ყველამ კარგად ვიცით რეჟისორ სტივენ სპილბერგის ერთ-ერთი უძლიერესი ფილმი ჰოლოკოსტზე – “შინდლერის სია”, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ანალოგიური ისტორია, XX საუკუნის დასაწყისში მოხდა და ამ ისტორიის მთავარი გმირი სომეხი ოვანეს ესკიჯიანია. სომხების გენოციდის 105 წლისთავთან დაკავშირებით, კამერული მუსიკის სახელმწიფო თეატრმა თავის მაყურებელს დიდი საჩუქარი მოუმზადა. თეატრის სცენაზე წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სპექტაკლი “მფარველი ანგელოზი”, რომელიც რეალურ ისტორიას გადმოგვცემს.
გენოციდის თაობაზე სხვა ნაწარმოებთან ერთად, აღნიშნული ისტორია სომხებისთვის, უდავოდ, გამორჩეული იქნება, რადგანაც იგი სომეხი ხალხის ისტორიაში ტრაგიკული პერიოდის გმირულ ეპიზოდზე მოგვითხრობს. სპექტაკლის დროს ცრემლების შეკავება ძალიან რთული იქნება, მაგრამ მის შემდეგ მაყურებელი სიამაყის გრძნობით განიმსჭვალება, რადგანაც სომეხი ხალხის წიაღში ასეთი გმირები არსებობენ.
სპექტაკლს საფუძვლად უდევს გერმანელი ისტორიკოსის ჰილმარ კაიზერის დოკუმენტური წიგნი. ბოლო დროს ისტორიკოსი თურქულ არქივებში კვლევებს აწარმოებდა და ოვანეს ესკიჯიანის შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი მოაგროვა. ოსმანურ იმპერიაში სისხლიანი მოვლენების დროს ესკიჯიანმა ბევრი ქალი და ბავშვი გადაარჩინა. გენოციდს გადარჩენილ თაობაში დღეს, ვინც ცოცხალია, ბევრს ახსოვს მისი სახელი და პატივს მიაგებს მას.
“სპექტაკლს საფუძვლად მისი ისტორია დაედო. ამას გვერდს ვერ ავუვლიდით. ოვანეს ესკიჯიანი შეძლებული სომხური ოჯახის წარმომადგენელი იყო, მისი მშობლები ადანადან იყვნენ. ადანაში დაწყებულ ხოცვა-ჟლეტას ოჯახი სასწაულებრივად გადაურჩა და ალეპოში გადავიდა, სადაც სომხური იდენტობის შესანარჩუნებლად მოღვაწეობა და სომეხი ბავშვების დახმარება განაგრძო. ჩვენამდე მოღწეული დოკუმენტები ცხადყოფენ, რომ ყოველ კვირა ესკიჯიანი, იცოდა რა ალეპოს, რომელ სადგურში გაჩერდებოდა სატვირთო მატარებელი, რომელსაც დერ ზორის უდაბნოში გადაჰყავდა სომხები, მიდიოდა და ერთ-ერთ თურქ სამხედროსთან წინასწარი შეთანხმების შედეგად 10-15 სომეხი ბავშვი გამოჰყავდა. ასე გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში”,- თქვა Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბრისას კამერული მუსიკის სახელმწიფო თეატრის დირექტორმა, რიპსიმე არაქელიანმა.
მაგრამ, ერთ დღეს, ყველაფერი ჩაიშალა. ერთ-ერთმა ბავშვმა, რომელიც ესკიჯიანს გარდაუვალი სიკვდილისგან უნდა გადაერჩინა, მასთან ერთად წასვლაზე უარი განაცხადა. 7-8 წლის ბიჭუნა აცხადებდა, რომ დედამისთან დაშორება არ უნდოდა და ამგვარად, საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნების შანსზე თქვა უარი. ესკიჯიანი ცდილობდა მის დამშვიდებას და დაიმედებას, რომ დედას კვლავ შეხვდებოდა, მაგრამ ამაოდ, ბავშვი ხმამაღლა ტიროდა და ყვიროდა, რითაც არასაჭირო ყურადღებას იქცევდა.
“ხმაურმა სადგურის ხელმძღვანელობის ყურადღება მიიქცია და დაინტერესდნენ – რას აკეთებდა ბავშვი ვაგონის გარეთ? ესკიჯიანს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ბავშვს ხელი გაუშვა და სადგურიდან გაიქცა, რათა ისინი მაინც გადაერჩინა, ვინც მატარებლიდან გამოიყვანა. იმ მომენტში სხვა ბავშვების გადარჩენა მოახერხა, თუმცა მიხვდა, რომ ეს ეპიზოდი მისი სამაშველო ეპიზოდის დასასრულის დასაწყისი იყო”.
ამ შემთხვევის შემდეგ, თურქეთის ხელმძღვანელობა ესკიჯიანზე თვალთვალს აწესებს და მის მოღვაწეობას იძიებს. სამწუხაროდ, ალეპოში ბევრი აგენტი და მოღალატე იყო,არა მხოლოდ არაბებს, არამედ სომხებს შორისაც. სანამ დანაშაულებრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც მილიონობით უდანაშაულო სომხების სისხლში ჰქონდათ ხელი გასვრილი, ჩასწვდნენ ესკიჯიანის საქმიანობას და პოლიციელები მის დასაკავებლად გაგზავნეს, აღმოჩნდა, რომ წინა დღისით – 1916 წლის 25 მარტს, ოვანესმა სული განუტევა. იგი, 34 წლის ასაკში, ტიფმა იმსხვერპლა, რომელიც ერთ-ერთი გადარჩენილი ბავშვისგან გადაედო.
“ესკიჯიანმა მართლაც დიდი საქმე გააკეთა. მან პირდაპირი გაგებით, სიკვდილს გამოსტაცა ყველა, ვისი გადარჩენაც შეეძლო. შემდეგ კი იგი და მისი მეუღლე ობლებზე საკუთარ სახლში, ან თავშესაფრებში ზრუნავდნენ. ეს ყველაფერი კი თურქული ჯაშუშური ქსელის თვალწინ ხდებოდა. იმ ბავშვების შთამომავლები, რომლებიც სირიაში დასახლდნენ, ან მსოფლიოს სხვა ქვენებში გაიფანტნენ, დღემდე საუბრობენ დიდებულ სომეხ ესკიჯიანზე და მას “მფარველ ანგელოზად” მოიხსენიებენ.
სწორედ ეს ისტორია უნდა ეხილა სომეხ მაყურებელს თეატრის სცენაზე, რომელიც სომხების გენოციდის 105 წლისთავთან დაკავშირებით უნდა დადგმულიყო. ამის შემდეგ, დაგეგმილი იყო სპექტაკლის სომეხი დიასპორისთვის ჩვენება აშშ-ში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ყველა გეგმა შეცვალა.
“სინამდვილეში, სომხების გენოციდის შესახებ, ძალიან ცოტა ნაწარმოები გვაქვს, სადაც მოთხრობილი იქნება სომეხი ხალხის გმირობაზე. რა თქმა უნდა, გვაქვს ფრანც ვერფელის “მუსა დაგის 40 დღე”, პერჩ ზეიტუნციანის “ადექით, სასამართლო მოდის”, რომელშიც მოთხრობილია სოგომონ ტეილერიანის (თავისი ოჯახიდან ერთადერთი გადარჩენილი, რომელმაც 1921 წელს გენოციდის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ტელეიტა ფაშა მოკლა – რედ.) სასამართლო. სომეხი ხალხის წიაღში ძალიან ბევრი გმირია, რომლებიც იმ ძალიან მძიმე დროს ხალხს თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარებოდნენ, თუმცა, მათ შესახებ ინფორმაცია, ან სომხურ არქივებშია ჩამალული, ან სამუდამუდ დაკარგული. ოვანეს ესკიჯიანის ისტორია ძალიან ძლიერი და სიმბოლურია და გვსურს ყველამ იცოდეს, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენი განადგურება და კაცობრიობის ისტორიიდან ამოშლა სურდათ, ჩვენს შორის იყვნენ გმირები, რომლებმაც ხელი შეუშალეს ოსმანურ თურქეთს თავისი მიზნის მიღწევაში”, – დასძინა თეატრის დირექტორმა და განაცხადა, რომ ცხოვრების ნორმალური რეჟიმის აღდგენის შემდეგ, მაყურებელი აუცილებლად იხილავს ზემოთ აღნიშნულ სპექტაკლს.
ლია ხოჯოიანი