საქართველოში ივლისში 737696 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,5%-ით მეტია, ამათგან 336664 ტურისტია, 182693 ტრანზიტით მომავალი. იანვარ-ივნისის ინტერვალში კი ქვეყანაში 3069 999 ვიზიტი შედგა, რაც 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 4,9%-ით მეტია.
როგორც Dalma News -ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში განუცხადეს, ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+12%), აზერბაიჯანიდან (+7,9%), სომხეთიდან (+11,9%), რუსეთიდან (+6,6%) და უკრაინიდან (+0,6%) შედგა.
მათივე ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდანაც. კერძოდ, საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისშიც გამოირჩნენ ლიტვა, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლატვია და ნიდერლანდები.
შუა აზიის ქვეყნებიდან გამოირჩეოდა ყაზახეთი (32%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსის და მოლდოვას მოქალაქეები (48% და 32%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 768 და საუდის არაბეთი 137%-ნი მატებით. აქვე აღსანიშნავია აშშ-ის მოქალაქეების 12%-ნი ზრდა.