარების, ან არაღიარების საკითხზე იგივე დარჩება, ხოლო ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან ამის გამო არ შეიცვლება.
“არ ვფიქრობ, რომ საქართველოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შეიცვლება. საქმე იმაშია, რომ თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და თურქეთს მრავალი ერთობლივი პროექტი აქვთ. თურქეთში საქართველოს ათიათასობით მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს. ამიტომ, მგონია, რომ საქართველოს მთავრობა სომხეთის გენოციდის აღიარების საკითხისადმი მიდგომას, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეცვლის”, – განაცხადა ბათიაშვილმა.
რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, რომელიც, ასევე, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ექსპერტის აზრით, ამის გამო თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები არ შეიცვლება.
“სომხეთის გენოციდის აღიარება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის, არც ორმხრივ, არც მრავალმხრივ ურთიერთობებში მთავარი და პრიორიტეტული საკითხი არ არის. ვფიქრობ, შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას რაიმე ნაბიჯის გადადგმას არ მოსთხოვს, რადგან ესმის, რომ არსებობს საკითხები, რომლებშიც ორივე ქვეყანას საერთო ინტერესები ვერ ექნებათ. მეორეს მხრივ, აშშ-ში ასევე კარგად იციან ამ საკითხის სენსიტიურობა საქართველოსთვის”, – დასძინა ზურაბ ბათიაშვილმა.
კავკასიის საკითხებში კიდევ ერთი ქართველი ექსპერტის, მამუკა არეშიძის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის აღიარების შესახებ, რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული, მათ შორის სომხური ლობის პროდუქტიული მუშაობით.
“ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სომხურმა ლობმა აქტიურად და პროდუქტიულად იმუშავა. შედეგად, წინასაარჩევნო მარათონის დროს ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ სომხების გენოციდს აღიარებდა. მან დანაპირები შეასრულა. თუმცა, წინასწარ, სატელეფონო საუბრის დროს, მან ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტს ერდოღანს აცნობა. მინდა აღვნიშნო საინტერესო დეტალი: ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, თურქეთის მხრიდან მკაცრ რეაქციას ყველა ელოდა, რაც ასე არ მოხდა. მხოლოდ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ამერიკა ოცდამეათე ქვეყანაა, ვინც ასეთი ნაბიჯი გადადგა. ასე რომ, ზებუნებრივი არაფერი მომხდარა”, – განუცხადა მან Dalma News-ს კორესპონდენტს.
მამუკა არეშიძის თქმით, მორალური თვალსაზრისით, აშშ-ს პრეზიდენტის ასეთმა ნაბიჯმა თურქეთს გარკვეული ზიანი მიაყენა, მაგრამ სომხეთის გენოციდის აღიარების საკითხს ფინანსური მხარეც აქვს.
“მორალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს თურქეთისთვის ცუდია. მაგრამ ამ საკითხს ფინანსური მნიშვნელობაც აქვს. ეს არის ასი წლის წინანდელი მოვლენების შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა. ვფიქრობ, საერთაშორისო სასამართლოს ჩართულობის გარეშე ეს საკითხი, არც ამოქმედდება”, – განმარტა ექსპერტმა.
მისი აზრით, აშშ-ს პრეზიდენტის ეს ნაბიჯი, ასევე განპირობებული იყო იმით, რომ ვაშინგტონმა ანკარა რეგიონში დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისთვის მკაცრად განსაჯა.
“მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი დასავლეთის პარტნიორი და ნატოს წევრია, იგი დამოუკიდებელი რეგიონალური პოლიტიკის წარმოებას აქტიურად ცდილობს და ეს წინა აზიის, ხმელთაშუა ზღვისა და კავკასიის საკითხებს ეხება. თურქეთი ამ საკითხებში დასავლეთის აზრს არ ითვალისწინებს და ამის დასტურია თურქეთსა და საფრანგეთს, თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაძაბული ურთიერთობები. ასე რომ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეს ნაბიჯი თურქეთის შეკავების მიზნითაც გადაიდგა. ვიცით, რომ მანამდე მსგავსი განცხადებები ევროპის ქვეყნებმა – საფრანგეთმა და გერმანიამ გააჟღერეს”, – დასძინა მამუკა არეშიძემ.
რაც შეეხება საქართველოს, ექსპერტის აზრით, ჯო ბაიდენის განცხადება ოფიციალური თბილისისთვის არაფერს ცვლის. მისი აზრით, ეს საკითხი საქართველოსთან ურთიერთობაში გადამწყვეტი, არც სომხეთისთვის იქნება.
“ზოგადად, ამ განცხადების შემდეგ, საქართველოსთვის არაფერი იცვლება. მიმაჩნია, რომ სომხური საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, ეს საკითხი არ არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი საქართველოსთან ურთიერთობაში. საერთოდ, სომხეთში ზოგიერთი ინტელექტუალისგან ხშირად მსმენია, რომ დასავლური დიასპორა ზედმეტად ამუხრუჭებდა ამ საკითხს იმ დროს, როდესაც შესაძლებელი იყო სომხეთისთვის სხვა, უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება. სომხეთში დიასპორის დღეს, ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის მოსახლეობა ძალიან თავშეკავებულად აღნიშნავს”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ანალიტიკოსმა ასევე დასძინა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ სომხეთის გენოციდის აღიარების ფაქტი რაიმე განსაკუთრებულ დივიდენდს, სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, ვერ მოიტანს. ექსპერტის აზრით, საქართველოს მთავრობა აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების შემდეგაც იმავე პოზიციაზე დარჩება, რომელსაც ამ დრომდე იცავდა.
“საქართველო დაიცავს იმავე მმართულებას, რომელსაც დღემდე მიჰყვება. საქართველოს ტერიტორიაზე ათიათასობით სომეხი და აზერბაიჯანელი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან ამა თუ იმ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი სამოქალაქო დაძაბულობას გამოიწვევს, რაც ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის, რომელიც პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა”, – დასძინა მამუკა არეშიძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები, რომლებიც, როგორც წესი, აქტიურად რეაგირებენ აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებებზე, განსაკუთრებით რუსეთის მიმართ, ამჯერად აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართვა უყურადღებოდ დატოვეს.
ირინა ხაჩიძე (თბილისი)