3,7-მილიონიან საქართველოში მოსახლეობის ნახევარ მილიონზე მეტი სოციალურ შემწეობას იღებს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამ ადამიანების რიცხვი კიდევ 25 ათასით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სიღარიბე კვლავ ნომერ პირველი პრობლემაა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 673 ათასი ადამიანი იღებს (იანვრიდან +25,4 ათასი). ეს არის ქვეყნის მოსახლეობის 18,2% (3,69 მილიონი ადამიანი). აქედან 223 ათასი სოციალურად დაცულ მოქალაქეთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეა, რომლებსაც ამ სტატუსის შენარჩუნება გარანტირებული ექნებათ 4 წლის განმავლობაში. სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამ საქართველოში ფუნქციონირება 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ის რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი ღარიბია, „ქართული ოცნების“ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ სიღარიბე არა თუ გაიზარდა, არამედ წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია.
თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, საქართველოში სიღარიბე შემცირებულია, თუმცა ძალიან ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი არა თუ მინიმუმამდე შემცირდეს, არამედ განულდეს.
„ამას სჭირდება მშვიდობა ქვეყანაში, ეკონომიკური გაძლიერება, რომ კეთილდღეობა ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში, სადაც ერთადერთი დამსაქმებელი საბიუჯეტო ორგანიზაციებია, სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია. ამასთანავე, ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმაში, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ადამიანები შერჩევით საქმდებიან, სადაც მთავარი კრიტერიუმი სამსახურის მაძიებლის პოლიტიკური გემოვნებაა და არა პროფესიონალიზმი. მათი აზრით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ასაქმებენ „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივს. რაც შეეხება კერძო სექტორს, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიზნესი მოსახლეობას ვერ ასაქმებს, რადგან ქვეყანაში ბიზნესი ვერ ვითარდება.
ექსპერტი ეკონომიკის სფეროში გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე, ხშირად, არასწორი ინტერპრეტაციები კეთდება. მისივე თქმით, ყველაფერი ფარდობითია და პროცესს დინამიკაში რომ შევხედოთ, 2010-2011 წლებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.
“2010-2011 წლებში კატასტროფული მდგომარეობა იყო ქვეყანაში სიღარიბის მხრივ, ყოველი მესამე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებოდა, რაც მოსახლეობის 37%-ს შეადგენდა. შემდეგ ეს მაჩვენებელი წავიდა კლებისკენ და უკვე 2022 წელს 15% შეადგინა, დღეს კი არის 11,8%-ია”, – განუცხადა Dalma News-ს გიორგი ცუცქირიძემ.
მისივე განმარტებით, სიღარიბე იანგარიშება იმის მიხედვით, თუ რამდენი სჭირდება ოჯახს ფიზიკური არსებობისთვის, ანუ რამდენს შეადგენს ოჯახის მინიმალური დღიური მოხმარება. თუ ადამიანების შემოსავალი იზრდება იმაზე სწრაფად, ვიდრე ხარჯი, ეს აისახება სიღარიბის შემცირებაზეც.
„მსოფლიო ბანკის ინდიკატორით ეს არის სულზე 2,5 აშშ დოლარი, რაც დაახლოებით 6 ლარია. თვიურად გამოვა 150-170 ლარი. ბოლო წლებში საშუალო ხელფასის სტატისტიკაც რომ ვნახოთ, თუ როგორ არის გაზრდილი. საშუალო ხელფასი გაზრდილია, როგორც საჯარო სექტორში, ისე კერძო სექტორში. გაზრდილია პედაგოგების, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების ხელფასები. ბოლო 5 წელიწადში გაიზარდა პენსია. რაც შეეხება ინფლაციაზე, ბოლო წლებში ის შემცირებულია და 3%-იც არ არის. ეს ფაქტორები აისახება სიღარიბის შემცირებაზე“, – ამბობს გიორგი ცუცქირიძე.
მისივე თქმით, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების კიდევ ერთი ფაქტორია ინფრასტრუქტურულ პროექტებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, განსაკუთრებით კი რეგიონებში.
ეკონომიკის სფეროში ექსპერტების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში შრომისუნარიანი მოსახლეობა არის ღარიბი, იმიტომ, რომ არ არის სამუშაო ადგილები. ქვეყანაში არ არსებობს საშუალო ფენა, არიან მდიდრები და ღარიბები. ადამიანების დასაქმებას ხელს უშლის ქვეყანაში გამეფებული ნეპოტიზმი.
„ჯერ აქვეყნებენ, რომ დედაქალაქში სიღარიბის მაჩვენებელი 9,4%-ია, ხოლო რეგიონებში გაცილებით მეტი – 15,6%. მერე აქვეყნებენ მონაცემებს, რომ თურმე საარსებო შემწეობას 673 000 ადამიანი იღებს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 3 მლნ 700 ათას ადამიანს, ამ რიცხვს გამოვაკლებთ პენსიონერებს, რომლებიც არ ითვლებიან შემწეობის რიგში, ასევე გამოვაკლებთ ბავშვებს, გამოდის, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 40-45%-ია“, – ამბობს ნიკა შენგელია.
მისივე თქმით, დღეს თუ შემწეობას 673 000 ადამიანი იღებს, აქედან 300 ათასამდე ადამიანი დაასაქმა თვითონ სახელმწიფომ სპეციალური პროგრამებში, ანუ 300-350-ლარიანი ხელფასები დაუნიშნა. ამ ვითარებაში, გაურკვეველია ხელისუფლების სიმშვიდე და ის, თუ რატომ აქვთ საქმე თავის საქებრად?
Dalma News-ის კითხვაზე, თუ რაში მდგომარეობს სიღარიბის დაძლევის იდეალური ფორმულა, ექსპერტმა განაცხადა, როცა მსოფლიოში შექმნილია ისეთი ვითარება, რომ არ მუშაობს საბაზრო ეკონომიკა, როდესაც მეზობელ ქვეყანას (რუსეთის ფედერაციას) 20 ათასამდე სანქცია აქვს დადებული, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია მოშლილია და, როცა მსოფლიო 3-4 წლის შემდეგ სრულიად სხვა საფინანსო სისტემაზე გადავა, ასეთ დროს სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს გარკვეული რეგულაციები – დააწესოს მინიმალური ხელფასის მოცულობა დედაქალაქსა და რეგიონებში, კერძო კომპანიებს განუსაზღვროს დასაქმებული ადამიანების მინიმალური რაოდენობა და სხვა.
„კერძო სექტორი მიშვებულია თავის ჭკუაზე, აქაც გარკვეული იერარქიებია. დიდ კომპანიებს აქვთ ძალიან დიდი შეღავათები, ხელშეუხებლები არიან. ის გაზრდილი საშუალო ხელფასები, რასაც აცხადებენ, აღებულია 10 წარმატებული კომპანიის თანამშრომლების ხელფასიდან და ხალხი არის გაოცებული, რომ თურმე საქართველოში კერძო სექტორში დასაქმებულის საშუალო ხელფასი 1800 ლარზე მეტია. ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს, ამიტომაც გადის ქვეყნიდან მუშახელი“, – ამბობს ნიკა შენგელია.
მისივე თქმით, კომპანიებს, რომლებსაც „გატყავებულ ქვეყანაში“ 2 მილიარდამდე მოგება რჩებათ, ახალგაზრდებს ასაქმებენ 300-400, მაქსიმუმ 500-600 ლარად კონსულტანტებად, ეს სერიოზული პრობლემაა. აქედან უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ სიღარიბესთან ბრძოლა – განსაზღვროს მინიმალური ხელფასი.
შორენა პაპაშვილი