საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რომელიც სახელმწიფოს არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) დაფინანსების საშუალებას აძლევს. ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს შექმნას, რომელიც ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების განაწილებაზე იქნება პასუხისმგებელი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის.

ცვლილებები 80 ხმით მიიღეს, ხოლო სააგენტოს ბიუჯეტი 2025 წლისთვის 20 მილიონ ლარს (დაახლოებით 7,1 მილიონ დოლარს) შეადგენს. ეს სახსრები როგორც თავად სააგენტოს ფუნქციონირებას, ისე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას მოხმარდება, რომელთა საქმიანობა სახელმწიფო პრიორიტეტებს შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ მოქმედი ქართული კანონმდებლობის თანახმად, ბიუჯეტიდან გაცემული გრანტები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წერილობითი შეთანხმების საფუძველზე გადაეცემათ, სადაც მითითებული იქნება გრანტის მიზანი, მისი მოცულობა, კონკრეტული მიმართულებები და მისი ათვისების ვადები, ასევე მიღების პირობები.

ოფიციალური პოზიცია და ოპონენტების კრიტიკა

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ 2024 წელს წამოაყენა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების დაფინანსების ინიციატივა. აღნიშნული პროგრამა, მათი თქმით, ალტერნატიული იქნება იმ დაფინანსებისა, რომელსაც სამოქალაქო სექტორი და მედია ევროკავშირის და აშშ-ის ფონდებიდან იღებენ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გრანტების პროგრამა მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, კორუფციასთან ბრძოლას, გარემოს დაცვას, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მხარდაჭერას, ასევე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებას.

ირაკლი კობახიძე

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შევქმნათ გრანტების პროგრამა ქართული არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომელიც სრულად დაფინანსდება ქართველი გადასახადების გადამხდელთა ფულით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან… ჩვენ არ გვაშინებს იმ ორგანიზაციების რეგისტრაცია, რომლებიც უცხოური დაფინანსებით მოქმედებენ, თუ ისინი არ ცდილობენ პოლიტიკურ დღის წესრიგის შექმნას საქართველოში, არ მონაწილეობენ რევოლუციური გეგმების განხორციელებაში, არ ძირს უთხრიან ქვეყნის რელიგიურ იდენტობას და არ ავრცელებენ ლგბტ პროპაგანდას“, – განაცხადა 2024 წლის 9 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, სახელმწიფო არ დააფინანსებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობაში არიან ჩართული, რევოლუციურ პროცესებს უწყობენ ხელს ან ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ.

„არცერთი ფონდი ვერ დააფინანსებს ორგანიზაციას, რომლის მიზანიც ტყუილის ორგანიზებაა. ეს განმარტება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ახალმა ამერიკულმა ადმინისტრაციამ რამდენიმე ფინანსურ დანაშაულს ფარდა ახადა. ზოგიერთები ვერ ხედავენ, რა ხდება მსოფლიოში, და მაინც ცდილობენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას. ფონდი ვერ დააფინანსებს ღონისძიებას, რომელიც გარკვეულ ჯგუფს „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ტექნიკას ასწავლის. ამ ქვეყანაში სიჩუმე არ არის, აქ თავისუფლებაა, განსხვავებით 2012 წლამდე არსებული მდგომარეობისგან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, სახელმწიფო მხარს დაუჭერს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებზე ფოკუსირდებიან.

„დღეს ჩვენ ვხედავთ ფაქტებს, როცა სხვადასხვა გრანტების პროგრამები, რომლებიც სხვა ქვეყნებში ხორციელდებოდა და აშშ-იც მათზე საუბრობს, არ იყო მიმართული ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებისკენ, არამედ ქვეყანაში არეულობის გამოწვევისკენ“, – განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა მარიამ ლაშხმა.

სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის კრიტიკა ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ხელისუფლებამ რამდენიმე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოური ქვეყნების ინტერესების გატარებაში და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში დაადანაშაულა. სწორედ ამის აღსაკვეთად მიიღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც ითვალისწინებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროებიდან მოდის. მმართველი გუნდი გეგმავს კანონის უფრო მკაცრ ვერსიას, რომელიც სრულად დაეფუძნება აშშ-ის FARA-ს (Foreign Agents Registration Act).

ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ახალი ინიციატივის კრიტიკით გამოვიდნენ, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო გრანტების პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლის მექანიზმად იქცევა. მათი აზრით, მთავრობის მიერ გაწვდილი დაფინანსება სამოქალაქო სექტორის მთავრობისგან დამოკიდებულს გახდის, რაც მის დამოუკიდებლობას და ხელისუფლების კრიტიკის შესაძლებლობას შეზღუდავს. ასევე, კანონპროექტის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა დასავლური ფონდების გავლენის შესამცირებლადაა მიმართული, რომლებიც ტრადიციულად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარ დამფინანსებლად გვევლინებოდნენ.

გოგი ხატიაშვილი

იურისტი და უფლებადამცველი გოგი ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ შესაბამის რეესტრში დაახლოებით 400 ორგანიზაცია დარეგისტრირდა. იურისტის აზრით მიუხედავად იმისა, რომ ეს არასამთავრობო სექტორის მხოლოდ მცირე ნაწილია, “ეს საკმარისია დემოკრატიის ილუზიის შესაქმნელად” და „ქართული ოცნება“ კონცენტრირებულია ამ ორგანიზაციების მხარდაჭერაზე.

„ქართული ოცნება“ ამ სიტუაციას იყენებს სამოქალაქო საზოგადოების გულის მოსაგებად, რათა ისინი დახმარების სანაცვლოდ ხელისუფლების კრიტიკისგან თავი შეიკავონ. ისინი მიიჩნევენ, რომ თუ აკრიტიკებ, დესტრუქციული ძალა ხარ. შედეგად, ხელისუფლება ქმნის ერთგულ ჯგუფს და მესამე სექტორის ილუზიას“, – აცხადებს ხატიაშვილი.

უფლებადამცველის თქმით, იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც საზოგადოებრივ სერვისებს აწვდიდნენ (მაგალითად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა), სერიოზული პრობლემები განიცადეს USAID-ის დაფინანსების შეწყვეტის გამო.

„გრანტების შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო სექტორის დაფინანსების სისტემაში. ერთი მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ სახელმწიფო გრანტები საზოგადოებრივ ინიციატივებს ქვეყნის ინტერესებში განავითარებს. მეორე მხრივ, კრიტიკოსები შიშობენ, რომ ახალი მექანიზმი არასამთავრობო ორგანიზაციებზე მთავრობის კონტროლს გააძლიერებს და მათ დამოუკიდებლობას შეზღუდავს. ახალი სისტემის ეფექტურობას მისი პრაქტიკაში გამოყენება უახლოეს თვეებში აჩვენებს.