საქართველოში მძიმე დემოგრაფიული ვითარება რომ არის, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ქვეყნის ძირითადი ბირთვი, შუა და ახალგაზრდა თაობა საზღვარგარეთის ქვეყნებში იმკვიდრებს თავს, ამის მიზეზია ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური პირობების, რომელიც ჯერჯერობით უკეთესობისკენ არ იცვლება.
საქართველოში ერის დაბერება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ანუ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს საპენსიო და შუა ხნის ასაკის მოსახლეობა შეადგენს.
2010 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდმა საქართველოში ჩაატარა კვლევები, რის მიხედვითაც 2050 წლისთვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 28%, ანუ მილიონ 170 ათასი კაცით მცირდება. კავკასიაში საგრძნობლად ირღვევა დემოგრაფიული ბალანსი. ამ დროისთვის აზერბაიჯანის მოსახლეობა 335-ით, ხოლო სომხეთის 7%-ით იზრდება. USAID-ის მონაცემებით, 232 ქვეყანას შორის საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება თავისი ტემპით მე-16 ადგილზეა, შობადობით 174-ზე.
საქართველოში მოსახლეობის აღწერა 2002 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, მაშინ, როდესაც ის, ყოველ 10 წელიწადში ერთხელ უნდა ტარდებოდეს. ამ დღეებში გამოქვეყნდა 2014 წელს ჩატარებული აღწერა, რამაც შოკისმომგვრელი რეალობის წინაშე დაგვაყენა. “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” ერთ-ერთი დამფუძნებლის თამარ ჩიბურდანიძის შეფასებით, საკმაოდ მძიმე შედეგები დაიდო, 2002 წლიდან 2014 წლამდე, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 15%-ით შემცირდა და 3,8 მლნ. კაცი შეადგინა, რაც 657731-ით ნაკლებია. მისივე აზრით, მოსახლეობის შემცირების დინამიკა, ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა 2050 წლისთვის მათი რაოდენობა 28%-ით შემცირდება და იმაზე მეტად მძიმე შედეგებს მივიღეთ, ვიდრე გაეროს პროგნოზირებდა.
ჩატარებული დემოგრაფიული კვლევის თანახმად, გარდა ქვეყნის დედაქალაქისა, საქართველოს მოსახლეობა ყველა რეგიონში კლებულობს, თუმცა ეს მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ თბილისს ამ პერიოდში შემოუერთეს ახლომდებარე, ხალხმრავალი სოფლები და რაიონები, განსაკუთრებით მცხეთისა და გარდაბნის სოფლები. დანარჩენ რეგიონებში კი მოსახლეობის კლებაა გვაქვს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთში, სადაც მოსახლეობამ 37%-ით იკლო, შემდგომ მოდის სამეგრელო – ზემო სვანეთი, სადაც 27%-იანი კლებაა, ყველაზე ნაკლებია კლება აჭარაში, სადაც 10%-ი დაფიქსირდა. თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, ქვეყნის ამ რეგიონში აქამდე კლება თითქმის არასდროს შეინიშნებოდა და 10% ამ აჭარისთვის, ძალიან სერიოზული საშიშროება არ არის.
სოფლებს რაც შეეხება, მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ნახევარი მილიონით არის შემცირებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის 700 000 ათასამდე კლება, სწორედ სოფლების ხარჯზე მოდის.
იმერეთში მოსახლეობა 166 ათასი კაცით არის შემცირებული. დიდ ქალაქებს შორის ყველა მძიმე მდგომარეობაა ქუთაისში, სადაც მოსახლეობამ 28000-ით იკლო.
საქართველოში კატასტროფულად მატულობს გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობა. აღწერის დროს, „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ წარმომადგენლებს ძალიან ბევრი სახლი საერთოდ დაკეტილი დახვდათ, სადაც წლებია უკვე აღარავინ ცხოვრობს. მოსახლეობის ასეთი სერიოზული კლება ძირითადად გამოწვეულია მიგრაციით, რომლის ყველაზე ძლიერი ნაკადი 2002 -2014 წლებში ფიქსირდება. გასულებმა შემოსულებს 760 ათასით გადააჭარბეს. იმიგრანტთა რაოდენობა 5%-ია. ემიგრაციაში 88 000 კაცია წასული.
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი დემოგრაფიულ საკითხებში, პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებში მთავარი ადგილი უჭირავს შიდა და გარე მიგრაციას. ქვეყნის ტერიტორიის 2/3 მთიანი რეგიონებია, მთის პრობლემა კი დღეს არ დაწყებულა. შიდა მიგრაცია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო, ხოლო 90-იანი წლებიდან, ანუ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა და დღეს საქართველოს მთა უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგას.
როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, მოსახლეობისგან ძირითადად მთის სოფლები იცლება. 2002 წლის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 164 სოფელი მთლიანად დაცლილია, ანუ აღარ არსებობს, ხოლო 152 სოფელში 10 და ნაკლები კომლი ცხოვრობს.
«”სავარაუდოდ ამ 152 სოფლიდან 2002 წლის შემდეგ კიდევ რამდენიმე გაუკაცრიელდა. დემოგრაფიული პრობლემა დღესდღეობით ჩვენი ყველაზე დიდი ეროვნული პრობლემაა. გონიერი პოლიტიკის შედეგად შესაძლებელია დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩვენი უმოქმედობის შედეგად, უკვე შეუძლებელია იმ კატასტროფის თავიდან აცილება, რაზეც გაერო მიგვითითებს”, – აცხადებს დეპუტატი.
მან მიიჩნევს, რომ მოსახლეობის საგრძნობი კლების შემცირებას ხელისუფლება, ძლიერი დემოგრაფიული პოლიტიკით შეძლებს.
მისი თქმით, დღეს ყველაზე რთული დემოგრაფიული ვითარებაა რაჭაში, მაგრამ ეს სანახავად კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე სათქმელად.
“პირველი თოვლის მოსვლის შემდეგ მთელი ონის რაიონი ისე გავიარეთ, რომ თოვლში მოთამაშე ბავშვი ვერ ვიპოვეთ. 1966 წელს, ამბროლაურსა და ონში (რაჭის რაიონული ცენტრები. რედ.) მოსწავლეთა რაოდენობა 8 200-ს თუ შეადგენდა, 2013 წელს მხოლოდ 1 831-ია, ანუ სკოლების რაოდენობა 91- დან 31-მდე შემცირდა”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში უკვე 236 სოფელია გაუკაცრიელებული და როგორც დემოგრაფები ამბობენ, ეს ძირითადად საზღვრისპირა სოფლებია. ასევე გაიზარდა ისეთი სოფლების რაოდენობამაც, სადაც ერთიდან ხუთ კაცამდე მოსახლე ცხოვრობს, ასეთი სოფელი 157 გვაქვს. 2002 წელს ხალხმრავალი იყო 28 სოფელი, დღეს კი 12 სოფელია, მაგრამ იცის დევნილების ხარჯზე, შიდა მიგრაციით გაზრდილი რაოდენობაა.
2016 წლის იანვრიდან დაიწყო განხორციელდება მთის შესახებ კანონმა და ამის საფუძველზე, “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” დამფუძნებელი თამარ ჩიბურდანიძე იმედოვნებს, რომ დაცარიელებული სოფლების რაოდენობა დადებითისკენ მკვეთრად შეიცვლება.
მისივე ინფორმაციით, მაისის ბოლოს პარლამენტს წარედგინება ორი მნიშვნელოვანი, “დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი” და “დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია”, რომლებიც ერთიანობაში სრულყოფაში მოიყვანს იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკა და ქვეყანა შეძლებს დემოგრაფიული დარტყმის მაქსიმალურად შემცირებას, რითაც საქართველოს გენოფონდი გადარჩება.
საქართველოს დემოგრაფიული ისტორია
კავკასიაში ისტორიულად ჩამოყალიბებული დემოგრაფიული ბალანსი, საგრძნობლად დაირღვა განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში. კავკასიის მოსახლეობის რაოდენობა XX საუკუნეში, მიუხედავად ცალკეულ პერიოდებში უმძიმესი პირობებისა, საგრძნობლად გაიზარდა, კერძოდ, 1926-2010 წლებში ზრდის ტემპმა 307,7% შეადგინა. მოსახლეობის ზრდა განსაკუთრებით დიდი იყო ჩრდილოეთ კავკასიაში.
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, კავკასიის მოსახლეობის დემოგრაფიული ბალანსი ძირითადი საქართველოს ხარჯზე დაირღვა. თუ ისტორიულად სამხრეთ და საერთოდ კავკასიაში ქართველები და საქართველოს მოსახლეობის რაოდენობრივად ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო, შემდეგში ვითარება არსებითად შეიცვალა. 1926 წელს კავკასიის მთელი მოსახლეობის 35.1%, ანუ ყოველი მესამე ადამიანი საქართველოში ცხოვრობდა. 2010 წელს ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 18,95% შეადგინა, ანუ კავკასიაში მცხოვრები ყველა ყოველი მეექვსე ცხოვრობს საქართველოში, სამაგიეროდ, აზერბაიჯანში ანალოგიური მაჩვენებელი 30,4% – 38%-მდე გაიზარდა.
XIX საუკუნის ბოლოს, რუსეთის საყოველთაო აღწერის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა იმდროინდელ საზღვრებში 2 მილიონზე მეტს შეადგენდა, ანუ ერთ საუკუნეში 5-ჯერ გავიზარდეთ. უახლეს ისტორიაში საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მრავალრიცხოვანი 1989-1992 წლებში იყო და 5 მილიონ 400 ათასს შეადგენდა. ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს მოსახლეობის შემცირებისა და დაბერების პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს.
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოგრაფიული სამმართველოს ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა გაცილებით მეტად გაუარესდა, ვიდრე ამას უცხოელი სპეციალისტები მოელოდნენ.
მოსახლეობის გარე მიგრაცია წლიურად 20 ათას გამსვლელზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ბოლო მონაცემებით კი ქვეყნიდან გამსვლელთა ყოველწლიური სალდო 27 ათასია. სტატისტიკური მასალა ცალსახად და დამაჯერებლად ცხადყოფს, რომ დემოგრაფიული კატასტროფის ტენდენციები საქართველოში არა თუ არ მცირდება – არამედ სტაბილურად ზრდადია.
სიღარიბის სტატისტიკა…
კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 38% სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება დათვალა. მათი კვლევის თანახმად, ქვეყნის ყველაზე ღარიბი რეგიონია რაჭა-ლეჩხუმში, სადაც სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან რეგიონის მოსახლეობის 44% ღებულობს, ხოლო თბილისში მოსახლეობის 7,3%. ღარიბ რეგიონებს შორის მეორე ადგილზეა შიდა ქართლი, სადაც მოსახლეობის 20.8% ღებულობს სოციალურ დახმარებას, ხოლო 50 % თავს ღარიბად მიიჩნევს. მესამე ადგილზეა მცხეთა-მთიანეთი, სადაც 94 500 ადამიანი ღებულობს სოციალურ დახმარებას, მაგრამ სიღარიბეზე პრეტენზიას 39 319 აცხადებს.
დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ქვეყნის დემოგრაფიული განვითარება, ისევე, როგორც ეკონომიკური, გარკვეულ ფუნდამენტურ კანონზომიერებებს ემყარება. ამას დემოგრაფიული გადასვლა ჰქვია და ეს ყველა სახელმწიფომ უნდა გაიაროს.
«ქართულ ოცნებას“ მოვუმზადე პროექტი, თუ რა უნდა გაკეთდეს. პირველ რიგში, უნდა გამოცხადდეს დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების დეკლარაცია (რასაც ჩინეთი აკეთებს) და ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცეს ეს საკითხი. ერთეული ფონდების ძალისხმევა არაა საკმარისი, აქ სახელმწიფოს დონეზე უნდა იყოს ჩართულობა. მაგალითად, 20-დან 22 მილიონამდე ლარია საჭირო, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს 20-დან 30 ლარამდე მივცეთ. ვერ მოიძებნა ჯერჯერობით ბიუჯეტში ეს თანხა. არ არსებობს დღეს სახელმწიფო პოლიტიკა. ამასწინათ ისიც განაცხადეს, შესაბამისი პროგრამა არ გვაქვსო და მე ძალიან გული დამწყდა. არსებობს ეს პროგრამა, უბრალოდ, მას გამოყენება უნდა,» – აცხადებს დემოგრაფი.
შობადობასა და სიკვდილიანობას რაც შეეხება, ყოველწლიური მატება იყო ერთ წლამდე ახალშობილების, 1-დან 5 წლამდე ბავშვების, დედებისა და ახალგაზრდა მამაკაცების სიკვდილიანობაში. როგორც Dalma News-ს თამარ ჩიბურდანიძემ განუცხადა, 2012 წლიდან 2015 წლამდე სიკვდილიანობამ საგრძნობლად იკლო, თუმცა, ავარიების, გულის შეტევებისა და სხვა მიზეზთა გამო, კვლავ მატებაა ახალგაზრდა მამაკაცებში სიკვდილიანობაში.
6 ათასით შემცირდა აბორტების რაოდენობა. თუ 2002-2008 წლამდე შობადობის მკვეთრი კლება გვქონდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივის შედეგად, რომელმაც მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის ტრადიცია დაამკვიდრა ქვეყანაში, მკვეთრად იმატა შობადობამ მესამე და შემდგომი ახალშობილების ხარჯზე. დღეისთვის პატრიარქს 27000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.
2001 წლიდან დღემდე, ქვეყნის შიგნით დაიბადა 630000 ბავშვი, მაშინ, როდესაც უცხოეთში გაჩნდა 200000 ქართველი. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, ყველაზე დიდი ნეგატიური გავლენა საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ემიგრაციამ იქონია.
2014 წელს, ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს ექვს რეგიონში ამოქმედდა პროგრამა, მესამე და შემდგომი ახალშობილის ფულადი დახმარების შესახებ.
«ამ ინიციატივაზე თითქმის ერთი წელი ვიმუშავეთ სერიოზულ ექსპერტებთან ერთად და მოსახლეობის ყველაზე კარგი მატება გვაქვს ამ ექვს რეგიონში. 2015 წლის მონაცემებით რეკორდული რაოდენობით გაჩნდა მესამე და შემდგომი ახალშობილი და მან შეადგინა 9 149», – აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.
გამართლდება თუ არა გაეროს არადამაიმედებელი პროგნოზები და როგორ დაუბრუნებენ მიგრანტებს ქვეყანას, ხოლო სოფლებს მოსახლეობას, მომავალი გვიჩვენებს. რეალობა სიმშვიდის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა და, სანამ ხელისუფლების მხრიდან რადიკალური ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგმება, საქართველოს მოსახლეობის დაბერებისა და სიღარიბის ზრდის პროცესს ხელს ვერაფერი შეუშლის.
შორენა პაპაშვილი, Dalma News-თვის