საქართველოს ეროვნული კინოცენტრი საპროტესტო განწყობებმა მას შემდეგ მოიცვა, რაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ცენტრის საქმიანობით, ფინანსების მიზნობრიობითა და შიდა პროცესებით დაინტერესდა.
2023 წლის 10 ივნისს კინოცენტრში ერთთვიანი რეორგანიზაცია გამოცხადდა, რაც სისტემის რეფორმის პირველ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, იმაზე, რომ კინოცენტრის გარშემო უსაფუძვლო აჟიოტაჟია ატეხილი, რასაც კამპანიური ხასიათი აქვს და საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას ემსახურება, ეს კი, პირველ რიგში, სწორედ კინოცენტრს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, რეფორმა მიზნად ისახავს კინოცენტრის გაძლიერებას, კერძო ინვესტორების მოზიდვაში ხელოვანთა მხარდაჭერას, კინოპროდუქციებისთვის ხელშეწყობას, ახალი თაობის კინოხელოვანთა ხელშეწყობას და, საბოლოო ჯამში, კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას და არა ცენზურის დაწესებას, რაც პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილი და ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია.
“რეორგანიზაციის მიზანია, კინოცენტრის არსებული მენეჯმენტისა და ბიუროკრატიული პროცესების გაჯანსაღება კინოხელოვანთა და კინოს ინტერესების გათვალისწინებით. მიგვაჩნია, რომ ტელეფონით და მეგობრობით მოგვარებული საქმეები ზიანს აყენებს ქართულ კინოსა და შემოქმედებით თავისუფლებას”, – ვკითხულობთ სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
მინიშნება კეთდება იმაზე, რომ კინოცენტრში გაბატონებულია ნეპოტიზმი, სახელმწიფო თანხების ხარჯვა არ არის გამჭვირვალე, ეჭვს ბადებს კონკურსების სამართლიანობა და სხვა. Dalma News-ი შეეცადა ვითარებაში საკუთარი არხებით გარკვევას. ახალგაზრდა რეჟისორები, რომელთა ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ, ადასტურებენ კინოცენტრში ნეპოტიზმის არსებობას, კონკურსები არ ტარდება სამართლიანად და “სისხლით ნათესაობაა” გაბატონებული.
“ძალიან ლიბერალი უნდა იყო, სექსუალურ უმცირესობებზე უნდა წერდე სცენარებს. მე კი სულ სხვა თემებზე ვიღებ ფილმებს – ღირსებაზე, ცხოვრებისეულ პრობლემებზე. ერთი და იგივე ხალხს აძლევენ სულ ფულს და იმიტომ გამოდის სულ ერთნაირი ფილმები. ისეთებს მისცეს დაფინანსება, კინოცენტრის მიმართ დავალიანება რომ აქვთ და ჯერ არ ჩაუბარებიათ ფილმები. კონკურსზე გატანილი და მოწონებული სცენარი არ დამიფინანსეს, კაპიკებს ვითხოვდი. მე მაინც გადავიღებ ჩემი ხარჯით. მაგ ადამიანების გულწრფელობის არ მჯერა”, – ამბობს Dalma News-სთან საუბრისას ახალგაზრდა რეჟისორი.
კულტურის სამინისტრო კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
კინოცენტრში ხმაური და პროტესტი მოჰყვა დროებითი მმართველის დანიშვნისა და ცენტრის დირექტორის ორი მოადგილის შტატის გაუქმებას. სამინისტრომ დროებითი მმართველის სახით, კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის ტექნიკურად შესრულება სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროს კობა ხუბუნაიას დაავალა. ამას მოჰყვა შედეგად ის, რომ კინოხელოვანთა საპროტესტოდ განწყობილი ნაწილის მხრიდან გაისმა ხუბუნაიას მიმართ უარყოფითი ეპითეტები და შეურაცხყოფა, რომ “კინოცენტრის დროებით ხელმძღვანელად ბადრაგი დანიშნეს”.
ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრომ ოფიციალური განმარტება გააკეთა, კერძოდ, რომ მსგავს პოზიციაზე კობა ხუბუნაიას არასოდეს უმუშავია, რომ პროფესიით ის ეკონომისტია. 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებს და მისი ამ თანამდებობიდან გათავისუფლება არ იგეგმება. შესაბამისად, ის დიდხანს ვერ შეასრულებს კინოცენტრში მისთვის ამჟამად დაკისრებულ ფუნქციებს. გარდამავალ პერიოდში მას, ტექნიკური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და ფინანსურ-ეკონომიკური ფუნქციები ეკისრებოდა კინოცენტრში ამ უკანასკნელის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
კინოცენტრის ყოფილი დირექტორის, გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობის პერიოდში კინოცენტრში აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევები 2022 წლის 15 მარტს გასაჯაროვდა. გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან 14 მარტს გაათავისუფლეს, აუდიტის დასკვნა კი, რეაგირებისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა.
გამოვლენილი დარღვევები ეხებოდა, ფინანსური სახსრების არასათანადო ხარჯვას, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სისტემატური დარღვევის ფაქტებს, კონტროლის სისტემის ნაკლოვანებებს, ცალკეული კონკურსანტების მიმართ არაობიექტურ და არასამართლიან მიდგომას თუ ისეთ დარღვევებს, რაც მიუთითებდა კინოცენტრში არსებული მენეჯმენტისა და ფინანსური სისტემის სერიოზულ ნაკლოვანებებზე. შედეგად, დაიწყო გამოძიება კინოცენტრის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.
კინოს სფეროს 413 წარმომადგენელი უნდობლობას უცხადებს კინოცენტრის ახალ მმართველობას და მას “არალეგიტიმურს” უწოდებენ. მათი პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ PosTV-ის ტელეწამყვან ბაჩო ოდიშარიას დანიშვნამ.
კინოს სფეროს წარმომადგენლები კინოცენტრის რეორგანიზაციის შეჩერებას და ახალი დირექტორის არჩევას ითხოვენ. მათი აზრით, ცენტრის დირექტორის პოზიცია არჩევითი უნდა გახდეს და მას სფეროს წარმომადგენლები ირჩევდნენ.
21 აგვისტოს, ეროვნული კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოთხოვნით მათ ბოიკოტი გამოაცხადეს. ბოიკოტის მონაწილე კინემატოგრაფისტები, პროტესტის ნიშნად, აღარ მიიღებენ მონაწილეობას კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, უარს იტყვიან ჟიურის წევრობაზე საკონკურსო კომისიებში. ასევე, უარს ამბობენ, იმუშაონ იმ კინოპროექტებზე, რომლებსაც კინოცენტრი 2023 წლის აგვისტოდან დააფინანსებს.
„ბოიკოტი არ ეხება იმ პროექტებსა და ფილმებს, რომელთაც უკვე აქვთ მიღებული კინოცენტრის დაფინანსება. ასეთ პროექტებს უკვე აკისრიათ ფინანსური და იურიდიული ვალდებულებები და მათი არ შესრულება კანონდარღვევად ჩაითვლება”, – აცხადებენ პროტესტანტები.
ბოიკოტს უერთდებიან: საპროდიუსერო კომპანიები და სტუდიები, მსახიობები, ოპერატორები, ხმისა და მონტაჟის რეჟისორები, მხატვრები, გამნათებლები, მუსიკოსები, ანიმატორები, ფოტოგრაფები, ხმის ტექნიკოსები, სტუდენტები, სცენარისტები, კინომცოდნეები, რეჟისორები, პროდიუსერები და სხვა.
რადიკალური ოპოზიცია და მათი მედია საშუალებები აღნიშნული თემის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ. სურთ საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ გაგა ჩხეიძე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე, უკრაინის მიმართ მხარდამჭერი განცხადებების გამო “დაისაჯა”.
თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი კინოსტუდია დაახლოებით 4 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, 2022 წლიდან, ტერიტორიაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. 2021-2023 წლებში ამისთვის ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
2021 წლის ივლისში, როდესაც აღნიშნული სახელმწიფო ქონება მართვაში კულტურის სამინისტროს გადაეცა, ჩამოქცევის პირას მყოფი უნიკალური ისტორიის მქონე კინოსტუდიის ტერიტორიაზე 70-მდე კომპანია საქმიანობდა, მათ შორის, სამკერვალო, ბარი, სამშენებლო ნარჩენების გატანის კომპანია, ხის ცეხი, საწყობი, ტურისტული სააგენტო, ავეჯისა და ლეიბების დამზადება, ე.წ. პროფილაქტიკა და სხვა.
როგორც Dalma News-ს კულტურის სამინისტროში განუმარტეს, კინოსტუდიის კუთვნილი ფართები საბაზრო ღირებულებაზე რამდენჯერმე დაბალ ფასად იყო გაქირავებული, რამაც ქართულ კინოს, მიუღებელი შემოსავლების სახით, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მოიჯარეების საქმიანობა კი არ უკავშირდებოდა ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულ მიზნებსა და საქმიანობის სფეროებს.
გარდა ამისა, ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, სახელმწიფო ქონებაში, საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ თანხად, ხელშეკრულებით იყო გადაცემული საცხოვრებელი ფართი კინოცენტრის მაშინდელი დირექტორის, გაგა ჩხეიძისთვის, რომელიც იმავდროულად იყო ყოფილი კინოსტუდიის გამგეობის წევრიც. ასევე, ყოფილი კინოსტუდიის ერთ-ერთ შენობაში იჯარის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული კინოხელოვნების ცენტრ “პრომეთეს”, რომლის დირექტორიც გაგა ჩხეიძე იყო. შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობებში სრულად უგულებელყოფილი იყო ინტერესთა კონფლიქტის პრინციპები და როგორც კინოცენტრი, ასევე ყოფილი კინოსტუდიის გარკვეული გადაწყვეტილებები ჩხეიძეს საკუთარ თავსა და პირად ინტერესზე ჰქონდა მორგებული.
ახალი მმართველობის პირობებში, სამინისტრომ გაწყვიტა ყველა საიჯარო ხელშეკრულება და ტერიტორიიდან გაიყვანა ყველა მოიჯარე, რომლებიც არ იხდიდნენ საიჯარო თანხას და დღემდე აქვთ დავალიანება სახელმწიფოს წინაშე. ასეთი ყოფილი მოიჯარეების მიმართ მიმდინარეობს სასამართლო დავები დავალიანებების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლის ოდენობა ჯამურად 121 320 ლარს შეადგენდა.
ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ერთი ნაწილი დასრულებულია. მოეწყო საგამოფენო სივრცე, გაიხსნა მსახიობების კასტინგის სააგენტო, მეთოჯინეების სახლი, ფოტოგრაფის სტუდია და ემზადება ანიმაციის სტუდიის განახლებისა და კინოდარბაზის მოსაწყობი სამუშაოებისთვის. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა მძიმე მდგომარეობაში მყოფი შენობების, მათ შორის, ორსაუკუნოვანი კინოპავილიონის გამაგრებისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის მიზნით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
შორენა პაპაშვილი