2020 წლის “ბიზნესის კეთების” რეიტინგში საქართველომ, ქულების მიხედვით, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გააუმჯობესა შეფასების ზღვართან მიახლოებული ქულა, რომელიც ახლა 83.7-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი, შარშანდელთან შეადრებით, 0,2 ქულით გაუმჯობესდა. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, საქართველო მომავალი წლისთვისაც რეგიონულ ლიდერად რჩება. ევროპისა და ცენტრალური აზიის 23 ქვეყანას შორის, ის კვლავაც პირველ ადგილზეა, ხოლო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდეზე, მაშინ, როცა 2019 წლის ანგარიშში მეექვსეზე იყო, მაგრამ ამჯერად, საქართველოს აშშ-მ გაუსწრო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, რეიტინგი შედგება 10 სხვადასხვა ინდიკატორისგან, საიდანაც რვა ინდიკატორში საქართველოს შთამბეჭდავი გაუმჯობესება აქვს.
“დღესდღეობით კონკურენციაში ვართ – ვინ არის უფრო გახსნილი და თავისუფალი, აშშ თუ საქართველო. ერთი ადგილით გვისწრებს აშშ, მაგრამ ჩვენი ქულა არის გაუმჯობესებული და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს”, – განაცხადა თურნავამ.
და მაინც, რა ინდიკატორების მიხედვით არის საქართველოში “ბიზნესის კეთება” (Doing Business) მარტივი და მიმზიდველი? ეს არის ბიზნესის დაწყების ინდიკატორი, სადაც თითქმის 100 ქულას აღწევს; მშენებლობის ნებართვების ინდიკატორი; ელექტროენერგიის ქსელთან მიერთება; ქონების რეგისტრაცია; მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა; გადასახადების გადახდის პროცესი; ვაჭრობა საზღვრებს მიღმა; გადახდისუუნარობა.
ცხადია, მსოფლიო ბანკის რეიტინგი ქვეყნის მთავრობაში წარმატებად შეაფასეს და განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაა. ეს ძალიან მკაფიო ინსტრუმენტია, იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი კერძო სექტორი, დასაქმების, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, და რაც მთავარია, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანაში სიღარიბის პრობლემა გადაიჭრას.
მსოფლიო ბანკის რეიტინგმა ააღელვა ოპოზიცია და მმართველი პარტია “ქართული ოცნება” რომელიც ქვეყანას უკვე 7 წელია მართავს, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს მოპოვებული და განმტკიცებული რეიტინგის მითვისებაში დაადანაშაულეს. რასაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროს მარტივ ტყუილს უწოდებდნენ, დღეს ამომრჩევლის წინაშე თავის მოწონების საშუალებაა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ასეთი სახის ინდიკატორებს სააკაშვილის ტყუილებად აფასებდა, როცა “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში იყო.
“ახლა, იგივე ხელისუფლების მხრიდან ჩვენი მმართველობის დროს მოპოვებული და განმტკიცებული რეიტინგებით თავის მოწონება დაიწყო, რაც ღიმილის მომგვრელია. ზოგადად, ქვეყნისთვის ასეთი რეიტინგები ძალიან მნიშვნელოვანია. რეიტინგის შენარჩუნება კარგია, მაგრამ ეს იმ ინერციით ხდება, რაც წინა ხელისუფლებამ დატოვა. თუ დღეს, ქვეყანაში რამე ინსტიტუცია მუშაობს, ესეც ინერციით”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
არც ოპოზიციისა და არც ხელისუფლების აღტკინებას არ იზიარებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე და ამბობს, რომ ქვეყანაში რეალური ვითარება არც ისე სახარბიელოა, როგორც ბევრს ჰგონია. ძალიან ბევრი ადამიანი ანებებს თავს ბიზნესს. ფინანსური ინფრასტრუქტურა არის კატასტროფული, საბანკო სისტემა კი ქართული ეკონომიკისთვის უბრალოდ გამანადგურებელია; სამეურნეო დავისთვის სასამართლო თუ დასჭირდა მეწარმეს, მტრისას, წლობით არ დასრულდება პროცესი.
როგორც Dalma News-ს დემურ გიორხელიძემ განუცხადა, ეს რეიტინგი საქართველოსთვის არაფრის მომცემია, ნებისმიერმა ინვესტორმა მშვენივრად იცის რა ვითარებაა საქართველოში იმ მხრივ, რასაც Doing Business-ი ჰქვია. თუმცა მეორე მხრივ, ექსპერტი აღიარებს საქართველოს მიღწევებს და იმას, რომ რეიტინგში ძალიან ბევრ მაღალგანვითარებულ ქვეყანას უსწრებს.
“ის, რომ საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია და კიდევ რაღაცეები ძალიან მარტივია, არაფერს ნიშნავს გარემოს თვალსაზრისით, თუმცა თავად ფაქტი, ძალიან კარგია, იმიტომ, რომ ამის შემდეგ საქართველოში ბიზნესის კეთება უბრალოდ შეუძლებელი იქნება. ძალიან ბევრი ადამიანი ანებებს თავს ბიზნესს. არ მგონია, მსოფლიო ბანკში უკეთესად იცოდნენ რა ხდება საქართველოში. მთელი საქართველოს ეკონომიკა ბუღალტერიის დონეზე ვიცი, სად რა ხდება და რა ხდებოდა. ეს რეიტინგები ცუდი არ არის, მაგრამ ამის იმედზე არ შეიძლება ქვეყანა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკურად მაღალ ადგილზეა საქართველო წლეულს, აქ არც ერთი ინვესტორი არ შემოვა, არც მომავალ წელს. მათ თავიანთი ანალიტიკური ჯგუფები ჰყავთ და ჩვენზე უკეთესად იციან ის, რაც მათ სჭირდებათ. ეს ჩვენ ვიტყუებთ თავს, კარგია, მაგრამ არაფრის მომცემი"”, – აცხადებს დემურ გიორხელიძე.
ექსპერტის თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა თბილისიდან რეგიონში იმ იმედით, რომ ქართულ მეურნეობას ააღორძინებდნენ. ზოგმა მათგანმა მთებში, შესანიშნავი ბიზნესი დაიწყეს ენერგიით, ცოდნით და გამოცდილებით, მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, რის იმედსაც ხელისუფლება იძლეოდა, ამ ადამიანებმა არსებობის ყველა საშუალება ბიზნესში ჩადეს, მაგრამ დღეს ქვეყნიდან გარბიან.
სახელმწიფო პროგრამები და შეღავათიანი კრედიტები არაეფექტიანია იმდენად, რამდენადაც ისინი ეპიზოდური ხასიათისაა და არა გლობალური კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილი.
“ხელისუფლება გვეუბნება, მილიარდი ლარი დაიხარჯა სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისთვისო. სად წავიდა ეს მილიარდები, გგონიათ სოფელს მოხმარდა? არა, ბანკებში გადაირიცხა პროცენტის დასაფარად. ბანკებმა ვინ დააფინანსეს? ცხადია იმპორტიორები. მათ რა ქნეს? გლეხს ხომ არ მისცემდნენ ფულს ფერმერული მეურნეობისთვის და მოგებას 5 წელი დაელოდებოდნენ? მისცეს ფული თბილისში რეგისტრირებულ იმპორტიორებს. წავიდნენ ისინი, იყიდეს პესტიციდები, გაყიდეს, ფული უცებ ამოიღეს. ამ პესტიციდებით გადატენილია მთელი ქართული მიწები და ვიღებთ უვარგის პროდუქციას”, – განუცხადა Dalma News-ს დემურ გიორხელიძემ.
ერთი მხრივ გლეხის მიზანია დაიცვას მოსავალი განადგურებისგან, საკუთარი შეხედულებისამებრ, უკონტროლოდ იყენებს პესტიციდებს, საბოლოო შედეგი რა არის? არის მოსავალი, მაგრამ არ არსებობს სათანადო რაოდენობის სამაცივრე მეურნეობა, არ არსებობს ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები, სადაც შემოწმდება პროდუქციის ხარისხი და შესაბამისად განისაზღვრება მისი ღირებულება. მეწარმისთვის უპირატესი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და საიმედო პროდუქციის მოყვანა, ვიდრე ბევრის და გადასაყრელის.
ამ პრობლემის სათავეს კვლავ ხელისუფლებამდე მივყავართ. სოფლის მეურნეობა კომპლექსური დარგია, სადაც საჭიროა ტექნიკა, მანქანათმშენებლობა, გადამამუშავებელი მრეწველობა და ა.შ. დემურ გიორხელიძის შეფასებით, სოფლის მეურნეობაზე მომავალს ვერ ააგებ, მაგრამ გქონდეს და ვერ გამოიყენო, უკვე დანაშაულია.
“ამ პატარა ქვეყანაში, შეიძლება დაუმუშავებელი უამრავი მიწა არსებობდეს? სოფლის მეურნეობაში არიან ბაკის ყოფილი კლერკები. მათთვის სოფლის მეურნეობა ძალიან კარგი ადგილია, რომ თავისი ხალხი განათავსონ. ბანკის ყოფილი თანამშრომლები დღეს მთავრობის სტრუქტურებშია განლაგებული და რას აკეთებენ? ბანკის კლერკის ფსიქოლოგიით მართავენ სხვადასხვა დარგს. მთელი ბავშვობა და სტუდენტობა ჩემს მშობლებს ვეხმარებოდი, ძალიან კარგი მეურნეები იყვნენ და ძალიან კარგად ვიცი, რა უნდა იყოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია და რა არის დღეს. უცხო ჯიშების შემოტანა და საკუთარის განადგურება არ არის სოფლის მეურნეობა. სააკაშვილის მიზანი სხვა კი არაფერი იყო, სოფელი უნდა დაცლილიყო და შემდეგ ერთ სოფელს საკმაოდ სარფიანად მიჰყიდიდა არაბ შეიხს. სოფელი, სადაც საოცარი ინფრასტრუქტურა შეიძლება მოეწყოს; ქვეყანა, სადაც შესანიშნავი საცხოვრებელი ადგილები გვაქვს, საოჯახო ტურიზმის, არასასოფლო – სამეურნეო სფეროების განსავითარებლად. ასეთი გარემო იშვიათად სადმე იყოს, მაგრამ ამას გლობალური ხედვა სჭირდება”, – განაცხადა Dalma News-თან საუბრისას ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ.
შორენა პაპაშვილი