ბოლო დღეებში სომხური საზოგადოების ყურადღება სირიაში მიმდინარე მოვლენებისკენ არის მიპყრობილი. ალეპოს გარშემო ვითარების გამწვავების ფონზე გახშირდა ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ქალაქის სომხური კვარტლებისთვის ცეცხლის გახსნის შემთხვევები, რამაც სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები შეიწირა.
სომხეთის დიასპორის სამინისტროს მონაცემებით, აგვისტო-სექტემბერში 8 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა. სირიაში გამოცემული სომხური გაზეთი “განძასარი” იტყობინება, რომ ოქტომბერში 5 სომეხი დაიღუპა, მათ შორის სირიის ჩემპიონი ცურვაში მირეი ხინტოიანი და მისი 12 წლის ძმა.
არსებული ვითარების შედეგად, სომხურ მედიასა და სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა მოწოდებები, სირიელი სომხები ისტორიულ სამშობლოში დააბრუნონ, მათი განადგურებისგან დასაცავად. აღსანიშნავია ისიც, რომ სირიაში კონფლიქტის დაწყებისთანავე სომხური დიასპორული სტრუქტურები (ეკლესია და ტრადიციული სომხური პარტია) ყველაფერს აკეთებდნენ, რათა სირიაში სათვისტომო შეინარჩუნონ.
სირიის სომხური სათვისტომო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძლიერი იყო. ომამდე სირიაში დაახლოებით 110 ათასი სომეხი ცხოვრობდა, მათგან 60 ათასი ქვეყნის ეკონომიკურ დედაქალაქ – ალეპოში, ხოლო დანარჩენი დამასკოში, ლატაკიაში, კესაბესა და ელ-კამიშლიში.
დიასპორის სამინისტროს მონაცემებით, სირიაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სომხეთში 20 ათასი სირიელი სომეხი გადავიდა. მათგან რესპუბლიკაში 17 ათასი დარჩა, ხოლო 13 ათასმა სომხეთის მოქალაქეობა მიიღო. 5 ათასი სირიელი სომეხი დღეს უზრუნველყოფილია მუდმივი სამსახურით, ხოლო რესპუბლიკის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დაახლოებით ათასი სირიელი სომეხი ჩაირიცხა.
ჟურნალ The Economist-ის მონაცემებით, სომხეთი ევროპაში – გერმანიის და შვედეთის შემდეგ მესამეა, რომელმაც ყველაზე ბევრი სირიელი დევნილი შეიფარა. ეს საკითხი სომეხმა დიპლომატებმა შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებთან წამოჭრეს და განაცხადეს, რომ სომხეთის მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გათვალისწინებით, 20 ათასი დევნილი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ციფრია. თუმცა, სომხეთს დევნილების კეთილმოწყობისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რაიმე ფინანსური დახმარება დღემდე არ მიუღია.
რაც შეეხება სირიაში მცხოვრები სომხების რაოდენობას, ზუსტი მონაცემები არ არსებობს. დიასპორის სამინისტროს მონაცემებით, 110 ათასიანი სათვისტომო 14 ათასამდე შემცირდა, მათგან ნახევარი ალეპოში იმყოფება.
როგორც ამ დღეებში დიასპორის მინისტრმა ჰრანუშ ჰაკოფიანმა მედიას აცნობა, სომხეთი მზად არის ალეპოდან ისტორიულ სამშობლოში გადასვლის მსურველ სომხებს ხელი შეუწყოს. თუმცა, მისივე თქმით, მსურველი არც ისე ბევრია. ისინი ძირითადად გადადიან ალეპოს სხვა რაიონებში, ან ზღვისპირა ქალაქებში. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 4 და 5 ოქტომბერს, სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის განკარგულებით, სირიაში 2 თვითმფრინავით 40 ტონა ჰუმანიტარული დახმარება (საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი) გაიგზავნა, რომელიც არა მხოლოდ სომხებს, არამედ ყველა გაჭირვებულს დაურიგდება.
სირიაში ყველაზე დიდი დახმარება რუსეთმა გაგზავნა, ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული ორი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ხმეიმიმის ავიაბაზაზე დაეშვა, საიდანაც რუსმა სამხედროებმა დახმარება ალეპოში, ლატაკიაში, კესაბსა და სხვა ქალაქებში გადაიტანეს.
სომხეთის ხელისუფლება სირიაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას მომავალშიც გეგმავს. ამ თვალსაზრისით გადაწყდა, რომ სომხურ ფონდ “აიასტანს” სარეზერვო ფონდიდან 46 მილიონი დრამი (დაახლოებით 100 ათასი აშშ.დოლარი) გამოუყონ.
დიასპორის მინისტრის განცხადების მიუხედავად, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ალეპოში” ამბობენ, რომ ბევრ სირიელ სომეხს სურს სომხეთში გადასვლა, თუმცა მათ ავიაბილეთების შეძენის საშუალება არ აქვთ. ამისთვის მათ, სწორედ ამ საზოგადოებას მიმართეს, ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციის საკითხის მოგვარების თხოვნით.
პირველი, ვინც სირიელი სომხებისთვის დახმარების გაწევის მოწოდებას გამოეხმაურა, არის ცნობილი რუსი ბიზნესმენის და ფილანტროპ რუბენ ვარდანიანის ფონდი IdeA.
“ვხედავთ რა სირიაში, კერძოდ, ალეპოში ძალადობის გაგრძელებას, ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია ფინანსურად დავუჭიროთ მხარი სომხეთში სირიელი სომხების ტრანსპორტირების ორგანიზებას. ამ მიზნით, სხვა ორგანიზაციებთან და ადამიანებთან გაერთიანებას ვაპირებთ. ამ საქმეს ხელი დღესვე უნდა მოვკიდოთ. წრფელი გულით თანავუგრძნობთ ყველას, ვინც საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფება და ვინც თავშესაფარს ეძებს. ჩვენ, როგორც სომხები ვალდებულები ვართ მათ დავეხმაროთ”, – ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული განცხადების თანახმად, IdeA რამდენიმე კერძო ფონდთან ერთად, სომხეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, რათა სირიიდან სომხეთში ჩასულმა სომხებმა ყველა საჭირო დახმარება და კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის მოთხოვნის უფლება მიიღონ.
როგორც რუბენ ვარდანიანის გადაწყვეტილების შესახებ, აღმოსავლეთმცოდნე სურენ მანუკიანმა Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა: “ვარდანიანი მართლაც ყოჩაღია, მაგრამ ამ საკითხზე პირველ რიგში, სახელმწიფოს უნდა ეზრუნა, მეორე მხრივ კი, ეს საქმე ადრევე უნდა გაკეთებულიყო”.
მანუკიანის აზრით, რთულია იმის თქმა, თუ, რამდენი სომეხი იმყოფება ამჟამად სირიაში. “ჩემის აზრით, ეს არავინ იცის. ის ციფრი, რასაც ახმაურებენ, ვფიქრობ, მანიპულაციაა. ვისაც რამდენი აწყობს, იმდენს ამბობს. არიან ადამიანები, რომლებიც სომხეთიდან სირიაში მოკლე დროით ჩადიან, რათა გააკონტროლონ თავიანთი ქონება, სახლები, საბანკო ანგარიშები. მაგრამ ეს მათი არჩევანია. ვისაც წასვლა უნდოდა – წავიდა”, – დასძინა მან.
ექსპერტის აზრით, უახლოეს მომავალში საომარი მოქმედებები არ შეწყდება, თუნდაც სამთავრობო არმიამ ალეპო აიღოს.”ალეპო – ფინალური ბრძოლაა. მაგრამ ის ძალიან დიდი ქალაქია და რთული იქნება მისი სწრაფი განიარაღება. ის ძველი დიდი ქალაქია, სადაც შეუძლებელია კლასიკური ბრძოლების (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) წარმოება. შესაძლებელია მხოლოდ მოწინააღმდეგის დაღლა”, – განაცხადა მან.
თავის მხრივ, არაბისტ სარქის გრიქორიანს მიაჩნია, რომ მსგავსი სახის განცხადებებმა შესაძლოა დადებითად იმოქმედონ სირიაში, კერძოდ, ალეპოში საფრთხეში მყოფ სომხებზე. “ისინი ამით სამშობლოს, მთელი სომეხი ხალხის მხარდაჭერას გრძნობენ. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილებები არ შეიძლება ცალმხრივად იყოს მიღებული. პირველ რიგში, საჭიროა სირიაში მცხოვრები სომხების, ეკლესიის და სათვისტომოს ხელმძღვანელობის აზრის გათვალისწინება. სირიელი სომხების იდენტურობის შენარჩუნების ძირითადი ტვირთი სწორედ ეკლესიისა და სათვისტომოს ხელმძღვანელობის მხრებზეა”, – განაცხადა მან Dalma News-თან საუბარში.
ექსპერტის თქმით, სირიაში ძალაუფლება შესაძლოა რადიკალმა ისლამისტებმა აიღონ. ასეთ შემთხვევაში, ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებს საფრთხე დაემუქრებათ. “კონფლიქტის თუნდაც ამ ეტაპზე რადიკალური ისლამისტები ძალიან აქტიურები არიან, რაც უმცირესობების, მაგალითად, იეზიდების განადგურების მიზეზია”, – განაცხადა გრიგორიანმა. ნებისმიერ შემთხვევაში სომხეთის სახელმწიფოს და გავლენიანი ორგანიზაციების ხელმძღვანელობა სირიაში სომხური სათვისტომოს ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უნდა დაფიქრდეს. არსებული ვითარებიდან ყველაზე კარგი გამოსავალი სომხეთში მათი რეპატრიაციაა.
ამ საკითხში სომხეთისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია მის მოკავშირე რუსეთს, რომლის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს სომხეთიდან სირიაში ჰუმანიტარული ტვირთის გადატანა და ალეპოდან სომხების ევაკუაცია შეუძლიათ. მაგალითად, ცოტა ხნის წინათ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ამ საკითხის მოგვარების პროცედურებზე ისაუბრა.
აიკ ხალათიანი