უნებართვო ვიზიტებიდან დაბრუნებულმა და იმპიჩმენტ გამოცხადებულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რადიკალური ოპოზიცია თავისი ქარტიის გარშემო გააერთიანა და ერთგულების ფიციც ჩამოართვა. ახლა ტექნიკური მთავრობის იდეისთვის დამაჯერებლობის მინიჭებას ცდილობს და ოპოზიციაში ვირტუალური თანამდებობის დანაწილების ცდუნებას აღვივებს.

პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ ეს გაუგებარი და არაკონსტიტუციური სცენარი საზღვარგარეთ შეიქმნა, მაგრამ მთავარი ჩანაფიქრი ევროპასთან მოლაპარაკებების გახსნაა.

„წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდება, დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით მოლაპარაკებების გახსნის კარებთან. მანამდე საჭიროა, რომ ძალიან გარკვეული იყოს, ვინ დგას ბოლომდე ერთგულად ამ ქარტიის უკან. ამიტომ, მე ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან. ვინც არ ეთანხმება, შეუძლიათ ხელმოწერა უკან წაიღონ,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც აღმოჩნდა, რადიკალების ერთიანობისთვის შექმნილი ქარტია, მათი უთანხმოების მიზეზი გახდა. პრეზიდენტსა და მის დამკვეთებს სასწრაფო ერთგულება საკუთარი პარტიების მეშვეობით, მხოლოდ გახარიამ და გვარამიამ დაუდასტურეს. „ლელოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ფიქრობენ, რომ მაშინ, როცა არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, ყურადღების კონცენტრაცია არჩევნებზე უნდა იყოს. რადიკალების ეს ფლანგი პრეზიდენტს სწრაფი და მოუმზადებელი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს. ასე მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის აზრით, სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ არის, ხოლო ტექნიკური მთავრობის კანდიდატებზე ღია და საჯარო საუბარი უნდა წარიმართოს.

… და მაინც, რას ითვალისწინებს პრეზიდენტის ქარტია?

ზურაბიშვილის განმარტებით, ეს იქნება გარდამავალი „არაპოლიტიკური კაბინეტი“ დაკომპლექტებული პროფესიონალებით, რომლებიც არ არიან რომელიმე პარტიასთან კავშირში.

„აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, რომელიც პარლამენტის პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარება, რამდენიმე თვეში უნდა მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ, ანუ ევროპის კარამდე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მანამდე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების სერია გამართა თანამშრომლობის ზოგადი პრინციპებისა და „ტექნიკური მთავრობის“ იდეის გარშემო. ქარტიაში, რომელსაც მაისში მოაწერეს ხელი მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა, ერთ-ერთი პუნქტია პრეზიდენტის მიერ მთავრობის დაკომპლექტება, რასაც რეალურად, საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს.

სალომე ზურაბიშვილი არ ნებდება, კონსტიტუციის დარღვევას შეჩვეული პრეზიდენტი ჯიუტად იმეორებს, რომ დღეს განსხვავებული ვითარებაა, რომ დადგა დრო, მხარეებმა გადაწყვიტონ, რამდენად ერთგულები არიან არა მხოლოდ ამ ქარტიის სულისკვეთების, არამედ მისი ყველა სიტყვის.

ქარტიის მიხედვით, ყველა ხელმომწერი მხარე თანხმდება, რომ არჩეული პარლამენტი და დამტკიცებული მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს. მათი ამოცანაა საქართველოში დააბრუნონ დემოკრატიული რეფორმები და აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან. ამის შემდეგ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში.

„ჩვენ ვემხრობით, რომ არჩევნების შემდგომ, კოალიციურ ბაზაზე მოხდეს ეს ყველაფერი“, – აცხადებს ვაშაძე და დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხდება, რითაც საქართველოში „ბიძინიზმი“ დასრულდება.

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ 60%-იანი რეიტინგის გათვალისწინებით, ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე საუბარს ფარსს უწოდებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი აზრით, სქემა, რომელსაც განხორციელება არ უწერია ქვეყნის ერთი წლით გაჩერებას, არეულობასა და მის ომში ჩართვას ნიშნავს.

„ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%. ჩვეულებრივად ჩატარდება არჩევნები, ნოემბრის ბოლოდ, დეკემბრის დასაწყისში შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაკომპლექტდება ფორმალური მთავრობა და არა ტექნიკური. ის გეგმა, რაც არის წარმოდგენილი და რომელსაც არ უწერია საერთოდ განხორციელება, ნიშნავს ქვეყნის ერთი წლით გაჩერებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

რატომ ჩქარობს ზურაბიშვილი უცხოეთში მიღებული დაკვეთის სწრაფად შესრულებას?

მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი არასერიოზულია და არც მთავრობის დაკომპლექტებას ეკითხება სალომე ზურაბიშვილს ვინმე.

როგორც “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი ჩვეულებრივი სისულელეა.

„არანაირი ტექნიკური მთავრობა. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, მას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს კონსტიტუციური თვალსაზრისით. ეს არის აბსურდული პიარკამპანია. ეს არის აბსურდის თეატრი და როლები აქვთ გადანაწილებული ამ ადამიანებს. რა ტექნიკურ მთავრობაზეა საუბარი 1 და 2 პროცენტიანი ოპოზიციური პარტიებია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

რამაზ საყვარელიძე

ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე Dalma News-თან საუბრისას ცდილობს ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის იდეას სეროზული ანალიზი მოუძებნოს.

„სერიოზულობის მოთხოვნას თუ დავემორჩილებით, ერთადერთი ვერსია რაც ამ საკითხზე მაქვს გამომდინარეობს წინადადებების შინაარსიდან. კერძოდ, პრეზიდენტი ითხოვს დროებით ტექნიკური მთავრობის შექმნას და მერე არჩევნების დანიშვნას. ამასთან დაკავშირებით გაჩნდა უკვე რეაქციები ოპოზიციაში, რომ თუ გავიმარჯვებთ, რატომ ტექნიკური, პირდაპირ მთავრობაო, მეორემ თქვა – შემდეგი არჩევნები რაღატომ არის დასანიშნიო და ა.შ“, – ამბობს პოლიტოლოგი.

მისივე მოსაზრებით, ზურაბიშვილის იდეა მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნება ლოგიკური, თუ კი ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი თვლის, რომ ქვეყანაში უნდა მოხდეს რევოლუცია იმ პარტიის გადაგდებით, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია და რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პრეტენზია აქვს.

შესაბამისად, თუ კი საქართველოში მოხდება მორიგი რევოლუცია, რისი წინაპირობაც ქვეყანაში საერთოდ არ ჩანს, უნდა შეიქმნას მინისტრთა კაბინეტი უპარტიო ნიშნით, ამ კაბინეტმა უნდა დანიშნოს არჩევნები, რომ მერე ლეგიტიმური გახდეს ასეთი ძალადობით მოსული ხელისუფლება. ფაქტობრივად პრეზიდენტმა დადო ძალადობის პირობებში მოქმედების სქემა, ანუ დაანონსდა ხელისუფლების დამხობის სცენარი.

„უამრავი გამოკვლევა ვნახე და ყველა მათგანში დაახლოებით 10-დან 20 %-მდე არის განსხვავება ხელისუფლების სასარგებლოდ, უფრო ახლო სხვაობა რომ იყოს, იქ შეიძლება დაძახება, რომ – აი, გაყალბდა! დიდი სხვაობის პირობებში გაყალბებაზე ეჭვის მიტანა ცოტა ძნელია, იმიტომ, რომ გაყალბებას აქვს თავისი ზომა“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

Dalma News-ის კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ოპოზიციამ გაიმარჯვოს ამ არჩევნებში, საყვარელიძემ განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ აორთქლდება. „ოცნების“ აორთქლების შემთხვევაში კი მოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ძნელი სათქმელია, მაშინ მას დანარჩენ ოპოზიციასთან კოალიციური მთავრობის შექმნის სურვილი გაუჩნდეს. ერთი სიტყვით, სალომე ზურაბიშვილის სიზმარს ქარტიისა და ტექნიკური მთავრობის შესახებ, ასრულება არ უწერია.

 გია აბაშიძე

პრეზიდენტის განცხადებას, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს სამარცხვინოსა და ტრაგიკომიკურს უწოდებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. მისი აზრით, ზურაბიშვილი მაქსიმალურად ცდილობს ჩაიწეროს ქულები აგენტოკრატიაში, თუმცა, იქაც მკაფიოდ ხედავენ მის ურეიტინგობას.

“სამარცხვინო სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი პოლიტიკანური განცხადება არის მისთვის ტრაგიკომიკური. ეს საცოდავი პერსონაჟი ვითომ ცდილობს, რომ მაქსიმალურად ჩაიწეროს ქულები აგენტოკრატიაში. თუმცა, იქაც მკაფიოდ ხედავენ თუ რა არარაობას, ურეიტინგო პერსონაჟს წარმოადგენს”, – აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსები თანხმდებიან მოსაზრებაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. იმ შემთხვევაში, თუ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში სამართლიანად გაიმარჯვა და გაყალბების ეჭვები მინიმუმამდე შემცირდა, დასავლეთს მოუწევს ივანიშვილის პარტიასთან ურთიერთობებს გადახედოს.

შორენა ქარჩავა