მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში, ბოლო დღეებში ხალხმრავლობაა. მინისტრებს, დეპუტატებს, პარტიის წევრებს ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება. პარალელურად ქუჩაში ოპოზიციის საპროტესტო აქციები გააქტიურდა. აქაც სიახლეა. აქციის სცენარისტებმა, ქართული პოლიტიკის ავანსცენაზე ახალი ატრიბუტები – რკინის კასრები, შეშა და ცეცხლი შემოიტანეს. პროტესტანტებს მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხი მოატყუა, როცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას დაჰპირდა, სინამდვილეში კი, დროის მოგება სურდა.
რამდენად საფუძვლიანია ეს ეჭვები და არის თუ არა ის ლოგიკასთან ახლოს, ამაზე ექსპერტებს საკუთარი მოსაზრება აქვთ. მათი შეფასებით, ეს ერთგვარი პოლიტიკური მანევრია. ერთი მხრივ ბიძინა ივანიშვილს, რომლის რეიტინგი 2012 წლის შემდეგ კატასტროფულად ეცემა, სურს ქართული დემოკრატიის გარანტად დარჩეს, მეორე მხრივ – შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ “ქართული ოცნება” პრინციპული ადამიანების ერთობაა და არა მუქთახორების.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში სამი დღის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. წარმოდგენილი იყო 2 კანონპროექტი – ერთი მმართველი გუნდის, მეორე კი, ოპოზიციის მომზადებული. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმები გამრავლდება 150-ზე და არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტში კი, საუბარია საპარლამენტო არჩევნების 3%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარებაზე და საარჩევნო ბლოკებად გაერთიანებაზე.
განხილვების პირველივე დღეს შესამჩნევი გახდა მმართველი გუნდის ჩანაფიქრი. “ოცნების” მაჟორიტარები გააქტიურდნენ და ნამდვილი წინააღმდეგობის გამართეს. კატეგორიულად მოითხოვეს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება და საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლით დაიმუქრნენ. არ მოერიდნენ თვით ბიძინა ივანიშვილის გაწბილებასაც.
თქვეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ და პასუხების მიღების შემთხვევაშიც, შესაძლოა არა მარტო უმრავლესობა, დეპუტატის მანდატებიც დატოვონ. ამ მხრივ მეტად შთამბეჭდავი იყო სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადება, როდესაც ჟურნალისტებს აცნობა, რომ საკმაოდ დაძაბული საუბარი ჰქონდა პარტიის თავმჯდომარესთან, რომ ივანიშვილი გააწბილა და აწყენინა კიდეც.
“საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო. ვერ შევჯერდით და მგონი, ვაწყენინე კიდეც ბატონ ბიძინას. ჩემი მხრიდან პოზიციის სიზუსტეში ვერ დავარწმუნე, ისე, როგორც მან ვერ დამარწმუნა, რატომ უნდა დავუჭიროთ ამ კანონპროექტს მხარი. ბატონი ბიძინა მუშაობს ყველა იმ დეპუტატთან, რომელიც ჩვენს რიგებში მოიაზრება”, – განაცხადა შიოლაშვილმა.
და მაინც, ვინ არიან ეს, ესოდენ პრინციპული ადამიანები, რომლებსაც გმირის როლი ანდეს. ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, ეს დეპუტატების ის კატეგორიაა, პარლამენტში მხოლოდ ღილაკზე თითის დასაჭერად რომ სხედან. უმეტესად კი სხდომებს აცდენენ.
“ამ ხალხის გარკვეული ნაწილი წინა ხელისუფლებას ემსახურებოდა და იქიდან გადმობარგდნენ. მარადმწვანე დეპუტატები არიან, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან დაწყებული. შემდეგ, მათ ყველაფერი გაუპრავეს სააკაშვილს და ახლა ბიძინასთან ფსევდო დაპირისპირებით ამაყი სახეებით გამოდიან”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისი აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილის პროტესტი, ხმა მიეცათ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის შესახებ პროექტისთვის, ივანიშვილის სცენარია.
ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი დაიწუნა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის ექსთავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში საარჩევნო ბლოკებისა ფიქტიური პარტიების პრაქტიკა უნდა დასრულდეს. კობახიძის არგუმენტით, საარჩევნო ბლოკი ხელს უშლის პარტიული სისტემის განვითარებას, მის ინსტიტუციონალიზაციას. განვითარებულ პოლიტიკურ სისტემაში პოლიტიკური პროცესის ექსკლუზიური სუბიექტი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, როგორც ეს არის განვითარებულ, დასავლურ დემოკრატიებში. ანუ კონკურენცია უნდა იმართებოდეს პარტიებს და არა საარჩევნო ბლოკებს შორის.
გარდა ამისა, ბლოკის ინსტიტუტი ეს არის დაფინანსება და უფასო საეთერო დრო. ფიქტიური პარტიები მანიპულაციისთვის მოხერხებულად იყენებენ საარჩევნო ბლოკებს. კობახიძის ინფორმაციით, ამგვარად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, 11-მა ფიქტიურმა პარტიამ დაახლოებით, 10 მილიონი ლარი მიიღო, რაც მისივე თქმით, ძალიან ბევრია.
“ეს არის ჩვენი გადამხდელების მიერ გადახდილი 10 მილიონი ლარი, რომელიც შარშან გაიფანტა ფიქტიური პარტიების სასარგებლოდ. სამწუხაროდ ამაზე არ საუბრობენ, მაგრამ კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზღუდავს ამ მანიპულაციის მექანიზმის კანონიდან ამოღების შესაძლებლობას. ანუ, რჩება დაფინანსების მექანიზმი”, – განაცხადა კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.
პარტია “ქართული ოცნების” რეიტინგის ვარდნის პარალელურად, “ოცნების” ლიდერები და მათი მხარდამჭერები, სულ უფრო მკვეთრად ხედავენ ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნების საშიშროებას. პარლამენტში, ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ამომრჩეველთა პოლარიზების პირობებში, არ უნდა დაუშვან ისეთი საკანონმდებლო ცვლილების მხარდაჭერა, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საყრდენი პოლიტიკური პარტიებისთვის ტროას ცხენის ფუნქციას შეასრულებს. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ეჭვობს, რომ პროპორციული სისტემა სწორედ ნაციონალებს აძლევს ხელს და ამ სისტემის წყალობით ისინი დიდი შემადგენლობით შეაღწევენ 2020 წლის პარლამენტში.
ქვარაიას თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” დღევანდელ პარლამენტში 27 მანდატს ფლობს და მაჟორიტარული არჩევნების პირობებში, ამის ნახევარსაც ვერ აიღებს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სისტემა შეიცვლება, უჩნდებათ შანსი მანდატების ეს რაოდენობა შეინარჩუნონ.
“ეს არის კითხვა, რომელიც “ქართული ოცნების” ამომრჩეველს აწუხებს ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. ხომ არ იქმნება ამ სისტემით ერთგვარი ტროას ცხენი “ნაციონალური მოძრაობისთვის”, – აცხადებს მერაბ ქვარაია.
როგორც მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია აცხადებს, რამდენიმე მიზეზის გამო არ დაუჭირა მხარი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება არ არის ამისთვის სათანადოდ მომზადებული; არ არის გაძლიერებული თვითმმართველობები ქონებრივი, მიწის განკარგვის უფლებების, ფინანსური, გარემოსდაცვითი თუ სხვა ინტერესებიდან გამომდინარე.
“დეცენტრალიზაციის შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების შემდეგ, უფრო მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ მაჟორიტარის ინსტიტუტის ამოვარდნა იქნებოდა ნაკლებად მტკივნეული. ჩემი ბიუროს მიერ მომზადებული 3 წლის ანგარიშით გამოიკვეთა, რომ ამ წლების განმავლობაში 4 ათასზე მეტ ადამიანს მოვემსახურეთ, მოქალაქეების მხრიდან ასზე მეტი წინადადება, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივა არის შემოსული. დღეს თუ გავაჩენთ ამ სიცარიელეს, რას ვეუბნებით ამ ადამიანებს?”, – აცხადებს მერაბ ქვარაია.
ოპოზიცია ჯერჯერობით უკან დახევას არ აპირებს. ერთმანეთის გვერდით განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციისა და ერთ დროს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ლიდერები დადგნენ. ყველა მათგანი ბიძინა ივანიშვილს ტყუილში ადანაშაულებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ საზოგადოებას ახლა, მიეცემა საშუალება, ერთად ნახოს მთელ ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ხელისუფლებაში აპირებს მოსვლას.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელის, ირაკლი გოგავა შეფასებით, პარტიებს რეიტინგული პიროვნებების დეფიციტი აქვთ, ამიტომ უფრთხიან მაჟორიტარულ არჩევნებს. გარე ძალებს კი, სურთ პოლიტიკურ პროცესს შედარებით ავტორიტეტული პირები ჩამოაშორონ და სულ 4-5 კაცთან ჰქონდეთ საქმე. ამიტომ, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება არის პარტიებისა და გარე ძალების ინტერესებში. გოგავას მოსაზრებით, მაჟორიტარების დამოუკიდებლობის ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე პარტიული სიით არჩეულების. ეს არის გარედან თავს მოხვეული თემების დაბლოკვის ეფექტიანი ინსტრუმენტი.
“საქართველოში მოქმედი ყველა პარტიის წევრი რომ შეკრიბო შეიძლება, 100,000 არ გამოვიდეს. მოსახლეობა კი 3,7 მილიონია. რატომ უნდა ავუკრძალოთ 3,6 მილიონ ადამიანს არჩევნებში კენჭისყრა თუ მას არ უნდა არც ერთი პარტიის სიაში ყოფნა?! მაჟორიტარული წესით არჩევა კი არ არის პრობლემა, არამედ სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა. აშშ-ში ყველა დონის არჩევნები დაწყებული კონგრესიდან დამთავრებული რაიონის შერიფამდე, მხოლოდ მაჟორიტარულია. იმიტომ, რომ ასე უფრო “ხარისხიანი” პირები მოდიან პოსტებზე”, – აცხადებს ირაკლი გოგავა.
მისივე თქმით, 4 სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში ყოფილა ჩართული და ყველგან, პარტიები ცდილობენ, მაჟორიტარებად ძლიერი და ავტორიტეტული კანდიდატები დაასახელონ. პარტიულ სიაში კი, პირველი ათეულის შემდეგ “ვალოდია ჯინჭარაძეებიც” კი შეჰყავთ (ფილმ “არაჩვეულებრივი გამოფენის” პერსონაჟი, რომელიც არც ერთ თანაკლასელს არ ახსოვს).
ირაკლი გოგავას შეფასებით, საქართველოში პარტიულმა კულტურამ ვერ მოიკიდა ფეხი, ყველა პარტია ერთი ინდივიდის გარშემო გაერთიანებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჟორიტარული წესი შესანარჩუნებელია.
“რეგიონის მოსახლეობას სჭირდება წარმომადგენელი და ადამიანი, ვისთანაც მივა და გასაჭირს უამბობს. ამ საშუალების წართმევა არ იქნება სწორი. აჯობებს, პარტიებმა სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და მაჟორიტარებად ღირსეული კანდიდატების წარდგენაზე იზრუნონ”, – აცხადებს ირაკლი გოგავა.
მისივე თქმით, მართალია ხალხი პროპაგანდის მეშვეობით დაარწმუნეს იმაში, რომ მაჟორიტარები უმაქნისები არიან, მაგრამ იგივე ტექნოლოგიის გამოყენებით, პროპორციული სიით არჩეული დეპუტატების უმაქნისობაში ხალხის დარწმუნებაც ადვილია.
ამასობაში, საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა. “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება არამარტო “ოცნებას”, არამედ სახელმწიფოს – სტაბილურობისა და განვითარებისთვის. ახალი კონსტიტუცია, რომელიც სწორედ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2024 წლიდან ითვალისწინებს.
შორენა პაპაშვილი