კორონა ვირუსის პანდემიამ, რომელიც საქართველოსაც შეეხო, მის პოლიტიკურ დღის წესრიგში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. ოპოზიცია რაღაც დროით გაჩუმდა და დიდი გულისყურით აკვირდებოდა ვირუსის გავრცელებას, სპეციალისტების განცხადებებს და ხელისუფლების მოქმედებებს. ცოტა ხნის წინათ, ოპოზიცია ისევ გამოცოცხლდა და კვლავ შეტევაზე გადავიდა. მით უფრო, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში ისევ აქტუალურია მომავალ შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების საკითხი, რომელიც საგანგებო ვითარების და ფორს – მაჟორული ვითარების გამო არავის გაუუქმებია.
ოპოზიციის წინასაარჩევნო მოქმედებებად შეიძლება ჩაითვალოს მისი პერიოდული აქციები – მოსახლეობისთვის ერთჯერადი სამედიცინო ნიღბების, სხვა დამცავი საშუალებების და სადეზინფექციო ხსნარების დარიგება – რომლებიც სავალდებულო სოციალური დისტანციის დაცვის მოწოდებებისა და მრავალი ადამიანის თავშეყრის აკრძალვის მიუხედავად მაინც ეწყობოდა. ასევე ოპოზიცია ითხოვდა მოსახლეობის მასობრივ, სათითაო ტესტირებას; აკრიტიკებდა ხელისუფლების ეპიდსაწინააღმდეგო მოქმედებებს და სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას; ეჭვი შეჰქონდა ქვეყანაში კორონა ვირუსის გავრცელების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის სანდოობაში.
დამოუკიდებელი ექსპერტები ოპოზიციის ამგვარ აქტიურობას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად განიხილავენ და ამბობენ, რომ ოპოზიცია ამგვარად ცდილობს ამომრჩევლის გული მოიგოს და პოლიტიკური ქულები დაიმსახუროს.
პარლამენტის არჩევნების სავარაუდო თარიღის (31 ოქტომბრის) მოახლოებასთან ერთან სულ უფრო აქტიურია საქართველოში აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში 8 მარტს, ოპოზიციის და მმართველი პარტიის ლიდერებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შესრულების საკითხი, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციურ და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას და მართლმსაჯულების პოლიტიზაციის აღკვეთას. შეთანხმების ამ ბოლო საკითხს ყოველი მხარე თავისებურად განმარტავს. საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მისი მთავარი ამოცანაა კონსტიტუციური ცვლილებების უზრუნველყოფა, ხოლო რაც შეეხება მართლმსაჯულებას, როგორც “ქართული ოცნების“ ლიდერები ირწმუნებიან, საქართველოში ისედაც დეპოლიტიზირებულია.
ოპოზიციის ლიდერები დოკუმენტს საპირისპიროდ აფასებენ, ისინი მთავარ აქცენტს მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციაზე აკეთებენ და როგორც შედეგი, პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითხოვენ. უფრო სწორედ, ოპოზიციის ლიდერების, ან მომხრეების, რომლებიც მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ტყვეებად მიაჩნიათ. ესენია თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა (იგი ზემოთ აღნიშნული შეთანხმების გაფორმებამდე ბიუჯეტური სახსრების გაფლანგვის ბრალდებით მეორედ დააკავეს და თავისუფლების მეორე ვადით აღკვეთა მიუსაჯეს); მიხეილ სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, შემდგომში მისი ოპონენტი, ამჟამად პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი – ირაკლი ოქრუაშვილი (იგი 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის მიტანის მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 2020 წლის 13 აპრილს ამ საქმესთან დაკავშირებით 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს); ბიზნესმენი გიორგი რურუა, რომელიც ოპოზიციური ტელეარხის “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და დამფინანსებელია (იგი 2019 წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა – ტარებისთვის და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს).
ამ სამი პიროვნების განთავისუფლებას ხელისუფლებისგან აშშ-ს საელჩოში მიღწეული შეთანხმების ხელმომწერი თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ითხოვს, მცირედი გამონაკლისით. პარლამენტში ფრაქციებად წარმოდგენილი “ევროპული საქართველოს” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები კატეგორიულად აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება “პოლიტ.პატიმრებს” არ გაანთავისუფლებს, ისინი კონსტიტუციურ და საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს მხარს არ და უჭერენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ცვლილებების მისაღებად უმრავლესობა საჭირო ხმებს ვერ დააგროვებს. შედეგად, შეთანხმების ეს ნაწილიც ჩაიშლება.
ოპოზიციის ლიდერების დაკავებასა და შემდეგ მათ საქმეებზე სასამართლო განაჩენებზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ საქართველოს დასავლეთელ პარტნიორებსაც. ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა, ასევე ევროპარლამენტარებმა “ქართული ოცნების” ხელისუფლება წერილებით და განცხადებებით აავსეს. ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აშშ-ს საელჩოში მკვეთრი განცხადება გააკეთეს.
“ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების დრომ და გარემოებებმა შეშფოთება გამოიწვია პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლიანობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს მართლმსაჯულების მიუკერძოებლობას – საკითხს, რომელიც 8 მარტის ერთობლივი განცხადების გარშემო არსებული ღელვის განმუხტვას მოემსახურება. თითოეულ ხელმომწერ მხარეს ვურჩევთ სრულად შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება”, – ნათქვამია საელჩოს 14 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში.
ყველა კრიტიკული განცხადების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის პოზიცია მოკლედ გამოხატა:
“საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. წერტილი. საქართველოში ასევე არ არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება. კიდევ ერთი წერტილი. საქართველოს მთავრობა მის მიერ აღებულ ვალდებულებებს აუცილებლად შეასრულებს”
მმართველი პარტიის სახელით, 11 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი განმარტებით, აშშ-ს საელჩოში გაფორმებული შეთანხმების ტექსტში კონკრეტული სამი პირის, რომლებიც კონკრეტული მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, განთავისუფლებაზე არაფერია ნათქვამი.
“მიუხედავად იმისა, რომ უგულავას, ოქრუაშვილის და რურუას საკითხს ოპოზიციის ნაწილი მოლაპარაკებების ოთხივე რაუნდზე აყენებდა, „ქართული ოცნების“ მთავრობისგან ოთხივე შემთხვევაში მკაფიო პასუხი იყო, რომ ამ პატიმრების განთავისუფლება ვერცერთი ფორმით ვერ გახდება პოლიტიკური მოლაპარაკებების და შეთანხმების საგანი”, – განაცხადა თალაკვაძემ.
სპიკერის თქმით, თავად უგულავამ და რურუამ შეთანხმების გაფორმებამდე სამი დღით ადრე განაცხადეს, რომ მათი განთავისუფლების საკითხმა ხელი არ უნდა შეუშალოს მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას.
“უგულავას და რურუას 5,6 და 7 მარტის განცხადებებს თანამოაზრეებმა უპასუხეს, მათ მადლობა გადაუხადეს საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობისთვის. უფრო მეტიც, ბატონებმა ბოკერიამ და კაპანაძემ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჯერ საარჩევნო სისტემის შეთანხმება გაფორმდება, ხოლო შემდგომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ე.წ. პოლიტპატიმრები განთავისუფლდებიან”, – გაიხსენა თალაკვაძემ 2 თვის წინანდელი მოვლენები.
მან ასევე დასძინა, რომ არც მმართველ პარტიას და არც ოპოზიციურ პარტიებს უფლება არ აქვთ აშშ-ს საელჩოში გაფორმებული შეთანხმების დეტალები გაასაჯაროონ, რადგანაც მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში დიპლომატების მონაწილეობით მიმდინარეობდა. ხოლო იმისათვის, რომ ოპოზიციონერების მხრიდან “სპეკულაციებს” და “პოლიტპატიმრების” თემის “მანიპულაციას” ადგილი არ ჰქონოდა, თალაკვაძემ ელჩებს – მოლაპარაკებების ფასილიტატორებს მიმართა და სთხოვა “შეთანხმების შინაარსისთვის ნათელი მოეფინათ”.
“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავის მხრივ განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა სწორედ ოპოზიციამ მოითხოვა და თუ ოპოზიციური ფრაქციები კონსტიტუციური და საარჩევნო კოდექსის ცვლილებების განხილვაზე უარს იტყვიან, 2020 წლის პარლამენტის არჩევნების ამჟამად მოქმედი სისტემით ჩატარდება.
“8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ოპოზიციას დაეკისრება… ეს სწორედ ის სისტემაა, რომელიც ასე მოსწონდა ოპოზიციას იმ პერიოდში, როდესაც მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების სათავეში იყო”, – განაცხადა კობახიძემ.
ოპონენტებმა თავის მხრივ განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეთანხმების ჩაშლა და ამაში დამნაშავედ ოპოზიციის გამოცხადება სურს. მათ ასევე დასძინეს, რომ პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნა უცვლელია, რადგანაც ეს საკითხი 8 მარტის შეთანხმების ნაწილია.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებულ დავაში თავისი მკაფიო სიტყვა თქვეს დიალოგის ფასილიტატორებმაც, რომლებმაც არჩილ თალაკვაძის მიმართვაზე განაცხადეს:
“ჩვენი როლი შეთანხმების ტექსტის განმარტებას არ ითვალისწინებს”
დიპლომატებმა – დიალოგის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისაგან, რომელთაგან ერთ-ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, ხოლო მეორე – “სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის მსგავსი საკითხების” გადაწყვეტაზე. მიმართვის ბოლოს, დიპლომატებმა თითოეულ მხარეს შეთანხმების ორივე ნაწილის დაცვისკენ მოუწოდეს.
ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ს საელჩოში მიღწეული შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულების შესაძლებლობებს ხედავს და აცხადებს, რომ ამისათვის თითოეულმა მხარემ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.
“ჩემი დაკვირვებით, ნერვების სერიოზული თამაშები მიმდინარეობს, რადგანაც „ნაციონალურ მოძრაობას“და „ევროპულ საქართველოს“ სურთ რადაც არ უნდა დაუჯდეთ „ქართულ ოცნება“ ამ სამი პიროვნების განთავისუფლება აიძულონ და ამას პოლიტპატიმრების განთავისუფლება უწოდონ. ამგვარად ისინი პოლიტიკურ ქულებს დაიწერენ, თან მმართველ პარტიას კედელთან მიაყენებენ და სერიოზულ პოლიტიკურ ზიანს მიაყენებენ. თუ მმართველი პარტია ამ ადამიანებს პოლიტპატიმრების სარჩულით გაანთავისუფლებს, მაშინ „ქართული ოცნება“ თავის განაჩენს მოაწერს ხელს, რადგანაც მმართველი პარტია, რომელსაც ქვეყანაში პოლიტპატიმრები ყავს, უნდა წავიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ავტომატურად კარგავს დასავლეთის მხარდაჭერას და თავს ტოტალიტარულ რეჟიმად აღიარებს. ეს კი მმართველი რეჟიმის ინტერესებში არ შედის”, – განმარტა ზაალ ანჯაფარიძემ Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბრისას.
ექსპერტის აზრით, დასავლეთელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები ზემოთ აღნიშნული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებასთან და განაჩენებთან დაკავშირებით, შეიძლება განვიხილოთ როგორც ქართული მართლმსაჯულების საქმეებში ჩარევა.
“მიმაჩნია, რომ აშშ-ს საელჩოს განცხადება ოქრუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით და ევროპარლამენტარის კუბილიუსის წერილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს – საქართველოს სამართალწარმოებაში პირდაპირი ჩარევაა”, – დასძინა ანჯაფარიძემ.
ექსპერტის აზრით, საქართველოში არსებული დაძაბული ვითარების უმტკივნეულოდ განმუხტვის ყველაზე ოპტიმალური გზა იქნება ის, თუ ოპოზიცია პოლიტიკური ლექსიკონიდან სიტყვა „პოლიტპატიმრებს“ამოიღებს.
“ჩემის აზრით, საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ოპოზიცია უარს იტყვის ტერმინზე “პოლიტპატიმარი”, ამოიღებს მას ყოველდღიური პოლიტიკური რიტორიკიდან, ხოლო მსჯავრდებული პირები რეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ. ეს გადაარჩენს როგორც ერთი, ისე მეორე მხარის სახეს. მსჯავრდებულები აღიარებენ თავიანთ დანაშაულს, ხოლო პრეზიდენტი, იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს არჩევნებამდე სტაბილური ატმოსფეროს შექმნას და დაძაბულობის შემცირებას, ზემოთ აღნიშნულ პირებს შეიწყალებს და გაათავისუფლებს. თუმცა, გადადგამს თუ არა ოპოზიცია ამ ნაბიჯს, უცნობია”, – თქვა ზაალ ანჟაფარიძემ.
მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს პარტნიორები ევროკავშირსა და აშშ-ში ზეგავლენის მოხდენას ეცდებოდნენ არა მხოლოდ მმართველ პარტიაზე, არამედ ოპოზიციას ამ მიმართულებით უფრო მეტი კონსტრუქციულობისაკენ მოუწოდებდა.
რაც შეეხება შეთანხმების ძირითად ნაწილს, რომელიც საკონსტიტუციო და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტი სავსებით შეძლებს ვადებში ჩატევას და შესაბამისი შესწორებების მიღებას.
“თუ გავითვალისწინებთ იმ ვადებს, როდესაც საგანგებო ვითარების მოხსნის შემდეგ ჩვენი კონსტიტუციით შესაძლებელი იქნება კონსტიტუციური პროცესის დაწყება, ვფიქრობ, ეს ივნისში უნდა მოხდეს. მით უფრო, რომ საკონსტიტუციო კომისია უკვე ჩამოყალიბებულია. ამაზე საუბრობენ მმართველ პარტიაშიც და ვფიქრობ, საქმე აღარ გაჭიანურდება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, “ქართული ოცნება” ვერ გაბედავს დასავლეთელი პარტნიორების წინააღმდეგ წასვლას”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
მისი შეფასებით “ქართულ ოცნებას” კონსტიტუციური ცვლილებების დასამტკიცებლად ხმების მოგროვება არ გაუჭირდება.
“ჩემი ინფორმაციით, მმართველ პარტიაში კონსენსუსია და ამჯერად სიურპრიზი არ იქნება, როგორც ეს შარშან ნოემბერში. ყოველ შემთხვევაში, ამ ვარიანტის წინააღმდეგ ღიად ვერავინ წავა”, – დასძინა ექსპერტმა.
მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებზე ძალთა გადანაწილებასა და შესაძლო შედეგებზე პროგნოზებს ზაალ ანჯაფარიძე ამ ეტაპზე ვერ აკეთებს, რადგანაც ჯერჯერობით საზოგადოებრივი აზრის დამოუკიდებელი კვლევების არანაირი შედეგი არ არსებობს.
თუმცა, მას მიაჩნია, რომ მმართველი პარტია ამ არჩევნებში გარკვეული პოლიტიკური ქულებით მიიღებს მონაწილეობას, რადგანაც პანდემიის პირობებში მთავრობამ მკვეთრი და ზუსტი მოქმედებებით თავისი რეიტინგი აამაღლა, ხოლო ოპოზიციამ, ექსპერტის შეფასებით, დესტრუქციული მოქმედებებით, პოლიტიკური განცხადებებით და გამოხტომებით, რამაც მოსახლეობაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, საკუთარი რეიტინგი დასწია.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის შემოდგომაზე, აშშ-ს საელჩოში მიღწეული შეთანხმების თანახმად შეცვლილი მოდელით ჩატარდება. კონსტიტუციური ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მომდევნო მოწვევის პარლამენტში პროპორციული პარტიული სიებით 120 დეპუტატი (77-ის ნაცვლად) და მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით 30 დეპუტატი (73-ის ნაცვლად) იქნება. შეიქმნება ახალი, ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი საარჩევნო სუბიექტებისთვის, ხოლო გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, რომელიც 40% -იან ბარიერს გადალახავს, შეძლებს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის,ისე ერთპარტიული მთავრობის შექმნას. ეს იქნება დროებითი, კონკრეტული არჩევანისთვის გათვალისწინებული მოდელი. აქამდე მისასვლელი გზა გრძელი, წინააღმდეგობებითა და დაპირისპირებებით სავსე იყო. ოპოზიცია სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯიუტად მოითხოვდა, ხოლო მმართველი პარტია შერეული საარჩევნო სისტემის აუცილებლობას იცავდა. შემოთავაზებული იყო სხვადასხვა ვარიანტები, მაგრამ კომპრომისული აღმოჩნდა ის, რაზეც მხარეები აშშ-ს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
ირინა ხაჩიძე