საქართველოს სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნება” უკვე მეორედ არის უკმაყოფილო მის მიერვე მხარდაჭერილი პრეზიდენტით. ჯერ ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ახლა კი მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცდილობს “ოცნებისგან” დისტანცირებას.
ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ზურაბიშვილმა არჩევნებში გამარჯვება, მხოლოდ მეორე ტურში და მხოლოდ „ოცნების“ მხარდაჭერით შეძლო. უპარტიო სალომემ პრეზიდენტობის პირველივე წუთებიდან განაცხადა, რომ ის არ იქნებოდა, რომელიმე პოლიტიკურ ძალის ინტერესების დამცველი, არამედ იქნებოდა ყველას პრეზიდენტი. ყველას პრეზიდენტობის სიმძიმე ზურაბიშვილმა ქვეყანაში მწვავე ორპოლუსიანობის დასრულებისთვის იტვირთა და დაპირისპირებული მხარეების შერიგებას შეეცადა.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის პარალელურად საქართველოში შიდა პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდა. “ქართული ოცნების” პრაგმატული პოლიტიკა “ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან დაკავშირებული სხვა ოპოზიციური პარტიების მწვავე კრიტიკის საგანია. უკრაინის ომი საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე ზედმეტად უცნაურად ირეკლება. ამ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტი და ყოფილი დიპლომატი, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სამეზობლოში მიმდინარე ომის დასრულების საქმეში და საზღვარგარეთ ვიზიტებს საკუთარი შეხედულებისამებრ გეგმავს. შიდა დაპირისპირებისთვის კი, აკრიტიკებს ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც.
“ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის, და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ, აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: „ძალა ერთობაშია“!”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 14 მარტს, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
პრეზიდენტის შეფასებით, ქართული საზოგადოება პოლიტიკურ პარტიებზე ბევრად ფხიზელი, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანია. მისივე თქმით, ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა.
“დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და მათ შორის, საქართველოსთვის. ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშეა, რომლებიც შესაძლოა, ხვალ კიდევ უფრო მწვავე გახდეს. კრიზისებს და ომებს იმავდროულად, ახალი შესაძლებლობები მოაქვთ. ახალი გზები იხსნება. ამ ახალ გზაზე, საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
საერთო ჯამში პრეზიდენტის გამოსვლა, არც ხელისუფლებას მოეწონა და, არც ოპოზიციის ნაწილს. საპარლამენტო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა პრეზიდენტის 14 მარტის მოხსენება ძირითადად დადებითად შეაფასეს. პარტია “ლელოს” წარმომადგენელის, დავით უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც პრეზიდენტმა “მჭლე” სამიანი” დაუწერა. თუმცა ერთი სამიანი უსუფაშვილმა თავად სალომე ზურაბიშვილსაც დაუწერა. დავით უსუფაშვილის აზრით, საქართველოში მტრობამ, შუღლმა, ურთიერთგაუტანლობამ, შავმა პიარმა პიკს სწორედ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს მიაღწია. ასეთი ამბები კი აღარ იკარგება, ის ილექება საზოგადოებაში, ადამიანებში, პოლიტიკოსებში.
“ევროპელი სოციალისტების” წევრმა ფრიდონ ინჯიამ სალომე ზურაბიშვილს შეახსენა, რომ ის აღარ არის საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორც პრეზიდენტი, ვალდებულია, ქვეყნის გარეთ თავისი დიპლომატიური ვიზიტები მთავრობასთან შეათანხმოს. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა კი, პარლამენტში მყოფ სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წერილი გადასცა, რომელშიც სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთვის საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებას ითხოვს.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლიდან მეორე დღეს, 15 მარტს, განცხადება გაავრცელა და პრეზიდენტი კონსტიტუციის რამდენიმე მიმართულებით დარღვევაში დაადანაშაულა. “ოცნების” ლიდერების თქმით, პრეზიდენტი ან ვერ კითხულობს კონსტიტუციას, ან მისი სხვაგვარად გადაწერა სურს.
საქართველოს მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს შეახსენებს, რომ მას არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება და პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით და ქვეყნის მთავრობის თანხმობის გარეშე ზურაბიშვილმა, რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში განახორციელა, რაც 14 მარტს თავადაც აღიარა. კერძოდ, 2022 წლის 26 თებერვალს მან წერილობით თქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე და პირადი კონტაქტების გამოყენებით სამუშაო ვიზიტები პირად შეხვედრებად გადააქცია.
“ასეთი შეზღუდვები ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია. შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია, საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი, მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს! მე კი მგონია, რომ ჩემი ორმოცწლიანი გამოცდილება დიპლომატიისა და სტრატეგიულ საკითხებში და ამ პერიოდში შეძენილი პირადი კონტაქტები ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ პრეზიდენტს უხეშ დარღვევად ჩაუთვალა პარლამენტის სხდომათა დარბაზში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, ანდრი კასიანოვთან ერთად მისვლა და პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის თარიღის პარლამენტთან შეუთანხმებლად გამოცხადება. “ოცნება“ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს საპარლამენტო რესპუბლიკის არსი კარგად გაიაზროს.
პრეზიდენტისთვის ოფიციალურ ვიზიტებზე უარის მიზეზი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგნაირად განმარტა: “მაშინ, როცა ასეთი რთული პროცესებია რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა იყოს ქვეყანაში, ეს იყო მთავარი არგუმენტი, მოტივაცია, უარი გვეთქვა მის ვიზიტზე”. პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება მალე საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს. როგორც დეპუტატი დავით უსუფაშვილი ამბობს, “ქართული ოცნება” პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ მიაღწევს, რადგან საამისოდ საჭირო 100 პარლამენტარის ხმა არ ექნება.
“ცხადი იყო, რომ მოვიდოდა დრო, როცა “სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოახერხებდა გადაეყლაპა ყველაფერი, რასაც “ქართული ოცნება” გააკეთებდა და პირიქით, “ქართული ოცნება” ვერ გადაყლაპავდა ყველაფერს, რასაც ზურაბიშვილი გააკეთებდა”, – განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.
პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და „ოცნებას“ შორის დაპირისპირების გამწვავებას არ ელოდება. მისი აზრით, ზურაბიშვილმა გადაწყვიტა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, რაღაც ღირშესანიშნავი გააკეთოს და ქართულ საზოგადოებას თავი დაამახსოვროს. ცდილობს თავისი გამოცდილება და ურთიერთობები გამოიყენოს ამ ვითარებაში.
სიხარულიძის თქმით, ერთი მხრივ პრეზიდენტი მართალია, როცა ამბობს, რომ დღეს შიდა პოლიტიკური დაპირისპირება საქართველოსთვის საზიანოა, თუმცა მეორე მხრივ დასაფასებელია “ქართული ოცნების” პრაგმატული საგარეო პოლიტიკა.
“ყველა, მეტ-ნაკლებად ადეკვატური ადამიანი ხვდება, რომ “ქართული ოცნება” დღეს, აკეთებს იმას, რასაც ყველა ნორმალური ხელისუფლება გააკეთებდა, რათა ქვეყანა არ იყოს ჩათრეული უკრაინა-რუსეთს შორის დაპირისპირებაში. ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება საქართველოსთვის”, – განუცხადა Dalma News-ს სიხარულიძემ.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი წლების განმავლობაში დუმდა, ამიტომ ახლა მოულოდნელი იყო მისი მხრიდან პოზიციის დაფიქსირება.
“მისი პოზიცია ძალიან სწორია, იმ კუთხით, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც დაკავებულები არიან ერთმანეთის ცილისწამებით და ძალაუფლებისთვის ბრძოლით. ამ ყველაფერს ეწირება ქვეყანა”, – ამბობს პოლიტოლოგი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ყოველწლიური გამოსვლა იყო საინტერესო და იმავე დროს წინააღმდეგობრივი. კარგია ის, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილის შეწყალება გამორიცხულია. აბაშიძის თქმით, ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიუხედავად იმისა, 2018 წელს ის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით აირჩიეს პრეზიდენტის თანამდებობაზე, ის მაინც ზე პარტიული პრეზიდენტი აღმოჩნდა.
“მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა შეენარჩუნებინა პრეზიდენტის ინსტიტუტის სახე და არ დაეზიანებინა, არ მოახდინა იმ თემის სკანდალურად გაპიარება, რომ ზურაბიშვილი მთავრობასთან შეუთანხმებლად წავიდა ევროპაში, რითაც მან დაარღვია კონსტიტუცია. ის რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შევა სარჩენი, არ ნიშნავს იმას, რომ მმართველი გუნდი აპირებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს. ეს გამორიცხულია. უბრალოდ, თავად საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა თქვას, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა საკუთარი ქცევით კონსტიტუცია”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.
მან იქვე დასძინა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ტაბუდადებული ინსტიტუტები არ არსებობს და არც საქართველოში იარსებებს. აბაშიძე პრემიერ ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის პიროვნული კონფლიქტის არსებობას გამორიცხავს.
“სალომე ზურაბიშვილი არის ზე-საგარეო საქმეთა მინისტრი, ის გამოცდილი ევროპელი დიპლომატია, მაგრამ დღეს არის პრეზიდენტი და როგორც კონსტიტუციის გარანტმა პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას”, – აცხადებს ანალიტიკოსი.
მისივე შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომმა უპირველესად დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმის მომხრეა, რომ გონივრულად და დინჯად მივყვეთ მოვლენებს.
შ. ქარჩავა